ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რეფორმირების საერთაშორისო საბჭოში შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი და სენატორი ჯონ მაკკეინი შევიდნენ, ანუ სააკაშვილის უცხოელი მეგობრები. სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იამაყა კიდეც, რომ საბჭო ცნობილი პოლიტიკოსებით დაკომპლექტდა და ზემოთნახსენებ პერსონებს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი, ევროპარლამენტარი იაცეკ საირუშ-ვოლსკი, ეკონომისტი ანდერ სასლუნდი, ლიტვის ორგზის პრემიერ-მინისტრი ანდერს კუბილიუსი შეემატნენ და საბჭო მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.
აღნიშნულ საბჭოში მაკკეინის გამოჩენას რუსული მედია თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა და იტყობინებოდა, რომ მაკკეინი საბჭოში თავად მაკკეინის თანხმობის გარეშე შეიყვანეს. თუმცა სააკაშვილი რატომღაც ჯიუტად ირწმუნებოდა, რომ მაკკეინისგან პრინციპული თანხმობა მიიღო. ამის საპირისპიროდ, დღეს მაკკეინმა განმარტა, რომ კიევის შეთავაზებაზე უარს ამბობს და ოფიციალურად ადასტურებს, რომ უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოში შესვლას არ აპირებს, რადგან შეერთებული შტატების კონსტიტუცია კონგრესმენებს უცხო ქვეყნებთან მსგავს თანამშრომლობას უზღუდავს.
თუ გავითვალიწინებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ინსტიტუტთან შექმნილ რეფორმების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, მაშინ ცხადი ხდება, რომ სააკაშვილმა თავისი კადრით დააკოპლექტა უკრაინის რეფორმირების მთლიანი საბჭო.
მიხეილ სააკაშვილის სამომავლო სვლებსა და ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
სოსო ცინცაძე: ევროპის კანონმდებლებთან ურთიერთობისა და პირადი კონტაქტების წრე ძალზე დიდი აქვს სააკაშვილს, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მან ეს რესურსი დააგროვა და ახლა ეს დივიდენდს აძლევს მას. სააკაშვილს შეუძლია, საერთაშორისო პაბლისიტი გააუმჯობესოს უკრაინასთან მიმართებით, მაგრამ, აგერ, უკვე მარიუპოლთან ბრძოლები დაიწყო და, თუ მარიუპოლი დაკარგა პოროშენკომ, ამის მერე მაკკეინი კი არა, თუ გინდ, ობამა, მერკელი და ოლანდიც ჩაუდგნენ ამ საბჭოს სათავეში უკრაინის დასახმარებლად, მაინც არაფერი გამოვა. აქ მთავარი ის კი არ არის, უკრაინის რეფორმირების საბჭო რა მიზნებს ისახავს, მთავარია ის, რაც არავინ იცის, ამ დღეებში რაზე შეთანხმდნენ კერი და პუტინი, მერკელი და პუტინი?! ამ შეხვედრებზე გადაწყდა უკრაინის ბედი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაგ შეხვედრების შემდეგ პუტინი ძალზე კმაყოფილი ჩანდა, ეს ნიშნავს, რომ ძალზე უკმაყოფილო უნდა იყოს პოროშენკო და ყველა მისი მომხრე, ჩვენი ჩათვლით.
როგორც ჩანს, სააკაშვილმა ჩვეულ სტილში მაკკეინსაც სიურპრიზი მოუწყო და ე.წ. ომის ფრთის ლიდერი მისი თანხმობის გარეშე შეიყვანა ამ საბჭოში.
- სააკაშვილის ექსტრავაგანტული გადაწყვეტილებები გვინახავს, მაგრამ ეს უკვე ზედმეტი იქნებოდა. სააკაშვილისთვის მაკკეინთან პირადი კონტაქტი არ არის პრობლემა. არა მგონია, მაკკეინი იმ საბჭოს წევრობის წინააღმდეგ წასულიყო, რაც მას არავითარ ვალდებულებას არ ანიჭებს. მაკკეინი შეიძლება, წელიწადში ერთხელ ჩასულიყო კიევში ამ საბჭოს სხდომაზე, მაგრამ შტატების კონსტიტუცია ამას უკრძალავს.
თუკი შეთანხმება შედგა პუტინსა და მერკელს შორის, მაშინ სააკაშვილის საბჭოს რაღა დატვირთვა აქვს? მხოლოდ სიმბოლური?
- გარკვეულწილად, რასაკვირველია, ეს სიმბოლიკაა. ამერიკაში მაკკეინს პატივს უფრო სცემენ, მაგრამ მას გავლენა ნაკლებად აქვს. მაკკეინის გავლენა არ არის უსაზღვრო, მიუხედავად იმისა, რომ მაკკეინს თანამდებობაც უჭირავს და კონგრესის ერთ-ერთი პატრიარქიცაა. პუტინთან შეთანხმების გარეშე არც ერთი პრობლემა არ წყდება. პუტინმა მთელ დასავლეთს მოუგო უკრაინა, აღმოსავლეთ უკრაინაში გუშინ სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, ჩვენ წავუყენეთ ჩვენი წინადადებები პოროშენკოს, თუ არ მიიღებს, ომს დავიწყებთო.
ისევ სააკაშვილის შესახებ მინდა გკითხოთ, მისი არეალი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და მოლდოვის „ათვისებასაც“ შეუდგა. ამ წუთებშიც მოლდოვაში იმყოფება სააკაშვილის მიერ დაკომპლექტებული რეფორმირების ჯგუფი, უფრო ადრე კი კიევში მოლდოვის მთავრობის ხელმძღვანელი მიიღო სააკაშვილმა. პარალელურად, ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ღარიბაშვილის სკანდალური ზარის შესახებ კიშინიოვში, სადაც პრემიერმა მოლდოველ კოლეგას საკმაოდ მკაცრად მოსთხოვა სააკაშვილის ვიზიტებისგან თავის დაზღვევა და რეფორმირებისას სააკაშვილის დახმარებაზე უარის თქმა.
- არა მგონია, ქართული დიპლომატია ასეთ დონეზე დაეცეს. არ მინდა, დავიჯერო, რომ მოლდოვას, რომელიც ევროპასთან გაცილებით ახლოა, ვიდრე საქართველო, საქართველოს პრემიერი ჭკუას ასწავლის. ეს იქნებოდა კონტრეფექტური. ასეთივე ურთიერთობა გვაქვს უკრაინასთან მას შემდეგ, რაც ჩვენი გენიოსი პარლამენტარები გამოვიდნენ და ჭკუის სწავლება დაუწყეს უკარაინის ხელისუფლებას. როცა სამმილიონნახევარი ღატაკი ქვეყნის პარლამენტარები ჭკუას ასწავლიან თითქმის 50 მილიონიან ქვეყანას და მის ხელისუფლებას, ეს უკვე სასაცილოა. თუ ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი და ქართული დიპლომატიის მთავარი ამოცანა დღეს არის, როგორმე სააკაშვილის საერთაშორისო გავლენის დევალვაცია მოახდინოს, მაშინ ცუდად ყოფილა საქმე.
დღეს საქართველო გამოწვევების წინაშე დგას შიდა პოლიტიკაში. კარგა ხანია, ღარიბაშვილი პრემიერია და აქამდეც უნდა დარწმუნებულიყო, რომ ქვეყნის ეკონომიკა განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის ეფექტურობასაც და ქვეყნის შიგნით სტაბილურობასაც.
