„ნეიტრალიტეტი თუ გამოვაცხადეთ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამას ყველა მეზობელი აღიარებს და კბილებით დაიცავს“

„ნეიტრალიტეტი თუ გამოვაცხადეთ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამას ყველა მეზობელი აღიარებს და კბილებით დაიცავს“

„თუ მინსკის შეთანხმება სულად არ შესრულდება, რუსეთს უფრო მეტი საერთაშორისო იზოლაცია და დამატებითი სანქციების დაწესება ემუქრება“, - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ. მისივე განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმების შესრულებას უჭერდეს მხარს. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში რუსეთის წარმომადგენლებთან უკრაინის კრიზისზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი შეხვედრებს მართავს.

როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებების დროს მინსკის შეთანხმების განხორციელების საკითხზეც ისაუბრებენ. რამდენად რეალურია რუსეთის შეკავების მორიგი მცდელობა, ამ თემაზე ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.

უკრაინაში ფარტომასშტაბიანი ომის ალბათობას არ გამორიცხავენ დასავლელი, მათ შორის ამერიკელი სამხედრო ექსპერტები და ბოლო დროს ამის შესახებ სულ უფრო ბევრი განცხადება კეთდება. თქვენი შეფასებით, რამდენად არის მომწიფებული სიტუაცია ამისათვის?

- შესაძლოა, რუსეთი შეეცადოს დასავლეთ უკრაინის გაკონტროლებისთვის ტერიტორიების მითვისებას და ამაში მართლაც გამოიყენოს დონბასში არსებული ჯგუფები, რომლებსაც ინტენსიურად ამზადებს.

რაც შეეხება მაშტაბურ ომს, არ მგონია, რუსეთმა ასეთი სარისკო რამ წამოიწყოს, რადგან საბოლოო ჯამში, კარგად ესმის, რომ ეს შემოუბრუნდება მაშტაბურ ომად დასავლეთთან. თავისთავად, შესაძლებელი სცენარია, რასაც ამერიკელი სამხედრო ექსპერტი ამბობს, მაგრამ მგონია, რომ მისი განხორციელების ალბათობა შედარებით დაბალია.

BBC-ის ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს ჯარების საკუთარ ტერიტორიაზე განლაგებას ითხოვენ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. ეს არ ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპა კიდევ უფრო მზარდი რუსული საფთხის მოლოდინშია?

- როდესაც ორი უზარმაზარი სახელმწიფო უპირისპირდება ერთმანეთს მეზობელი ქვეყნებისთვის, ყველანაირი საფრთხე შეიძლება იყოს მოსალოდნელი. ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის, საკმაოდ დაუცველნი არიან.

თუ რუსეთსა და უკრაინას შორის მართლაც მსხვილმასშტაბიანი დაპირისპირება დაიწყო, ბალტიისპირეთის ქვეყნები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე არიან განლაგებული და მასშტაბური დაპირისპირების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რუსეთი შეეცადოს მათი ტერიტორიის გამოყენებას. მაგალითად, საჰაერო შეტევებისთვის და ა.შ. როგორც ჩანს, ამ მოსალოდნელი საფრთხის პრევენციისთვის კეთდება მსგავსი განცხადებები.

საკმაოდ საინტერესო განცხადებას ავრცელებს საფრანგეთი, რომლის თანახმადაც რუსეთს მისტრალის სანაცვლოდ შესთავაზებს 785 მილიონ ევროს. ეს ნიშნავს თუ არა, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნები, რომლებიც დღემდე ლოიალურები რჩებოდნენ რუსეთის მიმართ, პოზიციას მკვეთრად იცვლიან?

- მისტრალს რომ რუსეთს აღარ აძლევენ, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი. პრაქტიკულად, საფრანგეთმა ამ შემთხვევაში, როგორც იქნა, გაიზიარა რუსეთის მიმართ ის პოზიცია, რომელიც გააჩნდა აშშ-სა და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთთან მიმართებაში ნაკლებად ლოიალური ქვეყნებნის რიგებში მოიაზრებიან, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ა.შ.

რა თქმა, უნდა პოზიცია შეიცვალა, რადგან ფაქტობრივად, რუსეთმა სხვა გზა უკვე აღარ დაუტოვა საფრანგეთს და გერმანიას იმისთვის, რომ მათ კვლავ გაეგრძელებინათ ისეთი რბილი პოლიტიკა, რომელსაც აქამდე ატარებდნენ. თუმცა, საფრანგეთის და გერმანიის პოზიცია კვლავ გამოირჩევა შემრიგებლური ტონით.

რაც შეეხება მეორე მხარეს - შთავაზებული თანხის გადახდა სრულიად ნორმალურია, რადგან იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია, მას სანქციები დაუწესდა და უარი ეთქვა „მისტრალის“ მიყიდვაზე და ა.შ. - ეს პოლიტიკური ნაწილია.

