ხვალ, რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი იწყება. მიუხედავად იმისა, რომ სამიტამდე მხოლოდ ერთი დღე დარჩა, კონსულტაციები უკვე დასრულებულია. სიახლე აღარ არის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე სამიტზე საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას არ შესთავაზებენ. სამიტში ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ბელორუსის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე. რიგაში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი.
სამიტს უხელმძღვანელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად, ევროკავშირს წარმოადგენს, მასპინძელი კი ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა იქნება. სამიტს ასევე დაესწრებიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი.
როგორც ცნობილია, ევროკომისრებმა - ფედერიკა მოგერინიმ და იოჰანეს ჰანმა მიმდინარე წლის მარტში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის მიზნით კონსულტაციები გამოაცხადეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც რიგის სამიტზე იმსჯელებენ, სწორედ სამეზობლო პოლიტიკის მომავალი იქნება. ამ მიმართულებით ევროკავშირი განიხილავს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 სახელმწიფოს მიმართ დიფერენცირებული პოლიტიკის შემუშავების ალბათობას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით სხვადასხვა საფეხურზე არიან, მათ შორის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაფორმებული აქვთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები.
სამიტის მონაწილეები განიხილავენ უკრაინის კრიზისს, ასევე ხაზს გაუსვამენ რეგიონში ისეთი კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის აუცილებლობას, როგორიცაა დნესტრისპირეთის კონფლიქტი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაცია. ეს იქნება შესაძლებლობა ევროკავშირისთვის, კიდევ ერთხელ დაადასტუროს პარტნიორი ქვეყნების სუვერენული უფლება ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით.
სამიტზე ასევე განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების პროგრესი ვიზალიბერალიზაციისა და ვიზაფასილიტაციის მიმართულებით. საუბარი შეეხება ურთიერთობებს ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. სამიტის პლენარული სესია 22 მაისს გაიმართება, რომლის ბოლოს მონაწილეები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ.
„რიგის სამიტამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირს პროგრესისკენ მოუწოდებს“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სააგენტო „ფრანს-პრესი“. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგობამ ევროპა არ უნდა შეაშინოს ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებთან ახლო კავშირები ჰქონდეს.
„ევროკავშირის წამყვანმა ლიდერებმა დამარწმუნეს, რომ არ არსებობს არაფორმალური რუსული ვეტო საქართველოს თავისუფალ არჩევანზე იყოს ევროპის ნაწილი. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით მოახერხა აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგზე დროებით გავლენის მოხდენა. ჩვენ ევროპელმა ლიდერებმა უნდა დავძლიოთ კონფრონტაციის ეს პარადიგმა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ რიგის სამიტზე ჩვენ ვნახავთ ძალიან პრინციპულ ნაბიჯებს, რომელიც გადადგმული იქნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და საერთოდ, ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის გაღრმავების მიმართულებით. გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ დროში არ გაიწელება იმ სამუშაოების შესრულება, რომელიც საქართველოს აღნიშნული კუთხით კიდევ გასაწევი აქვს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულებამ მოლოდინს გადააჭარბა. თინა ხიდაშელმა ეს განცხადება იმ დასკვნის შესახებ გააკეთა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზე უნდა გამოქვეყნდეს.
„დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკური დეკლარაციის ბოლო ვერსიაა, არის ძალიან იმედისმომცემი. განწყობა ძალიან პოზიტიურია. ჩვენ ველოდებით, რომ დასკვნა, ბუნებრივია, ვერ იქნება იმისგან განსხვავებული, რაც იყო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების შესახებ, რომელმაც ყველას მოლოდინს გადააჭარბა. ის, რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა, ჩვენ 6 თვეში გავაკეთეთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე სამიტზე საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას არ შესთავაზებენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებმა 2016 წელს ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურონ, თუმცა აქვე ამბობს, რომ ეს ოფიციალური დაპირება არ არის.
„ყველაფერი დამოკიდებულია მათ მცდელობასა და მონდომებაზე. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური დაპირება. პროცესის შუაში ვართ. პროგრესი საქართველოსა და უკრაინაში ნამდვილად დამაიმედებელია. დღეს შემიძლია იმის თქმა, რომ დარწმუნებული ვარ, მომავალი შეფასება, სავარაუდოდ, ნოემბერში გვექნება და თუკი პროგრესი ისეთივე დამაიმედებელი იქნება, როგორიც დღეს არის, ვფიქრობ 2016 წელს ეს სავსებით შესაძლებელია“, - განუცხადა დონალდ ტუსკმა „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს კითხვაზე - იმოგზაურებენ, თუ არა ქართველები და უკრაინელები ევროკავშირში უვიზოდ 2016 წელს.
რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დაესწრება, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ დოლიძე. მიუხედავად პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებული საკმაოდ დიდი გამოწვევებისა, ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ სამიტი იქნება კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესში. თუმცა აქვე ამბობს, რომ განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს.
„ყველაფერი ნათელია. პოლიტიკური დეკლარაციის დონეზეც კი არ დაფიქსირდება უვიზო მიმოსვლა. ევროპოლული პერსპექტივა არ დაფიქსირდება არც საქართველოს, არც უკრაინასა და არც მოლდოვასთან მიმართებაში. სამწუხაროდ, 15 კრიტერიუმიდან, მხოლოდ 7 შესრულდა. ამ მიმართლებით ხელისუფლებამ ვერ იყოჩაღა და ეს ყველამ კარგად ვიცით. ხელისუფლებას მოვუწოდებდით, რომ ყურადღება მიექციათ თავშესაფრების თემაზე, მიგრაციის პოლიტიკასა და ანტიკორუფციულ თემებეზე.
კანონის ჰარმონიზაცია ერთია, მაგრამ მეორეა აღმასრულებელ დონეზე როგორი პროაქტიური დიპლომატია უნდა განხორციელდეს. სამ თვეში ერთხელ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ჩასვლა საკმარისი არ არის. უფრო აქტიური სამუშაო იყო საჭირო ევროპის დიდი ქვეყნების ლიდერებთან“, - აცხადებს დოლიძე.
რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებას, რომ შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებმა 2016 წელს ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურონ, დოლიძე იმედოვნებს, რომ ქვეყანა წლის ბოლომდე ტექნიკური პარამეტრების შესრულების თვალსაზრისით წარმატებით დახურავს ყველა იმ თავს, რომელზეც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ინტენსიურად უნდა იმუშაოს და რამაც შესაძლებელია მართლა რეალურად გაგვიხსნას გზა.
„ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ ქვეყნებმა და ტექნიკური პარამეტრების განხილვა, უკვე გადავიდეს პოლიტიკური პარამეტრების განხილვაში. მაგრამ ამასაც ძალიან ინტენსიური მუშაობა ჭირდება. მუშაობის გარეშე არაფერი არ გამოვა. მოლდოველებმა იმუშავეს და შედეგსაც მიაღწიეს. იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე.