ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტი და რიგის სამიტის გადაწყვეტილების კონტურები

ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტი და რიგის სამიტის გადაწყვეტილების კონტურები

მოახლოებული რიგის სამიტის წინ, რომლისგანაც საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით გარკვეულ წინსვლას ელის, თბილისს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ავსტრიის პრეზიდენტი ესტუმრა. ჰაინც ფიშერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 18 მაისს, მეუღლესთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია. მან პირველი შეხვედრები ავლაბრის სასახლეში ქართველ კოლეგასთან გამართა.

ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერისა და პირველი ლედის მარგიტ ფიშერის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ცერემონია გამართეს. ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოსა და ავსტრიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში სტუმარ-მასპინძელნი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ. მოგვიანებით კი ქვეყნების პირველმა პირებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია მოაწყვეს.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას მთავრობიდან ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დაესწრო, რომელიც ფიშერს მანამდე აეროპორტში, ქართული დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც დახვდა.

„ავსტრია ჩვენი პატრნიორი ქვეყანაა. მე შემიძლია ვისაუბრო ენერგეტიკის მიმართულებით, თუ რამდენად მჭიდრო ურთიერთობა გაგვაჩნია. დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის ავსტრიულ-ქართული ერთობლივი კომპანიის მიერ. დიდი იმედი გავქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა. აუცილებლად უნდა გავიზიაროთ ის დიდი გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია ენერგეტიკის მიმართულებით“,- აცხადებს ვიცე-პრემიერი და იმედოვნებს, რომ ავტრიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შემდეგ საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით გაცილებით მეტი ინფორმაცია ვიზიტის მეორე დღეს, 19 მაისს, ბიზნესფორუმის ფარგლებში გახდება ცნობილი. ავლაბრის სასახლეში გამართული შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაციის საკითხი იყო. პრეზიდენტებმა რეგიონში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ავსტრიის პირველი ოფიციალური დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას ახალ იმპულსსა და ენერგიას შეჰმატებს. საქართველოსა და ავსტრიის ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს ავსტრიის პრეზიდენტიც.

„უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში უკვე მეორე შეხვედრა ადასტურებს, რომ ბევრი აქვს ჩვენს ქვეყნებს საერთო“,- აცხადებს ჰაინც ფიშერი და აღნიშნავს, რომ თანამშრომლობის შესახებ ქვეყნებს შორის მემორანდუმი გაფორმდება და ეს ურთიერთობები ყოველწლიურად განვითარდება. მანამდე კი ავსტრია საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას მოახდენს.

„ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ ასეთი ტიპის ასოცირების შეთანხმება აახლოებს სახელმწიფოებს, მათ ეკონომიკას და არამც და არამც არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც ჩვენ გვესმის ასოცირების შეთანხმება, მივიღეთ რა მონაწილეობა შესაბამის მოლაპარაკებებში, ეს არის შეთანხმება კონკრეტულ სახელმწიფოსთან და არამც და არამც ანტიშეთანხმება რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ“,- განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ 2017 წელს ავსტრია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, ამ ორგანიზაციას კი აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მშვიდობის შესანარჩუნებლად და მაქსიმალურად შეეცდება მშვიდობის უზრუნველყოფას, მათ შორის, საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით.

რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად ასახელებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეკონომიკის განვითარების მიზნით რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გაუქმება გაუმართლებელია, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული ომი და ყირიმის ოპკუპაცია სანქციების გაძლიერებას უფრო საჭიროებს, ვიდრე მის შესუსტებას.

„სანქციები არა მარტო შესანარჩუნებელი, არამედ, პოლიტიკური მესიჯი რუსეთის მიმართ ასეთი ტიპის პოლიტიკის მიუღებლობის ნაწილში, გასაძლიერებელიცაა. ჩვენ როდესაც ველაპარაკებით ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს, ვამბობთ შემდეგს: რუსეთის მიერ მისი მეზობლების აღქმა, როგორც ქვეყნებისა, სადაც რუსეთს გააჩნია პრივილეგირებული ინტერესები და ამ ინტერესების გატარება ხდება სამხედრო ფორმით, ომების ფორმით, არის არა მარტო მიუღებელი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა ან სხვები, არამედ ეს არყევს სტაბილურობას მთელს რეგიონსა და ევროპაში“, - განმარტავს მარგველაშვილი და აღნიშნავს, რომ სტაბილურობის საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორმატშიც სათანადოდ უნდა დაისვას და დასავლელმა პარტნიორებმა დამოუკიდებელი ერების არჩევანის ირგვლივ კონსოლიდაცია უნდა მოახერხონ.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულების თვალსაზრისით დიდი სამუშაო გასწია და რიგის სამიტზე პასუხიც ადეკვატური იქნება.

საქართველოს მიერ წარმატებული ნაბიჯების გადადგმას ადასტურებს ავსტრიის პრეზიდენტიც. მისი განცხადებით, საქართველო დაუახლოვდება ვიზალიბერალიზაციას, და ცალკეული საკითხების გადახედვის და შემოწმების შემდეგ დაითქმება კონკრეტული ვადა როდიდან ამოქმედდება უვიზო რეჟიმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

„ნუ გექნებათ მოლოდინი, დღეს მე წინმსწრებად განვაცხადო გადაწყვეტილება, რომელიც, რეალურად არ არის მიღებული... რიგაში არ იქნება მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს ბრძანა მათ შორის კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ტუსკმაც. ეს დისკრეცია, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა და ბოლო დღეს - ევროკავშირის 28 სახელმწიფოსა და საქართველოს შორის გადაწყდება, რამდენად კონკრეტული და მოცულობითია ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეს უარმყოფელი ან უარყოფითი გადაწყვეტილება, რომელიც რადიკალურად უარს ეტყვის საქართველოს“,- განაცხადა ჰაინც ფიშერმა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს და ავსტრიის პრეზიდენტებმა მეუღლეებთან ერთად სასახლის ეზოში გაისეირნეს, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ჰაინც და მარგიტ ფიშერებს ავსტრიის უკანასკნელი იმპერატორის, კარლ I-ის შვილიშვილის გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ნამუშევარი აჩვენა. მონუმენტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლის წინ 2009 წელს დაიდგა ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს განასახიერებს.

მოგვიანებით ავსტრიელი სტუმრების საპატივცემლოდ ავლაბრის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმიც, რომელიც 19 მაისს სასატურმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი“ კი, რომელსაც საქართველო ინტერესით ელის, 20-21 მაისს რიგაში ჩატარდება, სწორედ, ამ სამიტზე გაირკვევა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხის დეტალებიც.