მაგრამ, შიდა პოლიტიკის წარუმატებლობას, ნაწილობრივ, ხომ არ იწვევს სააკაშვილის წარმატება უკრაინაში, მოლდოვაში, დასავლეთში? ეს, ცხადია, „ქართული ოცნების“ რეიტინგზე წამგებიანად აისახება. მეტიც, სააკაშვილის ადვოკატები იმასაც ითხოვენ, მის წინააღმდეგ საქმის წარმოება საერთოდ შეწყდეს, რადგან პროკურატურა თურმე ბურჯანაძისა და ოქრუაშვილის ჩვენებებს ეყრდნობა.
- სააკაშვილის საგარეო წარმატებასთან ბრძოლისთვის ყველაზე დიდი იარაღია ქვეყნის შიგნით ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. თორემ, თუ ლარი ყოველდღე წავიდა უფსკრულისკენ, მაშინ ხელისუფლება ვერანაირად ვერ მიაღწევს, რომ სააკაშვილის სიმბოლური წარმატებები არ აისახოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განწყობაზე. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, მოსახლეობის რამდენ პროცენტს წაართვეს ქონება ნაციონალებმა? სოფლის მოსახლეობას, გლეხობას საერთოდ არ აინტერესებს სამართლიანობის აღდგენა. კახელ მევენახეს, ბოდიში თქვენთან, სულ ფეხებზე ჰკიდია, სააკაშვილი რომელიღაც პოლიტიკოსს უსმენდა თუ არა, იყო დევნა თუ არა, გლეხობა და ლუმპენპროლეტარიატი თავის გაჭირვებას ხედავს, მათთვის ეს მეათეხარისხოვანი საკითხია. ჩვენთან ბიზნესი ძლიერი რომ იყოს, სააკაშვილის შეცდომები თუ დანაშაული რომ შეხებოდა ბიზნესმენთა 80%-ს და ეს 80% ყოფილიყო მოსახლეობის 50-60%, ანუ საშუალო ფენა, მაშინ სულ სხვა სურათი იქნებოდა, მაგრამ სააკაშვილის დროს მოსახლეობის 10-15% ცხოვრობდა კარგად და იმათ ართმევდა სააკაშვილი, თორემ ღარიბს გულითაც რომ მოინდიმო, რას წაართმევ?
თუმცა ხომ გახსოვთ, რომ 1-ელ ოქტომბერს მაინც ციხის კადრებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი? საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველასთვის საყოველთაო გახდა ციხის უსამართლობა.
- თუ სიმართლე გინდათ, მაშინ მე გეტყვით, 1-ელ ოქტომბერს გადამწყვეტი როლი რამ და ვინ შეასრულა, არავინ არ იცის და ვშიშობ, ეს შეიძლება, გაიგოს მესამე თაობამ. კი, რასაკვირველია, ემოციური ფაქტორი იყო და ცოცხების ეპოსმა თავისი როლი შეასრულა არჩევნების პერიოდში, მაგრამ ცოცხების ფაქტორი რატომღაც ხელად ჩაქრა, ბედუკაძეც გაქრა, ყველა გაქრა. ცოცხების ისტორია ისეთი საშინელება იყო, რომ დღეს სასამართლო პროცესები უნდა იმართებოდეს ამ თემაზე. გეკითხებით, რატომ მიიჩქმალა ეს საკითხი?
ანუ 1-ელ ოქტომბერს გადამწყვეტი როლი ითამაშა ზარმა ვაშინგტონიდან?
- არ ვიცი, გეოგრაფიაში ვერ ვერკვევი, საიდან იყო ზარი სინგაპურიდან თუ ვაშინგტონიდან.
სხვათა შორის, დასავლეთის ინტერესი NDI-ის კვლევებშიც გამოჩნდა. უშიშროების ყოფილი მდივანი კახა ლომაია NDI-ის ახალი კვლევების კვალდაკვალ აცხადებს, რომ 16%-მდე გაზრდილი რეიტინგი ნაციონალებმა უნდა გამოიყენონ, რადგან მისამხრობია ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, ვინც „ქოცებს“ გამოექცა და ახლა ჭოჭმანობს. თქვენ გიყვართ გამოთქმა „ნეტარმორწმუნეობა“, ხომ არ უტოლდება კახა ლომაიას ოპტიმიზმი ნეტარმორწმუნეობას, როცა ის ამბობს, რომ მისამხრობია „ქოცებს“ გამოქცეულთა რაოდენობა?
