„ხიდაშელის განცხადებები შეიძლება ახალ გარანტიებს ეფუძნებოდეს“

„ხიდაშელის განცხადებები შეიძლება ახალ გარანტიებს ეფუძნებოდეს“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ საფრანგეთთან კონტრაქტს ხელს აუცილებლად მოაწერს და ეს ახლო მომავალში იქნება. თინა ხიდაშელის განცხადებით, ერთ–ერთი პირველი საკითხი, რაზეც მინდია ჯანელიძესთან და მის მოადგილეებთან ისაუბრა, სწორედ საფრანგეთთან დადებული კონტრაქტი იყო.

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ გადაწყვეტილად და 100%–იანი დადასტურებით, რომ მე ამ კონტრაქტს ხელ მოვაწერ და ეს დიდი ხნის შემდეგ არ იქნება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა გადაცემა „პოლიტარტში“ სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მან საფრანგეთისაგან საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. მისივე თქმით, შეთანხმების შესრულების წინააღმდეგი პრემიერ–მინისტრი და მისი გუნდი იყვნენ. ალასანია ამტკიცებდა, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტის დროს პრემიერ–მინისტრის დავალებით მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო თავდაცვითი უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.

ალასანიას ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა თავად მინდია ჯანელიძე და ამტკიცებდა, რომ საფრანგეთთან არანაირ ხელშეკრულებაზე საუბარი არ ყოფილა, შესაბამისად, მას არც ალასანიასთვის დაურეკავს. თუმცა, მოგვიანებით მინდია ჯანელიძემ დაადასტურა, რომ ნამდვილად დაურეკა ალასანიას, თუმცა საუბარი განზრახულობათა წერილზე ხელმოწერას შეეხებოდა. ჯანელიძის მსგავსად, ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა პრემიერ–მინისტრი, რომელმაც თავის მხრივ ალასანია უპასუხისმგებლო განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა.

მოქმედი თავდაცვის მინისტრის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ საფრანგეთთან კონტრაქტი ნამდვილად გააფორმა. ექსპერტი, „სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთოების საკითხებში“ შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვითი იარაღი.

რატომ თქვა უარი ხელიუფლებამ უსაფრთხოების სისტემაზე და რა გარანტიები მიიღო თინა ხიდაშელმა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge შორენა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

მთელი ამ თვეების განმავლობაში მინდია ჯანელიძე ამტკიცებდა, რომ საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ საფრანგეთთან არავითარი ხელშეკრულება არ არსებობდა. მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ საფრანგეთთან დადებულ კონტრაქტს ხელს მოაწერს. ამ გახმაურებული მოვლენების ფონზე, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო თინა ხიდაშელმა ხელი მოაწეროს საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვას?

- ამ კითხვებს პირველ რიგში დეტალური პასუხი უნდა გასცენ თვითონ ირაკლი ალასანიამ და მინდია ჯანელიძემ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი განცხადება გაკეთდა, სრულიად გაუგებარია რაზეა საუბარი, რადგან მთელი ამ თვეების განმავლობაში კეთდებოდა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. მინისტრი, რომელიც ერთი კვირის წინ მოვიდა, აცხადებს, რომ დიახ, ის ხელს მოაწერს ამ ხელშეკრულებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის წინა მინისტრის განცხადებებთან, რაც თავისთავად უცნაურია, მით უმეტეს, რომ ერთ პოლიტიკურ გუნდზე გვაქვს ლაპარაკი. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ გაუგებარია რა ხდება.

რამდენად აუცილებელია ეს შეიარაღება საქართველოსთვის?

– თავისთავად, ის რომ თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა აუცილებელია და შესაბამისი ზომები მისაღებია, ეს ფაქტია. მაგრამ პრობლემა ისევ გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. ეს გაურკვევლობა, საკითხის ისევ არატრანსფარეტულობა და ა.შ. თუ საზოგადეობას ვაწვდით ინფრომაციას, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში რასთან გვაქვს საქმე. თავისთავად, საინტერესოა ახალი მინისტრის განცხადებები, სავარაუდოდ, მას უნდა, რომ თავი გამოიჩინოს და მას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ დამაბნეველია იმ თვალსაზრისით, რომ სამი მინისტრი შეიცვალა და სამივე ცდილობდა სხვადასხვანაირად აეხსნა ეს პროცესი.

თინა ხიდაშელი ცნობილია თავისი პირდაპირობთ, როდესაც ის ამბობს, რომ ხელს მოაწერს საფრანგეთთან არსებულ ხელშეკრულებას, რეალურად ამით დასტურდება, რომ ხელშეკრულება, რომელზეც საუბრობდა ირაკლი ალასანია არსებობდა?

– შეიძლება ხელშეკრულება არც იყო, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც დაამტკიცეს ახალი მინისტრი, იგი დაინტერესდა ამ საკითხით. ირაკლი ალასანიასთან თუ არა, მის პერიოდში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირებს ესაუბრა, აზრი ჰკითხა, გაიარა კონსულტაციები და ამის მერე მიიღო ეს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი თინა ჰაერზე ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა.

