ერთი თვის განმავლობაში რიგითი თბილისელი დაახლოებით 3 დღე-ღამეს საცობში ატარებს. პრობლემა თანდათან უმწვავეს ფორმას იძენს. ამიტომ 20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ექსპერტმა თბილისის საცობებისგან გათავისუფლების გეგმა შეიმუშავეს.
„საშუალოდ, დედაქალაქში გადაადგილებისას, გადატვირთული მოძრაობის გამო, ერთი დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქე კარგავს 70 წუთიდან 120 წუთამდე. არის შემთხვევები, როდესაც დროის ეს ხანგრძლივობა გაცილებით მეტია და იზრდება დასაფარი დისტანციის მიხედვით.
ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 3 დღე-ღამეს ვატარებთ საცობებში, თუ ღამეს დღეებში გადავიყვანთ გამოვა, რომ ექვს დღეს საცობებში ვფლანგავთ, რაც თბილისის მასშტაბის ქალაქისთვის, უბრალოდ კატასტროფული მაჩვენებელია“, - აცხადებს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.
რამდენიმე თვის წინ თბილისს დუბლინელი ექსპერტები სტუმრობდნენ, რომლებიც თბილისის მერს დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმას სთავაზობდნენ, თუმცა ამ დრომდე გეგმის შესახებ არაფერია ცნობილი. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით, დუბლინელი ექსპერტები კვალიფიციურ რეკომენდაციას ვერ გასცემენ, რადგან პრობლემის შესასწავლად ერთი წელი მაინც უნდა ცხოვრობდე თბილისში.
საგზაო მოძრაობის სამოქმედო გეგმის შესაქმნელად მერიაში ოთხი თვის წინ სპეციალური კომისიაც შეიქმნა, მაგრამ სამოქმედო გეგმის შესახებ კონკრეტული ნაბიჯები არც მაშინ გადადგმულა. დავით მესხიშვილის თქმით, გაუგებარია კომისია რა საჭირო იყო თუკი მერიას უცხოელი ექსპერტები ჩამოჰყავდა.
სამი თვის წინ კი ალტერნატიული კომისია შეიქმნა, რომელიც ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და პოლიციის თანამშრომლებით დაკომპლექტდა. კომისიამ სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა, სადაც მოცემულია მოკლე და გრძელვადიანი პროექტები:
„თუ ამ სტრატეგიით ვიმოქმედებთ, დედაქალაქი განიტვირთება, თანაც ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს. გრძელვადიან პროექტში იგეგმება გმირთა მოედნის მოწესრიგება, სადაც ორდონიანი სამოძრაო უნდა გაკეთდეს. ეს პროექტი 2016 წელს განხორციელდება, რადგან წლევანდელ ბიუჯეტში მსგავსი პროექტებისთვის თანხა არ არის“, - ამბობს მესხიშვილი.
მისივე თქმით, 20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ექსპერტმა შეიმუშავეს სტრატეგია „სმარტ სითი“ - თბილისის საცობებისგან გათავისუფლების გეგმა, რომლის პირველ ეტაპად განისაზღვრა საცობების განმუხტვის პროექტის შექმნა.
„მუშაობისას ჩვენ დავეყრდენით ევროპულ გამოცდილებას, ასევე კონსულტაციები გავიარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ჰოლანდია, საფრანგეთი). პროექტში გათვალისწინებულია ყველა დეტალი, რაც კი საცობების წარმოქმნას უწყობს ხელს - დასუფთავების სამსახური, დისტრიბუცია, სამგზავრო ტრანსპორტი, საპატრულო პოლიცია, საგზაო ნიშნები, პარკინგი და სხვ. ვინაიდან თბილისის მერიამ ვერ გადადგა ვერც ერთი ქმედითი ნაბიჯი საცობების პრობლემის გადაჭრის საკითხში, ვთავაზობთ გამზადებულ პროექტს, რომლის განხორციელების შემთხვევაში დედაქალაქში საცობების განმუხტვა იქნება რეალობა და არა მითი. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება“, - ამბობს მესხიშვილი.
საკრებულოს წევრის, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ოგბაიძის თქმით, საცობების წარმოქმნა ბევრ მიზეზს შეუძლია, მისი გადაწყვეტა კი ხელისუფლებას. დედაქალაქის მერიაში არ არსებობს სამსახური, რომელიც პასუხს აგებს საცობების პრობლემის მოგვარებაზე:
„მერიაში არსებობს სამსახური, რომელიც ჯანდაცვაზე აგებს პასუხს, არსებობს დასუფთავების, შუქნიშანზე, გამწვანებაზე პასუხისმგებელი სამსახურები. სამწუხაროდ, მერიაში არ არსებობს სამსახური, რომელიც ყურადღებას მიაქცევს მოძრაობის ორგანიზებას, მოაგვარებს საცობის პრობლემას. დღევანდელმა საკრებულომ და მერიამ ერთად მუშაობის საფუძველზე უნდა გადაჭრან დღეს არსებული სერიოზული პრობლემები“, - ამბობს შალვა ოგბაიძე.