უკვე მესამე დღეა ფოთის პორტის დიდი ნაწილი პარალიზებულია. პორტის ადმინისტრაცია ვერ გამოაფხიზლა ვერც გამაფრხილებელმა პროტესტმა და ვერც მუშა-მოსამსახურეთა კატეგორიულმა ტონმა. ამჟამადაც გაფიცულებსა და პორტის ხელმძღვანელობას შორის საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება.
ნავსადგურის 600-მდე თანამშრომელი სამუშაოს დაწყებას მანამ არ აპირებს, ვიდრე პორტის ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. სანამ პორტის გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის ვითარება ირკვევა, ნავსადგურის დიდი ნაწილი მთლაინად გაჩერებულია, არ ხორციელდება კონტეინერების მიღება-ჩამოტვირთვა.
მუშა-მოსამსახურეების უმთავრესი მოთხოვნა გაეზარდოთ ხელფასები 14%-ით, თუმცა გაფიცულთა ამ მოთხოვნის გაზიარებას „ეიპიემ ტერმინალში“ კატეგორიულად არ იზიარებენ.
გუშინ გამართული მოლაპარაკებები კი კვლავ უშედეგოდ დასრულდა, არადა გაფიცვა 4 მაისიდან მოყოლებული გრძელდება. პირველ დღეს მხოლოდ 100 თანამშრომელმა გამართა გამაფრთხილებელი აქცია, მეორე დღეს 500-მდე ადამიანმა გამოხატა პროტესტი, ხოლო ამჯერად გაფიცულთა რაოდენობა ექვსასს აღემატება.
ფოთის პორტის ადმინისტრაცია კარგა ხანი იკავებდა თავს კომენტარისაგან, თუმცა ბოლოს მაინც მოუწია მედიასთან საპროტესტო აქციის საკითხებზე საუბარი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიკა ნადარაია აცხადებს, რომ პორტი პარალიზებული არ არის, რადგან ხდება მანქანების გადაადგილება, თუმცა კონტეინერების გადმოცლის პროცესი შეფერხებულია:
„ფოთის პორტის ოპერაციების ბლოკის ძირითადი თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვა 5 მაისს, 15:00 საათიდან დაიწყო. ითხოვენ ხელფასების გაზრდას. წინასწარი შეტყობინება ჩვენ არ მიგვიღია გაფიცვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამას აღვიქვამთ როგორც სამსახურის უნებართვოდ მიტოვებას. გაფიცვის შესახებ, შრომის კოდექსის თანახმად, წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული დამსაქმებელი“, - აცხადებს მარიკა ნადარაია.
ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებმა წარმოადგინეს მოთხოვნის 4 პუნქტი:
1. ხელფასის ზრდა 14%-ით (აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად დასახელდა ბაზარზე არსებული ინფლაცია).
2. მეცამეტე ხელფასის ყოველწლიურად მიღება;
3. ოპერაციების დეპარტამენტის სამოტივაციო სისტემის გადახედვა;
4. კოლექტიური ხელშეკრულების პირობების გადახედვაზე შეთანხმება;
„მიუხედავად იმისა, რომ მითითებულთაგან არც ერთი მოთხოვნა არ წარმოადგენს ნავსადგურის საკანონმდებლო ან სახელშეკრულებო ვალდებულებას, ნავსადგურის ადმინისტრაციამ გამოხატა კეთილი ნება და დაეთანხმა ზემოხსენებულ სამ პუნქტს, ხოლო პირველ პუნქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ მათ შესთავაზა ანაზღაურების ყოველკვარტალური მატება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის ყოველთვიური მაჩვენებლების კვარტალური ჯამის შესაბამისად“, - აცხადებენ ფოთის პორტის ადმინისტრაციაში.
ფოთის პორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ ამჟამად 1051 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ანაზღაურება (მენეჯერულ რგოლზე ქვევით) 1303 ლარს შეადგენს.