„ფაქტობრივად ნაციონალები ხელს უწყობენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც დღეს პარლამენტს გარეთ არიან“

„ფაქტობრივად ნაციონალები ხელს უწყობენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც დღეს პარლამენტს გარეთ არიან“

„ძალიან ხშირად მეჩვენება, რომ რიგი მიზეზების გამო, მინისტრები ინიციატივის დაფიქსირებას ერიდებიან, ვიღაცას უცდიან. ამ ცდაში ყალიბდება ხალის მიუღებლობა მათ მიმართ. სამწუხაროდ, ამ ცდაში ზოგჯერ მათი არსებობა შეუმჩნეველი ხდება, ან პირიქით, შესამჩნევი, მაგრამ არასახარბიელო კუთხით“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლიც კარდინალურ ცვლილებს წინასაარჩევნოდ ვარაუდობს.

რატომ პასიურობენ მინისტრები და არის თუ არა საკვანძო და კარდინალური ქვეყნის ცხოვრებისთვის ის ცვლილებები, რომელიც უკვე განხორციელდა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყავრელიძეს ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება მას მისცემს სტიმულს, ახალი ენერგიით და ძალისხმევით განაგრძოს მუშაობა. რამდენად ძლიერი გუნდით წარსდგა მთვარობა პარლამენტში?

- პრინციპში, დიდ სიახლეებს არც ველოდი. სიახლეები რომ ყოფილიყო, მაშინ არალოგიკური იქნებოდა გუშნიდელი დღე. მთავრობას კარდინალურად განსხვავებული ახალი მიმართულება რომ წარმოედგინა, მაშინ შესაბამისი მიმართულებით ცვლილება უნდა მომხდარიყო მინისტრთა კაბინეტში.

ის ცვლილება, რომელიც განხორციელდა მინისტრთა კაბინეტში, არ არის საკვანძო და კარდინალური ქვეყნის ცხოვრებისთვის?

- არა, ის ცვლილება, რომელიც განხორციელდა მინისტრთა კაბინეტში, ეს არ არის საკვანძო და კარდინალური ქვეყნის ცხოვრებისთვის, გარდა თავდაცვის სამინისტროსი. თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული პროგრამული ხაზი, რომ ჩვენი თავდაცვის სისტემა ინტეგრირებული იყოს დასავლეთის თავდაცვის სისტემებში, ეს აზრი გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა და შეიძლება, ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორდ ის იყო, რომ წინა მინისტრი ვერ ახერხებდა ამ ხაზის ისე გატარებას, როგორც საჭიროა და ამიტომ დაისვა თინა ხიდაშელის საკითხი. თუკი, ამ კუთხით შევხედავთ ვითარებას, წესით, არ უნდა წარმოდგენილიყო კარდინალური სიახლეების შემცველი დოკუმენტი.

ჩემი აზრით, ჩვენ პროგრამას ცოტა ზედმეტად ვაფასებთ. იმიტომ, რომ სიტყვა პროგრამა დროში გაწერილ დოკუმენტს ჰქვია და არც ერთი პოლიტიკური პროგრამა თითქმის არ არის დროში გაწერილი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იყო მოლოდინი, რომ მთავრობა ახალი სამთავრობო პროგრამით წარსდგებოდა პარლამენტში, რომელიც პრობლემების მოგვარებაზე იქნებოდა ორიენტირებული...

- ეს მოლოდინი გვქონდა იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია, და სიტუაციაში თემა არის ლარის კურსი და ამიტომ ველოდით, რომ რაღაცა სიახლეს შემგვთავაზებდა მთავრობა. ამ თვალსაზრისით, ძალიან ბევრ თემაზე გვაქვს პრეტენზია მთავრობასთან, რომ ის, ხშირად, გაუბედავი არის თავის ნაბიჯებში. გვახსოვს, რომ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა და ეს დაპირება დღემე დაპირებად რჩება. სწორედ, ეს არის ერთ-ერთი ის თემა, რომელზედაც მთავრობას საყვედურობენ გაუბედაობას.

არის მეორე საკითხი და არ გამიკვირდება, რომ ერთ-ერთი მოტივი რის გამოც ჯერჯერობით მთავრობა კარდინალური ცვლილებების განხორციელებისგან თავს იკავებს, ეს არის არჩევნები. ურჩევნიათ კარდინალური ცვლილებები განახორციელონ არჩევნების მოახლოებასთან ერთად. არჩევნები ხომ სირბილში შეჯიბრს გაქვს, ან თავიდანავე უნდა გაუსწრო ყველას, ან დაიცადო და ბოლოში გააკეთო ნახტომი.

ხელისუფლების მოქმედების სტილში იკითხება ეს სტრატეგია?

- ამ ვერსიისთვის ჯერჯერობით ადგილი რჩება და მისი გამორიცხვის საფუძველიც არ არის.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად რამდენად აუცილებელია არსებული სამთავრობო გუნდი შეიცავლოს ახალი სახეებით? მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციოლოგიური კვლევის მიხედვით ხელისუფლების რეიტინგი ეცემა...

