„ქვეყანა, ფაქტობრივად, ჰიბრიდული ომის რეჟიმში ცხოვრობს“

„ქვეყანა, ფაქტობრივად, ჰიბრიდული ომის რეჟიმში ცხოვრობს“

ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ საჭიროა მწყობრი, ერთიანი საინფორმაციო და საგარეო პოლიტიკის ფორმირება რუსული საინფორმაციო და ეკონომიკური გავლენის გასანეიტრალებლად. მისივე განცხადებით, მინიმუმ წელიწადნახევარია ქვეყანა, ფაქტობრივად, ჰიბრიდული ომის რეჟიმში ცხოვრობს.

საინდან ფინანსდებიან ის ახალი საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან რუსულ პროპაგანდას და რას აკეთებს ამის აღსაკვეთად უშიშროების სამსახური? ამ საკითხებთან დაკავშირებით, for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

პერეზიდენტი თვლის, რომ 31% მნიშვნელოვანი სიგნალიყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიულიდასავლური არჩევანი. ხომ არ ფიქრობთ, რომ დაგვიანებულია გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ ამ ფონზე საჭიროა პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია ევროატლანტიკური იდეის პოპულარიზაციის მიზნით?

- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ეს მიდგომა უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, სჯობდა თავიდანვე ყოფილიყო რეაგირება. იგივე ხელისუფლების სხვადასხვა შტო, იქნებოდა ეს პარლამენტი, რომელსაც აქვს თავისი კვლევითი ცენტრი, აღმასრულებელი ხელისუფლება თუ პრეზიდენტის აპარატი, NDI-ს და IRI-ს კვლევის მოლოდინში არ უნდა ყოფილიყვნენ, თავად უნდა დაინტერესებულიყვნენ რა ტენდენციებია ქვეყანაში, ეს კვლევები მათი ეგიდით უნდა ჩატარებულიყო. თუნდაც არ გაესაჯაროვებინათ, მაგრამ უნდა შემუშავებულოყო სათანადო პოლიტიკა. დიდი ხანია ამას ვიძახი, მათ შორის ხელისუფლებასთანაც მქონდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღემდე რაგირება არ ყოფილა. კიდევ კარგი, რომ პრეზიდენტმა მაინც გააკეთა ეს განცხადება.

როგორ ფიქრობთ, პრობლემის კომპელექსურობიდან გამომდინარე, ეს საკითხი საინფორმაციო პოლიტიკის და მესიჯების აქტუალიზაციის დონეზე გადასაწყვეტი პრობლემაა?

- არა რასაკვირველია. ამას არ უშველის მარტო ეფექტური მესიჯების შემუშავება, რადგან ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების, საგარეო და საინფორმაციო პოლიტიკის კომპლექსური პრობლემა. მაინტერესებს, რას აკეთებენ უსაფრთხოების სტრუქტურები, როდესაც, მინიმუმ წელიწადნახევარია ქვეყანა, ფაქტობრივად, ჰიბრიდული ომის რეჟიმში ცხოვრობს. ძალიან თვალსაჩინოა ამ ჰიბრიდული ომის საცეცები, როდესაც მთელი ევროპა ლაპარაკობს ამაზე. რუსეთი მარტო ჩვენი მიმართულებით არ აწარმოებს ამ ომს. ვხედავთ, რომ ჰიბრიდული ომის ნიშნებია ევროპის უდიდეს და ეკონომიკურად უძლიერეს ქვეყნებში.

ნატოში შეიქმნა სპეციალური დანაყოფი, რომელსაც ევალება რუსული საინფორმაციო პროპაგანდის საპირწონე მექანიზმების შემუშავება. ამ საფრთხის წინაშე დგას ყველა ქვეყანა. ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით იგრძნობა ბალტიის ქვეყნებში. კარგია, თუ საქართველოს ხელისუფლება ახლა მაინც გამოფხიზლდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რას აკეთებენ უშიშროების სამსახურები, მაშინ, როცა ქვეყანაში ლამის ყოველდღიურად იქმნება ახალი საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან რუსულ პროპაგანდას, საიდან ფინანსდებიან ესენი, ამით ინტერესდება თუ არა ვინმე? აღარაფერს ვამბობ სოკოებივით მომრავლებულ არასამთავრობოებზე. ეს არის ერთ-ერთი მიდგომა, რომელიც ხელისუფლებას, წესით, ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს, მაგრამ არ აქვს.

თითქოს ლოდინის რეჟიმშია ხელისუფლება გადასული...

- ამ ლოდინის რეჟიმმა მოგვცა დღეს 31%, ხვალ შეიძლება 61% მოგვცეს. არანაკლებ აქტიური საქმიანობა აქვს საწარმოებელი ხელისუფლებას იგივე საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც. მესიჯებით ეს საკითხები არ გადაწყდება. 25 წელია გვესმის, რომ გვინდა ნატო და ევროკავშირი, არავინ ამას ეჭვქვეშ არ აყენებს, მაგრამ კონკრეტულად რა? იმდენად მძიმე სოციალურ-ეკონიკური ვითარებაა, რომ ამავე კვლევით ტერიტორიული მთლიანობის თემა, რომელიც ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა, ჩანაცვლდა სხვა პრიორიტეტული საკითხებით.

ამ სოციალურ-ეკონომიკური ვითარების დამძიმების ფონზე, რამდენად მნიშვნელოვანია რეალური მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგა, და არა ის ცნობილი მესიჯები, დღეს თუ ხვალ, ევროკავშირის ან ნატოს წევრი გავხდებით?

- აუცილებელია, ძალიან კონკრეტული ეკონომიკური და სოციალური პარამეტრების მატარებელი პროდასავლური პროგრამა ან პროექტი. მაგალითად, იგივე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ძალიან რეალისტური ვადებში და რუსული ბაზრის ალტერნატივა. დღეს, ამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დიდი ნაწილი, სწორედ რუსეთის ბაზრისკენ იყურება და რუსეთისგან ელოდება ეკონომიკურ გადარჩენას. იგივე უნდა გააკეთოს დასავლეთმა, მაგრამ ამისათვის შეთავაზებები და ინიციატივები უნდა წავიდეს საქართველოს ხელისუფლებისგან.

მეორე, ასევე, რაც მნიშვნელოვანია - დასავლეთის სახელს უნდა მიებას ლარის გადარჩენის თემა. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა გარდაუვალი კრახისგან სწორედ დასავლეთის რამდენიმე მილიარდიანმა დახმარებამ იხსნა. კეთილი ინებოს საქართველოს ხელისუფლებამ და როგორმე ლარის გადასარჩენად დასავლეთისგან მოიპოვოს ფინანსური დახმარება და ამას ძალიან ღიად უნდა დაერქვას, რომ საქართველოს ეკონომიკა და ლარი გადაარჩინა დასავლეთმა.

იმისათვის, რომ დასავლეთისგან მოვიპოვოთ ფინანსური დახმარება, ალბათ, დასავლეთისთვის მისაღები უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. ფაქტია, რომ დღეს ამ მიმართულებით გაჩნდა კითხვის ნიშნები...

- ამის კარგი ნიშანია თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა, რაც მოასწავებს იმას, რომ დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართ არ შემცირებულა, რისი შიშიც გვქონდა ძალიან ბევრს. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. რეალობამ აჩვენა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ეკონომიკური პრობლემები, ლარი, ფასების ზრდა, უმუშევრობა და ა.შ. ამიტომაც, დასავლეთმა ძალიან კონკრეტული და ხელშესახები შედეგი უნდა დადოს სწორედ სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოს საზოგადოების შეტრიალებას დასავლეთისკენ.

რუსული ჰიბრიდული ომისგან დასაცავად საკანონმდებლო დონეზე მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების ზომების პაკეტი. ამასთან ერთად, თუკი საგარეო პოლიტიკას კონკრეტული მიზანი ექნება, როგორიც არის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და დასავლეთის ფინანსური დახმარებით ლარის გადარჩენა, ასეთ შემთხვევაში, უკვე აზრი აქვს აქტიური საინფორმაციო პოლიტიკის წარმოებას, რომელსაც ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგი ექნება მისატანი მოსახლეობასთან, სხვაგვარად, ცარიელი მესიჯებით სოციალურად და ეკონომიკურად შეჭირვებული ხალხის შეტრიალება დასავლეთისკენ, გამორიცხულია.

ხელისუფლების მთავარი მოტივაციაა, არ გავაღიზიანოთ რუსეთი. როგორ ფიქრობთ, ამიტომაც ცდილობს ხელისუფლება, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოოს და რამადენად სწორად აკეთებს ამას?

- დაბალანსებული პოლიტიკა არ ნიშნავს კაპიტულაციას. ის, რაც დღეს ხდება საქართველოს სინფორმაციო სივრცეში, ეს არის კაპიტულაცია.

თავისთავად ჩნდება კითხვა, ხელისუფლება რატომ არ არის დაინტერესებული, აღკვეთოს ეს პროცესი, რასთან გვაქვს საქმე, უმოქმედობასთან თუ არაკვალიფიციურობასთან?

- არ ვიცი, ამ შემთხვევაში რთულია იმის თქმა, თუ რას უკავშირდება, ხელისუფლების უმოქმედობა - მის არაკვალიფიციურობას, თუ გამიზნულ ქმედებას. ხელისუფლების არაკვალიფიციურობა ძალიან ბევრ სფეროშია საგრძნობი. ამიტომ, რთულია ამტკიცო, რომ ხელისუფლება რუსულ საინფორმაციო შტურმზე თვალის დახუჭვით, ერთგვარ ხელშემწყობ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგი ერთია - საქართველოს საინფორმაციო სივრცე აბსოლუტურად გახსნილია რუსული პროპაგანდისთვის.

სიმართლე რომ ითქვას, რუსული პროპაგანდის აღკევთა ძალიან რთულია, ვერც ჩვენზე გაცილებით გამოცდილი ევროპის ქვეყნები ებრძვიან მას ეფექტურად, მაგრამ იქ კომპლექსური ხედვა ყალიბდება და რაღაც ზომები მიიღება. ძალიან იოლია დაკეტო ყველა რუსული საინფორმაციო არხი, აკრძალო რუსული ფულით დაფინანსებული არასამთავროები და შეზღუდო იმ პარტიების საქმიანობა, რომლებიც ნატოს და ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდიან, ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ეს უკვე აღარ არის დემოკრატიული სახელმწიფო. საჭიროა მწყობრი, ერთიანი უსაფრთხოების, საინფორმაციო და საგარეო პოლიტიკის ფორმირება რუსული საინფორმაციო და ეკონომიკური გავლენის დასაბალანსებლად.