კერძო უმაღლეს სასწავლებლებს დღგ-ს კი მოუხსნიან, მაგრამ ერთი პირობით. საგანმანათლებლო სისტემაში უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდები, სადაც თავს მოიყრის თანხა, რომელსაც ხელმძღვანელობის ხელფასებისთვის კი არ გამოიყენებენ, არამედ სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემას მოახმარენ.
ე.წ. “ენდაუმენტის ფონდის” შექმნის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ივლისში შევა. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილთან და სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორებთან უმაღლესი სასწავლებლების დღგ-თი დაბეგრვის საკითხის ირგვლივ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“საქართველოში ენდაუმენტის ფონდები შეიქმნება. მსგავსი ფონდები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში უკვე მუშაობს. მათ მიზანს ის წარმოადგენს, რომ შემოსავალი, რომელსაც უმაღლესი სასწავლებელი იღებს, არა მხოლოდ ხელმძღვანელობის თუ დამფუძნებელთა ხელფასებისთვის იყოს გამოყენებული, არამედ სასწავლებლის სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემას მოხმარდეს”, - განაცხადა შაშკინმა.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ფინანსთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ენდაუმენტების ფონდების შექმნის პროექტს შეიმუშავებს.
უკვე ცნობილია, უმაღლესი სასწავლებლები დამატებითი ღირებულების გადასახადით არ დაიბეგრებიან.
“ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა, მათ შორის უნივერსიტეტების დღგ-თი დაბეგრვის საკითხზე. საბოლოოდ იმაზე შევჯერდით, რომ მთავრობამ უმაღლესი სასწავლებლებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის დაკისრების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
უცნაური სახელწოდების მქონე ფონდების ქართული ანალოგების ეფექტურება ეჭვქვეშ უკვე დააყენეს და ეს იმ კაცმა გააკეთა, რომელიც თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა უმაღლესი სასწავლებლების დღგ-თი დაბეგვრას. თუმცა, არა იმიტომ, რომ მას მაინცდამაინც ქვეყანაში განათლების დონის ამაღლება ან მომავალი თაობის სვე-ბედი აღელვებს, უბრალოდ, მის ჯიბეს საფრთხე დაემუქრა.
თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორის კახა ბენდუქიძის განცხადებით, ენდაუმენტების ფონდები საქართველოში რევოლუციას არ გამოიწვევს. იგი კმაყოფილია, რომ ფინანსთა სამინისტრო განათლების სფეროს დღგ-თი დაბეგვრის საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის, ვინაიდან ეს გამოიწვევდა ფასების ზრდას.
“ცხადია, ფასების ზრდა განათლების ხელმისაწვდომობას შეამცირებდა. ჩვენ ვიცით, რომ უნივერსიტეტებს ტოვებენ სტუდენტები სწორედ თანხის გადაუხდელობის გამო.
იყო იმის ალბათობაც, რომ შემდეგ ეს თანხები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს დაბრუნებოდათ უკან, ხოლო კერძო უმაღლესი სასწავლებლები თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილიყვნენ. ეს მაშინ, როდესაც ზოგიერთ კერძო უმაღლეს სასწავლებელში სულაც არ არის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელზე გაცილებით მეტი გადასახადი”, - განაცხადა ბენდუქიძემ.
მისივე თქმით, თავისუფალ უნივერსიტეტს უკვე აქვს ცოდნის ფონდი, იმის მსგავსი, როგორიც არის ენდაუმენტების ფონდები და აქვე, კახა ბენდუქიძე ვარაუდობს, რომ აღნიშნული ფონდები საქართველოში რევოლუციას ვერ მოახდენენ.
“ეს კარგია, რადგან უმაღლესებს ენდაუმენტის ფონდი სხვადასხვა თანხების მოზიდვის საშუალებას მისცემს, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ფონდები რევოლუციას ვერ მოახდენენ. ამერიკაში ეს ფონდები მრავალი წლის განმავლობაში იქმნებოდა და შედარებით უკეთ მუშაობს, ხოლო ევროპაში ამ ფონდების ეფექტურობა შედარებით უფრო დაბალია. საქართველოს პირობებში კი, ასეთი ფონდების მუშაობა განსაკუთრებულ გადატრიალებას მგონია, რომ ვერ მოხდენს”, - აღნიშნა ბენდუქიძემ.