გარემოს დაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი კი ისევ ვაკანტურია. გასულ კვირას, გიგლა აგულაშვილმა დეპუტატის უფლებამოსილება მოიხსნა და მინისტრის მანტია მოისხა.
გარემოს დაცვის მინისტრის რანგში for.ge ყოფილ დეპუტატს, რესპუბლიკელ გიგლა აგულაშვილს ესაუბრა:
თუკი პოსტს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეინარჩუნებთ, როგორ ფიქრობთ, თქვენი მუშაობით იმას შეძლებთ, რომ საქართველოში უფრო მეტად ეკოლოგიურად სუფთა გარემო იქნება?
- სამინისტროს დაქვემდებარებაში ხუთი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და უწყებას უზარმაზარი რესურსი აქვს იმისათვის, რომ სამინისტრომ ეკონომიკის განვითარებასა და საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გრძელვადიანი ამოცანებია დასახული და მინდა, რომ მოსახლეობამ ამ ამოცანების დინამიკა დაინახოს. მეკითხებით, იქნება თუ არა უფრო სუფთა ჰაერი? - ასე მოკლე პერიოდში, ამას თუ შევძლებ, ეს ძალიან კარგი იქნება. თუმცა, პრობლემური რაიონებისთვის უფრო ხელშესახები შედეგები იქნება.
საქართველოში პრობლემური რაიონებია - ზესტაფონი, ტყიბული და ჭიათურა. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ კომპანიები ბუნებრივი რესურსების მოპოვებისას კანონით გათვალისწინებულ წესებს არ იცავენ და პრობლემები ეკოლოგიას ექმნება. დარწმუნებული ვარ, ბიზნესის წარმოებას ხელს არ შეუშლით, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს გადახედავთ?
- ადამიანები პარლამენტში მაშინ მოდიან და ქუჩაში მაშინ გამოდიან, როდესაც მათ ცალკეული უწყებების მიმართ ნდობა უქრებათ. ჩემი ამოცანაა, რომ მათ ნდობა დავუბრუნოთ. როგორც წესი, გადაწყვეტილებები ყველასთვის მისაღები და სასიამოვნო იშვიათად არის, მაგრამ კომუნიკაციის პრობლემასთან მივდივართ. ვგეგმავ, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობა მქონდეს. ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი ქავთარაძემ უკვე მთხოვა, რომ იქნებ, ზესტაფონის საკითხით დავინტერესდე. მზა რეცეპტები არ მაქვს, რა და როგორ იქნება, მაგრამ მოტივირებული არ ვარ, რომ ბიზნესის განვითარებას ხელი შეეშალოს, თუმცა, ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ ბიზნესის განვითარება ადამიანებისა და გარემოს ხარჯზე არ შეიძლება.
თუკი ცემენტს ვაწარმოებთ და იქ სათანადო ფილტრები არ არის, ალბათ, ზომების მიღება მოგვიწევს. აქაც გონივრული ვადები იქნება განსაზღვრული და მხარეებს შორის კომუნიკაცია იქნება ორმხრივი. კანონი რომელიც გვაქვს, ის უნდა მოქმედებდეს და ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. ბუნებრივი რესურსების მოპოვების დროს გარემოს დაცვა უნდა უზრუნველვყოთ. თუკი კანონში რაიმე ხარვეზია, მაშინ მასში ცვლილება უნდა შევიდეს.
უწყებაში საკადრო ცვლილებების გატარებას აპირებთ? პოსტებს მოადგილეებს დაატოვებინებთ?
- რამდენიმე ადამიანს ვიცნობ და მათ მიმართ საკმაოდ პოზიტიური განწყობები მაქვს. ვფიქრობ, რომ ადამიანებს შესაძლებლობა უნდა მისცე, რათა საკუთარი თავი წარმოაჩინონ. ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კონტექსტში უფრო მეტი აქტიურობისთვის საჭიროა, რომ რომელიმე მოადგილეს სპეციალურად ეს თემა ჰქონდეს ჩაბარებული, რადგან დოკუმენტი ყოვლისმომცველია.
თქვენ გარემოს დაცვის მინისტრის პოსტი რომ უნდა დაგეკავებინათ, ეს იდეა სად გაჩნდა - მთავრობაში თუ „რესპუბლიკურ პარტიაში“?
