რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარის მიერ, ე.წ.საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 2009-2015 წლებში საქართველოს 2 117 მოქალაქეა დაკავებული.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 1 416 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 701 პირი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისათვის.
შსს-ს მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ, ინტენსიურად გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ადმინისტრციულ საზღრებთან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტები როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში.
2013 წელს 2012 წელთან შედარებით აღნიშნული შემთხვევები თითქმის გაორმაგებულია და საოკუპაციო ჯარების მიერ დაკავებულია 553 პირი, 2014 წელს -512 პირი, ხოლო 2015 წლის მხოლოდ პირველი კვარტლის განმავლობაში (2015.04.04-მდე) -139 პირი.
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს მოქალაქეების საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისათვის უკანონო დაკავებების თვალსაზრისით, აფხაზეთის მსგავსად, ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2013-2014 წლებში.
„სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, როგორც 2013 ასევე 2014 წელს აღნიშნული მიმართულებით დაკავებულია 142 პირი. 2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებულთა რაოდენობამ 23 პირი შეადგინა“, - აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებები, რომელიც ნათლად აჩვენებს ამ რეჟიმის სახეს და სისასტიკეს.
„ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დაკავებები წინა წლებში ნაკლები არ ყოფილა და დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც 2013-2014 წლებში ოფიციალურად ფიქსირდება. თუმცა, ადრე არ ხდებოდა ყველა დაკავების აღრიცხვა და აფხაზეთის დე ფაქატო ხელისუფლების წარმომადგენლებს ერჩიათ, დაკავებულებისთვის პირდაპირ ფული გამოეძალათ. საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როცა ხალხით სავსე მიკროავტობუსებს და სატვირთო მანქანებსაც აკავებდნენ და არ აღრიცხავდნენ. ამას თავად გალელებიც ადასტურებენ“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, სტატისტიკური სურათის დინამიკა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებს გამყოფ ხაზზე და გამშვებ პუნქტებზე კონტროლი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩამოართვეს და დაკავებების დაფიქსირება და რეგისტრირება აუცილებელი გახადეს.
„საოკუპაციო ჯარმა ასევე, დაიწყო გამყოფ ხაზზე მავთულხლართების, თხრილების და კედლების გავლება იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო ე.წ. უნებართვო და უკონტროლო გადაადგილება. სწორედ ამ ყველაფრის შედეგია სტატისტიკური მონაცემების ზრდის შთაბეჭდილება.
უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებში დაკავებებთან ერთად, ასევე, იყო ადამიანების დაკარგვის შემთხვევები, ზოგჯერ იყო მსხვერპლიც, ხდებოდა საეჭვო ტერქტები, სოფლების და ქალაქების დაკარგვა. საქართველოს ხელისუფლების ახალი პოლიტიკის შედეგად ეს გამოწვევები გამოირიცხა და დარჩა მხოლოდ დაკავებები. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მუშაობს, რომ დაკავებებიც მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და ამ მიმართულებითაც გვქონდეს შედეგი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ.საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავების გაორმაგებას, რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე, რომლის განცხადებით, თუ აქამდე შედარებით ღია იყო გადაადგილება, ახლა კონტროლი გამკაცრებულია.
„საუბარია, რომ აფხაზეთის მიმართულებით შეამცირონ რაოდენობა. იცით, რომ ცხინვალის მიმართულებით მხოლოდ ერთი ადგილიდან არის შესაძლებელი გადასვლა. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც გახშირდა საქართველოს მოქალაქეების დაკავება. ანუ, ამ ყველაფრის სტრატეგიული ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ააშენონ კედელი ადმინისტრაციულ ზოლთან. ამავე სტრატეგიის ნაწილია ის, რომ ხელშეკრულებები გააფორმეს ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლებთან.
მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31-ე არმიის ყოფილი შეფი დაინიშნა აფხაზური ე.წ. არმიის ხელმძღვანელად. ანუ ერთი და იგივე სტრატეგიაა. ოკუპაცია გრძელდება და უფრო აძლიერებენ თავიანთ ყოფნას. ცდილობენ ააშენონ ახალი კედელი“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
მისივე განცხადებით, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სწორი სტრატეგია არ ჩანს რუსეთთან მიმართებაში.
„თვითმოტყუებაა თუ ვინმეს ჰგონია, რომ რიტორიკის შერბილებით ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. ახლა უფრო მკაცრები არიან, გაორმაგებულად აგრძელებენ დასახული ამოცანის შესრულებას. ეს არაა მარტო საგარეო პოლიტიკის თემა, უფრო დიდი თემაა. ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ რუსეთთან მიმართებაში არ ჩანს სწორი ხედვა და სტრატეგია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სერგი კაპანაძე.