„ევრაზიული ძალების რაოდენობის გაზრდა ნაცმოძრაობის ფსევდოდასავლურმა რიტორიკამაც გამოიწვია“

„ევრაზიული ძალების რაოდენობის გაზრდა ნაცმოძრაობის ფსევდოდასავლურმა რიტორიკამაც გამოიწვია“

NDI-ს ახალი კვლევის თანახმად, უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა. მართლია, ქართველი ამომრჩეველი არჩევნებზე მიდის, მაგრამ ის კი არ იცის, ხმა ვის მისცეს. გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ არის. როგორც ჩანს, მოსახლეობას, მეტ-ნაკლებად, არავის იმედი არ აქვს. ამ კვლევასთან დაკავშირებით უმრავლესობამ თავის დამშვიდების ტაქტიკა არჩია - ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მას კარგად ახსოვს, 2012 წლის სექტემბერში როგორი შედეგი დადო NDI-მ და პირველი ოქტომბერს რა შედეგი დაფიქსირდა, ხოლო ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ საბოლოო კვლევა არჩევნებია და იგი სწორედ არჩევნებს ენდობა.

ექსპერტი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ NDI-ს კვლევების სანდოობაზე საუბარი ზედმეტია და საქართველოს მოსახლეობისთვის უცნობია ერთი ფაქტი.

- ამ დღეებში ვაპირებდი ამ ფაქტის გამოქვეყნებას, მაგრამ თქვენ დამასწარით. ამერიკაში არსებობს ორი ტიპის არასახელმწიფოებივი სტრუქტურა - ანალიტიკური ცენტრები და ლობისტური ორგანიზაციები, რომლებიც ასრულებენ გარკვეული ტიპის დავალებას. ეს მიღებული მომენტია და არავინ არ უნდა შეაცდინოს ქართული საზოგადოება, თუ რას წარმოადგენს NDI და IRI. ესენი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, ისინი არიან ლობისტური ორგანიზაციები. ეს არ იციან საქართველოში და ერევათ ხოლმე. ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, ესენი აბსოლუტურად ლეგიტიმური სტრუქტურები არიან, განსხვავებით, ჩვენი კანონმდებლობისგან.

მაგრამ გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან არცერთი პარტია ახლოს არ დგას. საქართველოში არსებული გაურკვეველი ვითარება ამ კვლევის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა?

- ბუნებრივია, ასეთი სიტუაცია საქართველოში არსებობს. მეც ვუერთდები საზოგადოების ამ ნიჰილისტურ აზრს, პოლიტპატიმრების არც ერთი საქმე არ იქნა ბოლომდე მიყვანილი, არ მოხდა მათი რეაბილიტაცია. ამდენად, „ქართული ოცნების“ მიმართ როგორ შეიძლება მქონდეს სენტიმენტები? რასაკვირველია, ვიზიარებ იმ აზრს, რომ საზოგადოებაში აპათიაა, ადამიანებმა არ იციან, ხმა ვის მისცენ და დამაჯერებელია, რომ გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. ეს არ არის ახალი და ეს კვლევა რომ ჩაეტარებინა ჭეშმარიტად მართალ არასამთავრობო ინსტიტუტს, ისიც ამ დასკვნას დადებდა. როგორ შეიძლება, დადო პოზიტივი, როცა ლარის მაქსიმალური რყევა არსებობს, ეკონომიკაში არის საკმაოდ ცუდი სიტუაცია, პოლიტიკური კურსითაც რთული ვითარებაა. მე მიკვირს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გამოხატული დაბალი შეფასება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე მაინც ასრულებს თავის მოვალეობას. პარლამენტი არის საკმაოდ საინტერესო ბერკეტი, მთავრობაზე ძლიერი ინსტიტუტი.

სულ ახლახანს აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობის 31 %-მდე გაზრდამ. ამასთან დაკავშირებით ექსპერტთა ნაწილი განსხვავებულ პოზიციას გამოთქვამს, ბევრს ეჭვი ეპარება ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვის ზრდაში, თუმცა არიან ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ არსებობს სამი მიზეზი, რის გამოც ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა და ეს რიცხვი რიგის სამიტის შემდეგ უფრო იმატებს. მათი თქმით, კრემლის იდეოლოგია მუშაობს და საქართველოს მთავრობა ამას ვერაფერს უპირისპირებს, საქართველოს მთავრობისგან იმედგაცრუებულია ხალხი და ევროპას ისედაც არ ვუნდივართ. თქვენი აზრით, რეალურია ციფრები, რაც NDI- დადო ევრაზიულ კავშირთან მიმართებით?