- იმპულსები უფრო მეტად აღმასრულებელი ხელისუფლებიდან წამოვიდა, რადგან შეთავაზების კონტექსტში საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენად შეიძლებოდა ჩვენი ფრაქცია თანახმა ყოფილიყო, რომ საპარლამენტო გუნდიდან წავსულიყავი. საკითხზე ვიმსჯელეთ და პლიუს-მინუსები დავთვალეთ. ამ პროცესმა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების კონტურები შეიძინა. როცა მთავრობაში პოლიტიკოსები მოდიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მგონია, რომ ეს მთავრობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდის და საზოგადოების ნდობას გააღრმავებს. ხშირად ელემენტარული პრობლემები არაინფორმირების გამო გვხვდება, რის შედეგადაც საკუთარი ნაშრომის წარმოჩენა არ ხდება. ამას კვლევებიც აჩვენებს. კვლევებმა აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროცესების თაობაზე მოსახლეობამ ძალიან ცოტა იცის და ეს იმაში მარწმუნებს, რომ ჩვენ გამოწვევები გვიდგას. შეიძლება მედიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, უფრო მეტად აქტიური ვიყო და ადგილებზე ვივლი. საკუთარი თვალით რაც შეიძლება მეტი უნდა ვნახო. სამინისტროს საიტზე თუ შებრძანდებით, ნახავთ, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით ძალიან დიდი სამუშაო არის გაწეული მიუხედავად იმისა, რომ მწირი ბიუჯეტია. საკმაოდ მნიშვნელოვანია დონორთა კომპონენტები და მინდა, რომ სამინისტროს საკუთარი შემოსავლები გააჩნდეს.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს საკმაოდ ბეჯითად ხელმძღვანელობდით და განცდა იყო, რომ თქვენ სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდებოდით...
- სოფლის მეურნეობის მინისტრი ენერგიული და ახალგაზრდა კაცია. დანელიას უწყებაში საქმის კეთება ტემპით მიდის და წარმატებული მინისტრი, რატომ უნდა შევცვალოთ?
თქვენ ფიქრობთ, რომ დანელია წარმატებული მინისტრია?
- დანელია წარმატებული მინისტრია და მას პოტენციალი კიდევ აქვს. მასთან კონკრეტულ პროექტებზე მისაუბრია და ახლა მასთან ურთიერთობის უფრო მეტი საშუალება მექნება, რადგან ხშირად შევხვდებით. ჩვენს სფეროებში კვეთები არსებობს და არ ვაპირებ, რომ სოფლის მეურნეობა დავივიწყო. მთავრობაში შეიძლება კონკრეტულ უბანს ხელმძღვანელობდე, მაგრამ მთავრობის ინტერესების ერთიანობა ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ კონკრეტული წინადადებები რომელზეც ჩვენ ნასაუბრები უკვე გვაქვს, შეიძლება დაჩქარდეს და ამან შედეგები მოიტანოს.
როგორ ფიქრობთ, პარლამენტში თქვენს მიერ დატოვებული პოსტი რომელმა დეპუტატმა უნდა დაიკავოს?
- ეს კონსულტაციების რეჟიმის კომპონენტია. ჩემი აზრი შეიძლება მქონდეს, მაგრამ გვარლ-სახელებს არ დავასახელებ.
რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენისას პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, როგორ ფიქრობთ, გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციური უფლებამოსილება რატომ გამოიყენა - საკუთარი ძალის დემონსტრირება გაჩვენათ?
- როცა რაიმეს უფლებას გაძლევენ, ეს უფლება ვალდებულება არ არის. უფლება შეგიძლია გამოიყენო, ან პირიქით. მან გამოიყენა. მის ადგილზე ამ უფლებით ასე არ ვისარგებლებდი.
ვინაიდან, სამ ახალ მინისტრში ორი რესპუბლიკელი იყავით, არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებით პოლიტიკური ინსინუაციები - „რესპუბლიკური პარტია“ მარგველაშვილთან არის „შეკრული“ და ა.შ. - დასრულდა?
- ფანტანზები ბევრი მომისმენია. მათ შორის ხსენებულ თემაზეც და მინდა ვთქვა, რომ კიდევ იქნება ბევრი ფანტანზია. ეს ხანხდახან ცხოვრებას საინტერესოს ხდის, მაგრამ რესპუბლიკელები კოალიციის წევრები ვართ და ჩვენი ინტერესები სრულ თანხვედრაშია კოალიციის ინტერესებთან. გვჯერა, რომ თუკი, რაიმეს ვაკეთებთ, კოალიციისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არ ვმოქმედებთ და პრეზიდენტთან არანაირი შეთქმულება და ფარული გარიგება არ გვაქვს. ინსტიტუტს პატივს ვცემთ და მომავლშიც ვაპირებთ, რომ ეს ასე გაგრძელდეს.
„რესპუბლიკური პარტია“ ინსტიტუტების პატივისმცემელი ხალხი ვართ და თუკი ქვეყანაზე ვლაპარაკობთ, ეს ასე უნდა იყოს. ამ პროცესში გარკვეულ ქარტეხილებს ძალინ ხშირად ვაწყდებით და არის ტალღები, როცა ჩვენზე ათას უბედურებას ამბობენ, მაგრამ რკინის ნერვები გვაქვს და მიზანდასახულები ვართ. ასევე არსებითს არარსებითისგან ვანსხვავებთ და სადაც საპასუხოა, ვპასუხობთ. ის ბროშურა არ დამვიწყებია, რომელშიც საარჩევნო დაპირებები იყო. აქ მანამ ვარ და ვიქნები, სანამ შესაძლებლობა მექნება, რომ სამთავრობო პროგრამების განხორციელებაში წვლილი შევიტანო. თუკი დავინახავ, რომ ამის საშუალება არ მაქვს, მაშინ გამოდის, რომ ვიღაცამ რაღაც გზას გადაუხვია.