თბილისში მდებარე 3 დიდი საავადმყოფო სპეციალურად შემუშავებული მოდელის საფუძველზე გაერთიანდება. ინვესტორები უკვე დაინტერესდნენ, კონკურსი კი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ონკოლოგიური, რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო კერძო, სახელმწიფო პარტნიორობის ერთ მძლავრ ჰოლდინგად ჩამოყალიბდება. ამ პროექტში მონაწილეობით 10-ზე მეტი მსხვილი ინვესტორია დაინტერესებული და კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. პირველი შედეგები უკვე ზაფხულის დასაწყისში იქნება.
რაც შეეხება ამ პროექტში საპარტნიორი ფონდის მონაწილეობას, დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ „საპარტნიორო ფონდი“ პროექტში მენეჯმენტის კუთხით მონაწილეობს.
„ასეთი ტიპის ქონებრივი მართვისა და ვალდებულებების განხორციელების კუთხით საპარტნიორო ფონდს ბევრად მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე - ჯანდაცვის სამინისტროს“, - განაცხადა სერგეენკომ.
პარალელურად, სერგეენკო მედიკამენტების გაძვირებასაც შეეხო. მისი ინფორმაციით, ფასების ზრდის ტენდენცია შემცირებულია. „ფასების მატების ტენდენცია აღარ არის. პირიქით, გაძვირება შემცირებულია. ვგულისხმობ იმას, რომ თუ იყო გამოკვეთილი 15-20 პროცენტიანი ზრდა რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე, ახლა ამ ტენდენციამ იკლო“, - აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ,ა.
სამი საავადმყოფოს გაერთიანების შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. რეკონსტრუქცია, რომელიც უახლოესი სამი თვის განმავლობაში დაიწყება, გულისხმობს კლინიკების აღჭურვას, მართვასა და მენეჯმენტის სახელმწიფო პარტნიორობის მოდელზე მორგებას. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება სახელმწიფო პროგრამების მოქმედი 130-მილიონიანი ბიუჯეტის ეფექტურობის მართვის რევიზია და მათი მორგება ახალ გამოწვევებზე, რათა მოსახლეობამ მეტი შედეგი მიიღოს.
„მოსამზადებელი ფაზიდან ჩვენ საბოლოოდ გადავედით მოქმედებაზე. გავაფორმეთ თანამშრომლობა მართლაც პროფესიონალების გუნდთან, რომლებთან ერთადაც შეგვეძლება, რომ გავზარდოთ ხარისხი ხელმისაწვდომობასთან ერთად და მინიმალური გახდეს იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობენ. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, სამუშაო გეგმა, რომლის რეალიზაციასაც, ვფიქრობთ, უახლოესი თვეების განმავლობაში შევძლებთ.
იმედია, ეს ახლებური მოდელი საშუალებას მისცემს ქართულ ჯანდაცვის სისტემას, რომ მართლაც გახდეს მაღალი ხარისხის, მაღალი კლასის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი. პირველი შედეგების მიხედვით, მედიკამენტები გახდება უკვე ბევრად ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, ეს იქნება უახლოესი თვეების საქმე. დაიწყება სამი მძლავრი კლინიკის რეკონსტრუქცია - რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოცენტრისა და ხილიანის ბავშვთა ინფექციურის როგორც აღჭურვა, ასევე მართვა და მენეჯმენტი იქნება სწორედ ამ მოდელზე დაფუძნებული, ანუ სახელმწიფო პარტნიორობის მოდელზე და გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტის მოქმედების რევიზია და მორგება ახალ გამოწვევებზე იმიტომ, რომ უფრო მეტი რეალური შედეგი მიიღოს მოსახლეობამ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
„კომერასნტის“ ინფორმაციით, მთავრობა არ აპირებს ამ კლინიკების გაყიდვას. საუბარია მსოფლიოში აპრობირებულ, ე.წ. თანაარსებობის პრინციპზე, რათა სახელმწიფომ შეინარჩუნოს საკუთარი პოზიციები ამ სტრატეგიულ კლინიკებში.