მმართველ გუნდში პარლამენტის ევროინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობებთან დაკავშირებით დაპირისპირებაა. „რესპუბლიკური პარტია“ და „ქართული ოცნება“ კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებს ვერ ინაწილებენ.
for.ge-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილია, „რესპუბლიკური პარტია“ „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს, რომ „ოცნების“ კვოტით, ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელად ზვიად კვაჭანტირაძე დაინიშნოს, ხოლო აგრარულ საკითხთა კომიტეტი რესპუბლიკელმა ნოდარ ებანოიძემ დაიკავოს, თუმცა, „ქართული ოცნება“ აღნიშნული კომიტეტის ჩაბარებას გელა სამხარაულისთვის აპირებს, რომელმაც „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა და უმრავლესობის რიგებში დარჩა.
წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში თუკი, „ქართული ოცნება“ „რესპუბლიკური პარტიის“ წინადადებას არ გაითვალისწინებს და ორივე კომიტეტის ხელმძღვანელის კვოტის ათვისებას მოინდომებს, არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკელებმა კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევას მხარი საერთოდ არ დაუჭირონ, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტის ვადის დასრულებამდე აგრარულ საკითხთა და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები ვაკანტური იქნება, რადგან ხელმძღვანელების არჩევას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტების გადანაწილების საკითხზე მსჯელობას უმრავლესობა დღეს კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გეგმავს, რომელიც ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ პარტიის ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
აგრარულ საკითხთა და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები - თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი მინისტრები გახდნენ.