„მოთხოვნის მიუხედავად, მესამე ძალის შექმნის წინაპირობები არ ჩანს“

„მოთხოვნის მიუხედავად, მესამე ძალის შექმნის წინაპირობები არ ჩანს“

„ამ ციფრებიდან გამომდინარე ერთი რამ შეგვიძლია დავასკვნათ - არც პოლიტიკური ძალა და არც საზოგადოება, მზად არ არის არჩევანისთვის. რადგან, სხვადასხვა ხარისხის სასოწარკვეთილებაა ორივე მიმართულებით, როგორც საზოგადოებრივში, ასევე პოლიტიკურში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, გამოკითხვამ გვაჩვენა, რომ ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილი არ აპირებს, ხმა მისცეს პარლამეტში პოლიტიკურ ძალთა შორის დღეს არსებულ კონფიგურაციას.

არსებობს თუ არა მესამე ძალის მოთხოვნა საზოგადოებაში და რას ეწირება პრემიერის რეიტინგი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

სოსო ცისკარიშვილი: ის ფაქტი, რომ არც თუ წარმატებული ხელისუფლების თავკაცი, პირველ ხუთეულშია მოხვედრილი, ეს ვინმესთვის საწყენი არ უნდა იყოს, რადგან საზოგადოების მიერ სწორედ ამ პირთან არის ასოცირებული დღევანდელი ყოფა-ცხოვრების ავკარგიანობა. სახეზეა გარკვეული დაძაბულობა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. ასე რომ, მგონია ლოგიკურია წარმოდგენილი სამეული. უფრო მოულოდნელობა შეიძლება ზოგიერთებისთვის იყოს ის ფაქტი, რომ მხოლოდ ერთი პარტიის პირველი პირია მოხვედრილი პირველ ხუთეულში.

ის ფაქტი, რომ მთავრობის ხელძღვანელს რეიტინგით უსწრებს როგორც ოპოზიციის ლიდერები, ასევე - პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, რამდენად პრობლემურია თვითონ კოალიციისთვის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანა მალე გადავა საარჩევნო რეჟიმში?

- როცა, საპარლამენტო და აღამასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებს შორის განსხვავება ერთი პროცენტია, აქ გადამწყვეტ როლს არ თამაშობს პიროვნული ელემენტი. ჩემი აზრით, აღმასრულებელი ხელისუფლების რეიტინგი შესაძლებელია უფრო დაბალი ყოფილიყო, რომ არა პრემიერ-მინისტრის უკანასკნელი გამოსვლა ნაშუაღამევს საქართველოს პარალამენტში, რამაც უფრო პოზიტიურად იმოქმედა მის რეიტინგზე, ვიდრე უარყოფითად.

მით უმეტეს იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ეკონომიკურ აქტივობას და იმ უამრავ მაგალითს, თუ რა პროექტები იქნა უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული მთავრობის მიერ. ამდენად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელიც მივიღე პრემიერისგან და რატომღაც, აქამდე ბევრისთვის ეს ყველაფერი უცნობი იყო. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრის რეიტინგის ზრდისთვის აუცილებელია, შეცვალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე პასუხისმგებელი გუნდი.

ამ კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს აღელვებთ შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარება, ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც მთავრობის ნდობის ხარისხი ეცემა. ქვეყნისთვის ამ ყველაზე აქტუალურ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემაზე, რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების მიდგომა?

- დღევანდელი ჩვენი განწყობებით ვადასტურებ, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ, რადგან მთელს ცივილიზებულ სამყაროში, ნებისმიერი მოქალაქის დამოკიდებულება საკუთარ ფინანსურ რეალობასთან მუდამ აქტუალურია და რეაგირებაც შესაბამისია. ჩვენ რომ გულ-ხელ დაკრეფილნი მხოლოდ სადღეგრძელოებით ვირთობდეთ თავს და შეშფოთებაც არ გამოვთქვათ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი უმუშევარია ქვეყანაში, ვერ დავიბრალებდი ცივილიზებულობას. თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. ვიყოთ ობიექტურნი და ერთიანი, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. თუ ვინმეს მაინცდამაინც ვერა ქობალიას მინისტრობის დრო ენატრება, არ მგონია, რომ საერთო აზრამდე მარტივად მივიდეს ჩვენი საზოგადოება.

ქართული ოცნება“ - 24%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -16,5%, „თავისუფალი დემოკრატები“ - 4%, „პატრიორტთა ალიანსი“ დალეიბორისტულ პარტია - 3%. ამომრჩეველთა, თითქმის, ნახევარი არც ერთი პარტიისთვის არ აპირებს ხმის მიცემას. ეს ციფრები ერთგვარად ადასტურებს, რომ საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია?

- გამოკითხვამ გვაჩვენა, რომ ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილი არ აპირებს, ხმა მისცეს პარლამეტში პოლიტიკურ ძალთა შორის დღეს არსებულ კონფიგურაციას. ეს სერიოზული ყურადღების ღირსი უნდა გახდეს დღევანდელი პარლამენტისთვის. ამ ციფრებიდან გამომდინარე, ერთი რამ შეგვიძლია დავასკვნათ, არც პოლიტიკური ძალა და არც საზოგადოება, არჩევანისთვის მზად არ არის, რადგან სხვადასხვა ხარისხის სასოწარკვეთილებაა ორივე მიმართულებით, როგორც საზოგადოებრივში, ასევე პოლიტიკურში. რასაკვირველია, პოლიტიკოსები უფრო მხნედ გამოიყურებიან და საკუთარი წარმატების იმედი კვლავ გააჩნიათ. არ ვიცი, რომელი პოლიტიკური ძალა დაეთანხმება ასეთ შედეგებს, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობას უფრო მეტი არ უჭერს მხარს, ვიდრე უჭერდნენ. საზოგადოებას აქვს სიახლის მოლოდინი, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, მესამე ძალის შექმნის წინაპირობები არ ჩანს.

ამავე კვლევის მიხედვით მოსახლეობის 31% მხარს უჭერს ქვეყნის ევრაზულ კავშირში გაწევრიანებას. ამ ფონზე, საინტერესოა, რომელი ძალის მოთხოვნილება არსებობს საზოგადოებაში - პრორუსულის თუ პროდასავლური ჯგუფის?

- სულ ცოტა, ორჯერ მეტია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც მიისწრაფის ევროპულ და ევროატლატიკური სივრცისკენ. რაც შეეხება იმ 31%-ს, ევრაზიული არჩევანის ქომაგებს, რასაკვირველია, ეს ემყარება ორ შემადგენელს, ერთი - მათ ერთმანეთში აქვთ არეული პროსაბჭოთა და პრორუსული განწყობები, ყველაფერს მოიხსენიებენ პრორუსულად, სინამდვილეში კი ენატრებათ ის დრო, როდესაც უმუშევრობა არ იყო ქვეყანაში. ბევრს კიდევ გონია, რომ როგორც საბჭოთა პერიოდში, დღესაც, რუსეთშიც ადამიანი ადამიანის მეგობარია. უკაცრავად, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ეს განწყობები მარტივად შეიძლება შემცირდეს, თუ ხელისუფლება არ დაიზარებს და რეალურ ინფორმაციას მიაწვდის ჩვენს მოსახლეობას რუსეთის მიზნების შესახებ.