ევრობანკმა შემცირებული პროგნოზი დაგვიტოვა

ევრობანკმა შემცირებული პროგნოზი დაგვიტოვა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეგვიმცირა, თუმცა იგი უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ევრობანკი წელს საქართველოში 2,3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. სსფ-ის პროგნოზით კი, წელს ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით მოიმატებს.

მიუხედავად მშპს ზრდის ტემპის შემცირებისა, ევრობანკის ახალი პროგნოზის მიხედვით, საქართველო წელს ზრდის ლიდერი იქნება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში. 2,3% საკუთესო მაჩვენებელია უამრავ სახელმწიფოთა შორის. უცხოელი ანალიტიკოსები კი 2016 წელს კი საქართველოში ზრდის 2,6%-მდე დაჩქარებას ელოდებიან.

6 სახელმწიფოსგან შემდგარ აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის ეკონომიკა წელს საშუალოდ 3.3%-ით შემცირდება, ხოლო მომავალ წელს 1,8%-ით გაიზრდება. ყველაზე შთამბეჭდავ რეცესიას ევრობანკი წელს ელოდება უკრაინაში და ბანკის პროგნიზით, იქ ვარდნა 7.5% იქნება.

ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ევრობანკმა, იანვართან შედარებით, პროგნოზი არ შეუმცირა, არის აზერბაიჯანი და წელს იქ 1,5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. სომხეთში ევრობანკის ექსპერტები წელს 1,5%-იან უკუსვლას ელიან.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში არის 2,3% და ეს ყველაზე მაღალია ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის“, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ახალ მაჩვენებელს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2014 წლის ბოლოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა ფიქრობდა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნებოდა გაცილებით მაღალი - ორჯერ მეტი მაინც, ვიდრე დღევანდელი პროგნოზი.

„მიმდინარე საგარეო მოვლენების გამო და ეს არ უკავშირდება მხოლოდ რუსეთს, საერთაშორისო ორგანოზაციებმა მიიღეს გადაწყვეტილება და გადახედეს პროგნოზს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება 2%, ის ყველაზე მაღალია სამეზობლოში. ისევე როგორც დღეს ევრობანკის დღევანდელი პროგნოზი. ეს, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს დამშვიდების შესაძლებლობას, ბევრი სამუშაო გვაქვს იმისთვის, რომ გვქონდეს უფრო მაღალი ზრდა“, - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდს აქვს ცოტა სხვა პროგნოზი და ამ მაჩვენებელზე ხელისუფლება მუშაობს. „იმისთვის, რომ ეს მონაცემები შევაჯეროთ უფრო მეტი ფაქტობრივი მასალა გვჭირდება“, - აღნიშნა ხადურმა. მისივე თქმით, პროგნოზი ყოველთვის კეთდებოდა და მომავალშიც გაკეთდება, თუმცა მისი გაკეთება რთულია.

19 მაისს საქართველოში ჩამოდის სავალუტო ფონდის მისია. „ის ჩამოიტანს თავის გათვლას, ჩვენ დავახვედრებთ ჩვენსას, გვექნება კამათი, რაღაცაზე შევჯერდებით, რაღაცაზე ვერა“, - აღნიშნა ხადურმა.

ასე რომ, უცხოური საფინანსო ორგანიზაციები ერთხმად მივიდნენ დასკვნამდე, რომ მშპ-ს ზრდა 2%-ით ფარგლებში იქნება. ისინი ბიუჯეტის შეკვეცასაც გვირჩევენ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილის აზრით კი, ბიუჯეტის კორექტირება ჯერ ნაადრევია. უმჯობესია, საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება ემყარებოდეს უფრო სწორ გათვლებს, რომელიც 6 თვის შედეგებიდან გამომდინარე გვექნება.

„ბუნებრივია, მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების ფონზე, მათ შორის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, ზრდის შემცირება მოსალოდნელი იყო, ამ შემთხვევაში, ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევრობანკის კვლევამ. თუმცა, ეს სიახლე არ არის“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება იმას, უნდა მოხდეს თუ არა ბიუჯეტის კორექტირება, აბაშიშვილი აცხადებს, ამ ეტაპისთვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მყისიერად დღის წესრიგში არ დგას.

„უფრო მნიშვნელოვანია დაველოდოთ ორი კვარტლის მაჩვენებლებს. ერთია, რომ 2,3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აქვს ევრობანკს, მაგრამ თვეების ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში უფრო მაღალია. ამიტომ, სჯობს, უფრო ზუსტი პროგნოზის გასაკეთებლად, რომელმაც, შესაძლოა, გარკვეული პარამეტრების ცვლილებამდე მიგვიყვანოს, დაველოდოთ კიდევ უფრო სწორ გათვლებს, რომელიც 2 კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე გვექნება“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.