„როგორც ხიდაშელია ივანიშვილის კრეატურა, ისე იყო კეზერაშვილი სააკაშვილის კრეატურა“

„როგორც ხიდაშელია ივანიშვილის კრეატურა, ისე იყო კეზერაშვილი სააკაშვილის კრეატურა“

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილის ჯინაზე დანიშნა, რადგან ის ბოლომდე არავის ენდობა და ყველას თავის ადგილს უთითებს. კანონმდებელის მოსაზრებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე დასავლეთის თვალში უცნაურ ფიგურად აღიქმებოდა და ხიდაშელის გამინისტრება რაღაც მანევრია.

თავდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე, for.ge პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დავით დარჩიაშვილს ესაუბრა:

თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის რანგში საქმიანობას უკვე შეუდგა და სამი მოადგილეც წარადგინა, რომელთა შორისაა ანა დოლიძე. როგორ აფასებთ, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე პროცესებს?

- საქართველოს მთავრობაში პერსონალიები ნამდვილად მეორე ხარისხოვანია, რადგან ივანიშვილის ხელმძღვანელობით სახეზეა არაფორმალური მმართველობა, რაც ანომალიური მოვლენაა. ყველაფერი ყოფილი პრემიერის ნება-სურვილს ექვემდებარება. ხიდაშელი ამბიციურია და არ გამოვრიცხავ, რომ მას რაღაც მომენტში ღარიბაშვილისგან განსხვავებული მოსაზრებები გაუჩნდეს, მაგრამ ამ ეტაპზე, ხიდაშელი სრულ უნისონს ავლენს ივანიშვილთან მიმართებაში და მათ შორის განსხვავება არაფერში შეიმჩნევა. სამწუხაროა, ხიდაშელი იმით ამაყობს, რომ მათ შორის მსგავსებაა.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, არ გამიგია, რომ ანა დოლიძეს თავდაცვის სფეროსთან შეხება ჰქონოდა. მიმაჩნია, რომ თავდაცვა-უსაფრთხოების ნაწილში, ასევე ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ხიდაშელის დამოკიდებულებები ქვეყნის ეროვნულ ინტერებს არ შეესაბამება.

კერძოდ, რას გულისხმობთ?

- ქვეყანაში ძალიან სერიოზული მატებაა კრიმინალის, ხიდაშელისგან კი, ამ საკითხზე შეფასებას ვერ გაიგონებთ და გამოდის, რომ ის ამ ყველაფერს ეთანხმება. როგორც ჩანს, ის ბესელია-ივანიშვილის შეფასებებს იზიარებს, რომ საქართველოში ყველაფერი ბრწყინვალედ არის. პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ამას ხიდაშელისგან განსხვავებით, ყველა უცხოელი ხედავს.

ვისი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს - „ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლების?

- რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ ამავდროულად, პოლიტიკური დევნის ობიექტი „თავისუფალი დემოკრატებიც“ გახდნენ. ამ პროცესებზე ხიდაშელს სრულიად სხვა დამოკიდებულება აქვს მიუხედავად იმისა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც უცხოეთში უვლია და დიპლომატებთან შეხვედრები ჰქონია. ის ჯიუტად დგას იმ პოზიციაზე, რომ ეს ყველაფერი მართებულია და ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესი გრძელდება. მისგან იმ კომენტარს ვერასოდეს მოისმენთ, რაც იურისტისთვის ცალსახა უნდა იყოს. როგორ შეიძლება, რომ საკონსტიტუციო ვადების დარღვევით, იგივე საქმეზე გიგი უგულავა ციხეში დატოვონ?

ამას გარდა, საყურადღებოა ის, თუ როგორია ხიდაშელის დამოკიდებულება ქართულ-რუსული ურთიერთობებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მომავლის მიმართ. ჩვენსა და მის უსაფრთხოების ხედვებს შორის შესაძლოა, სერიოზული აცდენა იყოს. ასევე თავდაცვის სამინისტროში რა ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა ხორციელდებოდეს და რა საკადრო პოლიტიკა უნდა გატარდეს, ამის თაობაზე მისი ხედვები უნდა მოვისმინოთ. ერთადერთი რაც დავინახეთ, ეს ამ სფეროში ხიდაშელის გამოუცდელობაა, თუმცა, იყო საოცარი სიხარული, რომ მას ხელში ასეთი სათამაშო ჩაუვარდა.