- ისე, კახა ლომაიას ვურჩევდი, ცოტა ხნით მაინც გაჩუმდეს, რომ დაავიწყოს თავისი არსებობა თუნდაც მხოლოდ ქართველ მეცნიერებს, აღა მაჰმად ხანივით რომ გადაუარა მეცნიერებას, განათლებას. ლომაიას დამსახურებაცაა, რომ დღეს ბუღალტერი გვყავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. თქვენ შეიძლება არ გახსოვთ, ახალგაზრდა ხართ, მაგრამ კომუნისტებს იმდენი ჭკუა მაინც ჰყოფნიდათ, განათლების მინისტრად და უნივერსიტეტის რექტორად რომელიმე ცნობილი მეცნიერი დაესვათ საქართველოში, როგორიც იყო ვიქტორ კუპრაძე, ილია ვეკუა.
რაც შეეხება თქვენს კითხვას - როგორც ჩანს, სადღაც გადაწყვიტეს, რომ საქართველო უნდა წავიდეს ორპარტიული სისტემის გზით, უნდა იყოს ძლიერი ოპოზიცია და მმართველი პარტია, მაგრამ რომ მოხდეს ჩანაცვლება, როგორც ეს ხდება ევროპაში, შტატებში, ოპოზიციას გამარჯვების შანსი უნდა ჰქონდეს. ახლა ვინ შეიძლება იყოს ოპოზიცია? გეოგრაფიას ისევ თავი დავანებოთ, არ მკითხოთ, მაგრამ სადღაც გადაწყვიტეს, რომ ასეთი ძლიერი პარტია შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ფსიქოლოგიური ჰიპნოზი ჩვენს მოსახლეობაზე, ბურჯანაძეს თურმე სულ რაღაც 4% ჰქონია. არადა, გაცილებით მეტი ხმა აქვს ბურჯანაძეს, მაგრამ უნდათ, რომ ნაციონალები იყვნენ ძლიერი პარტია, რადგან დღეს პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა ეგენი არიან. უკვე პრევენციაა, მოდის არჩევნები, დიდი შანსია, ნაციონალები მომავალ პარლამენტში აღარ იყვნენ მთავარ ოპოზიციურ ძალად, მაგრამ ვიღაც ახლავე იწყებს სამზადისს, რომ ფსიქოლოგიურად დაზომბირდეს მოსახლეობა, ამიტომაც ბურჯანაძეს ხმებს აკლებენ, „პატრიოტებს“ აკლებენ, იციან, ისედაც ვერ გაერთიანდებიან. არ შეიძლება, გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავდეს ათი ლიდერი, არცერთი მათგანი არ თმობს ლიდერობას, ზოგიერთი წავიდა კიდეც პოლიტიკიდან, რადგან არ იკადრა სხვისი ლიდერობა და მეორეკაცობა. ესენი ვერასოდეს გაერთიანდებიან, ამიტომ NDI-ის მსგავსი ორგანიზაციები მოსახლეობას ხელოვნურად ეუბნებიან, რად გინდა, ხმა მისცე სხვა ოპოზიციონერს, ის მაინც ვერ გავა, ან სახლში დარჩი, ან ნაციონალებს მიეცი ხმა.
გასულ წელს ლომაია ნიუ-იორკში დიპლომატის რანგში, ახალ თანამდებობაზე დაინიშნა და იგი გენერალური ასამბლეისა და გაერთიანებული ერების უფროსი ოფიცერი გახდა პოლიტიკურ საკითხებში. ამდენად, მისი მოწოდება, რომ ნაციონალებმა უნდა გამოიყენონ NDI-ის კვლევა და ქართველებმაც უნდა დაინახონ, რომ ნაცმოძრაობა აღარ დაუშვებს არცერთ შეცდომას, დასავლური წრეებისგან ნაკარნახევი ინსტრუქტაჟი ხომ არ არის?
