დეპუტატი თამარ კორძაია შესაძლოა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი გახდეს. კანონმდებელი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ის ფრაქციიდან ყველაზე უწყინარ და მშვიდ პერიოდში წავიდა. დეპუტატი ირწმუნება, რომ მისი მიზანი სკანდალების კეთება არ არის და მისი ამოცანაა, რომ იქ იყოს, სადაც ნაყოფიერად იმუშავებს.
„ქართული ოცნების“ რიგებიდან წასვლის მოტივებზე, for.ge დეპუტატ თამარ კორძაიას ესაუბრა:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვეთ და „რესპუბლიკელებში“ გაწევრიანდით. თქვენი გადაწყვეტილების მიზეზი რა გახდა?
- ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ რესპუბლიკელებთან გაცილებით მეტი საერთო ხედვა მაქვს როგორც ქვეყნის განვითარებასთან, ასევე საარჩევნო სისტემისა და ძალოვანი უწყებების რეფორმასთან დაკავშირებით. უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ ეს რეფორმები უნდა გატარდეს, მაგრამ შესაძლოა, ისეთი ნიუანსები იყოს, რომლის თაობაზეც ვფიქრობ, რომ ჩემი ხედვა ფრაქცია „რესპუბლიკელების“ პოზიციებს უფრო ემთხვევა. ბუნებრივია, რომ მათ რიგებში გავწევრიანდი.
თავის დროზე, პარლამენტში პარტია „ქართული ოცნების“ რიგებიდან მოხვდით. მაშინ, უფრო მეტი საერთო „რესპუბლიკურ პარტიასთან“ არ გქონდათ, რომ მაჟორიტარი დეპუტატობისთვის მათი პარტიის რიგებიდან გებრძოლათ?
- „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებთან შრომითი ურთიერთობა მქონდა და მათ უფრო უკეთესად ვიცნობდი, ვიდრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მათ ვიცნობდი არა როგორც პარტიის წარმომადგენლებს, არამედ როგორც მეგობრებსა და ნაცნობებს. როდესაც, მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრა გადავწყვიტე, სხვაობაზე არსებითად არ მიფიქრია, რადგან ვფიქრობდი, რომ „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“ ძალიან ახლოს მდგომები იყვნენ. პარტია „ქართული ოცნება“ ახალი ძალა იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ ხედვები საერთო იქნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ამომრჩეველი ისე გულშემმატკივრობდა როგორც „ქართული ოცნების“ წევრს, მაგრამ ამ ორი წლის მანძილზე, პროცესებს ვაკვირდებოდი და დავინახე, რომ ჩემი ადგილი უფრო მეტად ფრაქცია „რესპუბლიკელებშია“ და არა „ქართულ ოცნებაში“. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, ამ ყველაფერს ორი წელი რაში დასჭირდაო, მაგრამ მათ ვეტყვი, რომ პოლიტიკაში საქმიანობა მარტივი საქმე არ არის, ბევრ რამეზე ფიქრობ და ვითარებას აწონ-დაწონი. მე და რესპუბლიკელებს საერთო ხედვა გვაქვს იგივე საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით და ჩემი პირველი კანონპროექტი სწორედ ლევან ბერძენიშვილთან ერთად წარვადგინე და უმრავლესობის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ კიდეც. ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებები „ქართულმა ოცნებამაც“ მოიწონა და მას ხმა მისცა. შეიძლება, ამა თუ იმ საკითხზე ვინმეს ჩემი განსხვავებული პოზიციები არ მოსწონდა, მაგრამ ჩემი მხრიდან გამოხტავის პრობლემა არ ყოფილა. რაღაც ეტაპი მოვიდა, როდესაც შეიძლება, საკუთარი მომავალი სხვანაირად დავინახე და ამიტომ გადაწყვიტე, რომ რესპუბლიკელებთან უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლო.
ამ მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი გამორჩეული დეპუტატი ხართ იმით, რომ როდესაც, რაღაც არ მოგწონთ, ამას თქვენი ბევრი კოლეგისგან განსხვავებით ხმალაღლა ამბობთ. თქვენგან ისეთი განცხადებები მოგვისმენია, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრების პოზიციებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. ამის გამო, პრობლემები არ გექმნებოდათ? ფრაქციის წევრებთან წინააღმდეგობას აწყდებოდით?