ხელისუფლებას თინა ხიდაშელის გამინისტრების გამო აკრიტიკებთ, მაგრამ მაინტერესებს, თავის დროზე, დავით კეზერაშვილი რა ნიშნით დანიშნეთ თავდაცვის მინისტრად?

- როგორც ხიდაშელია ივანიშვილის კრეატურა, ისე იყო კეზერაშვილი სააკაშვილის კრიატურა. პირველ რიგში, იმ ყველაფერზე სააკაშვილი იყო პასუხისმგებელი, რადგან ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკას ის განსაზღვრავდა და კეზერაშვილი შემსრულებელი იყო. მაშინ, როდესაც ჯარი დასაპურებელი და ჩასაცმელი იყო, შეიძლება იმ ეტაპზე, ისეთი შემსრულებელი როგორიც კეზერაშვილი იყო, საჭირო იყო. კეზერაშვილი თავდაცვის პოლიტიკის მრჩეველი და შემქმნელი ვერ იქნებოდა, რადგან მას ამის გამოცდილება არ ჰქონდა.

მან ის მოვალეობა როგორ შეასრულა, რაც დააკისრეს?

- ალბათ გახსოვთ, შევარდნაძის შემდეგ, რა ჯარი დაგვხვდა და არმიის შექმნაში ყველას წვლილი მიუძღვის, მათ შორის კეზერაშვილს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ შევარდნაძის დროს ჯარი ქაღალდზე ეწერა, ოფიცრებს ხელფასი არ ჰქონდათ და ტაქსის მძღოლებად მუშაობდნენ, თავად ჯარისკაცები კი სამუშაოდ გაშვებულები იყვნენ.

ხიდაშელი დასავლური კურსის ორიენტაციის პარტიას წარმოადგენს და თავდაცვის სფეროსრესპუბლიკური პარტიისთვისჩაბარება რას ნიშნავს? ამ გადაწყვეტილებით ეჭვები არ გაქარწყლდა, რომ საქართველო საგარეო კურსს იცვლის და ..?

- ეს შეიძლება, ივანიშვილის მოტივაციებს შორის ერთ-ერთი ყოფილიყო, მაგრამ მეორე მხრივ, მან ამით ღარიბაშვილს თავისი ადგილი მიუთითა, რომ ზედმეტი არ წამოიდგინოს, თითქოს, მთავრობის მეთაური ის არის. დარწმუნებული ვარ, რომ ხიდაშელი ღარიბაშვილის კანდიდატურა არ იყო.

რესპუბლიკლებმა არ დამალეს, რომ ხიდაშელის თაობაზე გადაწყვეტილება კოალიციურ რეჟიმში იქნა მიღებული...

- ვიცი, რომ ხიდაშელი ევროინტეგრაციის კომიტეტის სტრუქტურის მოწყობით იყო დაინტერესებული და თვითონაც არ იცოდა, რა ხდებოდა. ამასთან, სამთავრობო ცვლილებების განხორციელებამდე ორი დღით ადრე, ღარიბაშვილი იძახდა, რომ ჯანელიძე არ იცვლებოდა. ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრად ხიდაშელი ღარიბაშვილის ჯინაზე დასვა, რადგან ის ბოლომდე არავის ენდობა და ყველას მუდმივად ადგილს უთითებს, რაც არანორმალურია. იმის გამო, რომ ჯანელიძე დასავლეთის თვალში უცნაურ ფიგურად აღიქმებოდა, ხიდაშელის გამინისტრება რაღაც მანევრია. როგორც ჩანს, ივანიშვილის გზავნილი იყო - ამ გოგოს ხომ იცნობთ, ის ხომ უცხოეთში დადიოდაო?! ეს შეიძლება, ფანდი აღმოჩნდეს, რომელიც ადრე თუ გვიან, გამოაშკარავდება, რადგან „რესპუბლიკური პარტიის“ პროდასავლურობა კითხვებს აჩენს.

რატომ?

