უკრაინიდან მოლდოვისკენ - ნაციონალები ბოშათა ბანაკივით აქეთ-იქით დაეხეტებიან

უკრაინიდან მოლდოვისკენ - ნაციონალები ბოშათა ბანაკივით აქეთ-იქით დაეხეტებიან

უკრაინაში ნაციონალური დესანტის ყოფნა ია-ვარდით მოფენილი არ არის. უკრაინაში განტევების ვაცს ეძებენ, სააკაშვილის ფავორიტთა ნაწილს კი განტევების ვაცად ყოფნა არ სურს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ სკანდალურად დატოვა, დღეს კი განმარტა, რომ მისგან ცდილობდნენ, ერთგვარი ფასადი შეექმნათ, რეალური საქმის გაკეთება კი არ სურდათ.

„როდესაც მე დეპარტამენტის უფროსად დამნიშნეს, მითხრეს, ახლა ყველაფერზე პასუხისმგებელი შენ ხარ. თუმცა, როდესაც ვალდებულება დამაკისრეს, უფლებები არ მომანიჭეს, რაც იმის ეჭვს აჩენს, რომ ისინი განტევების ვაცს ეძებდნენ, მე კი განტევების ვაცის როლში ყოფნა არ მსურს“, - განაცხადა ჯაბა ებანოიძემ, რომელიც თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც ირწმუნება, რომ სრულყოფილი რეფორმის განხორციელება უკრაინაშიც სურდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართველები უკრაინაში განტევების ვაცად გრძნობენ თავს. უბრალოდ, ზოგიერთი ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობს, ზოგი კი-დუმს. ასე, მაგალითად, უკრაინის რადა სულ ახლახანს ჯანდაცვის მინისტრად დანიშნული ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომის საკითხს განიხილავს. 15 მაისს უკრაინის უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შევიდა დადგენილების პროექტი ალექსანდრე კვიტაშვილის მოხსნის შესახებ, რასაც სხვადასხვა ფრაქციის შვიდი უკრაინელი დეპუტატი ითხოვს. აღნიშნული ინიციატივის მიზეზად დეპუტატები ასახელებენ, რომ მინისტრის ქმედება არ შეესაბამება უკრაინის სახელმწიფოს ინტერესებს და ცდება სახელისუფლო ინსტიტუტების მიზნებს. დასაბუთებაში, ასევე, ნათქვამია, რომ პოსტზე ყოფნისას მინისტრ კვიტაშვილს არაფერი გაუკეთებია ჯანდაცვის ობიქტების მუშაობის გასაუმჯობესებლად. უფრო მეტიც, უკრაინის პარლამენტის სესიაზე ალექსანდრე კვიტაშვილი იმაშიც დაადანაშაულეს, რომ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციის გამო არ მიჰყავთ დაჭრილი მეომრები უცხოეთში სამკურნალოდ. ბრალდებების ადრესატმა კი ეს ინფორმაცია უარყო.

გახდება თუ არა მორიგი განტევების ვაცი უკრაინის გენპროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, უახლოეს პერიოდში ამაზე პასუხის გაცემა რთულია, თუმცა უკრაინაში ყოფნით, სავარაუდოდ, არც საყვარელიძე უნდა იყოს აღფრთოვანებული. პარალელურად, არც უკრაინა უნდა იყოს მადლიერი მის მიმართ. მას შემდეგ, რაც დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი მას უკრაინაში შესთავაზეს, უკრაინელმა დეპუტატებმა უმალ სამხილი მოითხოვეს:

„თუ გენპროკურორის მოადგილე (დავით საყვარელიძე) აცხადებს, რომ 10 მილიონიან ქრთამს სთავაზობდნენ, სამართლიანი იქნება, მან დაასახელოს იმ ადამიანის ვინაობა და აღძრას სისხლის სამართლებრივი საქმე მის წინააღმდეგ. კორუფციას ყოველთვის აქვს კონკრეტული გვარები. კორუფციის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ გამოაშკარავებ პირებს, რომლებიც ამის უკან დგანან. საჯაროობა ასეთ საქმეებში საუკეთესო მოკავშირეა. პირველი ნაბიჯი საყვარელიძემ გადადგა, მაგრამ, თუ არ გადადგამს მეორე ნაბიჯს, ეს ისტორია ბლეფს დაემსგავსება“,- განაცხადა უკრაინის „ერთიანი ცენტრის“ ლიდერმა, დეპუტატმა ვიქტორ ბალოგამ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

