2017 წლამდე თბილისში წყალი არ გაძვირდება

2017 წლამდე თბილისში წყალი არ გაძვირდება

დედაქალაქში წყალი არ გაძვირდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატარიფო განაცხადი არ დაკმაყოფილდა. დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში თბილისში ამჟამინდელი ტარიფი დარჩება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 18 მაისის სხდომაზე განიხილა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატარიფო განაცხადი, რომლის თანახმადაც, კომპანია თბილისში წყლის ტარიფის გაზრდას ითხოვდა. განაცხადის განხილვის შემდეგ, სემეკმა წარმოადგინა საკუთარი დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც, თბილისში დღეს მოქმედი წყლის ტარიფები თითქმის უცვლელი დატოვა. მხოლოდ გარკვეულ კომპონენტებში მოხდა მცირედი გადანაწილება. საბოლოო ჯამში, სემეკმა თბილისელებისთვის წყლის ტარიფი იგივე დატოვა.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საპროგნოზო გაანგრიშების საფუძველზე, 2015 წლისთვის ითხოვდა წყალმომარაგების შემდეგ ტარიფს: გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 0.313 ლარი - 1 კბ/მ-ზე; გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 3.70 ლარს 1 სულზე თვეში.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხადა, ძალაშია ის ტარიფი, რომელიც დღეს მოქმედებს, მხოლოდ ოდნავ შეიცვალა გადანაწილება, მაგრამ ეს მოსახლეობას არ შეეხება.

„კომპანიის მხრიდან იყო მოთხოვნა, უფრო მეტ, დაახლოებით, 4 მილიონით უფრო მეტ შემოსავალზე, თუმცა ჩვენი გაანგარიშებით, მათ უფრო მეტი არ ეკუთვნოდათ. კომპანიას აქვს უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება. შემდეგ უკვე სასამართლოში მოხდება მისი განხილვა“, - გადაცხადა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

როგორც სხდომაზე მყოფმა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენელმა განაცხადა, ისინი არ ეთანხმებიან სემეკის გადაწყვეტილებას, საკუთარ მოსაზრებებს კომპანია წერილობით გაავრცელებს.

„მემარცხენე ალიანსის“ წევრი კახა ძაგანია, რომელიც სემეკის სხდომას ესწრებოდა, ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა რეალური და არგუმენტირებული პასუხი თუ რატომ უნდა მომატებულიყო დედაქალაქში წყლის გადასახადი, ვერ წარმოადგინეს.

„კომპანიას სურდა ტარიფის გაზრდა, რითაც ის მთლიანობაში 9-მილიონიან მოგებას მიიღებდა. ამ შემთხვევაში სემეკმა ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანას ააცილა ფართომასშატაბიანი საპროტესტო აქციები. ეს გადაწყვეტილება ძალაში 2016 წლის ბოლომდეა, მაგრამ ვპირდებით საზოგადოებას, რომ ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი. არ დავუშვებთ წყლის ტარიფის გაზრდას!“ - განაცხადა ძაგანიამ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართვის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 15 იანვარს დაიწყო და გადაწყვეტილება 4 თვის თავზე გამოაქვეყნა.

2010 წლის 1-ლი დეკემბრიდან, სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფები თბილისის მოსახლეობისთვის შეადგენს: უმრიცხველო მოხმარებისას(ფიქსირებული) თვეში 3.14706 ლარს 1 სულზე; მრიცხველით მოხმარებისას - 0.2655 ლარს 1 კბ/მ-ზე. თბილისის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც წყალი ჯერ კიდევ გრაფიკით მიეწოდება, მომსახურების საფასური 2,4 ლარია.

სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კომერციული სექტორისთვის შეადგენს 4,4 ლარს1 კბ/მ-ზე. სხვათა შორის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იურიდიული პირებისთვის ტარიფის გაზრდას არ ითხოვდა.