„ჩვენთან კვტ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება საკმაოდ გაბერილია და კიდევ სუბსიდირებაზე ლაპარაკობენ“

„ჩვენთან კვტ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება საკმაოდ გაბერილია და კიდევ სუბსიდირებაზე ლაპარაკობენ“

სანამ ქართულ მედიაში აქტიურად განიხილავენ კალაძე-ღარიბაშვილის დაპირისპირების თემას და ენერგოტარიფების ზრდის საკითხს მათი დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ პიკად წარმოაჩენენ, ექსპერტები მსჯელობენ, რომ ისედაც შეუსრულებელი ბიუჯეტი მსგავსი ტიპის სუბსიდირებას ვერ გაუძლებს და პრემიერისა და ვიცე-პრემიერის დაპირისპირება ორივე მათგანის დასუსტებით დასრულდება.

პარალელურად, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ენერგოტარიფების ორმაგ ზრდას წინასწარმეტყველებს. მისი თქმით, ენერგეტიკის სუბსიდირება წარმოუდგენელია და ეს არის წამგებიანი, არამიმზიდველი დარგი ინვესტორებისათვის, ვინაიდან ძალზე რესურსტევადი და ძვირია, ამიტომ ტარიფის მატება გარდაუვალი იქნება. ხოლო, თუ მთავრობა დაიწყებს ამ დარგის სუბსიდირებას, მაშინ ბიუჯეტს დააკლდება ფული, შესაბამისად, გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, რაც კვლავ გამოიწვევს ლარის დევალვაციას. ამის შემდეგ კი გაორმაგებული რაოდენობით მოხდება ტარიფების მატება.

„ჩვენ ენერგეტიკაზე ვამყარებთ დიდ იმედს, შენდება უამრავი ჰესი. ტარიფებზე არის დამოკიდებული ჩვენი ენერგეტიკის ბედი. როდესაც ამას ჩვენ ვაჩერებთ, ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ტარიფის მატება აუცილებლად მოხდება და მოხდება ორმაგად. ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა“, - აცხადებს რომან გოცირიძე „რუსთავი 2“-თან საუბარში.

ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ, თუკი დენის ტარიფის სუბსიდირება გარდაუვალია, მაშინ უმჯობესი იქნება მიზნობრივი სუბსიდირება, რაც განსაკუთრებით გაჭირვებულებისთვის (და არა ყველასთვის) დახმარების გაწევას ნიშნავს.

„ზოგადად, მიზნობრივი სუბსიდირებაც ცუდია, მაგრამ, თუ იძულებული ხდები, სუბსიდირება განახორციელო, მაშინ გაჭირვებულ მოსახლეობას ეს ტვირთად არ უნდა დააწვეს. მით უმეტეს, მთლიანობაში, ლარის კურსის დაცემა არ არის სახელმწიფოს ბრალი, არც ენერგეტიკის ბრალი არ არის, ეს ბევრი ფაქტორისგან იყო გამოწვეული. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, მოახერხონ მიზნობრივი სუბსიდირება. სუბსიდირების გამო მოსალოდნელ ლარის დევალვაციას რაც შეეხება, გააჩნია, რა მოცულობის სუბსიდირება იქნება საჭირო. თუ ასობით მილიონი იქნა დახარჯული, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერზე იმოქმედებს. დაახლოებით რამდენი ლარის სუბსიდირებაა საჭირო, ეს გათვლები არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ, სანამ თვითონ მარეგულირებელი კომისია გარკვეულ ციფრს არ იტყვის.

სექტემბრამდე მარეგულირებელ კომისიას უფლება აქვს, ყველა მონაცემი, რომელიც წარმოდგენილია გამანაწილებელ კომპანიაში, შეისწავლოს. შესაძლოა, თვითონვე მოძებნოს რაიმე რეზერვები, რომელიც ძველად იყო და არ იქნა გამოყენებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაღაც ზომამდე მივიდეს, რომ ტარიფის ზრდა ამდენით და ამდენით გახდეს საჭირო. აი, მერე უკვე შეიძლება ჩაერთოს მთავრობა. პირადად მეც შემეძლება, გადავამოწმო, რამდენად სწორად იქნა ტარიფები გაანგარიშებული. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, ტარიფი რამდენად მოიმატებს, სწორედ ტარიფის მატებაზე იქნება სუბსიდირების თანხა დამოკიდებული“, - აღნიშნა რევაზ არველაძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ღირებულება, დადასტურებულად ამის თქმა ენერგეტიკის მინისტრსაც ჯერ არ შეუძლია, თუმცა ლარის კურსის დევალვაციიდან გამომდინარე, შეიძლება, ტარიფი გაიზარდოს. ამდენად, თუ მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მოხდება ენერგეტიკის სუბსიდირება, მაშინ სხვა მოქალაქეები უკმაყოფილოები დარჩებიან, რადგან მათ არ შეეხებათ სუბსიდირება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, ყველა მოქალაქისთვის თანაბრად მოხდეს სუბსიდირება.

