ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური“ სულ უფრო მეტ გაუგებრობაში ეხვევა. შაქრის სკანდალის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სავაჭრო ობიექტს ნედლი ქათმის რეალიზაციაშიც აქვს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ „კარფურის“ წინააღმდეგ არასასურველი ცნობები უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება, კომპანიის ადმისიტრაციას ჯერჯერობით პირში წყალი აქვს ჩაგუბებული.
ორიოდე დღის წინ სომხურმა მედიასაშუალებებმა გაახმაურეს ინფორმაცია, რომ საქართველოში, „კარფურის“ ქსელში, სომხეთთან შედარებით, უფრო დაბალი ხარისხის შაქარი იყიდება. ეს „კარფურის“ სომხურ წარმომადგენლობაში პირდაპირ დაადასტურეს.
სომხეთის ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიის შეკითხვაზე თუ რატომ ყიდის კომპანია „კარფური“ საქართველოში შაქარს უფრო იაფად, ვიდრე - სომხეთში, სუპერმარკეტების ქსელმა განმარტა, რომ საუბარია განსხვავებულ ხარისხზე. „სომხეთში გაყიდული შაქარი უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე საქართველოში რეალიზებული შაქარი. სწორედ ამ მიზეზით საქართველოში შაქარზე უფრო დაბალი ფასებია“, - განაცხადეს სომხეთში „კარფურის“ წარმომადგენლობაში.
სომხეთის ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიამ საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურიდან მიიღო ინფორმაცია საქართველოში რეალიზებული შაქრის ფასების თაობაზე.
„ამ მონაცემებით, 2015 წლის იანვარი-მარტის პერიოდში საქართველოში შაქარზე საცალო ფასმა 1,54-1,58 ლარი შეადგინა, რაც სომხეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური კურსით 350-360 დრამია. სომხეთში ანალოგიურ პერიოდში შაქარზე საცალო ფასი 350-369 დრამი იყო. ამასთან შედარებით იაფად შაქარი საქართველოში მხოლოდ „კარფურის“ ქსელში იყიდებოდა, რაც კომპანიის განმარტებით ხარისხობრივ განსხვავებას უკავშირდება“, - აღნიშნულია სომხეთის ეკონომიკური კონკურენციის დაცვის სახელმწიფო კომისიის განცხადებაში.
სანამ ქართული „კარფური“ თავის გასამართლებლად რამეს მოიფიქრებდა, მანამდე ჰიპერმარკეტების ქსელის მიმართ ახალი სკანდალი აგორდა. ქართველმა მწარმოებლებმა სავაჭრო ობიექტი თურქული ქათმის ხორცის რეალიზაციის სტანდარტების დარღვევაში დაანაშაულეს. მათი განცხადებით, ქსელში თურქული ქათმის რეალიზაცია 10 დღის განმავლობაში ხდება. ISO-ს სტანდარტების თანახმად კი, ქათმის დაკვლის მომენტიდან მის რეალიზაციამდე 72 საათზე მეტი არ უნდა გავიდეს.
მუხრანში მდებარე მეფრინველეობის ფაბრიკის მფლობელი ელგუჯა ნოზაძე ამბობს, რომ მეფრინველეების მოთხოვნა, დაცული ყოფილიყო ISO-ს დასახელებული სტანდარტი, პარლამენტში განიხილეს. განხილვას სურსათის სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თუმცა, როგორც ნოზაძე ამბობს, თურქული ქათამი „კარფურში“ ისევ 10-დღიან პერიოდში იყიდება, რაც ეჭვებს ბადებს. ნედლი ხორცის 10 დღით შენახვა შეუძლებელია, თუ მასში სპეციალური ნივთიერება არაა შეყვანილი.
„არ ვიცი, რა მიზეზით მოხდა „კარფურისა“ და თურქული ქათმის იმპორტიორის ხელშეწყობა და ვინ დგას მათ უკან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი არ მოგვარებულა. რატომღაც სურსათის სააგენტო მათ უფრო უჭერს მხარს, ვიდრე ჩვენ. ყველა მეზობელ ქვეყანაში ადგილობრივი ქათმის წარმოება სუბსიდირებულია, ჩვენთან კი იმპორტიორს მეტი ხელშეწყობა აქვს. ამასთან, ხელისუფლებისგან ვერც დღგ–ს გაუქმებას მივაღწიეთ“, – აცხადებს ნოზაძე „კომერსანტთან“ საუბრისას.
ნედლი ქათმის იმპორტის საერთოდ აკრძალვას ითხოვს „ბიუ–ბიუს“ ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას“ ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე.
„კარფურში“ თურქული ქათმის რეალიზაცია ისევ გრძელდება, თუმცა ამ თემაზე კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ. შაქრის მსგავსად, „კარფურელები“ ქათამზეც დუმილს ამჯობინებენ.