საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დამტკიცებულია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდმა 87 დეპუტატის ხმა მოიპოვა, მათ წინააღმდეგ კი 37 კანონმდებელი წავიდა.
დეპუტატებმა მთავრობას ნდობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადეს, რომელიც დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ გახსნა და საკანონმდებლო ორგანოს სამთავრობო გუნდი წარუდგინა.
სანამ პარლამენტის ტრიბუნას პრემიერ-მინისტრი დაიკავებდა, მანამდე „რესპუბლიკური პარტიის“ ორმა წევრმა - გიგლა აგულაშვილმა და თინა ხიდაშელმა დეპუტატისთვის განკუთვნილი წითელი სავარძლები დატოვეს და მათ ღარიბაშვილის მოსმენა მინისტრების რანგში დაიწყეს.
მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი სამთავრობო პროგრამაზე საუბრობდა და დეპუტატებს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, ამ დროს, სხდომათა დარბაზში, ღარიბაშვილის ცოლის ძმა, დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ფოტოებს იღებდნენ და მათი ფოტოგრაფი ომარ ნიშნიანიძე იყო. იმ დროს, როცა ფოტოგადაღება დარბაზის მარჯვენა მხარეს მიმდინარეობდა, მარცხენა ფლანგზე, მრეწველები ზურაბ ტყემალაძე და გოგი თოფაძე მინისტრებს - თეა წულუკიანსა და მიხეილ გიორგაძეს ყავით გაუმასპინძლდნენ. თოფაძემ კულტურის მინისტრს ყავა მიართვა, ხოლო ტყემალაძემ იუსტიციის მინისტრს ყავასთან ერთად შოკოლადები უსახსოვრა.
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, რომელიც დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა, ხან ნაციონალების ოვაციების ფონზე მიმდინარეობდა, ხან „ოცნების“. ოპოზიცია პრემიერს „ბრავოს“ შეძახილის ფონზე ტაშს ირონიულად უკრავდა, უმრავლესობა კი ოვაციებს მაშინ გამოხატავდა, როცა ისინი კოალიციის ლიდერის განცხადებაში რაღაცას საამაყოს შენიშნავდნენ.
პრემიერმა გამოსვლისას ნაციონალებს „რჩევა“ მისცა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის ნაცვლად, საკუთარ ადგილმდებარეობაზე იზრუნონ და ისიც დაიბრალონ, რაც ახალი ხელისუფლების პირობებში გაკეთდა. „რჩევის“ გარდა, პრემიერმა ნაციონალების მიმართ პროგნოზიც გააკეთა და თქვა, რომ ისინი ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდებიან.
მთავრობის ხელმძღვანელმა უმცირესობა დემაგოგიაში დღესაც დაადანაშაულა, ოპოზიციამ კი ყურადღება ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე გაამახვილა და მათი კითხვები ძირითადად ეკონომიკურ პარამეტრებს უკავშირდებოდა.
ჩიორა თაქთაქიშვილი იმით დაინტერესდა, პრემიერმა იცის თუ არა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 1,67 ნიშნული იყო. მას შემდეგ, რაც თაქთაქიშვილმა პრემიერისგან პასუხი ვერ მიიღო, თუ როდის გახდება ლარი „ჯანმრთელი“, ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკუთარ ადგილთან ვალუტის გადამახურდავებელი ჯიხურის ბანერი განათავსა, სადაც ასახული იყო, რომ ამჟამად, საქართველოში დოლარის კურსი - 2,305-2,365 ნიშნულის ფარგლებში მერყეობს. ოპოზიციონერის „ფლეშმობს“ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა, რომლის ხუმრობამაც დარბაზი გაამხიარულა. სპიკერმა ოპოზიციას შეახსენა, რომ „აღნიშნულ ბიზნესს ლიცენზია სჭირდება“.
