რუსული კაპიტალი საქართველოში - ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევა წარმოადგინა, რომელშიც დეტალურად არის წარმოდგენილი საქართველოში დაფუძნებული ის კომპანიები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. კვლევის მიხედვით, ელექტროენერგია ის სფეროა, სადაც რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა შემდეგ კომპანიებიში - შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ (სოფლის ნობათი), შპს „მობიტელი“(ბილაინი), შპს „ენერგია“, შპს „ჯლს“, შპს „კარლსბერგ საქართველო“(ბალტიკა), შპს „ელექტრონი“, შპს Club-2100, შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ“, შპს ELITE DEVELOPMENT, შპს „ემბავუდ ჯორჯია“. 2013 წელს ამ სიაში შედიოდა „ტიფლისკი ვინნი პოგრებ“, „სტრომოსი“ (რუსთავის ავტოდრომი) და „ტრიდე“.
მათ შორისაა უმსხვილესი რუსული „ინტერ რაო“, რომლის აქციონერები რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებული კომპანიები არიან. საქართველოში „ინტერ რაოს“ ეკუთვნის ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანია სს „თელასის“ 75% თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკი“ და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები - „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“. მასვე მართვაში აქვს გადაცემული კავკასიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური „ენგურჰესი“.
IDFI-მ გამოიკვლია, რომ 2011 წელს „ხრამჰესის“ გაყიდვიდან მიღებული თანხა (99 774 000 ლარი) ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენებას მოხმარდა.
ეს არის მხოლოდ მცირე ჩაონათვალი იმ რუსული კომპანიებისა, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილი.
for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ნაცინალური მოძრაობის“ ლიდრები მიკროფონთან და კამერის წინ იყვნენ პროევროპელები, ხოლო ქმედებით ხელს უწყობდნენ რუსული კაპიტალის შემოსვლას. მისივე თქმით, ის რაც ენერგეტიკის სფეროში ხდება, ამას უკვე არაფერი ჰქვია თუ არა ქართულ-რუსული გარიგება.
IDFI-ს კვლევის მიხედვით, ელექტროენერგია ის სფეროა, სადაც რუსული კომპანიები და რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე. ბატონო სოსო, რატომ არის ხელისუფლება დაინტერესებული რუსული კაპიტალის შემოსვლით?
- სამწუხაროდ, თემა არახალია. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2008 წლის ომის შემდეგ. მაშინ, როდესაც საომარი მოქედებებით ერთგვარი გზავნილი შესთავაზა რუსეთმა პოტენციურ ინვესტორებს, რომელთაც საქართველოში ინვესტიციის ჩადების სურვილი ჰქონდათ. 2008 წელს, როდესაც იბომბებოდა საქართველოს ტერიტორიები, დაზიანდა არაბების ხელში მყოფი ფოთის პორტი, გერმანელების ხელში მყოფი კასპის ცემენტის ქარხანა, თურქების ხელში მყოფი ქარხანა და ა.შ. არც ერთი ის ობიექტი არ დაზიანებულა, რომლის ინვესტორი და მფლობელი იყო რუსული კოპანია ან რუსეთის მოქალაქე. დიახ, ეს ცხადზე-უცხადესი გზავნილი იყო თავისი შინაარსით, რომ საქართველოში მშვიდად შეიძლება თავს გრძნობდეს მხოლოდ რუსული ინვესტიციები. სამწუხაროდ, ასეთ პოლიტიკას მოვიხსენიებთ, როგორც რბილ ძალას.
თუმცა, ის რეალობა, რომელიც აღწერეთ, სირბილესთან არანაირად არ ასოცირდება...
- რასაკვირველია, ეს არის რუსეთის საკმაოდ მზაკვრული და მათთვის წარმატებული ზეწოლის სქემა. მაგრამ, ის, რაც ენერგეტიკის სფეროში ხდება, ამას უკვე სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა ქართულ-რუსული გარიგება. დიდი ალბათობით, ის ციფრები, რომელიც გასაჯაროვდა, საკმაოდ შორს შეიძლება იყოს რეალობიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიკროფონთან და კამერის წინ იყვნენ პროევროპელები, ხოლო ქმედებით და საკუთარი მრეწველობის, ენერგეტიკის თუ სხვა დარგის ბევრი მიმართულებით, იწვევდნენ რუსულ კაპიტალს, რომლის დიდი ნაწილი წარმოშობით არის კრიმინალური ხასიათის.
