აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება. უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებაზე საუბარი არ არის და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას არც ევროპულ პერსპექტივის აღიარებას სთავაზობს. რიგის სამიტამდე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს ერთობლივი წერილით მიმართეს და რიგის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ასახვა სთხოვეს.
პრეზიდენტის მრჩევლი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი ერთობლივი წერილის გაგზავნამდე ერთი მიზეზის გამო მივდნენ - ყველა ემსახურება საქართველოს.
მისივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე ძალისხმევა სწორედ იმიტომ იზრდება, რომ ის, რაც არ მოგვწონს რიგის სამიტის დეკლარაციის სამუშაო ვერსიაში, შეიცვალოს. ფხალაძის განცხადებით, ქართულ მხარეს ნამდვილად გადმოეგზავნა დოკუმენტის Draft-ი, მაგრამ ის, რაც გამოქვეყნდა პრესაში, სერიოზულად განსხვავდება იმისგან, რაც გამოიგზავნა.
„ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ვერსია გავრცელდა და ზოგიერთი ვერსია რეალურად განსხვავდება. ჩვენ დღევანდელ დღეს ვსაუბრობთ, რომ არსებობს რაღაც ტიპის Draft-ი, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის საბოლოო დოკუმენტი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ გაიზარდა აქტივობა და იზრდება ძალისხმევა, იზრდება სწორედ იმიტომ რომ ის, რაც არ მოგვწონს ამ Draft-ში, შეიცვალოს და მიუახლოვდეს იმას, რაც ჩვენ გვინდა. ასე რომ, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, რიგის სამიტამდე დრო არის.
რიგის სამიტის სასურველი შედეგი ჩვენთვის უნდა იყოს ის, რომ საქართველოს პროგრესი შეფასდეს, დაფასდეს და საქართველომ მიიღოს ის იმპულსი, რომელიც ხელს შეუწყობს მის შემდგომ ინტეგრაციას. რა სიტყვებით იქნება ეს ნათქვამი და ჩაწერილი დეკლარაციაში, ამაზე ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად იქნება დაახლოებული იმასთან, რასაც რეალურად იმსახურებს საქართველო“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
პოლიტოლოგი, ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განმარტებით ძალიან პატარა შანსია, რომ რიგის სამიტის დეკლარაციის სამუშაო ვერსიაში ცვლილება შევიდეს.
„ძალიან დიდხანს ბჭობდნენ ამ დეკლარაციის ტექსტზე და კონსესუსი შედეგად მიღებული იქნა საბოლოო ვერსია. პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის წერილის გამო, ასე მარტივად აზრს ვერ შეიცვლის ევროკავშირის 28-ვე ქვეყანა. შეიძლება დარჩეს 1-2 ქვეყანა, რომელიც იტყვის, რომ არავითარ ცვლილებას აზრი არ ექნება“, - აცხადებს გოგოლაშვილი.
პოლიტოლოგს რიგის სამიტიდან დიდი მოლოდინები არ აქვს. ამბობს, რომ უბრალოდ, რიგის სამიტი დააფიქსირებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმდინარე მუშაობას და ყურადღება გამახვილებული იქნება იმ პრობლემებზე, რომელიც უსაფრთხოების კუთხით არსებობს, ასევე, კონფლიქტებზე.
„საუბარი იქნება იმაზე, რომ ამ საკითხების მოგვარებაში ევროკავშირი უფრო აქტიურად ჩაერთვება, მაგრამ ის, რომ ამ ეტაპზე რაღაცა ახალი პერსპექტივა გამოჩნდეს, ცოტა მეეჭვება. ევროკავშირში ახლა სკეპტიკური განწყობებია, როგორც გაფართოებასთან დაკავშირებით, ასევე მიგრაციული რეჟიმის გამარტივებაზე. ევროკავშირში საზოგადოებრივი აზრი წინააღმდეგია, რომ მესამე ქვეყნებთან ადამიანების გადაადგილება კიდევ უფრო გამარტივდეს.