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს საფრანგეთი რუსეთს მაინც ვერ მოუგებდა, რადგან ეს იყო კომერციული შეთანხმება და არბიტრაჟში პოლიტიკური თემები არ განიხილება - ეს სხვა დავის საგანია და სხვაგან განიხილება. ამდენად, თანხის შეთავაზება სწორი ნაბიჯია საფრანგეთის მხრიდან, თანაც, შესაძლოა, საერაშორისო არბიტრაჟის მიერ დაწესებული ჯარიმა ბევრად უფრო მაღალი ყოფილიყო. პლუს პრესტიჟის საკითხია, რომ შემდგომში რუსეთმა პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს ეს თემა. როდესაც პირობის დარღვევისთვის კომპენსაციას უხდის, აქ პოლიტიკის ცვლილების საკითხის საჯარო განხილვა ვეღარ მოხდება...

მისტრალის თემა ალბათ, იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ თითქოს, საფრანგეთთან ერთად მთელი ევროპის პოზიცია იცვლება რუსეთთან მიმართებაში. ლაპარაკია კიდევ უფრო მკაცრ სანქციებზეც. როგორ ფიქრობთ, სიტუაციის ამგვარად განვითარების შემთხვევში უფრო ეფექტური შედეგი არის თუ არა მოსალოდნელი?

- პუტინის პოლიტიკა არის ასეთი - მან არ უნდა აჩვენოს საკუთარ მოქალაქეებს რომ ეშინია და უკან დახევას აპირებს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად არ მოუწევს ამის გაკეთება. უკან დახევა მაინც მოუწევს, გააჩნია ზეწოლის სიმძიმეს და ხასიათს.

ის, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ მიდგომა შეცვალეს, საკმარისი არ არის. სანქციების შემდგომი გაგრძელება და კიდევ ახალი ინსტრუმენტების გამოყენებაა საჭირო იმისათვის, რომ რუსეთი მართლაც სერიოზულად დაზარალდეს იმისათვის, რაც ჩაიდინა. რა შეიძლება იყოს ეს, ამაზე მუშაობენ დასავლეთში და ალბათ, მომავალში გამოჩნდება.

მათ შორის ერთ-ერთი არის ნატოს გაფართოების საკითხი, რომელიც ახლა თურქეთმა წამოწია, მაგრამ ეს ასე მარტივად ვერ მოხდებოდა აშშ-ს-თან კონსულტაციის გარეშე. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს თურქეთისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ცდილობს, შავიზღვისპირთში ჰეგემონიის მოპოვებას. დაიწყო ყირიმით, რითაც საკმაოდ გაიმყარა თავისი სტრატეგიული პოზიციები.

თუ რუსეთი ამ პოლიტიკას გააგრძელებს სამხრეთ უკრაინის მიმართულებით და შემდეგ შეეცდება საქართველოს პორტების აღებას, მაშინ ეს მას მნიშვნელოვან სტრატეგიულ უპირატესობას მისცემს შავ ზღვაში, რაც თურქეთს არ აწყობს.

ალბათ, ასეთ შემთხვევაში ნატოს გაფართოება იქნებოდა დასავლეთის პასუხი?

- რა თქმა უნდა, ნატოს გაფართოება იქნება პასუხი, მიმართული იმისკენ, რომ როგორმე შეაკავოს რუსეთი. თუ აქამდე შემაკავებელი ფაქტორი იყო ნატოს თავშეკავება გაფართოებაზე, ახლა პირიქით, გაფართოების სტრატეგიის არჩევა მოუწევთ იმისათვის, რომ რუსეთი შეაჩერონ.

როდესაც რეგიონში მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება და ძნელად პროგნოზირებადია, როდის რა სიტუაცია შეიძლება გამოიყენოს საქართველომ რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად, რითი შეიძლება აიხსნას საქართველოში პრორუსული ძალების მომძლავრება, რომლებიც საკუთარ თავს რატომღაც ნეიტრალიტეტის მომხრეებს უწოდებენ? საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადება?

- არანაირად არ შეიძლება, რადგან ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის ნიშნავს რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, კიდევ უფრო დაუცველობას.

მართალია, საქართველოს ნომერ პირველ მტრად ახლა რუსეთი მოიაზრება, მაგრამ მთლიანობაში, რეგიონში არც ერთ მეზობელთან არ გვაქვს იმდენად თბილი და დაწყობილი ურთიერთობები, რომ უსაფრთხოების გარანტიები გვქონდეს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ნებისმიერი მეზობლის მხრიდან შეიძლება ველოდეთ გარკვეული სახის აგრესიას. ნატოს წევრობა კი ნებისმიერი ასეთი აგრესიისაგან დაგვიცავდა.

