გზავნილი ბრიუსელიდან - საქართველო წარმოადგენს ნატოს მყარ და მტკიცე პარტნიორს

გზავნილი ბრიუსელიდან - საქართველო წარმოადგენს ნატოს მყარ და მტკიცე პარტნიორს

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილის ბრიუსელში ვიზიტის პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა არის მომავალი რიგის სამიტი და ის შედეგები, რაც შეიძლება მიღწეული იქნას ამ სამიტზე. 

გიორგი მარაგველაშვილი უკვე შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გაიმართა. ნატო-ს გენერალური მდივანის განცხადებით, საქართველო გახდება თუ არა ნატოს წევრი, ეს მხოლოდ საქართველოსა და 28 მოკავშირე ქვეყნის გადასაწყვეტია. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთი სხვა ქვეყნის საქმე არ არის, ვეტო გამოიყენოს, ან რამენაირად ჩაერიოს ამ პროცესში.

„ჩემი გზავნილი გახლავთ ის, რომ საქართველო წარმოადგენს ნატოს მყარ და მტკიცე პარტნიორს და ჩვენ მივესალმებით იმ თანამშრომლობას, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ვახორციელებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესს და ხაზს ვუსვამთ ნებისმიერი ქვეყნის ფუნდამენტურ ღირებულებებს, თვითონ გადაწყვიტოს და თვითონ აირჩიოს რომელ გზას დაადგება.

აქ იგულისხმება უსაფრთხოების მექანიზმებიც, ანუ სამხედრო ალიანსის წევრობა, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა მოისურვებს. საქართველო გახდება თუ არა ნატოს წევრი, ეს მხოლოდ საქართველოსა და 28 მოკავშირე ქვეყნის გადასაწყვეტია და არც ერთი სხვა ქვეყნის საქმე არ არის ვეტო გამოიყენოს ან სხვა რამენაირად ჩაერიოს ამ პროცესში“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისივე შეფასებით, საქართველო ალიანსში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს აღწევს და საქართველო ნატო-ს უახლოვდება - „ჩვენ ველით, რომ საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას“. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო საქართველოს დაეხმარება, რათა მისი თავდაცვა იყოს უფრო მოდერნიზებული.

„გასულ წელს ჩვენ სამიტზე ინიციატივაში მონაწილეობა შემოგთავაზეთ იმისთვის, რომ გაგეძლიერებინათ შესაძლებლობები პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ასევე ავამოქმედეთ არსებითი პაკეტი იმისთვის, რომ საქართველომ გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები. ეს ინიციატივები ხორციელდება. ნატო-ს სამხედროები დაგეხმარებიან თავდაცვის რეფორმების კუთხით. ასევე, წელს ჩვენ ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ბაზას შევქმნით საქართველოში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ერთობლივი უსაფრთხოების კუთხით. მისივე განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს თავდაცვის სფეროში. ალიანსსა და საქართველოს შორის პარტნიორობა გულისხმობს როგორც ნატო-ს წვრთნებს, ასევე ორმხრივ წვრთნებს ნატო-ს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის. 

„ეს წვრთნა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ჩვენი ძალების ურთიერთთავსებადობას და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობებს ზრდის. ჩვენ შევძელით ურთიერთთავსებადობა ავღანეთში ერთობლივი მცდელობით. ჩვენ ახლა ავღანეთში ჩვენს სამხედრო წარმომადგენლობას ვამცირებთ. იქ წვრთნები უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. არსებითი პაკეტის ნაწილია წვრთნები. საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბება კიდევ ერთი ელემენტია. ასევე, ჩვენ მოვამზადეთ ექსპერტთა გუნდი, რომელიც არსებითი პაკეტის შესრულებაზე და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე მუშაობს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

გიორგი მარგველაშვილი უკვე შეხვდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს. იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აპირებს აქტიურად დაიწყოს მუშაობა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაშია გამოკვეთილი.

„შეხვედრაზე ის ძირითადი პრიორიტეტები გამოვყავით, რაც გვაქვს და ვისაუბრეთ განვითარების იმ მიმართულებაზე, რომელიც დავსახეთ რიგის სამიტამდე ერთი თვით ადრე. ასევე ხაზი გავუსვით იმ პოზიტიურ შედეგს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, მათ შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდეც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. საქართველოს რეფორმების თვალსაზრისით საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი ჰქონდა. ამ ყველაფერს ცოტა ხნის წინ საკმაოდ პოზიტიური მოხსენება მოჰყვა. საქართველო ამ თვალსაზრისით, ვიზა ლიბერალიზაციაზე აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იოჰანეს ჰანის განცხადებით, შეხვედრაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ხაზი გაესვა იყო მოსალოდნელი რიგის სამიტი. 

„ასევე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც განვიხილეთ იყო ასოცირების შეთანხმების განხორციელება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომლის შესახებაც აქცენტი თავად ქვეყანამ უნდა გააკეთოს. ასევე ძალიან კარგია, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ, ევროკავშირის მიერ ბოლოდროინდელი დადებითი დასკვნა გამოქვეყნდა. დავუბრუნდეთ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების საკითხს, რომლის დადებითი შედეგები უკვე შეინიშნება ექსპორტის კუთხით.

ჩვენ უფრო მეტ დახმარებას შევთავაზებთ იმ ქვეყნებს რომელსაც გააჩნიათ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმა ევროკავშირთან, ეს არის სამი ქვეყანა, რომელთათვის გრანტის სახით გამოიყოფა 150 მილიონი, რომელიც სესხად გადაეცემა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამ საკითხის გადაჭრას და დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ეკონომიკის სტიმულირებისა და ხელშეწყობისათვის, იმისათვის, რომ მივიღოთ სწორედ ის შედეგები, რომლის დანახვაც სურს ყველას“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს, რიჩარდ ვებერს შეხვდა. 
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროპალატაში წევრობა საქართველოს საშუალებას აძლევს დააკავშიროს ქართული კომპანიები ევროპულ კომპანიებს და ჩართული იყოს ევროკავშირის მნიშვნელოვან ბიზნესზე ორიენტირებულ პროგრამებში, როგორიცაა მაგალითად East Invest. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და ევროპული ბიზნესის დაინტერესების მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის.