თხილის ფასი პიკზეა, მაგრამ მოსავალი საფრთხეშია

თხილის ფასი პიკზეა, მაგრამ მოსავალი საფრთხეშია

წლევანდელი სეზონი თხილის მოსავლისთვის კარგად დაიწყო, პროდუქტს ამ დროისთვის არნახული ფასი აქვს, მაგრამ მოსახლეობას ახალი სანერვიულო გაუჩნდა. პლანტაციებს პარაზიტი შეესია და ნაყოფთან ერთად, ნარგავების დაზიანებაც დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეწამვლის პროცედურა დაიწყო, მაგრამ დრო ცოტაა. თხილის ტკიპა რამდენიმე დღეში უნდა განადგურდეს, თორემ მერე უკვე გვიანი იქნება.

არადა, წელს თხილს ფასიც მაღალი აქვს და მოსავალსაც კარგი პირი უჩანს. წლის დასაწყისშივე თხილი 12 ლარი ღირდა, მაგრამ თებერვლის ბოლოს, დროის მცირე მონაკვეთში, პროდუქტი ერთბაშად 8 ლარამდე გაიაფდა. მარტიდან მოყოლებული, ფასმა ნელ-ნელა დაიწყო ზრდა და თითქმის 4 ლარით გაძვირდა. შესაბამისად, მისი ფასი ახლაც 12 ლარია.

თხილის რეალიზატორების განცხადებით, პროდუქტის მარაგი თითქმის ყველა რაიონში შემორჩა, რადგან ხალხი გაძვირებას ელოდა. ქარხნებში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად 10-15 ტონა თხილის მიღება უწევთ.

ქართული თხილის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი ევროპის ქვეყნებია. ევროკავშირში გაუტეხავი თხილი და თხილის გული, საქართველოს გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანას გააქვს, მათ შორის: თურქეთს, ჩილეს, საფრანგეთს, აშშ-ს, აზერბაიჯანს, იტალიასა და ჰოლანდიას. ევროპის ბაზარზე საქართველო, თურქეთთან ერთად, თხილის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება.

თხილის ქარხნის წარმომადგენელი სამეგრელოს რეგიონში ლადო გერგედავა ამბობს, რომ თურქი ბიზნესმენები ქართული თხილით კვლავ დაინტერესდნენ. ამ რამდენიმე დღის წინათ, თხილის ფასის რეკორდული გაძვირების მიზეზი სწორედ ეს ფაქტორი იყო.

„მართალია, თხილის მარაგი დიდი არ არის, მაგრამ არსებულმა ფასმა მთელი მოსახლეობა აღაფრთოვანა. მათ იმედი მიეცათ, რომ ფასი სტაბილურად შენარჩუნდება. საუკეთესო ხარისხის თხილს 11,80 ლარად ვიბარებთ, ხოლო თხილის გული 22 ლარი ღირს. 1 დღეში, საშუალოდ, 10-15 ტონამდე თხილს ვიღებთ. მარაგი რეგიონში ჯერ კიდევ არის და შესაძლოა, აგვისტოს ბოლომდეც შენარჩუნდეს“, - ამბობს ლადო გერგედავა.

ნედლ, ჯერ კიდევ მსხმოიარე თხილს მოსახლეობა წინასწარ 4 ლარად ყიდის, თუმცა ბოლო დროს ასეთი პროდუქტი ნაკლებად იყიდება. ახლა მოსახლეობის მთელი გულისყური მომავალ სეზონზეა, რომელსაც მოულოდნელად პრობლემა შეექმნა. ამის მიზეზი მცენარის მავნებელია. თხილის ტკიპა არა მარტო მოსავალს ანადგურებს, არამედ ნარგავებსაც უქმნის საფრთხეს. გლეხები ამბობენ, რომ თხილის ტკიპა საშინელი პარაზიტია, ამიტომ მარტო ისინი ვერაფერს გააწყობენ თუკი სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურ ქმედებაზე არ გადავიდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა სამმართველომ კი თხილის ტკიპასთან და მავნებელ ხარაბუზასთან ბრძოლა უკვე დაიწყო.

რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და შხამქიმიკატები, რათა მავნებელის განადგურება დროულად მოხდეს.

მასშტაბური კამპანია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის თხილის პლანტაციებიდან დაიწყო და შეწამვლის პროცესი მთელი რეგიონის მასშტაბით დაიწყება. მოსახლეობამ შეწამლისთვის ადგილობრივ გამგეობას და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა.

ხარაბუზა და თხილის ტკიპა ფერმერებს ბოლო წლებია დიდ პრობლემას უქმნის, მაგრამ მავებელი განსაკუთრებით წელს მომრავლდა. ხარაბუზა ახმობს თხილის ნარგავებს, ტკიპა კი თავად თხილის ნაყოფს ადრეულ სტადიაზევე ანადგურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ პარაზიტმა გაანადგურა თურქეთში თხილის პლანტაციები. თხილის შეწამვლა 15 მაისამდე უნდა მოხერხდეს, თუმცა გლეხები ამბობენ, რომ ამ პარაზიტთან ბრძოლა საკმაოდ რთულია.