„ოცნება“ საკუთარი დანაპირების წინააღმდეგ - პოლიტიკური ბერკეტი პრემიერის ხელში რჩება

„ოცნება“ საკუთარი დანაპირების წინააღმდეგ - პოლიტიკური ბერკეტი პრემიერის ხელში რჩება

კოალიცია - „ქართული ოცნება“ მთავარი პროკურატურის რეფორმას იწყებს, მაგრამ წინააღმეგობაში საკუთარ საარჩევნო პროგრამასთან მოდის. 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებული პროგრამის საფუძველზე, მაშინდელი ოპოზიციონერები ამომრჩეველს არწმუნებდნენ, რომ საგამოძიებო ორგანოში რეფორმა განხორციელდებოდა და მთავარ პროკურორს თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით, პარლამენტის თანხმობით, საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავდა. ამჟამად კი, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივით, მთავარი პროკურორი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით იქნება არჩეული, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტი დაამტკიცებს.

ხელისუფლებამ რატომ გადაიფიქრა მთავარი პროკურორის შერჩევა-დამტკიცების პროცესში პრეზიდენტის თანამონაწილეობა, for.ge-სთან საუბარში ამის დაკონკრეტებისგან უმრავლესობის წევრები თავს იკავებენ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე აპელირებენ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი ცვლილებებს „რევოლუციურს“ უწოდებს და ირწმუნება, რომ პროკურატურის რეფორმა იმ მოთხოვნებსა და სტანდარტებს პირდაპირ პასუხობს, რომელსაც საქართველოს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია უყენებდა.

წულუკიანის ცნობით, პროკურატურის ორგანოებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა საპროკურორო კონფერენცია ჩაატარონ, სადაც რიგით პროკურორებს უფლება ექნებათ მთავარი პროკურორის შერჩევაში მონაწილეობა მიიღონ.

„იმედი მაქვს, პარლამენტში დისკუსიები გაგრძელდება და ამ რეფორმას დაამტკიცებს და იმის საშუალებას მოგვცემს, რომ წელს, საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ავირჩიოთ“, - დასძინა წულუკიანმა, რომლისგან განსხვავებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ირწმუნება, რომ პროკურატურაში განსახორციელებელი რეფორმა მთავარი პროკურორის პერსონალურ ცვლილებას არ ითვალისწინებს.

როგორც for.ge-ს ბესელიამ განუცხადა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია იზრდება, თუმცა, ამავდროულად, მთავარი პროკურორის მაღალი ლეგიტიმაცია უწყების მეტი დამოუკიდებლობისა და სრული დეპოლიტიზირების საფუძველი იქნება.

კანონმდებელი ირწმუნება, რომ მთავარი პროკურორის დასახელების უფლება პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს იმიტომ აქვს, რომ ის მთავრობის ხელმძღვანელია.

„საარჩევნო პროგრამის მომზადების დროს, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგომ ასამოქმედებელი ნორმები ძალაში არ იყო შესული. თუკი მთავარი პროკურორის შერჩევის უფლებამოსილება პრეზიდენტის ქვეშ დარჩებოდა, ამით ხელისუფლების დანაწილების პრინციპს-ბალანსს ვარღვევთ, რადგან პროკურორი აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშაა მოქცეული. შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციის დუბლირება კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას გამოიწვევდა და ეს მიდგომა სწორია. პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია გაიზარდა და პრინციპია არა ის, პროკურორს ვინ წარადგენს, არამედ ის, მას ვინ ირჩევს?! ესაა მთავარი, რაც საარჩევნო პროგრამაში გვქონდა“, - დასძინა ბესელიამ, რომლის მსგავსად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ცვლილებების ამ სახით მომზადება არ უკავშირდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც საკუთარი გუნდის წევრები ხშირად უპირისპირდებიან.

for.ge-სთან საუბარში ხმალაძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების უფლებამოსილება გაიმიჯნოს და მეორე მხრივ, კანონში გაწონასწორების მექანიზმები ჩაიდოს, რადგან დეპუტატის თქმით, ფუნქციათა მხოლოდ გამიჯვნა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ სისტემა გაწონასწორებული იყოს.

ხმალაძის მოსაზრებით, ცვლილებები ერთობლივად უნდა გაკეთდეს.

