EBRD–ის „თბილისობა“

EBRD–ის „თბილისობა“

თბილისში, რუსთაველის გამზირზე უცხოელებისა და სამართალდამცველების განსაკუთრებული სიმრავლეა. საქართველო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს მასპინძლობს.

„თუ სასტუმროში თავისუფალ ნომერს ან რესტორანში ადგილს ვერ იშოვით, შეგიძლიათ ევრობანკს დააბრალოთ“,- ეს ფრაზა EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ თბილისში ჩამოსვლის პირველივე დღეს თქვა და მასპინძლებს აუწყა, რომ თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასაწრებად რეგისტრაცია 4000 ადამიანს ჰქონდა გავლილი.

რიგით 24–ე ყოველწლიური შეხვედრა 14 მაისს რუსთაველის თეატრში EBRD–ის მმართველთა საბჭოს თავმჯომარემ გახსნა. შემდეგ კი სიტყვით საქართველოს პრემიერ–მინისტრი, EBRD–ის გენერალური მდივანი და პრეზიდენტი გამოვიდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველო ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანაა და ამას საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებენ.

მთავრობის მეთაური სიტყვით გამოსვლისას რეგიონში შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას შეეხო, რომელმაც ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო, როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით.

„საქართველო არის სრულიად ღია ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემითა და დაბალი გადასახადებით. ჩვენ სულ ექვსი ტიპის გადასახადი გვაქვს; საერთოდ არ გვაქვს სოციალური გადასახადი; ჩვენ გავაუქმეთ იმპორტის გადასახადი საქონლის თითქმის 85 პროცენტზე, ხოლო დანარჩენზე გვაქვს 5 ან 12-პროცენტიანი განაკვეთი; ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი საგადასახადო და საბაჟო პროცედურები და ასე შემდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტორებს ქვეყნის სახელით სამართლებრივი უსაფრთხოება, ხარისხიანი და გამჭვირვალე კანონები, ჯანსაღი საარბიტრაციო პროცედურები, სანდო სასამართლო და სანოტარო სისტემები, სასამართლო განჩინებათა სწრაფი და ეფექტური აღსრულება, საჯარო მონაცემთა ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის ღიაობა, ასევე ხელმისაწვდომი, სწრაფი და გამჭვირვალე საჯარო მომსახურება შესთავაზა.

პრემიერმა ყურადღება საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის საქართველოს სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია აკისრია, თუმცა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მხოლოდ ტრანზიტისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული.

ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მაღალ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზე, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროს პერსპექტივებსა და ტურისტული ბიზნესის განვითარებაზე. EBRD–ის განხორციელებული პროექტებიდან კი განსაკუთრებით აღნიშნა ნოვატორული პროექტი, რომელიც ბანკის მიერ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გულისხმობს, რაც საფინანსო ინსტიტუტებს შესაძლებლობას აძლევს, სესხები ლარში გასცენ.

საქართველოს ეკონომიკური წარმატება საკუთარ გამოსვლაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმატებასთან გააიგივა EBRD–ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

„თუკი ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე, რომელიც უკვე 25 წელია, ვითარდება, შეიძლება ითქვას, მას აქვს გრძელვადიანი ხედვა და მოწადინება. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ შედეგებით, რომელსაც უკვე მიაღწია. თქვენი ქვეყნის წარმატება ჩვენი ბანკის წარმატება გახლავთ“, - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ რუსთაველის თეატრში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ მათმა ორგანიზაციამ საქართველოში უამრავი ინვესტორი შემოიყვანა.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ინვესტირების თაობაზე რამდენიმე შეთანხების გაფორმება მართლაც იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს. მინისტრის ინფორმაციით, ერთ–ერთი ასეთი პროექტი თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა იქნება, რომელიც 12 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდება, თანხის ნაწილს კი ქართული კომპანია „ავერსი“ გადაიხდის.

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი მონაწილეობას ასევე დააფინანსებს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. EBRD-ის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბარტის განაცხადებით, ბანკმა შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე საქართველოს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K Water-თან ერთად მუშაობს. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდინარე ენგურის შენაკადზე უნდა აშენდეს.

„ჩვენ K Water-თან ერთად აქტიურად ვმუშაობდით, რათა EBRD-ს მონაწილეობა მიეღო ამ პროექტში და ძალიან მიხარია, რომ მათ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს და 200 მილიონ აშშ დოლარამდე გამოყოფენ ამ პროექტის დასაფინანსებლად. მათ გარდა, საბანკო სესხის კომპონენტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას აზიის განვითარების ბანკი და კორეის „ექსიმ ბანკი,“ – განმარტავს საპარტნიორო ფონდის პრეზიდენტი ირაკლი კოვზანაძე.

280 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია. სადგურის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მილიარდი კილოვატსაათი იქნება. მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოების დაწყება ივლისიდან იგეგმება, ხოლო სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.

დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაფინანსების საკითხი საქართველოში ყველასთვის მისაღები არ არის. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მუშტი“, რომელიც ეკოლოგიურ საკითხებზე მუშაობს, EBRD–ის წარმომადგენლების საქართველოში სტუმრობას პროტესტით შეხვდა. ყოველწლიური შეხვედრის ოფიციალურ ცერემონიამდე „მწვანე მუშტის“ ათამდე წარმომადგენელმა რუსთაველზე მსვლელობა მოაწყო და ლოზუნგები – „EBRD–ის ორმაგი სტანდარტები“, „არ დააფინანსო ნენსკრა“ – ააფრიალა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰიდროპროექტების დაფინანსების პოლიტიკა მათთვის მიუღებელია, რადგან შესაბამისი პროექტების განხორციელება საქართველოს ეკოსისტემის განადგურებას გამოიწვევს.

დიდი ჰესების გარდა ევროპის განვითარებისა და რეკონსტუქციის ბანკი საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტსაც დააფინანსებს. ამ მიზნით 1.9 მილიონ ევროს სესხის გამოყოფაა დაგეგმილი. შესაბამისი ხელშეკრულება ფორუმის ფარგლებში უკვე გაფორმდა და აღნიშნული თანხა სარგებლობაში კერძო კომპანია „სტერეო პლიუსს“ გადაეცა.

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე მიმდინარე წლის 17 ივნისიდან გადადის. კერძო კომპანია „სტერეო პლიუსმა“ საკუთარ თავზე ვალდებულება აიღო ამ ვადისთვის ციფრული სიგნალი საქართველოს 46 რეგიონს მიაწოდოს.

ციფრულ მაუწყებლობაზე საქართველოს გადასვლამდე კი უკვე ცნობილია, რომ საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდება.

EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ „რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების“ ანგარიშის თანახმად, 2015 წელს საქართველოში რეალური მშპ-ის ზრდა, სავარაუდოდ, 2,3 პროცენტამდე შემცირდება, 2016 წელს კი - 2,6 პროცენტამდე. EBRD-ის იანვარში გაკეთებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს რეალური მშპ-ის 4,2%–იანი ზრდა იყო მოსალოდნელი. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მაჩვენებლის ცვლილებას EBRD რუსეთში მიმდინარე პროცესებსა და რეცესიას უკავშირებს.

EBRD–ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში თბილისში ღონისძიებები 15 მაისსაც გაგრძელდება.