უსუფაშვილის ხუმრობის და დარბაზის გამხიარულების შემდეგ, პრემიერი სერგო რატიანის კითხვას გამოეხმაურა, რომელიც ღარიბაშვილის პოზიციით დაინტერესდა, საყდრისის უძველესი საბადოს აფეთქებასთან და კომპანიისთვის ლიცენზიის უფასოდ გაგრძელებასთან დაკავშირებით. პრემიერმა უმცირესობას წარსული გაუხსენა და განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძარი და მცხეთა „იუნესკო“-ს სიიდან ამოღების საფრთხის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დადგა.
„წულუკიანის მიმართ ვაშაძის კრიტიკა მოვისმინე. ბატონო გიორგი, მანამ, სანამ თქვენ მღებრიშვილთან სამსახურს იშოვიდეთ, შეგახსნებეთ, რომ თქვენ დროს დაწყებულმა სამუშაოებმა, მცხეთა როგორც კულტურული ძეგლი „იუნეკო“-ს სიიდან ამოღების საფრთხის წინაშე დააყენა“, - მიმართა ოპოზიციას ღარიბაშვილმა, რომელსაც ვაშაძემ „მიგრაციის კანონით“ გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებზე პასუხი მოსთხოვა და იმ ევროპელი პოლიტოკისის ვინაობის დასახელება მოსთხოვა, რომელმაც ქართულ მხარეს ამ ცვლილებების მომზადება მოსთხოვა.
პრემიერის მოსაზრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი არ გამკაცრებულა.
„თქვენ შეგეძლოთ, ამაზე მუშაობა დაგეწყოთ, მაგრამ თქვენ იდეოლოგიურად ევროპის მოწინააღმდეგე იყავით. ჩვენ ორი წლის განმავლობაში, იმ რეფორმების გატარება მოგვიწია, რაც თავის დროზე, თქვენი გასაკეთებელი იყო“, - მიმართა ნაციონალებს პრემიერმა, რომელსაც გიორგი კანდელაკმა პასუხი ქართული-ამერიკული ურთიერთობების დღის წესრიგიდან აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივის მოხსნაზე მოსთხოვა.
კანდელაკის განცხადებით, 2012 წლის 20 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ აშშ განიხილავს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივას, თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხელშეკრულების პერსპექტივაც კი, დღის წესრიგიდან ფაქტიურად მოიხსნა.
„როცა ვაშინგტონში ბრძანდებოდით, ეს საკითხი არ წამოჭერით, როცა ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას გკითხეს, თუ რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ იმისათვის, რომ საქართველოს დაეხმაროსო, თქვენ თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა საერთოდ არ გიხსენებიათ“, - მიმართა კანდელაკმა ღარიბაშვილს, რომელმაც გუშინ, ოპოზიციონერის ეს კითხვა სიცრუედ შეაფასა, ხოლო დღეს პრემიერმა განმარტა, რომ პროცესი გრძელდება.
პრემიერ-მინისტრს ირმა ნადირაშვილის მოგერიებაც მოუხდა, რომელიც დაინტერესდა, თბილისის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი კახა ნაკანი ე.წ. მატროსოვის ციხის ნაცვლად, გლდანის მერვე საპყრობილეში რატომ იმყოფება, სადაც სასჯელს კრიმინალები იხდიან. გამოსვლისას ნადირაშვილი ასევე დაინტერესდა, სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ნაკანის უსაფრთხოებაზე.
ნადირაშვილის კითხვას პრემიერის ნაცვლად, მღებრიშვილმა უპასუხა, რომელმაც განმარტა, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს, ე.წ. მატროსოვის ციხე განკუთვნილია მხოლოდ ყოფილი სამართალდამცველებისთვის.
მინისტრმა ნაციონალებს ის პერიოდი გაახსენა, როცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მეშვიდე საპატიმროში მოათავსეს.