„თუკი პროგრამა ყურადღებით წაიკითხეთ, იქ არა-ერთ დებულებას ნახავდით, რომელიც კონსტიტუციას უკავშირდება და ეს გასაკეთებელია, მაგრამ ეს ცალკე ამოგლეჯილად არ უნდა გაკეთდეს. ცალ-ცალკე ამოგლეჯილად ცვლილებების მომზადება შტოებს შორის გაწონასწორებულ სისტემას ვერ უზრუნველყოფს. პროკურორის დანიშვნის პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა შეიძლება იყოს ნებისმიერი სახით - შეიძლება, მთავარ პროკურორს, პარლამენტის თანხმობით პრეზიდენტი ნიშნავდეს. ასევე შეიძლება, რომ პრეზიდენტის წარდგენით, პროკურორს პარლამენტი ნიშნავდეს. შეიძლება სხვა მოდელიც იყოს, მაგრამ ამას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად უნდა იქნეს განხილული. დღეს პერსპექტივა იმისა, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილება შევიდეს, დაბალია, რადგან ამას 113 ხმა სჭირდება, რომელიც უმრავლესობას არ აქვს. ამ ცვლილებების გატანა „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობის და თანხმობის გარეშე შეუძლებელია“, - აცხადებს ხმალაძე.

კანონმდებელის ინფორმაციით, პარლამენტში მთავარი პროკურორის წარდგენის მექანიზმი ბოლომდე არ არის შეთანხმებული და განსაზღვრული, მაგრამ ბოლო სიტყვა პარლამენტის იქნება ისევე, როგორც პროკურორის პოსტიდან გათავისუფლებისას.

„ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მთავარი პროკურორი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და შესაძლებელი იქნება საკანონმდებლო ორგანოში მისი როგორც დაბარება, ასევე მისგან ინფორმაციის მიღება. რაც შეეხება თქვენს კითხვას - „ცვლილებების ამ სახით მომზადება უკავშირდება თუ არა პრეზიდენტს?“ - პოლიტიკური სპეკულაციები ცარიელ ადგილზეც შეიძლება დაიწყოს. ამისგან დაცულები არ ვართ. სულ ისეთი რამე რომ ვთქვათ, ორჯერ ორი ოთხია-თქო, კამათს ამაზეც დაიწყებენ. მთავარია, მთავარი პროკურორის ლეგიტიმაციის ხარისხი გაიზარდოს, პარლამენტის წინაშე მისი ანგარიშვალდებულება გაჩნდეს და პროკურორი მხოლოდ პრემიერ-მინისტრზე არ იყოს დამოკიდებული. იუსტიციის მინისტრი და პრემიერი პოლიტიკური ფიგურები არიან და მეტია ალბათობა, რომ პროკურორის დანიშვნა წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს. ჩვენ ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა შემოგვაქვს, რაც გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის, რაც გვაქვს“, - განაცხადა ხმალაძემ.

უმრავლესობისგან განსხვავებით, პროკურატურის რეფორმას სკეპტიკურად უყურებს საპარლამენტო ოპოზიცია. „თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ყველაფერი ფასადურია და დასტურია იმისა, რომ პროკურატურა ხელისუფლების ხელში ზეწოლის მძლავრ ბერკეტად დარჩება, ნაციონალები კი, ხელისუფლებას მოუწოდებენ საკუთარი დანაპირები შეასრულოს და პროკურორის შერჩევის პროცესში პრეზიდენტი ჩართოს.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, ხელისუფლება იმგვარ შეცდომას იმეორებს, რომელსაც ნაციონალები უშვებდნენ.

ცაგარეიშვილის შეფასებით, როდესაც, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოდიოდა, ხალხს ჰპირდებოდა, რომ რეფორმები იქნებოდა და პრეზიდენტის წარდგინებით, მთავარ პროკურორს პარლამენტი აირჩევდა, მაგრამ სამი წელი ისე გავიდა, რომ „ქართული ოცნება“ რეფორმების გატარებას არ აპირებს და ისეთ ცვლილებებს ამზადებს, სადაც სუბიექტებს შორის უფლებამოსილება გაბლანდული და გადღვებილია.

