პრეზიდენტი ლიდერობს, პრემიერი კი რეიტინგს კარგავს

პრეზიდენტი ლიდერობს, პრემიერი კი რეიტინგს კარგავს

პატრიარქი 87%, გიორგი მარგველაშვილი 52%, ირაკლი ალასანია 51% - ასეთია „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. მოწონების რეიტინგში შემდეგი პოზიციები უკავიათ - დავით უსუფაშვილი - 45%, დავით ბაქრაძე - 44%, ირაკლი ღარიბაშვილი - 40%, კახა კალაძე - 37%, თინა ხიდაშელი - 33%, მიხეილ სააკაშვილი - 30%. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) დაფინანსებით, CRRC-საქართველომ ჩაატარა.

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის პირველი პირების - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. რესპოდენტთა 3% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგად მუშაობს, 16%-ის აზრით, კარგად, 54% მარგველაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 13% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, დანარჩენებმა შეკითხვაზე პასუხი ან არ იციან, ან მისი დაკონკრეტებაზე უარს აცხადებენ.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასების რეიტინგს, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას რესპონდენტთა 2% ძალიან კარგად, 14% - კარგად, 52% საშუალოდ, 16% ცუდად, 5% „ძალიან ცუდად“ აფასებს. პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში კი, აღნიშნული რეიტინგები ასე ნაწილდება - რესპონდენტთა 1%-ის შეფასებით, დავით უსუფაშვილი ძალიან კარგად მუშაობს, 17%-ის აზრით, კარგად, 51% ფიქრობს, რომ საშუალოდ, 13%-ის აზრით, პარლამენტის სპიკერი ცუდად მუშაობს, 2% კი მის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს. 

NDI-ის გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რჩება. გამოკითხულთა მხოლოდ 14% მიიჩნევს, რომ ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა. გამოკითხულთა 41% თვლის, რომ ივანიშვილი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, 30%-ის აზრით, სასურველია, რომ ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი და ამასთან ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა.

კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა - 27%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას, კოალიცია „ქართული ოცნება“ 24%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 16,5%, „თავისუფალი დემოკრატები“ 4%, „პატრიორტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტულ პარტია 3%. კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 56% არჩევნებზე წავიდოდა, 44% კი მონაწილეობას არ მიიღებდა.

რაც შეეხება ინსტიტუციებს, ტოპსამეულში მოხვდნენ იუსტიციის სახლები, რომლებიც საქმიანობის გაზომვის სიაში პირველად მოხვდნენ. რაც შეეხება პოლიციას, ის ინარჩუნებს ადგილს ტოპოთხეულში. თუმცა, თუ შევხედავთ ადრინდელ კვლევებს, ვხედავთ, რომ პოლიციის საქმიანობის დადებითად შეფასება მნიშვნელოვნად შემცირებულია.

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს.33% სამინისტროებს შორის ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს საქართველოს ჯარი, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 7%, კარგად - 43%, საშუალოდ 36%, ცუდად - 3%. რეიტინგის სამეულში პირველად მოხვდა იუსტიციის სახლები, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 6%, კარგად - 31%, საშუალოდ 40%, ცუდად - 5%. მეოთხე ადგილზეა საქართველოს პოლიცია, რომლის საქმიანობასაც ძალიან კარგად გამოკითხულთა 4% აფასებს, კარგად - 32%, საშუალოდ - 45%, ცუდად - 10%, ძალიან ცუდად - 1%. სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 14%, რეგიონული განვითარების სამინისტრო 7%, დევნილთა სამინისტრო 9%, ეკონომიკის სამინისტრო 9%, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ფინანსთა სამინისტროს, რომლის საქმიანობას კარგად აფასებს მხოლოდ 6%.

კვლევის შედეგები შეაჯამა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონიმ, რომლის შეფასებით მოსახლეობა ელოდება ნაბიჯების გადადგმას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც მათ წინაშეა.

„პირველად, მოსახლეობის დიდი ნაწილი აფასებს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება და ეს დიდწილად უკავშირდება ეკონომიკურ მდგომარეობას. შესაბამისად, ეს არის შესაძლებლობა ყველა პარტიისთვის, პროაქტიურად მიაწოდონ ხმა ყველა ამომრჩეველს. ძალიან დიდია ასპარეზი და შეუძლებელია იმის თქმა, ვინ იქნება პოტენციური გამარჯვებული მომავალ არჩევნებში“, - აცხადებს ლორა ტორნტონი.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აფასებენ პოლიტიკური პარატიები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა პოლიტიკოსთა საქმიანობის რეიტინგში პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ლიდერობა, რადგან, ბერძენიშვილის განცხადებით, დავით უსუფაშვილისნაირი დონის მოღვაწე ქვეყანაში ბევრი არ არის.

„ჩემთვის არაა დიდი საიდუმლო, რომ დავით უსუფაშვილი იქნებოდა პირველ ადგილზე, იმ უბრალო მიზეზი გამო ამ დონის მოღვაწე ამ წუთში ქვეყანაში ბევრი არ გვყავს“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

დეპუტატის განცხადებით, კვლევის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა, რომ ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნებაა“ ოპოზიციაში კი „ნაციონალები“.

„ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ არის ყველაზე უფრო პოპულარული პოლიტიკური ძალა, ისიც ფაქტი და სრულიად ნათელია, რომ ოპოზიციაში სერიოზულ ძალას „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. ინსტიტუტების მიმართ ნდობა ყოველთვის საინტერესოა, ყოველთვის როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უარესდება, ინსტიტუტებისადმი ნდობა იკლებს, ხოლო როდესაც ოდნავ გამოჯანსაღების ნიშნებია, ეს ნდობა იმატებს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით უკუსვლაა, გარდა ერთი მიმართულებისა - ჯანდაცვისა. უმცირესობის წევრის განცხადებით, დამპყრობისადმი მორჩილების სურვილის გაჩენის მიზნით, მიზანმიმართულად ხდება ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების მოსუსტება და მათთდამი ნდობის დაკარგვა.

„ხალხმა გააცნობიერა, რომ ბიძინა ივანიშვლმა მოატყუა ადამიანები. გაიზარდა უმუშევრობა, სიღარიბე, იმატა კრიმინალმა, ვხედვათ რა მდგომარეობაშია ლარის კურსი. ეს ყველაფერი არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს. დღესაც კი მთავარობა არ არის მზად, რომ სიმართლეს გაუსწოროს თვალები. მაგალითად, ფინანსთა მინისტრს მიაჩნია, რომ შოკუნიები ყოფილა. პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ქვეყანა წარმატებით ვითარდება.

სამწუხადოდ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ნდობის მაჩვენებელმა იკლო, თუმცა, იმატა პუტინის რუსეთთან ჩახუტების მსურველთა რაოდენობამ. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობთ, რომ ივანიშვილის პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძვლების ნგრევისკენ. ხდება ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების მოსუსტება, მათთდამი ნდობის დაკარგვა და დამპყრობისადმი მორჩილების სურვილის გაჩენა, ეს ტენდენცია ახლა არ დაწყებულია. ეს პროცესი დაიწყო პირველი დღიდან და სამწუხაროდ, გრძელდება“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოს განცხადებით, სულ მალე გამოქვეყნდება მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ახლოსაა NDI-ს კვლევის შედეგებთან. მისივე თქმით, ის რომ, ჯანდაცვის სამინისტრო ლიდერობს სახელმწიფო უწყებებს შორის, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. 

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზოგადად ცხოვრებისეული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლიდერობა და აღიარება ყოველთვის გაზრდილ პასუხისმგებლობას გულისხმობს, სხვა შემთხვევაში შეიძლება დიამეტრალურად განსხვავებული დამოკიდებულება მივიღოთ საზოგადოებისგან. ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხზე. ის რაც განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროში, იყო არა მინისტრის, არა სამინისტროს დამსახურება, არამედ მთლიანად სამთავრობო გუნდის და პოლიტიკის. ჩემი შეფასებით, ეს გარკვეულწილად, შეიძლება, ურთიერთგამომრიცხავი მიგნებები იყოს ამ კვლევის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

„2012 წლის სექტემბერში მახსოვს როგორი შედეგი დაიდო NDI-ს კვლევის და ვიცი 1 ოქტომბერს რა შედეგიც იყო“, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური NDI-ს კვლევებს, რომლის მიხედვითაც სამინისტროებს შორის ყველაზე ცუდი რეიტინგი სწორედ ფინანსთა სამინისტროს აქვს.

„თავს შევიკავებ NDI-ს კვლევების კომენტირებისგან. უბრალოდ, შეგახსენებთ, ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, 2012 წლის სექტემბერში მახსოვს როგორი შედეგი დაიდო და მერე ვიცი, 1 ოქტომბერს რა შედეგიც იყო“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.