ირაკლი ღარიბაშვილი სამთარობო კარუსელისთვის ემზადება. ექსპერტების განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის მხოლოდ სამი მინისტრით განახლება, ღარიბაშვილს შემდგომში მთავრობის შემადგენლობის მკვეთრი გადახალისებისთვის სჭირდებოდა. პრემიერ-მინისტრს უკვე 6 მინისტრის შეცვლის შესაძლებლობა აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური დატოვებს. არაოფიციალური ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. თავად ნოდარ ხადური მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს და აცხადებს, რომ ახლა ჭორებზე საუბრის დრო არ არის, რადგან საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება.
„ვიღაც ჭორებით ცდილობს ამის გადაფარვას, რაც მე ვფიქრობ, არ არის სწორი“, - ასეთია ჯერ კიდევ მოქმედი ფინანსთა მინისტრის კომენტარი, მის მოსალოდნელ განთავისუფლებაზე.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.
„პირველად მესმის, ალბათ შეკითხვა პრემიერ-მინისტრს უნდა დაუსვათ, თუმცა მე ვერ ვხედავ ამის ვერანაირ მიზეზს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სამთავრობო ცვლილებას არ გამორიცხავს, ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, რომლის განცხადებით, ერთი ორი მინისტრის ცვლილება შეიძლება კიდევაც მოხდეს, მაგრამ მისივე თქმით, ეს არ მიგვიყვანს ნდობის გამოცხადების საჭიროებამდე. ყოფილი პრემიერის, ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მანანა კობახიძე არ არის იმ წრეში, სადაც ასეთ ინფორმაციას პირველი გებულობენ - „თუ ხელისუფლებას უნდა, რომ გადარჩეს, მას მოუწევს ქვეყნის მართვის სისტემური გადახედვა“.
„არგუმენტი, რომ სულ ცოტა ხნის წინ გამოუცხადა პარლამენტმა ნდობა ამ მთავრობას და ეს მთავრობა უნდა შენარჩუნდეს, ასე არ არის. ნდობის გამოცხადება არ უკავშირდებოდა მინისტრთა კაბინეტში რეალურ ცვლილებას. ნდობის გამოცხადება იყო წმინდა ტაქტიკური ნაბიჯი. სანამ მძიმე წონიან მინისტრებს შეეხებოდნენ, მანამდე მთავრობას სკამი ჰქონდა დასაგრძელებელი. ანუ 6 კაციანი კვოტა ჰქონდა მისაღები. ამიტომ, ნდობის თემა იყო გასავლელი, იმისათვის, რომ ძირითადი რეორგანიზაციის დაწყების პირობებში პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს კომფორტი, რომ პარლამენტის გარეშე ერთი ხელის მოწერით 6 მინისტრი გაანთავისუფლოს“, - აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ორი არაფრისმთქმელი მინისტრის განთავისუფლებით შემოიფარგლნენ, რათა პარლამენტში არ დაწყებულიყო გარკვეული პოლიტიკური რყევები - სხვა მინისტრებთან მიმართებაში, იქნებოდა ეს კახი კალაძე თუ გიორგი კვირიკაშვილი - გარკვეული რისკის შემცვლელი იყო.
„როდესაც სისტემურ ცვლილებას იწყებ, წინასწარ უნდა გქონდეს მოლოდი იმისა, რომ ამ ცვლილებების შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდება. დღეს არანაირი ობიექტური საფუძველი იმისა, რომ მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს და ის შეიძლება ახალ მინისტებს დაუკავშირდეს, არ არსებობს.
ამიტომ, ხელისუფლება ელოდება იმ კრიტიკულ წერტილს, როდესაც მოსალოდნელი იქნება გარკვეული პოზიტივის მოტანა. ამ პოზიტივის ინიცირებამდე მოხდება მინისტრების ჩანაცვლება.
ავიღოთ იგივე ქადაგიძის მოდელი, ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ ქადაგიძის მოხსნით სიტუაცია ვერ გამოსწორდება, მაგრამ დღეს მას აქვს კომფორტი ხელი გაიშვიროს ქადაგიძისკენ, როგორც დისკრედიტირებული პიროვნებისკენ. ხელისუფლებას აწყობს ევროვნული ბანკის თანმდებობაზე იყოს ე.წ. განტევების ვაცი, რომელსაც შეახოცავენ ყველა პრობლემას. ქადაგიძე, რომ ჩაანცვლონ თავიანთი კადრით, ვითარება მაინც ვერ გამოსწორდება“, - აცხადებს ხუხაშვილი და დასძენს: „თუ ხელისუფლებამ პროცესი შემოდგომამდე არ დაასრულა, მთლიანად არ მოხდა მთავრობის რეორგანიზაცია, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას გაუჩნდება უფრო მეტი პრობლემა.
მთლიანად ხელისუფლების სიცოცხლისუნარიანობა დადგენა ეჭვქვეშ და შესაძლებელია, უფრო სერიოზული დღეები მივიღოთ. ხელისუფლება ყოვედღიურად კარგავს ავტორიტეტს.
იმდენად დისტანცირებულია საზოგადოება პოლიტიკური ელიტისგან, რომ ქვეყანა შესაძლოა, სოციალურად უმართავი პროცესების წინაშე დადგეს. სამწუხაროდ, უმოქმედობა და დრო, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს. თუ პოლიტიკის მიღმა დაიწყო პროცესები, ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველია, ამას „ნაციონალური მოძრაობაც“ კი ჯობია, იმიტომ, რომ ეს უკვე ქაოსს ნიშნავს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ლარის ვარდნის პროცესი ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ მისი შეჩერებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. თუმცა, როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, მისთვის უცნობია, ვინ შეეწირება ლარის ხანძარს.
„სიმართლე გითხრათ, წმინდა პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით ვუყურებდი ამ თემას, ანუ არჩევნების პრესპექტივის თვალსაზრისით. როცა საზოგადოება ხელისუფლებით უკმაყოფილოა, არჩევნებამდე უნდა მოხდეს ცვლილება, რომ ახალმა შემადგენლობამ ახალი უკამყოფილების დაგროვება ვერ მოასწროს. ამიტომ, ვთვლიდი, რომ ნაადრევი იყო ასეთი ცვლილება, მაგრამ სამწუხაროდ, ლარმა გააგრძელა თავის დახრა დოლართან. ამ პროცესის შეჩერების მექანიზმები ჩემთვის უცნობია.
მინისტთა კაბინეტი აბრალებს ევროვნულ ბანკს, რომელიც თავის მხრივ თითს იშვერს ეკონომიკური ბლოკისკენ. თუ აღმოჩნდება, რომ მართლა ეკონომიკური ბლოკია ამ პროცესის მიზეზი, მაშინ ძნელი სავარაუდო არ არის, ვინ შეეწირება ლარის ხანძარს. მე როგორც არასპეციალისტს, ჯერჯერობით დამაჯერებელი მსჯელობა არ მომისმენია იმაზე, რა მოხდა ლართან დაკავშირებით და ვისი პასუხსიმგებლობაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.