„დაახლოებით ორი-სამი წლის წინ ვამტკიცებდით, რომ ჩვენთან კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულება არარეალური, საკმაოდ გაბერილი იყო. ახლაც შეიძლება დამტკიცდეს მისი არარეალურობა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. ამდენად, რეალურად ბიუჯეტიდან განხორციელდება სუბსიდირება, თუ ენერგეტიკულ კომპანიებს თავიანთი მოგების დათმობა მოუწევთ (აქ ზემოგებაზეა საუბარია), ეს სულ სხვა საკითხებია. ჯერ უნდა მოხდეს გადახედვა, თუ რა ჯდება კილოვატსაათი ელექტროენერგიის თვითღირებულება, რა მოგების მარჟა შეიძლება შევიდეს მასში და რამდენს იხდის მომხმარებელი. საქართველო საკმაოდ მდიდარია ენერგეტიკული პოტენციით და ამის გამოყენება შესაძლებელია. მხოლოდ ჰიდროენერგიაზე არ მაქვს საუბარი. აქ საუბარია სხვადასხვა დამატებითი წყაროების ჩართვაზე, თბოენერგიაზე და სხვა.

ჩვენთან დიფერენცირებული ტარიფია, 300 კილოვატამდე სხვა ტარიფი მოქმედებს, 301 კილოვატიდან ზემოთ - სხვა ტარიფი, თუმცა, რეალურად, რამდენად იყენებს მოსახლეობა ამ დიფერენცირებას? ხშირია შემთხვევა, როდესაც აბონენტს დახარჯული აქვს 299 კილოვატსაათი ელექტროენერგია და ამ დროს ჩვენება მოსდის 302 კილოვატსაათვის და უფრო მეტ ტარიფს ახდევინებენ. თუ ტარიფის ზრდა იმავე პროპორციით მოხდება, რა პროპორციითაც ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რაც დაახლოებით 30-40 %-ია, ამდენით რომ გაიზარდოს ელექტროენერგიის ტარიფი, ეს ძალიან მძიმედ დააწვება როგორც მოსახლეობას, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. ამიტომ მარეგულირებელმა კომისიამ რეალურად უნდა დათვალოს კილოვატსაათის ღირებულება, რომ შემდგომში ჩაიდოს სუბსიდირების განაკვეთი ბიუჯეტში“, - აცხადებს პაატა აროშიძე.

მისი თქმით, ჩვენთან რამდენიმე წყაროდან ხორციელება ელექტროენერგიის მიღება, ეს არის ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგური, თბოსადგური და იმპორტირებული ელექტროენერგია. შემდგომში ბაზარი ამას აჯამებს, ემატება დისტრიბუციის თანხა, ელექტროგადაცემის თანხა და ელექტროენერგიის მაქსიმალური ღირებულება საქართველოსთვის 13-14 თეთრი შეიძლება იყოს. დღევანდელი მონაცემებით კი, ელექტროენერგიის ღირებულება სადღაც 5-6 ცენტია. უფრო მეტიც, როდესაც ლარი საკმაოდ მყარი იყო, ელექტროენერგიის ღირებულება სადღაც 10-12 ცენტს აღწევდა, რაც ევროპულ მასშტაბებს უტოლდებოდა.

ამდენად, პაატა აროშიძე ფიქრობს, თუკი ჩვენ ელექტროენერგიის საფასურს 13-14 თეთრზე ჩამოვიყვანეთ (რაც ენერგეტიკის სფეროში არსებული უამრავი ინტერესის გამო არარეალურია), მაშინ საქართველოს სრული შანსი აქვს, ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს და საკმაოდ მინიმალური ტარიფი დაამტკიცოს კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე.