„ძალიან დიდი ძალა არის კონცენტრირებული შსს-ში და რა თქმა უნდა, ეს უნდა გაიყოს“

„ძალიან დიდი ძალა არის კონცენტრირებული შსს-ში და რა თქმა უნდა, ეს უნდა გაიყოს“

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შსს-ს რეფორმირების და უშიშროების სამსხურის ცალ-ცალკე უწყებად ჩამოყალიბების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ გადაწყდება. თუმცა, უშიშროების ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბების პროცესი, ჯერჯერობით, არ დაწყებულა. უკვე ცნობილია, რომ ცვლილებების მიხედვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შსს-ს გაემიჯნება და ის განსაკუთრებულ საპარლამენტო კონტროლს დაექვემდებარება.

„პოლიციის ორგანოების ძირითად ფუნქციად დანაშაულის თავიდან აცილება და აღკვეთა დარჩება. იგეგმება სისტემის გაყოფა. ცალკე სტრუქტურად დარჩება შს სამინისტრო და შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, ასევე, სპეციფიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა დაეკისრება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას მტკიცებით, სუს-ის ხელმძღვანელი ორმაგად ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი ხდება, რაც მისივე დანიშვნით განისაზღვრება, პირველი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მთავრობას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს, შემდეგ მის კანდიდატურას მთავრობა წარუდგენს პარლამენტს და პარლამენტი მას აირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რაც ლევან იზორიას განცხადებით, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციაა.

„რაც შეეხება ანგარიშვალდებულების სისტემას - ის იქნება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული. კონკრეტულად კი, წელიწადში ერთხელ მოხსენებით წარსდგება პარლამენტის წინაშე. ეს კანონით სავალდებულო იქნება. კითხვები, რომელიც შეეხება მათ შორის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჯარო განხილვის, დისკუსისს და კრიტიკის საგანი იქნება“, - აცხადებს ლევან იზორია.

სუს-ის ხელმძღვანელი 6 წლის ვადით დაინიშნება, რაც ლევან იზორიას განცხადებით, გამორიცხავს იმას, რომ ეს სამსახური გახდეს პოლიტიკური კინკლაობის და პოლიტიკური დარტყმის ობიექტი.

„გასული წლების მთელი უბედურება იყო ის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ამ უწყებას, სადაც იყო ძალაუფლება კონცენტრირებული, არ გააჩნდა გარე კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმები“, - განაცხადა გადაცემა „20/30“- ის ეთერში ლევან იზორიამ.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში, ატლანტიკურმა საბჭომ საზოგადოებას წარუდგინა კვლევის შედეგები, რომელიც შეეხებოდა უსაფრთხოების სექტორს. კვლევაში დეტალურად იყო საუბარი შსს-ს ინსტიტუციონალური გამოყოფის აუცილებლობის შესახებ.

თუმცა, როგორც სამართლამცოდნე ლევან ალაფიშვილი ამბობს, მაშ შსს-ს ხელმძღვანელობა და მათ შორის მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია საპირისპიროს ამტკიცებდნენ და აცხადებდნენ, რომ უწყების რეფორმა განხორციელდა, რის შედეგადაც ძალოვანი სტრუქტურის დეპოლიტიზაცია მოხდა.

ლევან ალაფიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს გაატაროს კოსმეტიკური ცვლილებები და არა რეფორმები. მისივე თქმით, თებერვლის თვეში მთავრობის დაქვემდებარებაში ორი სხვადასხვა კომისია შეიქმნა, ერთი - შსს-ს მეორე- პროკურატურას რეფორმასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას კანონპროექტები დაანონსებული აქვს, კომისიის წვრებმაც კი არ იციან, რა სამუშაო გასწია ამ კომისიამ.

„რადაგან შსს-ს და პროკურატურის რეფორმაზეა საუბარი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივეს ძალიან დიდი ფუნქციები აქვს გამოძიებასთან მიმართებაში. აქ მექანიკური გაყოფა არ გამოვა. ორივე სტრუქტურის რეფორმა ერთიანად უნდა იქნეს წარმოდგენილი. შსს უნდა აღიჭურვოს პოლიციური და საზოგადოებრივი დაცვის ფუნქციებით.

რაც შეეხება იგივე სუს-ს, მას უნდა ჰქონდეს ის ფუნქცები, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოება და მისი უზრუნველყოფა ჰქვია, ეს არის ის საკითხები, რომელთა ირგვლივაც უნდა ჩამოყალიბდეს რეფორმა. ასევე, უმთავრესია, რომ არა სუს-ის სისტემაში, არამედ დამოუკიდებლად უნდა გავიდეს მოსმენების უზრუნველყოფის სამსახური“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შსს-ში გაუქმდა სოდ-ის და კუდ-ის დეპარტამენტი, მის ბაზაზე ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სამართალმცოდე, დავით ჯანდიერი ამბობს, რომ ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ეს არაა საკმარისი.

„ძალიან დიდი ძალა არის კონცენტრირებული შსს-ში და რა თქმა უნდა, ეს უნდა გაიყოს, რაც იყო კიდევაც „ქართული ოცნების“ დანაპირები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნა პოლიციის დამოუკიდებლობის ცალკე უზრუნველყოფა და იმის განსაზღვრა, თუ რა ურთიერთდამოკიდებულება იარსებებს მინისტრსა და პოლიციას შორის. მინისტრი უნდა იყოს პასუხისმგებელი და უფლებამოსილი, რომ იფიქროს ორგანიზაციულ მხარეებზე, მაგრამ თვითონ პოლიცია უნდა იყოს დამოუკიდებელი და ამის გარანტია უნდა არსებობდეს“, - აცხადებს დავით ჯანდიერი.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დანიშნვას, დავით ჯანდიერი თვლის, რომ დამოუკიდებლობის და დანიშვნის უფრო მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად, გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება თუკი პრეზიდენტის მიერ მოხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღავნელის წარდგენა პარლამენტში შემდგომი დამტკიცებისთვის, რაც ბუნებრივია, არ გამორიცხავს პროცესში მთავარობის ჩართულობას.