- სამწუხაროდ, შეიძლება, ეს ციფრები მართლაც რეალურია, მძიმე ეკონომიკურ ვითარებას მოჰყვება ნოსტალგია. საქართველოში ეს ნოსტალგია რას უნდა შევადაროთ, თუ არა - საბჭოთა ნოსტალგიას, როცა იყო საქართველოში სტაბილური ეკონომიკური პირობები. ამდენად, ზოგიერთებს გაუჩნდათ ნოსტალგიური სინდრომი.

რომელიც ძველ თაობას უფრო აქვს, ვიდრე ახალგაზრდობას?

- ახალგაზრდობაშიც არის ეს სინდრომი, მათაც ახსოვთ წარსულის წლები, ზოგი კომუნისტი იყო, ზოგი-ოქტომბრელი ან პიონერი. მეორეც, კრემლმაც გააძლიერა ზემოქმედება, ცხადია, ესეც მოქმედებს.

პროგნოზირებთ, რომ რიგის სამიტის შემდეგ, ნაკლებ ოპტიმისტურ შედეგებს პრორუსული ძალები სათავისოდ გამოიყენებენ და ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოში? ბოლოს და ბოლოს, რუსეთს შეუძლია შემოგვთავაზოს ვაჭრობა, თავდაუსხმელობის გარანტია, შეიძლება, ასევე, ტერიტორიების დაბრუნებაზეც იყოს საუბარი.

- სხვათა შორის, ეს იდეა თავის დროზე გაახმიანა მარკოვმა, რომ საქართველოს შეუძლია, ევრაზიულ კავშირში გარანტიები მიიღოს. მარკოვი არის კრემლთან დაახლოებული პოლიტიკოსი და პოლიტტექნოლოგი. ამაზე არავის არ უთქვამს უარი. გარდა ამისა, მოქმედებს ნოსტალგიური სინდრომი, საქართველოს ელექტორატის უმეტესობა იმ ასაკის ადამიანები არიან. მესამე მომენტიცაა, ამას თვითონ იძლევა დასავლეთის მიდგომა, როცა ამბობენ, რომ ამდენი ხნის მანძილზე საქართველოს ნატოში არ შეესვლება, ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხიც პრობლემურია. საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ მოითმენს.

ანუ, რიგის სამიტის შემდეგ 31%-ზე მეტს მოუნდება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება?

- რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო რეალობაა. ეს სამი ფაქტორია ძირითადი და დასავლეთი გვიკეთებს ერთგვარ იგნორს. თქვენ წარმოიდგინეთ, 50 წლის განმავლობაში რთულ მდგომარეობაში იყო თურქეთი, ბოლოს მოვიდა ერდოღანის ფრთა, რომელიც რბილ ისლამისტურ პროექტს წარმოადგენს და მან აიღო სულ სხვა პოლიტიკური ორიენტაცია. არის რაღაც ზღვარი და, თუ შენ ხანგრძლივად გეუბნებიან უარს, შენში ინსტიქტურ დონეზე მოქმედებს თავმოყვარეობის ელემენტი. ამიტომ დასავლეთიც იძლევა ამის იმპულსებს.

ამას წინათ მოლდოვაში ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში ძლიერად ჩანს მოსკოვური გავლენა, მას შემდეგ, რაც მოლდოვაში გავრცელდა ვიზა-ლიბერალიზაციის პოლიტიკა, ამან დასავლური სეგმენტი ისე გააძლიერა, რომ პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა გაიმარჯვეს პრორუსულ ძალებზე, რომლებიც ისევ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებდნენ. ანუ, ეს მოტივაციური ფაქტორი იყო და, როცა ვიზა-ლიბერალიზაციის მომენტსაც ახშობ, ბუნებრივია, 31% კი არა, პროცენტული მაჩვენებელი რომ 50%-მდე არ ავიდა, არ არის გასაკვრი?

ჩემმა სტუდენტებმა გორის რაიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს საინტერესო სოციოლოგიური გამოკვლევა, თუ რამდენი უჭერდა მხარს ნატოში გაწევრიანების პროცესს? გამოიკვეთა შედეგი -50/50 %-ზე.

პრეზიდენტ მარგველაშვილის თქმით, პროდასავლური იდეების პოპულარიზაციისთვის საჭიროა, რომ იმ პარტიებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის პროდასავლურ კურსს, უფრო მეტი კონსოლიდაცია გამოიჩინონ. იზიარებთ ამ პოზიციას, თუ ეს უკვე მკვდრადშობილი იდეაა დასავლური არჩევანის მიმართ ხალხის ნიჰილისტური განწყობის მატების გამო?

- ამას ვიზიარებ, მაგრამ ნაცმოძრაობასთან ერთად ამ მიმართულებით გააქტიურება დამღუპველი იქნება. მეოთხე ფაქტორი, თუ რატომ მოხდა ევრაზიული ძალების რაოდენობის გაზრდა, ეს იყო ნაცმოძრაობის ფსევდოდასავლური რიტორიკა, ანუ სწორედ ნაცმოძრაობა რომ უჭერდა მხარს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ამან გამოიწვია საზოგადოებაში დიდი გაღიზიანება, რადგან ნაცმოძრაობა ასოცირდება ციხის კადრებთან, პოლიტიკურ ტერორთან და სააკაშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან. ეს ყველაფერი პროდასავლურობის ხიბლს დაბლა წევს. ამიტომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაერთიანდეს, რომელიც დასავლურ იდეას იზიარებს, მინუს ნაცმოძრაობა, რადგან ნაცმოძრაობასთან რაიმე თანამშრომლობა კიდევ უფრო გაზრდის ევრაზიული კავშირის რაოდენობას და გადააღწევს კრიტიკულ ზღვარს- 50%-ზე მეტს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ თვითონ ევროპის იდეაა საქართველოს მოსახლეობისთვის გაუგებარი და დროში უსაზღვროდ გაწელილი? მიუხედვად იმისა, რომ გვაქვს ნატოს ცენტრი, ევროკავშირისკენ სწრაფვის ორგანიზაციები, მაინც ადამიანებს ახსოვთ საბჭოთა დროის ელემენტარული სიკეთეები - დენი, გაზი, საკვები, ევროპისგან კი კონკრეტულად რა სიკეთე მიიღეს, ვერ იხსენებენ. ამას ემატება არასწორად გაგებული ევროპა-17 მაისი, ლგბტ საზოგადოების გააქტიურება, მართლმსაჯულების დაბრკოლება.

- მინდა შეგახსენოთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ჯარიმის სახით 33 ათასი ევრო დააკისრა საქართველოს მთავრობას „იდენტობისა“ და 14 განმცხადებლის სასარგებლოდ. მესმის, რომ ხალხს ახსოვს საბჭოური კარგი ცხოვრება, მაგრამ ვფიქრობ, ევროპის იდეა გაუგებარი არ არის და საქართველოში კარგად აქვთ შემორჩენილი ისტორიული მეხსიერება - საბჭოთა ტოტალური ოკუპაციის სახით. საქართველოს მოსახლეობა მაშინ არ დაუჭერდა მხარს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არ ექნებოდა გაცხოველებული. ადამიანებს უნდათ საკმაოდ სტაბილური კეთილდღეობის ტიპის საზოგადოებაში ევროპის წევრად გახდომა, სადაც მომგებიანობა და სარგებლობა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე საბჭოთა სისტემაში არსებობა. ეს მიმართულება არსებობს.

რამდენად დამაჯერებელია კრემლის კულუარული სავარაუდო დაპირებები, რომ ევროპას მაინც არ უნდიხართ და მიიღებთ იმ სიკეთეებს, რაც გქონდათ საბჭოთა კავშირის დროს...

- ევრაზიული კავშირი ეს არ არის საბჭოთა კავშირის აღდგენის მომენტი.

მაგრამ ამის საფუძველი ხომ გახდება?

- საფუძველი არის, რადგან აქ სამი სახელმწიფოა გაერთიანებული - ბელორუსია, ყაზახეთი და რუსეთი, რომლებიც მეტ-ნაკლებად თავის დროზეც, 1922 წელს იყვნენ საბჭოთა კავშირის დამფუძნებელები. საბჭოთა კავშირი დააფუძნა ოთხმა ობიექტმა- საბჭოთა რუსეთმა, ბელორუსმა, უკრაინამ და ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ - (საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა). ეს პოლიტიკური ასოციაციის ელემენტებს ქმნის, რომ შეიქმნას ერთიანი საბჭოთა სისტემა. ევროკავშირიც იღებს პასაჟებს საბჭოთა სოციალისტური, კომუნისტური საზოგადოებისგან. ევროკავშირის სისტემა კოპირებულია საბჭოური და პოსტსოციალისტური ბანაკიდან. ვარშავის პაქტი იყო მახინჯი გამოვლენა, მაგრამ ცივი ომის პერიოდში სოციალურ ბანაკში ეფექტურად მუშაობდა ურთიერთდახმარების ეკონომიკური საბჭო და აჭარბებდა მაშინდელი ევროკავშირის ეკონომიკურ პარამეტრებსაც კი. განსხვავება ისაა, რომ ევროკავშირი გათვლებს აკეთებს ეკონომიკურ პარამეტრებზე და გეოპოლიტიკა არის ზედნაშენი ევროკავშირის მოდელის, ხოლო ევრაზიულ კავშირში პირიქითაა. იქ ჯერ გეოპოლიტიკური იდენტობაა და მერე ამის საფუძველზე ხდება ეკონომიკური ზედნაშენის აშენება.

