ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას  ითხოვს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ითხოვს

გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს დეკლარაციას, რომლის ხაზგასმულია, რომ ნატო-ს გაფართოების პროცესი მესამე ქვეყნის გავლენის ქვეშ ვერ მოექცევა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მოწოდებით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოდის. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოების მთავრობებს და პარლამენტებს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯის - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ მოუწოდებს. გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-60 სხდომაზე მიიღეს, რომელიც ბუდაპეშტში 15-18 მაისს გაიმართა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ ერთადერთი დეკლარაცია, რომელიც ასამბლეის მუშაობის ფარგლებში მიიღეს, ნატო-ს გაფართოებას შეეხებოდა და მნიშვნელოვანი წარმატება და წინსვლაა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში მნიშვნელოვანი პუნქტი ჩაიწერა, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს, განაგრძონ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის - იმპლემენტაციის მხარდაჭერა და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯი, მიანიჭონ ქვეყანას გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ჩანაწერი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოსთვის, რათა გაგრძელდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი, რაც ქვეყანას ნატოს სრულფასოვან წევრობამდე მიიყვანს. როგორც სესიაშვილი აცხადებს, ასამბლეაზე ქართული დელეგაციის წევრების ძალისხმევით დეკლარაციაში შევიდა ახალი, მე-8 პუნქტი, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნატო-ს გაფართოების პროცესი მესამე ქვეყნის გავლენის ქვეშ ვერ მოექცევა. მისივე განცხადებით, დეკლარაციას მხარი დაუჭირეს ისეთმა ქვეყნებმაც როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას მოწოდებას, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უწოდებს, პარლამენტის წევრი, ვიქტორ დოლიძე, რომლის განცხადებით, MAP-ის მინიჭების საკითხს საკანონმდებლო განცხადებები არ ყოფნის.

„მომავალ წელს იმართება ნატოს ვარშავის სამიტი. პრემიერ-მინისტრს დავუსვი ეს კითხვა, რა არის პროგრამა მაქსიმუმი და რა მინიმუმი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ამგვარი განცხდებები ნატოს საპარალამენტო ასამბლეას და თვითონ ნატოს მხრიდან, ხელს უწყობს პროცესებს. მაგრამ ვიცით, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. საერთოდ პატალამენტარები უფრო თამამად აკეთებენ განცადებას, მათ შორის ამ თემებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ პროგრესი იქნება, თუმცა პროგრესის მიღწევს სერიოზული მუშაობა სჭირდება. ვიყოთ რეალისტები, ბევრი განცხადება გვინახავს, მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება ღებულობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერა, თუმცა, აქვე ამბობს, რომ არსებობენ სკეპტიკური ქვეყნები, რომლები ჯერჯერობით მხარს არ უჭერენ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან ნარჩუნდება მხარდაჭერა. ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცალსახად გამოთქვა მხარდაჭერა ნატოს და სხვა ასპირანტი ქვეყნების მიმართ, რაც ასევე მისასალმებელია. ამასთან, მოდით ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ არსებობენ სკეპტიკური ქვეყნები, რომლებიც ჯერჯერობით, მხარს არ უჭერენ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას.

იმისათვის, რომ ჩვენ მოვიღოთ მხარდაჭერა, ძალიან ბევრი არის სამუშაო საქართველოს მთავრობის მხრიდან. როგორც კონკრეტული რეფორმის განხორციელების კუთხით, ასევე, ორმხრივი ურთიერთობის განხორციელების მხრივ იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი პროგრესის მიღწევა და ამ სკეპტიკური ქვეყნების დარწმურება. ეს გააკეთა თავის დროზე ბალტიისპირეთმა. შესაბამისი შრომის შედეგად, რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაშიც მიღწევადი იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან სუბრისას გიორგი მუჩაიძემ.