700-მილიონიანი კარბამიდის ქარხნის მშენებლობა შეიძლება აღარც დაიწყოს. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ პროექტი დროებით შეჩერდა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კი ამბობს, რომ იგი ფინანსურად არამომგებიანია. თუკი მომავალი ბიზნეს არარენტაბელურია, თავისთავად იქ კაპიტალის დაბანდებას ყველა მოერიდება. შესაბამისად, აზერბაიჯანელებმა ქარხანაში ინვესტირება გადაიფიქრეს.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „სოკარის“ მიერ საქართველოში მრავალმილიონიანი პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან ტელეეთერში აღნიშნა, ქარხნის მშენებლობის გეგმების დროებით შეჩერების მიზეზი ისაა, რომ პროექტი ფინანსურად არამომგებიანია.
„კარბამიდის ქარხნის პროექტი ფინანსურად არამომგებიანი იყო, როგორც საქართველოსთვის ასევე აზერბაიჯანული მხარისთვის. ეს იყო საერთო შეთანხმება, რომ დროებით შეგვეჩერებინა პროექტის განხორციელების გეგმები.
აზერბაიჯანულ მხარეს ჰქონდა პრობლემები ბუნებრივ აირთან დაკავშირებით. საქართველო ბუნებრივი აირის 80%-ს იღებს აზერბაიჯანიდან. წელს ზამთარში ჩვენ გარკვეული პრობლემები გვქონდა, მიგვეღო ის რაოდენობა, რომელიც სჭირდებოდა ჩვენ ქვეყანას და მე მესმის მათი“, - აღნიშნა კალაძემ.
იმის შესახებ, რომ პროექტი ფინანსურად არამომგებიანია, აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის პრეზიდენტს როვნაგ აბდულაევს თავის განცხადებაში არ უხსენებია. მეტიც, ის აცხადებს, რომ სუმგაიტის ქარხანაში, რომლის მშენებლობაც უკვე მიმდინარეობს, 12 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება,
როვნაგ აბდულაევის განმარტებით, ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, კარბამიდის ქარხნისა და „სოკარ პოლიმერის“ პროექტები, უამრავი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.
აბდულაევი იმასაც ამბობს, რომ ქარხნის მშენებლობის პროექტი დროებით შეჩერდა. „ეს გადაწყვეტილება იმის გამო მივიღეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეულ საკითხებზე მოლაპარაკებები ვერ დავასრულეთ“, - განაცხადა „სოკარის“ პრეზიდენტმა.
არადა 2013 წლის სექტემბერში როვნაგ აბდულაევმა სადახლოში სტუმრობისას დაადასტურა, რომ კარბამიდის ქარხნის მშენებლობა, რომელშიც „სოკარი“ 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა, ყულევში 2014 წელს დაიწყებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოს სიმძლავრე წელიწადში 700 ათასი ტონა კარბამიდის წარმოება უნდა ყოფილიყო. პროექტის ღირებულება კი 700 მლნ დოლარი იყო.
გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ყულევში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ამოქმედების ვალდებულება „სოკარს“ 2 წლით გადაუვადდა. ქარხნის მშენებლობის დასრულების ვადად კი 2019 წლის ივნისი დასახელდა.
დაახლოებით 3 წლის წინ სექტემბერში მშენებლობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და „სოკარ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ჩადეს. მას შემდეგ პროექტი წინ ვეღარ წავიდა, ახლა კი გაურკვეველია ვადით შეწყდა.