ლარის კურსს ჯერჯერობით არაფერი ეშველება

ლარის კურსს ჯერჯერობით არაფერი ეშველება

თანდათან იკვეთება, რომ ლარის კურსს ახლო პერიოდში აღარაფერი ეშველება. უკვე საუბარია არათუ მის გამყარებაზე, არამედ როგორმე არსებული კურსის შენარჩუნებაზე, რომელიც ეკონომიკას ყოველდღიურად ძირს უთხრის. ოფიციალური პირების კომენტარები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ვითარება ურთულესია. პასუხისმგებლობას კი ყველა თავს არიდებს. ამასობაში კვირიდან კვირამდე ლარი მეთოდურად ეცემა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით მომავალ კვირამდე პოზიციის დაფიქსირებას არ აპირებს. მისი თქმით, საქართველოში ახლა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ღონისძიებები იმართება, შესაბამისად, ყველაფერი გამოყენებული უნდა იყოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენისთვის.

„მხოლოდ და მხოლოდ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და ამაზე ვიფიქროთ. რაც შეეხება გაცვლითი კურსის საკითხს, გასაგებია, რომ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ძალიან აწუხებს და არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. კონფერენციის დასრულების შემდეგ, მომავალ კვირას წარვსდგები პარლამენტში, სადაც საუბარი გვექნება ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩემი თხოვნაა, ეს ფორუმი მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმ მიზნებისათვის, რაც ქვეყნისთვის აუცილებელი და სასარგებლოა. ეს არის ინვესტიციების მოზიდვა, რაც ერთადერთი გზაა გადავწყვიტოთ უმუშევრობის პრობლემა, გაიზარდოს რეალური შემოსავლები და მოსახლეობის წინაშე არსებული ყველა ფუნდამენტური საკითხი გადაწყდეს რაც შეიძლება სწრაფად“, - აღნიშნა ქადაგიძემ.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ ლარის კურსზე დიდ თავის ტკივილი დღეს არ არსებობს, მაგრამ სანუგეშოს მინისტრიც ვერაფერს ამბობს. მისი თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა ამ დროისთვის არსებული პარამეტრები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მნიშვნელოვან რყევას ადგილი არ ექნება.

„ლარის კურსზე მეტი თავის ტკივილი, ალბათ, დღეს არ არსებობს. გარღვევა, რომელიც იყო იმპორტსა და ექსპორტს შორის, ფაქტობრივად, ნულზე არის დასული. ტურიზმის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენცია გვაქვს. მთავრობის დამტკიცებასთან ერთად, სავიზო-ლიბერალიზაციის კუთხით ყველა ნაბიჯი გადაიდგა. კანონი უკვე მიღებულია. უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომაზე განიხილება პაკეტი, რათა მნიშვნელოვნად შევამსუბუქოთ ტურისტების შემოსვლის პროცედურები.

ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვან რყევას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან იგი არის ნაზავი ფუნდამენტური მონაცემებისა და ემოციებისა. რაც უფრო დამშვიდებული იქნება ბაზარი, მით უფრო ნაკლები იქნება ემოციური კომპონენტი და ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალში დიდწილად ლარის კურსი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს კი ევრობანკის ღონისძიების იმედი აქვს, რადგან ეს ზრდის საქართველოსადმი ინტერესს, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და შესაძლებლობას იმისა, რომ განვითარდეს ეკონიმიკა, რაც თავისთავად აისახება ყველა პროცესზე, მათ შორის, გაცვლით კურსზეც. უფრო კონკრეტული მინისტრს ეროვნული ვალუტის თაობაზე არაფერი უთქვამს.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ კი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას. ბანკის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბარტიმ შეფასებით, სხვა ქვეყნებისათვის სამაგალითოა მოდელი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. აგრეთვე გონივრულია მცურავი გაცვლითი კურსის და მნიშვნელოვანია სავალუტო რეზერვების შენარჩუნება-გაფრთხილების პოლიტიკა.