- თუკი პროდასავლური ხარ, მაშინ, როცა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება, ამას პასიურად არ უნდა ეგუებოდე. თუნდაც იმ პრობლემებს ვგულისხმობ, რაზეც ვისაუბრე.

თუმცა, გავიწყდებათ, რომ კოალიციაშირესპუბლიკური პარტიაერთადერთი ძალა იყო, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა და თქვა, რომ რეგიონები სუსი-სა და კუდი- გავლენისგან უნდა გათავისუფლებულიყო და ძალოვანი უწყებების რეფორმა უნდა დაწყებულიყო. მათ შორის შსს-სა და მთავარი პროკურატურის. პრობლემებზე პირველი განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან დავით უსუფაშვილმა გააკეთა...

- ეს ყველაფერი მათ პლიუსად ჩავუთვალოთ, მაგრამ იმის თქმა, რომ რეფორმა უნდა დაწყებულიყო, იმის საპირწონე არ არის, როცა ივანიშვილის პოლიტიკას არსებითად მხარს უჭერ და დასავლეთში მისი გამთეთრებელი ხარ. დასავლეთში ივანიშვილს სერიოზულად ვერ აღიქვამენ. რესპუბლიკელები ივანიშვილის გათეთრებას ეწევიან, რაც დათვური სამსახური მგონია. „მრეწველები“ პირდაპირ იძახიან, რომ მათ ნატო არ უნდათ და რუსეთია არჩევანი. რესპუბლიკელები „მრეწველებთან“ ერთად როგორ არიან?

თუმცა, რესპუბლიკელებმა განმარტეს, რომ ეს დამოკიდებულება გოგი თოფაძის პიროვნული პოზიციაა და მის განწყობას უმრავლესობა არ იზიარებს...

- საზოგადოებაში რუსული განწყობები მატულობს და მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ გოგი თოფაძეს არ აქვს და ამის შესახებ უმრავლესობაშიც ძალიან კარგად იციან.

რუსეთის მიმართ კეთილგანწყობას უმრავლესობაში კიდევ ვის ამჩნევთ?

- ფრაქცია - „მრეწველები“ ასე ფიქრობენ და „ქართულ ოცნებაში“ ისეთი ადამიანებიც მოიძებნებიან, რომლებიც საქართველო-ნატოს ურთიერთობების პერსპექტივას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

ვინ არიან ეს ადამიანები?

- მათ რიგებს ჩამოუარეთ და ჰკითხეთ.

მათ რიგებში - გია ვოლსკი არის?

- ვოლსკის არ გამოვრიცხავ, მაგრამ მას გამოცდილება ჰყოფნის, რომ საკუთარი განწყობა ღიად არ დააფიქსიროს. ხელისუფლების პოზიცია და დისკუსია საზოგადოებაზე გავლენას ახდენს. რუსეთის მხრიდან ვითომ კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებების დაფინანსება და პროპაგანდა ხდება. ამასთანავე, სახეზეა მედია ინტერვენცია და უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო რუსული საინფორმაციო არხები გახდა. როგორც კვლევებმა აჩვენა, უცხოურ მედიაში ყველაზე ყურებადი რუსული ტელეარხებია, რომელსაც დახვეწილი სისტემა აქვს დეზინფორმაციის.

თქვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოში რუსული არხების ტრანსლირება აიკრძალა და ამან რა შედეგი გამოიღო?

- ჩვენი მმართველობის პირობებში რუსული არხების აკრძალვა მოხდა და საპირწონე ქართული არხები გახდა, რომლებიც რუსულად მაუწყებლობდნენ. ეს საფრთხეს წარმოადგენს და ზომებია მისაღები.

რა ზომები უნდა იქნეს მიღებული, რუსული არხები ისევ უნდა აიკრძალოს?

- მთავრობამ ძლიერი კონტრპროპაგანდა უნდა აწარმოოს და საზოგადოებრივი მაუწყებელი რუსული არხების მხილებით უნდა იყოს დაკავებული. რუსული არხების შეზღუდვას მხარს დავუჭერდი და ეს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ წასვლა არ არის, არამედ ეს დეზინფორმაციის შეჩერების მცდელობაა.