- დავუშვათ, შემოიყვანეს ახალი სახეები და გააგრძელეს იგივე, მერე რას ვშვრებით? ისევ ახალი სახეები უნდა მოვიყვანოთ? ამის კარგი მაგალითია ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. კერძოდ, თუ დავაკვირდებით სერგეენკო აღმოჩნდა მინისტრი, რომელმაც ინიციატივა გამოიჩინა იმ მიმართულებით, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა ხალხს და ეს მიმართულება მიიყვანა ნორმალურ დონემდე.

შესაბამისად, სხვა მინისტრების საყურადღებოდ შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიურად ვინც ინიციატივას გამოიჩენს, ის ხალხის თვალში იქნება კარგი მინისტრი. ძალიან ხშირად მეჩვენება, რომ რიგი მიზეზების გამო, მინისტრები ინიციატივას ერიდებიან, ვიღაცას უცდიან. ამ ცდაში ყალიბდება ხალის მიუღებლობა მათ მიმართ. სამწუხაროდ, ამ ცდაში ზოგჯერ მათი არსებობა შეუმჩნეველი ხდება, ან პირიქით, შესამჩნევი, მაგრამ არასახარბიელო კუთხით.

თუ გახსოვთ, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი იმის საფუძველზე წამოწია წინ, რომ თავისი ინიციატივით სახელმძღვანელოების და ტრანსპორტის თემა მოაგვარა. დარწმუნებული ვარ, რომ არავის არ უთქვია მარგველაშვილისთვის, რომ ეს გააკეთეო. ნებისმიერი თანამდებობის პირს აქვს ინიციატივის გამოჩენის საშუალებაც და პირობებიც. თუ პასუხისმგებლობას არ აიღებენ თავის თავზე, სახეების ცვლილებით სიტუაცია ვერ შეიცვლება.

რატომ უჭირთ მინისტრებს გადაწყვეტილების მიღება? პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ამას მთავრობის უმოქმედობით და არაპროფესიონალიზმით ხსნის, საპარლამენტო ოპოზიცია ივანიშვილის ფაქტორს უკავშირებს და ამბობს, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები არის ივანიშვილი...

- საერთოდ, ცხოველი იმას აკეთებს, რის საშუალებასაც გარემო მისცემს. რაზედაც შეიძლება საფრთხე შეექმნას, იმას ერიდება. არ ვიცი სამზარეულო, ივანიშვილია, ღარიბაშვილი თუ ვინ, როგორც ჩანს, საფრთხე იქმნება მაშინ, როდესაც ინიციატივას ავლენს ადამიანი.

როდესაც მინისტრს ეშინია ინიციატივის წარმოჩენის, ამ მმართველობას რა ჰქვია?

- არასწორი მმართველობა. თუ თქვენი რედაქტორი ხელს უწყობს თქვენს ინიციატივიანობას, მაშინ იქნებით ინიციატივიანი, თუ არადა, არა. ვინც იღებს გადაწყვეტილებას, იმან უნდა გააცნობიეროს, რომ ხელი უნდა შეუწყოს ინიციატივიანობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მძიმე სურათს მიიღებს. თუ მინისტრს ინიციატივის გამოჩენა შეუზღუდა, ახალი სახე იქნება, თუ ძველი, ის არაპროდუქტიული გახდება.

ფაქტია, რომ ამ ვითარებით სარგებლობსნაციონალური მოძრაობა“ და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის მასშტაბით სახელმწიფო უწყებებთან იმართება საპროტეტო აქციები, მართალია მცირერიცხოვანი, მაგრამ ყოველდღიური. როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობისასეთ აქტიურობას ხელი შეუწყო მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ?

- არა მარტო მმართველი გუნდის პასიურობამ, არამედ თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაცილებით ადრე იზრუნა თავის თავზე, ვიდრე ძალაუფლებას დაკარგავდა. სამართალდამცავი სტრუქტურები გაძეძგილია ნაციონალებით. ვიცით, რომ მათ შექმნეს კომპრომატების დიდი ბაზა. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ კომპრომატები შეიქმნა იმ ადამიანებზეც, რომლებიც დარჩნენ ძალოვან სტრუქტურაში, სწორედ იმიტომ, რომ მომავალში გარანტირებული ჰქონოდა მათი მხარდაჭერა. ამან შეუქმნა „ნაციონალურ მოძრაობას“ ის პირობა, რასაც ჰქვია პროკურატურის არაეფექტურად მუშაობა. ამ ტიპის ბრძოლაში ჯერჯერობით უფრო მოხერხებული აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო შეცდომა დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“.

საპროტესტო განწყობა რეიტინგს მატებსნაციონალურ მოძრაობას“?

- არა. ეს არანაირად არ მოქმედებს ხალხის დამოკიდებულებაზე. არა მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმემ უშველოს. ამ საპროტესტო განწყობების შექმნით, ფაქტობრივად ნაციონალები ხელს უწყობენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც დღეს პარლამენტს გარეთ არიან დარჩენილები და არა საკუთარ თავს. როგორც ჩანს, ისინი უფრო ფართედ იქნებიან მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი და ამისთვის მათ მადლობა უნდა გადაუხადონ ნაციონალებს.