- რასაკვირველია, ლომაიას ინფორმაცია აქვს. რბილად რომ ვთქვათ, ეს დავალებას უფრო ჰგავს, ვიდრე რჩევას. მოდით, ისიც ვთქვათ, ლომაიას ახლანდელ თანამდებობაზე რა მონაცემებით ინიშნებიან ადამიანები? ვინ ნიშნავს მათ ამ პოსტებზე? ძალზე იშვიათია, საკუთარ ქვეყანაში ისეთი არაპოპულარული პირი, როგორც ლომაია იყო, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში თუნდაც ღამის დარაჯად დაენიშნათ.
დეპუტატ თამარ კორძაიას შესახებაც მინდა გკითხოთ. მან დატოვა ფრაქცია „ქართული ოცნება“ და ფრაქცია „რესპუბლიკელებში“ გადაინაცვლა. იმ ფონზე, როცა დავით უსუფაშვილი გვაიმედებს, რომ ყველაზე ბოლოს „რესპუბლიკელები“დატოვებენ „ქართული ოცნების“ კოალიციას, ხომ არ დაჩქარდა დროში მოვლენები და ხომ არ გამჟღავნდა, რომ „რესპუბლიკელები“ და „ქართული ოცნება“ უკვე ერთმანეთის კონკურენტ ძალებად გადაიქცნენ?
- ელემენტარულად, რესპუბლიკელებმა გადაწყვიტეს, რომ პრინციპების დრო წავიდა, რესპუბლიკელებმა უღალატეს პრინციპს, რისთვისაც მათ პატივს ვცემდი, მაძღარი შემგუებლობა, კარგი ცხოვრება არჩიეს მშიერ პრინციპებს. მათ მშვენივრად იციან, ღმერთმა ნუ ქნას, ისინი პირისპირ აღმოჩნდნენ ქართველ ამომრჩეველთან, თქვენ ხომ ჩემზე კარგად იცით, რამდენ პროცენტს მიიღებენ რესპუბლიკელები მარტო? ამიტომ დღეს ფსონი დადებულია „რესპუბლიკურ პარტიაზე“.
ივანიშვილი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ეს ხელოვნური კოალიცია, ორკაციანი პარტიები, არაფერს წარმოადგენენ. რესპუბლიკელებს ინტელექტი მაინც აქვთ, ამიტომაც ფსონი მაგათზე დადო. ახლა თამარ კორძაიაც რომელი პრინციპული პოლიტიკური მებრძოლი ნახეთ? სადაც მეტი პერსპექტივაა, იქ წავიდა. საერთოდ, ძალიან ძნელია, ღატაკ ქვეყანაში რამე დაუპირისპირო ხორცის კეთილდღეობას.
ანუ, თამარ კორძაიას კვალს სხვაც მიჰყვება და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ დატოვებენ რესპუბლიკელების სასარგებლოდ?
- ბევრი არა, მაგრამ დატოვებენ და წავლენ რესპუბლიკელებთან, რადგან რა არის „ქართული ოცნება“ რესპუბლიკელების გარეშე? ერთი მითხარით, ვინ რჩება იქ? უმრავლესობის ლიდერი? ის ხომ ქრონიკულად კვირაში ერთხელ აცხადებს, რომ მიდის პარლამენტიდან და მაინც რჩება პოსტზე. ბოლოს, როდესაც ივანიშვილი ეტყვის, რომ უნდა წახვიდე, მერე გამოვა და იტყვის, აი, მე როდის ვამბობდი, რომ მივდიოდი და არ მიშვებდნენო. ეს ძალზე იაფფასიანი საქციელია.