ჩვენ არ ვიცით დეტალები, რადგან ასეთი ხელშეკრულების გარკვეული დეტალები საიდუმლოა. თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ მნიშვნელოვანია და ამავე დროს ის ჰკითხავს ირაკლი ალასანიას, ან მის მოადგილეს, რომელიც ასევე კურირებდა ამ საქმეს, დეტალურად შეისწავლის ამ საკითხს, პარალელურად, ამ პროცესში ჩაერთვებიან სამხედროები და ჩვენი დასავლელი კოლეგები, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ხელი მოეწეროს ამ ხელშეკრულებას. მით უმეტეს, რომ ისეთ რთულ გარემოში ვცხოვრობთ, როდესაც ყოველდღიური საფრთხის წინაშე ვდგავართ. შესაბამისად, მე არ ვსვამ კითხვას ასე, მნიშვნელოვანია თუ არა? - რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვითი იარაღი.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო, რომელიც საომარ მდგომარეობაში იმყოფება რუსეთთან, მისი ტერიტორების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აუცილებელია საჰაერო თავდაცვითი იარაღი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ თქვა მაშინ ხელისუფლებამ უარი, ფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ რუსული ფაქტორი გაითვალისწინა?

– რა თქმა უნდა, ამის გამორიცხვა შეუძლებელია. რუსული ფაქტორი რომ უნდა გაითვალისწინო, ეს ფაქტია. მით უმეტეს, როდესაც ასეთი გაურკვევლობის წინაშე ვდგავართ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს დღევანდელ მდგომარეობასთან. ახლოვდება რიგის სამიტი, მოლოდინების მიუხედავად, არც ვიზა–ლიბერალიზაცია იქნება და, ალბათ, არც ევროპული პერსპექტივა ჩაიწერება. ბუნებრივია, ამის ფონზე, როცა მარტო ხარ რუსეთის საფრთხის წინაშე, ყველა ფაქტორი უნდა გაითვალისწინო.

თუკი მაშინ ხელისუფლებამ რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხე გაითვალისწინა, ამ თვალსაზრისით დღეს რა შეიცვალა, საფრთხე უკვე აღარ გვემუქრება რუსეთის მხრიდან?

– ასე არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ შესაძლებელია, რომ საქართველოსთვის რაღაცა ახალი შესაძლებლობები და გარანტიები გამოჩნდა. თუნდაც ის, რომ ახალი თავდაცვის მინისტრი სხვა ტიპის პოლიტიკოსია, რომელსაც არ აშინებს წინააღმდეგობები, ძალიან კარგი კონტაქტები და ურთიერთობები აქვს დასავლეთთან. როდესაც მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, ასეთ შემთხვევაში, მისი ტიპაჟი და კონტაქტები ბევრ რამეს წყვეტს.

ასე რომ, რუსული ფაქტორი არსებობს, მაგრამ ხიდაშელის განცხადებები რაღაცა ახალ გარანტიებს შეიძლება ეფუძნებოდეს. მან აიღო რაღაცა ახალი გარანტია დასავლეთთან და ნატოსთან ურთიერთობაში. თუ ჩვენ ასე ჩუმად ვიქნებით, უარესად ჩაგვარტყამენ თავში და ჯობია, რომ უფრო ღია პოლიტიკა ვაწარმოოთ. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია პოლიტიკაში. რადგან ჩვენ არ ვიცით შიდა სამზარეულო, მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაჩნდა დამატებითი გარანტიები.

საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულება იყო ერთერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რატომაცთავისუფალი დემოკრატებისმხრიდან კეთდებოდა განცხადება საქართველოს საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით. ხომ არ ფიქრობთ, რომ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება ხელი მოეწეროს ამ ხელშეკრულებას, რომ კითხვის ნიშნები საგარეო კურსთან დაკავშირებით არ დაისვას და მათ შორის დასავლელი პარტნიორების მხრიდან?

– თინა ხიდაშელის დანიშვნა პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი დასავლური კურსი უნდა გააქტიურდეს. რადგან მას აქვს საკმაოდ კარგი კონტაქტები, აქტიური და ღიად პროდასავლური პოლიტიკოსია. ამავდროულად საკუთარი პრინციპების ერთგული და ასევე, სანდო პოლიტიკოსია კოალიციისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ეს არის დასავლეთის მიმართულებით გაძლიერება და ამ თემის წამოწევაც იმის ხაზგასმაა, რომ ჩვენ დასავლეთის მიმართულებით გეზი არ შეგვიცვლია.

ჯანელიძე არ იყო პროდასავლური კადრი?

– ასე ვერ ვიტყვით. ჯანელიძე რაღაცა სხვა ფიგურა იყო. ის არ იყო პოლიტიკური ფიგურა და შეიძლება არც გადაწყვეტილების მიმღები არ იყო. ამიტომაც, მინდია ჯანელიძე თავის თავზე ასეთ გადაწყვეტილებებს ვერ აიღებდა. თავდაცვის სამინისტრო ერთ–ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტია და მისი ხელმძღვანელიც არის პოლიტიკური ფიგურა.

ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საფრანგეთისაგან საჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ მემორანდუმზე ხელი არ არის მოწერილი? თავდაცვის მინისტრი და მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობა ერთხმად ამტკიცებდა, რომ არანაირი მემორადუმი ალასანიას საფრანგეთთან არ დაუდია. მეტიც, პრემიერ–მინისტრმა სპეკულაციაში დაადანაშაულა ალასანია...

– ბუნებრივია, პასუხისმგებელი არის მთავრობა. ყველა იმ ურთიერთაწინააღმდეგო განცხადებაზე, რომელიც მაშინ კეთდებოდა, პასუხისმგებელია ირაკლი ღარიბაშვილი და მათ შორის მიდნია ჯანელიძე.