„ისინი მიხეილის კვალზე შედგნენ და ეს კვალი სად მიდის, კი იცით. კბილაშვილ-ფარცხალაძე-ბადაშვილ-ნაცვლიშვილის გაუგებარ და ამორფულ წარმომადგელობას პარლამენტში ცვლილებების შეტანის სურვილი არ გააჩნდა. დღევანდელი პროკურატურა საბჭოეთის გადმონაშთია, რომელიც წარსულში გვაბრუნებს. ეს ეჭვს აღძრავს, რომ ეს ყველაფერი ფასადურია და დასტურია იმისა, რომ პროკურატურა ხელისუფლების ხელში ზეწოლის მძლავრ ბერკეტად დარჩება. ეს ცვლილებები შალვა შავგულიძემ ნახა, რომელიც სახელმოხვეჭილი ვექილი და იურისტია და ის ამბობს, რომ ეს უვარგისი კანონპროექტია. აქ პრეზიდენტის როლი სად არის? ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა იქნება, რადგან ჩვენ ძირეულ ცვლილებებს ველოდებით. ნორმალური რეგულაციები შემოიტანონ და თავიანთ წინამორბედებს ნუ დაემსგავსებიან, მაგრამ ვერ ხვდებით, რომ აქ ბევრი ლონდრეა შეკრებილი და ამ მთავრობიდან სხვას რას უნდა ველოდოთ?“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

დეპუტატი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს უფლებამოსილება გადაანაწილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებელი მას აფრთხილებს, რომ ის ყოფილი პრეზიდენტების მსგავსად, განადგურდება.

„ბადაშვილი ვინ არის, იქ ხომ მთავარი პროკურორი ივანიშვილია? შს მინისტრიც ივანიშვილია. ბატონ ბიძინას მისდა სამწუხაროდ, ძალიან ბევრი თანამდებობა აქვს და მას ამხელა პასუხისმგებლობა გაჭყლიტავს. სააკაშვილს დიდი უფლებამოსილება ჰქონდა და ის განადგურდა ისევე, როგორც შევარდნაძე და გამსახურდია. იგივე ბედი ეწევა ივანიშვილსაც. ზედმეტი პასუხისმგებლობისგან უნდა განთავისუფლდე, მაგრამ ვისზე გადაანაწილოს - ღარიბაშვილზე?“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი, რომლის მსგავსად ცვლილებებს აკრიტიკებს ნაციონალი ლევან ბეჟაშვილი.

for.ge-სთან საუბარში ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი დასკვნა გამოქვეყნდა და ხელისუფლება წნეხს გრძნობს.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ახალი ინიციატივებით პროკურატურის მიმართ უარყოფითი შეხედულება რამენაირად გაანეიტრალოს.

„მთავრობის ანგარიშვალდებული სისტემიდან პროკურატურა უნდა გამოვიდეს და მისი ცალკე ჩამოყალიბება უნდა მოხდეს. მის დაკომპლექტებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს არა მთავრობამ, არამედ პარლამენტმა და პრეზიდენტმა, რომლებიც არჩეული ორგანოებია. მათ მოდელს ვთავაზობთ, რომ პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატურას პრეზიდენტი წარუდგენს და მას საკანონმდებლო ორგანო ირჩევს“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

დეპუტატის მოსაზრებით, ქვეყანას გიორგი ბადაშვილის სახით ისეთი პროკურორი ჰყავს, რომლის სახელი და გვარი არათუ მოქალაქეებმა არ იციან, არამედ იურიდიულმა საზოგადოებამაც კი.

„ბადაშვილი პოსტზე დაინიშნა და ის ამ პროცეში არაფერ შუაში არ იყო. ფარცხალაძესთან აგორებული სკანდალის შემდეგ, ფარული გარიგება დაიდო, რომ ბადაშვილი ფორმალური პროკურორი იქნებოდა, ხოლო ფარცხალაძე დე ფაქტო მთავარი პროკურორის როლს შეასრულებდა. მოვლენები კიდევ უფრო სხვაგვარად განვითარდა და ისეთივე დე იურე სიტუაცია მივიღეთ, რაც გვაქვს“, - აცხადებს ბეჟაშვილი, რომლის მსგავსად, გიორგი ბადაშვილს აკრიტიკებს ნაციონალი პავლე კუბლაშვილი.

როგორც for.ge-ს კუბლაშვილმა განუცხადა, თეა წულუკიანი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის იმაზე, რაც პროკურატურაში განხორციელდა და რაც ხდება.

„ეს პასუხისმგებლობა წულუკიანმა მოიხსნა და ამის გამო იყო, რომ პროკურორად ბოტასების ქურდი ფარცხალაძე გვყავდა. იქნებ ბადაშვილი გამოჩნდეს და ორი სიტყვა თქვას, რადგან მისი ნახვა შეუძლებელია“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

მთავრობა აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარუდგენს და როგორც უმრავლესობა აცხადებს, ცვლილებები საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იქნება მიღებული.