გარდა ამისა, ნეიტრალიტეტი თუ გამოვაცხადეთ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ნეიტრალიტეტს ყველა მეზობელი აღიარებს და კბილებით დაიცავს. მოლდოვას, მაგალითად, ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, მაგრამ რუსეთის მხრიდან ის მაინც განიცდის ზეწოლას და მუდმივად დგას საფრთხის წინაშე, რომ პოლიტიკური თუ ეკონომიკური მეთოდებით ან მოსახლეობის მოსყიდვით, რუსეთმა მოახერხოს მოლდოვაზე გავლენის მოპოვება.

ზუსტად იგივე მეთოდი იმოქმედებს საქართველოში. როგორც კი ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებთ და შევასუსტებთ დასავლეთის გავლენას, მაშინვე გაძლიერდება რუსული პროპაგანდა, დაზვერვა, ათასგვარი, მათ შორის საინფორმაციო საშუალებები და ა.შ. იმუშავებენ მოსახლეობაზე გავლენის მოხდენაზე. ეს შემდგომში გადაიზრდება სრული გავლენის მოპოვების მცდელობაში.

მგონია, რომ ნეიტრალირტეტის მიდგომებმა უკვე მოჭამა თავისი დრო. ევროპის ის ქვეყნებიც კი, რომლებსაც ნეიტრალიტეტი ჰქონდათ გამოცხადებული, მგონია, რომ აუცილებლად გაწევრიანდებიან ნატოში, რადგან ბოლომდე დაცულად მაინც ვერ გრძნობენ თავს.

რუსეთმა უკრაინასთან ისეთი ხელშეკრულებები დაარღვია, რომ ამ გამოცდილების შემდეგ ნეიტრალიტეტი რომ გამოაცხადოს კიდეც საქართველომ, ძნელი სათქმელია, რომელი ქვეყნები დაუდგებიან გარანტორად, რომ ის დაცული იქნება. გარანტორების გარეშე გამოცხადებული ნეიტრალიტეტი კი უბრალოდ, სასაცილოა.

გარდა ამისა, თუნდაც იყოს გარანტიები, რუსეთი ნებისმიერ გარანტიასა და შეთანხმებას არღვევს და ამდენად, ის არ არის სანდო. თუ გარეგნულად არ დაარღვევს შეთანხმებას, შიგნით წარმოებული პოლიტიკით შეეცდება მისთვის ლოიალური მთავრობა მოიყვანოს ხელისუფლებაში.

რა თქმა უნდა, პრორუსულ ძალები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, ნეიტრალიტეტის პოზიციას უჭერენ მხარს იმისათვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია  შევაჩეროთ, ამ გზას ჩავმოშორდეთ, შემცირდეს დასავლეთის გავლენა და შემდეგ ხელში ჩავუვარდეთ რუსეთს - ეს არის მათი ძირითადი სცენარი. როგორი მეთოდებით ცდილობენ ამ სცენარის განხორციელებას, ესეც ცნობილია - უამრავი ორგანიზაციაა, ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსებსაც კი აფინანსებენ, არასამთავრობო სექტორშიც მოხვდნენ, ეკლესიის მეშვეობითაც ცდილობენ გავლენის მოპოვებას, რომ მრევლს მათთვის სასარგებლო გზავნილები მიაწოდონ და ა.შ.

ანუ პრაქტიკულად, სახეზე გვაქვს ფართომაშტანბიანი იდეოლოგიური ომი...

- პრაქტიკულად, რუსული ტელევიზია მოწყვეტილია ყოველგვარ ობიექტურობას და მიდის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდა, კონცერტებშიც კი არის ჩადებული პოლიტიკური ელემენტები. პრაქტიკულად, ჩართულია მთელი პროპაგანდისტული მანქანა ანტიდასავლური დისკურსის კონტექსტში.

საქართველოს აქვს რაიმე ბერკეტი რომ ამას გაუმკვლავდეს?

- ყველზე კარგი ბერკეტია ხალხის მონდომება და შეგნება, ისტორიული მეხსიერების გაცოცხლება, უფრო მეტი ცოდნა და ინფორმაცია იმის შესახებ, რა გვინდა და საით მივისწრაფვით.

ნიჰილიზმია საზოგადოების ყველაზე დიდი მტერი და საჭიროა რაღაცნაირად ამ ნიჰილიზმისა და სკეპტიციზმის შესუსტება შესაბამისი შრომითა და მონდომებით. ეს ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად გაამართლებს მთავრობა, მისი ეკონომიკური პოლიტიკა რამდენად შეძლებს კრიზისის დაძლევას. ეს ყველაფერი ასუსტებს ხელისუფლებასაც და პროდასავლურ მესიჯებსაც - ხალხი როცა ვერ პოულობს ერთი მიმართულებით შვებას, სხვა მიმართულებას ეძებს...

რა თქმა უნდა, ეკონომიკური მიმართულებითაც უნდა ველოდოთ დივერსიებს, რადგან საქართველოს კარგი ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთისთვის მომგებიანი არ არის...