ძალიან წინმსწრები და დიდი ხნის ჩაფიქრებული პოლიტიკის განხორციელებაში ძალიან მარტივად მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამხდარიყო ამ შავი სქემების თანამონაწილე. რაც შეეხება იგივე ჰიდროელექტროსადგურებს, მთელი ჩვენი ყურადღება გადატანილია გარემოს დაცვის და მოსახლეთა უფლებების დაცვის საკითხებზე და ამ დროს, არავინ კითხულობს იმ თანხების წარმოშობას, რომელიც შენიღბული სახელით არის შემოსული. ამის გამოცდილებაც გვაქვს, როდესაც იყიდება კომპანია ევროპულ ან ამერიკულ კომპანიაზე და უცებ მასში მთავარი მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღებები აღმოჩნდებიან რუსეთის მოქალაქეები.
რამდენად მიზანმიმართულად ხდება ევროპულ თუ ამერიკულ კომპანიას ამოფარებული რუსული კაპიტალის შემოდინება საქართველოში?
- ეს არ არის მთავარი მოტივაცია, რომ შემოტანილი იქნას მაინც და მაინც რუსული ფული. კრიმინალური გზით მოძიებული თანხები, არც თუ ლეგალური გზებით და გამჭვირვალე სქემებით ნაწილდება შემდეგ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. წლებია ვტრაბახობთ ქვეყანაში კორუფციის მოსპობით, საქართველოდან კანონიერი ქურდების გაძევებით, თუმცა კანონიერი ქურდების ფუნქციები კარგა ხანია აითვისა პროკურატურამ თავისი საპროცესო გარიგებების სისტემით.
გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესებული იყო ქვეყანაში რუსული კაპიტალის შემოსვლით, მაგრამ რა ხდება დღეს? ამავე კვლევით დასტურდება, რომ 2014 წელს რუსეთიდან საქართველოში 66 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა და ამ მოცულობით რუსეთი საქართველოში შემოსულ პირდაპირ ინვესტიციებს შორის მერვე ადგილზეა.
- ეს იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფოებრივი მიდგომა არ იყო იმ პროცესებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ფოთის პორტის სოლიდური ნაწილის გადაცემა „როსნეფტისთვის“. ეს არის პირდაპირ პორტის ანექსია, რომელიც რუსული პორტის კონკურენტია. როცა საქართველოსა და რუსეთის პორტს ერთი და იგივე კომპანია „როსნეფტი“განაგებს, ძნელია თქვა, რომ ეს კომპანია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს. ანალოგიური ვითარებაა სხვა შემთხვევებშიც. როგორც ჩანს, ან გვერიდება ხმის ამოღება, ან ხმის ამოღების უფლება არ გვაქვს.
საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სურს, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, მათ შორის რუსეთთან. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება რუსეთთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიების 20 პროცენტი, ამის პარალელურად ვხედავთ, რომ აქტიურად შემოდის რუსული ბიზნესი საქართველოში, რამდენად საფრთხის შემცველია რუსული კაპიტალი საქართველოს ეროვული ინტერესებისთვის?
- რასაკვირველია რუსული კაპიტალი ქართულ ინფრასტუქტურაში არის საფრთხე. ალბათ, ეს საფრთხე განხილულია, გააზრებულია და კონტრზომებიც მიღებულია იმ უწყების მიერ, რასაც ჰქვია სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭო, რომლის შეუცვლელი გმირი გახლავთ ამხანაგი ჯანელიძე. იმ ადამიანებისგან (რომლებსაც არ უნდათ ვიცოდეთ რა არის რეალური რუსეთი), სხვადასხვა თოქ-შოუებში არაერთხელ მომისმენია განცხადება - რატომ უნდა ვიომოთ საქართველოსთან, მოდით, უბრალოდ ვიყიდოთ საქართველო.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში არ არიან საქართველოს გაყიდვის მსურველები, თუმცა, აუცილებელია დაიხვეწოს საინვესტიციო კანონმდებლობა ობიექტების მართვის თაობაზე. არ შეიძლება ყველა ცალკეულ შემთხვევაში ცალკეულ ცვლილებებზე იყოს საუბარი. ერთხელ და სამუდამოდ კანონი ინვესტიციების შესახებ მიღებული იქნას იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც უკვე სრულიად თვალსაჩინოდ არსებობს ჩვენს ქვეყანაში.