„გლდანის მერვე საპატიმროში ყოფილი 112 სამართალდამცველია შესახლებული. ნაკანზე რაიმე სახის მორალური და ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. თვითდაზიანების მიზეზად არსებული ზეწოლები დასახელდა, მაგრამ საგამოძიებო შემოწმების დროს საკნის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ის ფირცხალავას პოლიტიკური მხარდაჭერას უცხადებდა, ხოლო დაკავებულ სპეცრაზმელებს სოლიდარობას. ყოფილი სამართალდამცევლები გლდანის მერვე დაწესებულებაშიც არიან და მეორეშიც. სარკაზმის გარეშე გეტყვით, რომ გენერალური კეკუა მეშვიდე დაწესებულებაში ჩამოხვრჩალი იპოვეს, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდები იხდიან სასჯელს. ასევე მეშვიდეში განთავსებული იყო ირაკლი ოქრუაშვილი, სადაც სასჯელს ე.წ. კანონიერი ქურდები იხდიან“, - მიმართა ნაციონალებს მღებრიშვილმა.
რაც შეეხება უმრავლესობის წევრების დაინტერესების სფეროს - დავით ლორთქიფანიძე ვანში ტურისტული ცენტრის შექმნის იდეით გამოვიდა, ეკა ბესელიამ მთავრობა შეაქო, პრემიერის გამოსვლას „შთამბეჭდავი“ უწოდა და ფოთში ნიკოლაძის კოშკის რეაბილიტაცია მოითხოვა. მანანა კობახიძემ კი, მაჟორიტარული ოლქის - საჩხერის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, პრემიერს წინა ხელისუფლების იმ თანამდებობის პირების დასახელება მოსთხოვა, რომლებმაც სამთავრობო აგარაკებით - მათ შორის წყნეთის სამთავრობო აგარაკით ისარგებლეს.
მთავრობის ხელმძღვანელმა ვანში ტურისტების მიზიდვაზე არ ისაუბრა, მაგრამ ყურადღება იმ აგარაკებზე გაამახვილა, რომელსაც ნაციონალების ხელისუფლების წარმომადგენლები გულის გადასაყოლებლად მიმართავდნენ თურმე.
პრემიერის ცნობით, „დაგს“ ვანო მერაბიშვილი სახლის მშენებლობა დაავალდებულეს და ამჟამად, კომპანიას დახარჯულ თანხას მთავრობა უკან უბრუნებს.
„ამ კომპანიამ მილიონ 200 ათასი ლარი უკვე გადაიხადა. მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, სპეციალური კომისიაა შექმნილი. მერაბიშვილის ახირების გამო სახელმწიფო ზარალდება. ვფიქრობ, რომ ეს გამოძიების საგანია. აგარაკით სარგებლობნენ - დავით ბაქრაძე, ბოკერია და კიდევ სხვები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რა დროსაც სხდომათა დარბაზში უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე არ იმყოფებოდა, შესაბამისად, პრემიერის ბრალდებაზე მისი პოზიცია უცნობი დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ ღარიბაშვილს პასუხები იმ პროგნოზებზეც მოსთხოვა, რომელიც მისმა წინამორბედმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. გოკა გაბაშვილი დაინტერესდა, საქართველოში „ქართული ოცნების“ მმართველობის მესამე წელი, ანუ 2015 წელი არის თუ არა „უკეთესი“. იმ შემთხვევაში თუკი, პრემიერი იტყოდა, რომ მიმდინარე წელი „უკეთესია“, მაშინ მას ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ წასვლა მოუწევდა, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში რთული წელია.
მართალია, მთავრობა დამტკიცებულია და ახალი და ძველი მინისტრები უწყებებს ორშაბათს ისევ დაუბრუნდებიან, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში ზაფხულზე მოსალოდნელ სამთავრობო კარუსელზე ისევ საუბრობენ. მომავალი საკადრო ცვლილებების დროს პარლამენტში მისვლა ვის მოუწევს, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ დღეს, პრემიერის გამოსვლისას, 19 კაციანი შემადგენლობიდან ზოგიერთი მინისტრი სოციალურ ქსელ facebook-ს ეცნობოდა, ზოგიერთი კი თვალს ფეხბურთს ავლებდა.