მისივე თქმით, სხვა უკრაინელებმაც უნდა მოსთხოვონ საყვარელიძეს, დაასახელოს პირი, რომელმაც მას ამ ოდენობის ქრთამი შესთავაზა. ბალოგას მოსაზრებებს ოპოზიციური ბლოკის დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩიც იზიარებს. ის ამბობს, მართალია, საყვარელიძემ განაცხადა, რომ მას 10 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველთვიური ქრთამი შესთავაზეს, მაგრამ „იმისათვის, რომ მან საკუთარი პროფესიული რეპუტაცია გადაარჩინოს, უნდა ჩასვას მექრთამე ციხეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ცარიელი პიარი“.

მის მიმართ გამოთქმული მოთხოვნების საპასუხოდ, დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ პირის მიმართ, რომელმაც მას ქრთამის სახით 10 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა, უკრაინის გენპროკურატურამ სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრა:

„დიახ, საქმე აღძრულია. მე გავიფიქრე, რომ ვიღაცა ამოწმებს, რამდენად რეალურია, რომ ქართველები უკრაინაში იყიდებიან“...

გახდება თუ არა უკრაინის მაღალი თანამდებობები ხაფანგი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის და უკრაინაში ხელმოცარვის შემდეგ სად გადასხამს დესანტს მიხეილ სააკაშვილი?!

ექსპერტი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, სააკაშვილის გუნდს უკვე მოლდოვაში გადასასროლად ამზადებენ და ისინი ბოშათა ბანაკივით დადიან აქეთ-იქით, რადგან თავის ქვეყანაში არ ედგომებათ. სავარაუდოდ, ნაციონალების მორიგი მსხვერპლი შეიძლება გახდეს მოლდოვა, მაგრამ მოლდოვაში დამკვიდრება მათ გაუჭირდებათ, რადგან ამ ქვეყანაში პროდასავლურ ძალებს მყიფე პოზიციები აქვთ და იქ საკმაოდ ძლიერია პრორუსული ძალა.

„როგორც ჩანს, ნაციონალებს უკრაინაშიც გაუგეს გემო, მიხვდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე, უკრაინა ბევრად დემოკრატიული სახელმწიფოა, მათ შორის, იმავე იანუკოვიჩის დროსაც კი, უკრაინა დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, ვიდრე სააკაშვილისდროინდელი „დემოკრატია“. ყოფილმა ქართველმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ ავტორიტარულ სტილში მართვის განხორციელებას, უკრაინაში სრული კრახი განიცადეს.

მათ შორის, კრახი განიცადა ე.წ. სატელევიზიო დაპატიმრებების ტენდენციამ, რომელიც უკრაინაში სააკაშვილის ინიციატივით ჩატარდა. უკრაინელი ხალხი გაცილებით ბრძენია, ვიდრე ქართველი და ღიად დაუფიქსირეს ამ ადამიანებს, თუ რისი გამკეთებლები არიან. ეს გასაგებიც იყო, რადგან ნაციონალების მართვისუნარიანობა ბლეფია, ისევე, როგორც მათი დემოკრატიულობის მიდრეკილებისადმი ურყეობა.  რა უნდა ვილაპარაკოთ ალექსანდრე კვიტაშვილზე, რომელმაც საქართველოში მთელი სამედიცინო სისტემა დააქცია და, ელემენტარულად, სააკაშვილმაც კი პანღურით გააგდო კვიტაშვილი, მოგვიანებით იგი თსუ-ში დასვეს და თსუ-საც რა დამართა, ეს ცალკე საუბრის თემაა.

ცხადია, უკრაინის რადაში კვიტაშვილის წინააღმდეგ შეიტანეს სარჩელი და დღეს რადა იხილავს მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. ალბათ, ეს პროცედურა მალე დამთავრდება და კვიტაშვილიც გადადგება. ჯაბა ებანოიძის შესახებ კი რა შემიძლია, გითხრათ, კაცი, რომელიც იყო პოსტსაბჭოური ვიშინსკის ტიპის სისტემის სულის ჩამდგმელი, თავისუფალ და დემოკრატიულ უკრაინაში ასეთ ადამიანებს ფეხი არ დაედგომებათ. ისიც საინტერესოა, როგორ გაბედეს ნაციონალებმა ასეთი მისიის ხელში აღება?!“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია და გამორიცხავს იმ მოსაზრებას, რომ პოროშენკომ თავიდანვე ხაფანგში შეიტყუა ქართველი მაღალჩინოსნები, რათა ყოველგვარი წარუმატებლობა მათთვის გადაებრალებინა. უბრალოდ, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ პოროშენკოს მართლაც სჯეროდა, რომ ქართველები რაღაცის გამკეთებლები იყვნენ, რადგან სააკაშვილს, როგორც ჰიტლერსა და მუსოლინს, დარწმუნების კარგი უნარი ჰქონდა. შესაბამისად, როგორც ჩანს, სააკაშვილმა პოროშენკო დაარწმუნა, რომ მისი გუნდი განუმეორებელი იყო, ამიტომ პოროშენკომ ისინი მძიმე მემკვიდრეობის, ანუ კორუფციის დაძლევის მიზნით მიიწვია.

