გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი, ეს მხოლოდ საქართველოსა და 28 მოკავშირე ქვეყნის გადასაწყვეტია. თუმცა, ამ თვალსაზრით ძალიან მნიშვნელოვანია, თურქეთის მხარდაჭერა. ანტალიაში, 13-14 მაისს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლების მიერ გამართულ სამიტზე, რომელიც უკრაინის და ავღანეთის საკითხებს მიეძღვნა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ნატო-ს მომდევნო სამიტის მიზანს საქართველოს, მაკედონიის, ბოსნიისა და მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება უნდა წარმოადგენდეს.
მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს ალიანსის გაფართოებას. თურქი დიპლომატის განცხადებით, თურქეთი გამოდის წინადადებით, ნატოს მომდევნო სამიტზე ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის ხარჯზე, ალიანსის გაფართოების შესახებ გამოცხადდეს, რომელთა შორის საქართველოც იქნება.
„ჩვენ ვემხრობით ნატოს გაფართოებას. ამჟამად ოთხი კანდიდატი ქვეყანა გვყავს. ეს არის - ჩერნოგორია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია და საქართველო. გვსურს, რომ 2016 წლის ნატოს სამიტმა მიზნად დაისახოს გაფართოება“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
თურქეთის ქალაქ ანტალიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობაზე, ავღანეთში ნატოს ყოფნაზე იმსჯელეს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოხმაურება უკვე მოჰყვა თბილისში. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი მისიაა, რაც შეიძლება ფართო ნაბიჯებით ვიაროთ ნატო-სკენ. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
„მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ის ჩემი კოლეგა იყო სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე. ამ განცხადების გამო მისი მადლიერი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან მსგავსი ინიციატივები. ეს, ბუნებრივია, ყველას ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. მომავალ სამიტამდე თითქმის წელიწადნახევარია. დაველოდოთ მოვლენების განვითარების დინამიკას“, - აცხდებს ხიდაშელი.
მინისტრის განცხადებით, ასეთი დასაწყისი ანტალიის სამიტიდან ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა მინისტრს არ უთქვამს, რომ ეს ქვეყნები ნატოს წევრი გახდებიან.
„მან თქვა, რომ უნდა ვიმოძრაოთ ამ მიმართულებით და უნდა გაიხსნას კარები. ამის შესახებ ნატოს სხვა სახელმწიფოებიც დიდი ხანია საუბრობენ ისევე, როგორც საუბრობს გენერალური მდივანიც. სადამდე მივა ეს პროცესი ძნელი სათქმელია. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ. ჩემი მისია არის სწორედ ის, რომ რაც შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ ნატო-სკენ. ბუნებრივია, ამ განცხადების ფონზე ივნისში თავდაცვის მინისტერიალზე ჩვენ პირველი სერიოზული საუბრები გვექნება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თურქეთის ღია მხარდაჭერას, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას უკავშირებენ ქართველი ექსპეტრები, როდესაც ვლადიმერ პუტინმა სომხეთში ვიზიტისას აღნიშნა, რომ 1915 წელს სომეხთა გენოციდი მოხდა თურქეთის იმპერიაში. ექსპერტი, საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ თურქეთის პარალელურად, მნიშვენელოვანი იქნება გერმანიის პოზიციის ცვლილებაც.
„ეს არის პასუხი რუსეთის ქმედებაზე. პრინციპში, ასეთი გამოკვეთილი მხარდაჭერა თურქეთისგან აქამდე არ ყოფილა. ხელს არ გვიშლიდა, მაგრამ ლობისტი არ ყოფილა. კარგი იქნება თუკი გერმანიის პოზიციაც შეიცვლება და რუსეთის საქციელის ფონზე, ამის შანსი არსებობს. თუკი გერმანია შეიცვლის პოზიციას, უკვე ყველა წინაღობა მოხსნილი გვექნება.
რაც მთავარია, თუ სახელმწიფო იქნება სუსტი, ქვეყნის ეკონომიკა გააგრძელებს დაცემას და ამის ფონზე გაძლიერდება მეხუთე კოლონა, როგორც ეს დღეს არის, რაც არ უნდა მხარდაჭერა მივიღოთ, ყველაფერს აზრი დაეკარგება. ყველაფერი საბოლოო ჯამში წყდება თბილისში და მხოლოდ ამის შემდეგ - ანკარაში, ვაშინგტონში და ბრიუსელში“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
კითხვაზე, რამდენად ექნება გავლენა მომდევნო სამიტზე თურქეთის ღია მხარადაჭერას, შარაშენიძე პასუხობს, რომ საქართველოს გერმანიასთან დიპლომატიური ომი აქვს მოსაგები.
„სამწუხაროდ, ამის ვერანიარ ნიშნებს ვერ ვხედავ. ასეთი მუშაობით გერმანიასთან დიპლომატიურ გარღვევას ვერ მივაღწევთ. თუ თურქეთი მზად იქნება, რომ რეგიონში უფრო აქტიური როლი ითამაშოს, უფრო დაეხმაროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში და თუკი თურქეთი ნატოს წევრ სახელმწიფოებს სიგნალს მისცემს - მე მზად ვარ საქართველოს დავეხმარო, - ამან შეიძლება წაახალისოს გერმანია და შესაძლებელია მაპი მოგვცენ.
მაგრამ, ვიმეორებ, არის ორი პრობლემა, პირველი - გერმანიასთან სერიოზული დიპლომატიური ჩავარდნა, რომელსაც ბერუჩაშვილს ნადვილად ვერ დავაბრალებ, ეს ნამდვილად წინა მთავრობის და მათ შორის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დამსახურებაა. მეორე - ქვეყნის ეკონომიკის დასუსტება და მეხუთე კოლონის გაძლიერება ქვეყანაში. ეს იმედენად სერიოზული პრობლემაა, რომ ამან შეიძლება მთელი მცდელობა გაანულოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
ექსპერტი, უსაფრთხეობის საკითხებში ვახტანგ მაისაია თვლის, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უწყობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.
„ანტალიაში, ნატო-ს მინისტერიალზე ფაქტობრივად, პირველად გამოიკვეთა ასეთი ტენდენცია. ადრეც ვთქვი, რომ ვარშავის სამიტზე, რომელიც 2016 წლის სექტემბერში გაიმართება, შეიძლება მაპის მიღების რეალური შანსი გვქონდეს და ჩავუშოღლუს განცხადება, ფაქტობრივად, ამას ადასტურებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სკეპტიკური ქვეყნების პოზიციები, თუნდაც უკრაინის კრიზისთან მიმართებაში, რადიკალურად არის შეცვლილი - საფრანგეთმა „მისტრალის“ დარჩენილი ორი პაკეტი გადასცა ჩინეთს და არა რუსეთს, რიტაც ერთგვარი დემარში გამოხატა მისი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ“, - აცხადებს მაისაია.
მისივე თქმით, ასევე გასათვალისწინებელია მერკელის ხისტი პოზიციც, რომელიც 10 მაისს მოსკოვში ვიზიტის დროს გამოავლინა.
„ამით, ფაქტობრივად, მერკელმა მიანიშნა, რომ საქართველოსთვის მაპის მიღების წინააღმდეგ არავინ გამოვიდეს. ყოველ შემთხვევაში, საქართველო ისედაც იყო უელსის სამიტის დეკლარაციაში დაფიქსირებული, როგორც ნატოს ასპირანტი წევრის სტატუსის მქონე ქვეყანა იმ სამ ქვეყანას შორის, რომლის მიღებაცაა გათვალისწინებული ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.