„შეხვედრას უნდა ამზადებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არა არაფორმალური წარმონაქმნი“

„შეხვედრას უნდა ამზადებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არა არაფორმალური წარმონაქმნი“

გრიგორი კარასინის მტკიცებით, რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობას შორის, მაღალ და უმაღლეს დონეზე კონტაქტების პერსპექტივა ნარჩუნდება. რუსი დიპლომატის მტკიცებით, ორივე ქვეყნის ხელმძღვანელების დავალებით, ზურაბ აბაშიძესთან ერთად მაღალი დონის შეხვედრების მოსამზადებლად მუშაობს.

„პერსპექტივა ყოველთვის არის, მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო. კვლავაც მივიჩნევთ, რომ მაღალი და მით უმეტეს, უმაღლესი დონის კონტაქტები კეთილსინდისიერად უნდა მომზადდეს, რადგან მოუმზადებელ კონტაქტებს ყოველთვის არ მოაქვს ღირებული შედეგები.

ჩემი აზრით, ჩვენი ქართველი პარტნიორები ამას კარგად ხვდებიან. სწორედ, მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგის შესაბამისად მოსამზადებლად ვმუშაობთ მე და აბაშიძე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელების დავალებით“, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.

თავად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძ აცხადებს, რომ განცხადებები პირველი პირების შესაძლო შეხვედრის თაობაზე რამდენჯერმე გაკეთდა მოსკოვშიც და თბილისშიც, რომ ადრე თუ გვიან, ასეთი შეხვედრა უნდა შედგეს. ამიტომ, პრემიერის წარმომადგენელი თვლის, რომ თუ ასეთი შეხვედრა გაიმართება, ძალიან კარგად, დეტალურად უნდა იყოს მომზადებული, რადგან შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს და არა - შეხვედრა შეხვედრისათვის. თუმცა, ამ ეტაპზე შეხვედრის მოსამზადებლად არანაირი პრაქტიკული მუშაობა არ მიმდინარეობს.

„საუბარია ფორმატის გაფართოებაზე. შეიძლება პატარა ცვლილება იყოს ჩვენს ფორმატში. შეიძლება, ამ შეხვედრას დაესწროს თითო ექსპერტი ეკონომიკის სამინისტროდან. რადგან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და არის სპეციფიკური თემები, ეს ლოგიკურია, რომ შეხვედრას ესწრებოდეს იმ უწყების წარმომადგენელი, ექსპერტი, რომელიც უფრო ჩახედულია ამ თემებში. სხვათა შორის, ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ ის წინადადებები, რჩევები, თუნდაც კრიტიკა, რაც გვესმის ხოლმე ჩვენი კოლეგების, თუ ოპონენტებისგან და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, - ამბობს ზურაბ აბაშიძემ.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოების კუთხით დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს და ფორუმის გაფართოება სავაჭრო და ეკონომიკური საკითხების მიმართულებით იგეგმება. 

„ტექნიკური დეტალების დადგენა მიმდინარეობს. რუსეთ-საქართველოს შორის ისედაც გვაქვს დიალოგი სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე და, ალბათ, ამ მიმართულებით იქნება დიალოგის გაფართოების საშუალება. ბატონ ზურაბ აბაშიძესთან მქონდა საუბარი, თუმცა დეტალები ჯერ უცნობია. ეს დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალ დღეებში გახდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და ძირითადი საგარეო პრიორიტეტული მიმართულების პატივისცემის გათვალისწინებით, ქართული მხარე მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის. თუმცა, ამბობს ამჟამად მსგავსი შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება კარასინის განცხადების იმ ნაწილს, რომ მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგის შესაბამისად მოსამზადებელ სამუშაოებზე ის და აბაშიძე მუშაობენ, ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის დავალებით, ბაქრაძე ამტკიცებს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული დავალება არ არსებობს.

„ზოგადად, პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გათვალისწინებით, ასევე ჩვენი ძირითადი საგარეო პრიორიტეტული მიმართულებების პატივისცემის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ზურაბ აბაშიძე და საქართველოს მთვრობა, ქვეყნის რუსეთის სატელიტად ქცევას ცდილობს.

„აბაშიძის განცხადება, რომ მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ფრენები, თუ მინერალური წყლის გასაღება იყო, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება. აბაშიძის მონაწილეობით საქართველოს მთავრობა მონაწილეობს რუსული გეგმის, საქართველოს სატელიტად ქცევის განხორცილებაში“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

ექსპერტი, უსაფრთხოების საკითხებში, ბათუ ქუთელია თვლის, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი დეკლარირებულ მანდატს გასცდა და საგარეო საქმეთა სამინისტრის ფუნქციას ითავსებს, რაც ქუთელიას განცხადებით არასწორია.

„ნებისმიერ უმაღლესი დონის შეხვედრას ორ ქვეყანას შორის, მიუხედავად საკითხების სირთულისა და მიუხედავად პრობლემისა, უნდა ამზადებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამაში ჩართული უნდა იყოს სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური წარმონაქმნი, რომლის მანდატი გაურკვეველია და ასევე, რომლის დღის წესრიგი აბსოლუტურად არატრანსფარენტულია“, - ამბობს ბათუ ქუთელია.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ რუსეთ-საქართველოს უმაღლესი პირების შესაძლო შეხვედრა სასარგებლო იქნება, თუმცა ვერ ხვდება მხარეების განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი რატომაა. მისივე განცხადებით, თუ რამე ხდება ჩვენს ზურგსუკან, ამაზე პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა.

„ან ერთია ასტრალში, ან მეორე - ან კარასინი, ან აბაშიძე. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ასეთი სიტუაციას ვაწყდებით და ერთისთვისაც უხერხულია ეს და მეორესთვისაც. ქვეყანათაშორისი ურთიერთობა, მითუმეტეს რუსეთისა და საქართველოსი, რომელიც დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს, პინგ-პონგის თამაში არაა. ბურთი გადაგივარდეს მაგიდიდან და არ იცოდე რა მიმართულებით მიდის, სულ მცირე, მეორედ ვაწყდებით ასეთ გაუგებრობას.

ვერ ვიტყვი, რომ გარკვეულწილად ამას პროვოკაციის სუნი ასდის, უფრო ვფიქრობ, რომ რომელიმე მათგანი მომსახურების ზონიდანაა გასული, ან ფიქრობენ, რომ საქართველოს მოსახლეობა უფრო დაწვრილებით ინფორმაციას არ იმსახურებს“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მისი თქმით, თუ მსგავსი შეხვედრა დაიგეგმება და მასში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს, მარგველაშვილს კარგი ტრადიცია აქვს, გადაწყვეტილებები საზოგადოებასთან აქტიური ჩართულობით მიიღოს.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ჯერ ნაადრევია ამ ფორმატის ფარგლებში შეხვედრის უზრუნველყოფაზე ლაპარაკი, მაგრამ თავისთვად ის, რომ რუსეთი უკვე რამდეჯერმე და ამჟამად კარასინის პირით აცხადებს, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არის, ეს თავისათავად საინტერესოა.

„კარასინმა ამ ინტერვიუში თქვა, რომ ქართული მხარე ხვდება, მოუმზადებელ შეხვერდას ჯობია, შეხვედრა არ შედგესო. სავარაუდოა, რომ დღის წესრიგში დგას შეხვედრის სერიოზული მომზადების თემაც, რაც რუსეთს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შესახვედრად მზად არის, მაგრამ როდისთვის, ამ პუნქტამდე ჯერჯერობით არ მიდიან“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.