ექსპერტის თქმით, უცილობლად, უკრაინაში რეფორმებია საჭირო, რადგან აქ ჯერ კიდევ საბჭოური ტიპის სისტემა მოქმედებს, თუმცა სააკაშვილმა კარგად იცოდა, რომ უკრაინა საქართველო არ იყო და ის, რაც საქართველოში შეიძლება, ავტორიტარული რეჟიმის კუთხით გამყარებულიყო, უკრაინაში ვერ იმუშავებდა. გარდა ამისა, როგორც პოროშენკოს, ისე სააკაშვილს უნდა სცოდნოდათ, რომ უკრაინის მასშტაბი სხვა არის და, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში მოქმედებს რეგიონალიზაციის პრინციპი, ანუ თითოეულ მსხვილ რეგიონს აქვს თავისი დამოუკიდებლობის ხარისხი და, პირობითად, უკრაინა დასავლეთ, აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ზონებად იყოფა, ხოლო თითოეულ ზონას აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები. ამდენად, ის მეთოდები, რაც საქართველოში ცენტრალიზებული სისტემის ფორმატში იმოქმედებდა, ვერ იმოქმედებდა უკრაინაში.

„სააკაშვილმა ეს კარგად იცოდა, მაგრამ მორიგი პოპულისტური ნაბიჯი გადადგა, რა ვქნა, უკრაინაში რეფორმატორები მოვიყვანე, დავსვი, მაგრამ მათ არ მისცეს გაქანება და ისინი უკან ბრუნდებიანო. ამით სააკაშვილი მოგებულია. გუშინ გავრცელდა სააკაშვილის ჩანაწერი, ერთ-ერთ პრესკონფერენიაზე პირდაპირ დაადანაშაულა პოროშენკო და მისი გუნდი. მან თქვა, ზემოდან არ არის შესაბამისი პოლიტიკური ნება და ხელი გაიშვირა პოროშენკოსკენ, ვინც მას ნდობა გამოუცახადა. სააკაშვილმა უკრაინული რეფორმები დაასამარა და ამით უკრაინას მოუსპო ბოლო იმედიც კი, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო პოროშენკო. ბოლოს და ბოლოს, ეფექტის მოლოდინი ეკონომიკაშიც მოქმედებს და, მით უმეტეს, ეფექტის მოლოდინი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია. არ ვიცი, ეს მიზანმიმართულად ხდება თუ უნებლიეთ, მაგრამ სააკაშვილმა კრემლის წისქვილზე დაასხა წყალი“.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯაბა ებანოიძის თუ ალექსანდრე კვიტაშვილის მაგალითების განზოგადება არ შეიძლება და ქართველები აქტიურად, ათეულობით მაინც არიან წარმოდგენილნი უკრაინის მთავრობაში.

„უკრაინის მთავრობის გადასაწყვეტია, რა სახის რეფორმები გატარდება ამ ქვეყანაში. ეს უზარმაზარი ქვეყანაა და ბევრი სტრუქტურა აქვს, სადაც ზოგან ქართველ რეფორმატორებს თავისუფლება საკმარისად ეძლევათ, ზოგან - არასაკმარისად. საბოლოო ჯამში, უკრაინელებმა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. უზარმაზარი ინერციაა გადასალახი. თუ იქ ვინმეს რამე შეემთხვა, ნაადრევია განზოგადება.

კვიტაშვილს რაც შეეხება, ჯანდაცვა ურთულესი სფეროა, მით უმეტეს, უკრაინაში საბჭოური ჯანდაცვის სისტემაა, არ არის გამორიცხული, კვიტაშვილს არ დაუჯერონ და საქმე ისე არ წავიდეს, როგორც საჭიროა. ეს ცოცხალი და მიმდინარე პროცესია“, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.