- როდესაც, პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენ, შეიძლება, ბევრ რამეზე ხმამაღლა არ ისაუბრო, მაგრამ ყველაზე მთავარია ისაა, რომ ამომრჩეველის წინაშე იყო გულწრფელი. დაუწერელი პირობაა, რომ დეპუტატმა ამომრჩეველი არ მოატყუოს, მის წინაშე გულწრფელი იყოს და ასევე პასუხისმგებლობას გრძნობდეს. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში თავიდან ბოლომდე ეს პირობა არ დამირღვევია. მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის დროს, გუნდურობის გამო რაღაც საკითხებს ხმას ერთნაირად ვაძლევთ, ვალდებული ვარ, რომ მოქალაქეებს, რომლებაც ხმა მომცეს, ჩემი პოზიცია ავუხსნა და ვუთხრა. ვთვლი, რომ სწორად ვიქცეოდი და საქმიანობას მომავალშიც ასე გავაგრძელებ. ჩემთვის კომფორტული ზუსტად ეს გულწრფელობაა. ფრაქცია „რესპუბლიკელები“ უმრავლესობის წევრია და საერთო ღირებულებები ყველას ერთი გვაქვს.
თქვენ ამბობთ, რომ გულწრფელად იქცევით და იმ ფრაქციაში გადახვედით, სადაც თავს უფრო მეტად კომფორტულად იგრძნობთ. თქვენს ამ გულწრფელობას უმრვალესობის წევრების შეფასებები უკვე მოჰყვა, რომ თქვენი მხრიდან ეს ნაბიჯი უხერხული იყო და ა.შ.
ეს მათი შეფასება და დამოკიდებულებაა. ალბათ, ისინი საკუთარ შეფასებებს ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობის ფარგლებში აკეთებენ. ვფიქრობ, რომ ამომრჩეველთან კონკრეტულ თემებთან მიმართებაში ღია უნდა ვიყო, რაც თანამედროვე პოლიტიკოსის ვალდებულებაა. საკუთარი ვალდებულებების ფარგლებში, მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი როგორც საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, ასევე ძალოვანი უწყებების რეფორმის კუთხით. მომავალ არჩევნებს უკეთესი საარჩევნო სისტემით უნდა შევხვდეთ და სრული თანხვედრა მაქვს ფრაქცია „რესპუბლიკლებთან“, რადგან ვთვლით, რომ რეგიონულ-პროპორციული სისტემაა უკეთესი, ვიდრე დღეს არსებული.
მზად ვარ, მაჟორიტარული სისტემის ხარვეზებზე ვისაუბრო მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ვარ. მოქალაქეებს მაჟორიტარული სისტემის პრობლემები უნდა ავუხსნათ, რადგან მათ მოლოდინი აქვთ, რომ მაჟორიტარი იმაზე მეტს უნდა აკეთებდეს, ვიდრე ამის უფლება კანონით აქვს. ამომრჩეველს ასევე ისიც უნდა ავუხსნათ, რომ თუკი მაჟორიტარი რაღაც ზედმეტს აკეთებს, ეს კანონის მიღმა ხდება. მაჟორიტარი დეპუტატი ყველა იმ გადაწყვეტილების მიმღები არ არის, რაც მის საარჩევნო ოლქში ხდება.
როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება...
- ვერ ვიტყოდი, რომ ეწინააღმდეგება. უბრალოდ, ეს პროცესი რთულია.
თქვენს გადაწყვეტილებას, რომ დავუბრუნდეთ. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, for.ge წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ „ქართული ოცნების“ დახურულ სხდომაზე, ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ის თქვენ გთხოვდათ, ფრაქცია დაგეტოვებინათ. მან მოგვიანებით, ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, თუმცა, მინდა გკითხოთ, თქვენი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა თუ არა ვოლსკის განცხადება?
- ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია მახსოვს, თუმცა, ამ დახურულ სხდომას არ ვესწრებოდი და შესაბამისად, შეფასებას ვერ გავაკეთებ. მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ფრაქციის თავმჯდომარესთან კონსტრუქციული საუბარი მქონდა და თუკი პრობლემა არსებობდა, იმ დროისთვის აღმოფხვრილი იყო, როდესაც ფრაქციის დატოვება გადავწყვიტე. ფრაქცია „რესპუბლიკელებში“ რატომ გადმოვედი? - ჩემი მიზანი სკანდალების კეთება არ არის. ჩემი ამოცანაა, რომ იქ სადაც ვარ, ვიმუშაო და ამიტომ ვეცადე, რომ ყველაზე მშვიდ პერიოდში ფრაქცია „ქართული ოცნება“ დამეტოვებინა.
ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს შემეძლო, რომ ხმაურიანი განცხადება გამეკეთებინა და მეთქვა, რომ ამ ფრაქციაში ყოფნა არ მინდოდა, მაგრამ ეს ჩემი მიზანი არ არის. ამ სკანდალებითა და დაპირისპირებით, ქვეყანას რას მივცემთ? ვფიქრობ, რომ კეთილსინდისიერად ვიქცევი და შესაძლოა, ამას თქვენი მკითხველი არ იზიარებდეს, მაგრამ მე ჩემს ნაბიჯს ასე ვუყურებ. ფრაქციიდან ყველაზე უწყინარ და მშვიდ პერიოდში წავედი.
იმ ფონზე, როდესაც საუბარია, რომ კოალიციაში „რესპუბლიკური პარტია“ გაძლიერდა, არ ფიქრობთ, რომ ფრაქციიდან თქვენი წამოსვლით „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად დაარტყით?
- შესაძლოა, გარედან პროცესი ასე ჩანდეს, მაგრამ ეს ასე არ მგონია. ფრაქცია „რესპუბლიკელები“ კი არ გაძლიერდა, არამედ მან ის ადგილები მიიღო, რომელიც მას კვალიფიკაციის შესაბამისად ეკუთვნოდა. დარწმუნებული ვარ, რომ თინა ხიდაშელი ყველა წინამორბედ მინისტრს აჯობებს, რაც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. ვინც ხიდაშელს იცნობს, მან მისი უნარები და შესაძლებლობები იცის. ყველამ იცის, ხიდაშელს რა ხარისხისა და მასშტაბის შრომის გაწევა შეუძლია. საუბარი იყო იმაზე, რომ გიგლა აგულაშვილი პროკურორი იყო და რამდენად შესაბამისი იყო მისი გამინისტრება, მაგრამ აგულაშვილი პარლამენტში აგრარულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, რომელიც საუკეთესო თავმჯდომარე იყო და მის კვალიფიკაციაში ეჭვს ვერავინ შეიტანდა.
კოალიციაში „რესპუბლიკური პარტიის“ გაძლიერება კი არ ხდება, არამედ მათ ის ადგილები მიიღეს, რომელიც მათ საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე ეკუთვნით. „რესპუბლიკური პარტია“ მთავრობაში მინისტრების დანიშვნით გაძლიერდა და არა ფრაქციაში ჩემი გადმოსვლით. ამიტომ, ამ საკითხს ამ კონტექსტში არ განვიხილავდი.
„ქართული ოცნების“ წევრებთან ურთიერთობა არ გაგიჭირდებათ?
- არ მგონია, რომ მათთან ურთიერთობა გამიჭირდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ვისთან რა ურთიერთობაც მქონდა, იგივე მექნება.
ფრაქციიდან თქვენს წასვლას, პარტიიდან წასვლაც მოჰყვება? მოსალოდნელია, რომ „რესპუბლიკურ პარტიაში“ გაწევრიანდეთ, რადგან ეს მოწოდება მანანა კობახიძის მხრიდანაც გაისმა?
- ქალბატონმა მანანამ განაცხადა, რომ ლოგიკურია კორძაიამ პარტიაც დატოვოსო. ამაში მთლად ლოგიკას ვერ ვხედავ, რადგან პარლამენტში ისეთი დეპუტატებიც არიან, რომლებიც პარტია „ქართული ოცნების“ წევრები არიან, მაგრამ სხვა ფრაქციაში საქმიანობენ. „რესპუბლიკურ პარტიაში“ გადასვლას არ გამოვრიცხავ.
პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებისგან თავს ახლა რატომ იკავებთ?
- ვფიქრობ, რომ ყველა გადაწყვეტილებას რაღაც დასაბუთება უნდა ჰქონდეს. ამ წუთისთვის „რესპუბლიკურ პარტიას“ ღრმად არ ვიცნობ და მათთან უფრო მეტად დაახლოება მჭირდება, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მივიღო.
ვინაიდან, „ქართულ ოცნებაში“ დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, გამორიცხავთ, რომ ფრაქციის რიგები სხვა კანონმდებლებმაც დატოვონ?
- ამას ვერც გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ, რადგან გადაწყვეტილება პირადად მე მივიღე, რომელსაც დემარშის ფორმა არ ჰქონია.