ამიტომ, მთავრობები ვერ გაბედავენ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლას. ამ გადაწყვეტილებას ცოტა უფრო მომავლისთვის მოიტოვებენ. თუ საქართველო შეასრულებს ყველა მოთხოვნებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, შედარებით ნაკლებად პომპეზურ ვითარებაში მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, როდესაც ქვეყნის ლიდერები მიმართავენ ევროკავშირს, მათ მოსაზრებებს ყურადღებით ეკიდებიან. როგორც ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან იცის თუ რა მნიშვნელოვანი საკითხებია წამოჭრილი პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივ წერილში. მისივე თქმით, როდესაც ამ ქვეყნის ლიდერები მიმართავენ ევროკავშირის ლიდერებს, ისინი დიდი ყურადღებით ეკიდებიან მათ მოსაზრებებს.
„რიგაში არ იქნება 28 სახელმწიფო, იქნება 34 სახელმწიფო და დოკუმენტები, რომელიც მიიღება რიგაში, მიიღება 34 სახელმწიფოს მიერ. მაგრამ, რა თქმა უნდა, რიგა ძალიან მნიშვნელოვანია, იქედან გამომდინარე, რომ რიგაში ეს 34 სახელმწიფო გაითვალისწინებს და შეაფასებს იმ მიღწევას, რაც გაკეთდა ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტიორობის“ წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში.
დარწმუნებული ვარ, რიგის სამიტი გაითვალისწინებს იმ წინსვლას, რომელიც იქნა მიღწეული, მაგრამ ტექნიკური პროცესი, გადაწყვეტილებების მიღება, უკვე ხდება უშალოდ ევროკავშირის კონტექსტში. ჩვენ მოუთმენლად ველით რიგის დოკუმენტებს“, - აღნიშნა ელჩმა.
ელჩის განცხადებით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ დაიცვა ის სამიზნე ამოცანები, რომელიც განსაზღვრული იყო სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპისთვის. ელჩის განცხადებით, ამჟამად საქართველომ უნდა მოაგვაროს დარჩენილი რეკომენდაციების განხორციელების საკითხი მომავალი შეფასების ჩატარებამდე, რომელიც იქნება წლის ბოლოსკენ.
„ევროკომისიის შეფასებით, სამიზნე ამოცანები სრულად შესრულდა ექვსი მიმართულებით. ესენია - დოკუმენტების უსაფრთხოება, ინტეგრირებული საზღვრის მართვა, ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია და მასთან ბრძოლა, იურიდიული თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებზე, მონაცემების დაცვა, გადაადგილების თავისუფლება და ასევე პირობები და პროცედურები, რომლებიც აუცილებელია სამგზავრო და იდენტიფიცირების დოკუმენტების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის რეკომენდაციები, რომლებიც სრულად შესრულდა. არის ასევე ის სამიზნე ამოცანები, რომლებიც თითქმის სრულად არის შესრულებული. ეს არის მინიმალური რაოდენობის და არის ოთხი მიმართულება. სადაც სამიზნე ამოცანები თითქმის შესრულებულია. ესენი არის მიგრაციის მენეჯმენტი, ფულის გათეთრება. თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებს შორის და მოქალაქეების უფლებები“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ელჩის განცხადებით, არის დასასრულებელი რეკომენდაციებიც, ესენია თავშესაფრის მაძიებლების საკითხი, ანტიკორუფციული ღონისძიებები, ნარკობიზნესთან ბრძოლა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. ელჩის განცხადებით, გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი წინსვლის გათვალისწინებით, ევროკომისია მზადაა, გადმოსწიოს შემდგომი ანგარიშის ვადები, თუკი გაგრძელდება სწრაფი წინსვლა იმ ნიშნულებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც წინამდებარე ანგარიშში და სამუშაო დოკუმენტშია აღწერილი.