თქვენ ახსენეთ ბელორუსია. ლუკაშენკოს ჩამოსვლა უპრეცედენტო ფაქტი იყო, რადგან იგი, როგორც სააკაშვილის მეგობარი, ცხრა წლის მანძილზე საქართველოში არ ჩამოსულა მიშასთან, პოლიტიკურ კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ლუკაშენკომ მარგველაშვილს პუტინთან შეხვედრა შესთავაზა, თუმცა მარგველაშვილი დღეს ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა ეძებს კიდევ რამდენიმე კვადრატულ მეტრს გასაფართოვებლად. ამით ნათელია მარგველაშვილის პოზიცია, მაგრამ ვრცელდება ნინო ბურჯანაძის მოსაზრებაც, რომ 9 მაისს ჩვენი ხელისუფლების მოსკოვში ჩასვლა დიალოგის დაწყების შანსი იყო.

- სამაგიეროდ, ბელორუსიაში ინტენსიურად ჩადიოდნენ მიშას ემისრები-მერაბიშვილი და სხვები, ვანო მერაბიშვილისა და ლუკაშენკოს რუხი კარდინალის- შეიმანის მეგობრობა და პარტნიორობა უკვე დასადასტურებული ფაქტია. არ დაგავიწყდეთ, რომ ლუკაშენკოც არ ჩასულა მოსკოვში და არ იღებდა მონაწილეობას 9 მაისის აღლუმზე. თუმცა ვთვლი, რომ 9 მაისს ჩვენ უნდა გაგვემართა აღლუმი, ეს იქნებოდა კარგი პასუხი პუტინისადმი, რადგან საქართველომაც მიიღო მონაწილეობა ნაციზმის დამარცხებაში და ეს უნდა აგვეღნიშნა. დღეს საქართველო და რუსეთი საომარ ვითარებაში არიან, მცოცავი ოკუპაციის პირობებში ვართ და, რომ არ ყოფილიყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კაბალური ხელშეკრულების გაფორმება და მცოცავი ოკუპაცია, კიდევ შეიძლებოდა ჩასვლაზე ფიქრი. როცა ეს ორი ფაქტორია და რუსეთი კიდევ გიცხადებს არა ფარულ, არამედ ღია ომს, მაშინ ომის პირობებში როგორი იქნებოდა სტალინის ბერლინში ჩასვლა ან ჰიტლერის ჩამოსვლა მოსკოვში 1942 წელს?

რა თქმა უნდა, დიალოგი აუცილებელია. თვით უკრაინასაც კი, რომელსაც ყირიმი ძალით წაართვეს და დონბასში პრობლემები აქვს, არ გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. პოროშენკო თუ ჩვენზე ჭკვიანია, არ ვიცი. რუსეთთან ურთიერთობის ბევრი მოდელი არსებობს.

თუკი საქართველოში პრორუსულ და პროევროპულ ძალებს შორის ასეთი მკვეთრი გადანაწილებაა, რაც NDI- დასკვნაში ფიგურირებს, და, თუკი რიგის სამიტის შემდეგ ევრაზიის მომხრეთა რიცხვის გაზრდაა მოსალოდნელი, მაშინ რამდენად მაღალია დაპირისპირების პერსპექტივა ამ ორ ძალას შორის?

- არა მგონია, ამან სამოქალაქო ომი გამოიწვიოს, თუ ეს საგარეო ფაქტორებით არ იქნება ნაკარნახევი. განსაკუთრებით, კრემლმა შეიძლება დაძაბოს ურთიერთობები. ჩვენ ვზივართ ნაღმზე და რომელი ნაღმი როდის აინთება, არავინ იცის. რისკი არის და პოლიტიკა მყიფე სფეროა. საქართველოში შიდა პოლიტიკურმა გაუგებრობამ შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ომი, ჩვენ ამ მხრივ ტემპერამენტული და კოლორიტული ხალხი ვართ, როგორც ეს გამსახურდიასა და მის მოწინააღმდეებს შორის მოხდა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ამანაც დაძაბოს სიტუაცია. თუმცა უნდა მოხდეს პროდასავლური ფასეულობის მომხრე ძალების გაერთიანება, ნაცმოძრაობის გარდა, რადგან ამ საქმეში ნაცმოძრაობის ჩართვა კიდევ უფრო გაზრდის ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვს და ეს იქნება ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება.