„ეს შეგნებული მოქმედება იყო... ქადაგიძე არის ადეიშვილის კადრი“, - „საზოგადოება 2030“-ის წევრი მიხეილ დუნდუა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს - გიორგი ქადაგიძეს მძიმე ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ, თუ ლარს დროზე არ მიხედა ქადაგიძემ, მას ეკონომიკა მიხედავს.
პარალელურად, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და განმარტავს, რომ უნდა გაირკვას, ლარის კურსის დაცემაში ვისი ბრალეულობაა მეტი, რადგან გარეშე და შიდა ფაქტორების მიხედვით, ლარი უნდა მყარდებოდეს.
ამავდროულად, საზოგადოება ახალი შოკის მოლოდინშია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 6 მაისს მიიღო გადაწყვეტილება ლარში სესხების ნაწილის გაძვირების თაობაზე. დღემდე კითხვები მრავლადაა, ხორციელდება თუ არა სპეკულაციური შეტევები ლართან მიმართებით? ამის შესახებ For.ge თამაზ მეჭიაურს ესაუბრა.
ლარის კურსთან დაკავშირებით თქვენ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდით. ამის საწინააღმდეგოდ, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ეკონომიკური გუნდის წევრების დაბარებას აზრი არ აქვს, რადგან მათთან პირველი შეხვედრის შემდეგ არაფერი შეცვლილა და ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. კონკრეტულად, რა ეჭვები გაგაჩნიათ ეროვნულ ბანკთან მიმართებით?
- თუკი მოსმენების დროს გამოიკვეთება საკითხთა წყება, რომელზეც არ გვექნება პასუხი, მაშინ შეიძლება დადგეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რადგან ამ საგამოძიებო კომისიას უკვე კანონით ექნება წვდომა ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მოგვცემს ამომწურავი ანალიზის გაკეთების საშუალებას, თუ რა ხდება ლარის კურსთან მიმართებით.
თქვენ აცხადებთ, რომ გარეშე და შიდა ფაქტორთა გათვალისწინებით, ლარი უნდა მყარდებოდეს, თუმცა ეს ყველაფერი არის ეროვნული ბანკის არასწორი მუშაობის შედეგი.
- მე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ ყველა საგარეო და საშინაო ფაქტორები, რომლებიც დღეის მდგომარეობითაა და, რომლებიც ვითარდებოდა იანვრის შემდეგ, უიმედობის საბაბს არ იძლევა. ალბათ, იანვარში იყო ყველაზე ცუდი პერიოდი, როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორთა გათვალისწინებით, ყველაზე დიდი იყო ვარდნა გასულ წელთან შედარებით, როგორც გზავნილების მოცულობის, ასევე, ექსპორტის, ტურისტების მხრივ და თვითონ იმის გათვალისწინებით, რომ სულ 0,5 % იყო ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება კონკრეტულ თვეებს, თებერვალში ყველა ეს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია იანვართან შედარებით, ასევე, მარტში - თებერვალთან შედარებით და აპრილში- მარტთან და წინა თვეებთან შედარებით. შეიძლება, ეს გამოწვეულია იმითაც, რომ, ასე თუ ისე, დაიწყო გამყარება ვალუტებმა იმ ქვეყნებში, საიდანაც ფულს აგზავნიდნენ ჩვენი თანამემამულეები- რუსეთშიც, უკრაინაშიც...
ექსპორტის მოცულობა გაიზარდა წინა თვეებთან შედარებით, შესაძლოა, ეს იმის ბრალიც იყოს, რომ მსყიდველუნარიანობა გაიზარდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან კლება არ გვაქვს. ამას გარდა, ტურისტების შემოდინება გაიზარდა, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელიც უკეთესია. ამიტომ, მინიმუმ, არ უნდა გაგრძელებულიყო ლარის კურსის კლება იანვრის შემდეგ. ერთი პერიოდი, ეს გაჩერებული იყო და მერე ისევ გაგრძელდა. ეს ყველაფერი ჩემში იწვევდა ეჭვის საფუძველს, რომ, მინიმუმ, უმოქმედობას ჰქონდა ადგილი სხვადასხვა უწყებების მხრიდან. ამის საფუძველს მაძლევდა ისიც, რომ ეროვნულ ბანკში საკმაოდ კვალიფიციური კადრები მუშაობენ, დაწყებული პრეზიდენტიდან და, რომ გადავხედე წინა წლებში მათ რეაგირებას, როცა ლარის კურსის ცვლილებას თუნდაც 1 პუნქტითჰქონდა ადგილი, ისინი მყისიერად ახდენდნენ ჩარევას და ინტერვენციების მეშვეობით არეგულირებდნენ ამ კურსს. ამის საწინააღმდეგოდ, თუ გადავხედავთ გასულ წელს, აბსოლუტური უმოქმედობაა. იანვარში სადღაც ერთხელ არის ჩარევა განხორციელებული, თუ არ ვცდები, 25 ნოემბრამდე არცერთი რეაგირება ეროვნული ბანკის მხრიდან არ ყოფილა. მაშინაც ერთხელ გაიტანეს გასაყიდად 40 მილიონი დოლარი, მერე 2 დეკემბერს კიდევ გაიტანეს 40 მილიონი დოლარი და ორ დღეში, ანუ 4 დეკემბერს უკან შეაბრუნეს 140 მილიონი ლარი. ასე რომ, ეს 80 მილიონი დოლარი წყალში გადაყარეს. ამას მოჰყვა მერე ლარის კურსის კიდევ უფრო დაცემა. მე არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, მაგრამ მე, როგორც დეპუტატს, არ უნდა მქონდეს ამ შეკითხვებზე პასუხის მოთხოვნის უფლება?
თუკი ასე სერიოზულად არის საქმე და შესაძლო დივერსია მიმდინარეობს, ხომ არ ჯობდა, საქმეში პროკურატურა ჩართულიყო?
- კონკრეტულად, ქადაგიძის მიმართ არ არის ეს ყველაფერი მიმართული, ეს ყველაფერი მიმართულია პრობლემის შესასწავლად, რითაც ჩვენ შეიძლება, ვერაფერს მივაღწიოთ, არ იყოს პარლამენტარების სრული მხარდაჭერა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს კომისია მოგვცემს საშუალებას, ვაჩვენოთ მოსახლეობას რეალური სურათი, ვის მიერ ხდება მათი ჯიბეებიდან ფულის ამოღება. ბოლოს და ბოლოს, მოსახლეობის 60-70%-ზე მეტია უშუალოდ დაზარალებული. ამის შემდეგ ყველა, დაწყებული უმაღლესი თანამდებობის პირებიდან, ვინც კი შეეცდება, ამ პიროვნებებს დააფარონ ხელი, პოლიტიკურად აგებენ მოსახლეობის წინაშე პასუხს.
ბევრს საუბრობენ ნაციონალების ინტერესზე, რომ მიმდინარეობს ჩუმი შიდა ინფლაცია. ფაქტობრივად, რაღა დროს ჩუმი შიდა ინფლაციაა, როცა აშკარად ჩანს ინფლაცია, მაგრამ ნაციონალური ინტერესის შესახებ რას იტყვით?
- ნაციონალები არც მალავენ და ღიად ამბობენ, რომ ეს ხელისუფლება არ ვარგა. ზოგიერთები იქამდეც მიდიან, რომ ითხოვენ, მოხდეს ამ ხელისუფლების ცვლილება არჩევნებამდე. თუ გადახედავთ ისტერიას, რომელსაც ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება უწყობს ხელს, აპოკალიფსური სურათი იხატება. აგრეთვე, ზოგიერთი ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირი საზღვარგარეთიდან თუ შიგნიდან გაკეთებული განცხადებებით „პროგნოზირებს“, რომ ლარის კურსი უახლოეს ხანში 2, 30-მდე უნდა დაეცეს, რასაც თურმე ეროვნული ბანკის მესვეურები პრივატულ საუბრებშიც ადასტურებენ. ამიტომ არ არის გამორიცხული, ლარის გაუფასურების ფონზე ეს ისტერია ვიღაცას სჭირდებოდეს მოსახლეობაში მღელვარების გასაღვივებლად.
რას იტყვით „საზოგადოება 2030“-ის წევრ მიხეილ დუნდუას განცხადების შესახებ? ის ამბობს, რომ ქადაგიძე ადეიშვილის კადრია და ყველას გვახსოვს 2012 წელი, თუ რა მოქმედებები ჩაატარა მან „ქართუს“ წინააღმდეგ. ასევე, თუ როგორ მოექცნენ „სტანდარტ ბანკს“, ეჭვები არსებობს „სახალხო ბანკის“ წინააღმდეგაც.
- რაც შეეხება, ვისი კადრია გიორგი ქადაგიძე, თუ მის ბიოგრაფიას გავიხსენებთ, ის ნამუშევარია ადეიშვილთანაც, თუმცა მარტო იმის თქმა, რომ ვინმეს ადეიშვილთან უმუშავია და ეს იყოს მტკიცებულება, რომ ის მაინცდამაინც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა, არ იქნება სწორი. თუმცა ცნობილი ფაქტია, როგორ ცდილობდნენ „ქართუს“ მიზანმიმართულ გაკოტრებას. ასევე, ჩემთან შემოსულია არაერთი განცხადება, რომელთა ნაწილი გადავგზავნე კიდეც პროკურატურაში, სადაც სხვადასხვა ბანკების მოწილეები და მფლობელები ჩივიან, რომ ბატონი ქადაგიძე იყო ხან დროებითი მმართველი, ხან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ამ პოზიციებიდან მათზე ზემოქმედებას და წილების წართმევას ახდენდა. თუმცა ეს ყველაფერი საჭიროებს კვლევას. 2 წელზე მეტი გავიდა ამ ხელისუფლების მოსვლიდან და ჯობდა, ამ ადამიანებს მიემართათ პროკურატურისთვის.
ახლა პარალელს ვავლებ - ჩემი დამოკიდებულება ცოტა სხვაგვარი იყო აუდიტის სამსახურის მიმართაც, რომელიც არჩევნებამდე, ასევე, მონაწილეობდა პოლიტიკური ოპონენტების ზეწოლაში, იმავე „ქართუზეც“ და „ოცნებაზეც“ ახორციელებდა ზეწოლას, მაგრამ შეიცვალა იმავე ხალხის მდგომარეობა, მოიხსნა რა პოლიტიკური წნეხი, ისინი გადაერთნენ საქმეზე. ამიტომ საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც, თუ საჭირო გახდა, ამ ძველ ფაქტებსაც შეისწავლის ქადაგიძის წინააღმდეგ.
მიხეილ დუნდუა ადეიშვილის კადრებზე როცა საუბრობს, სავარაუდოდ, ლარის კურსის დაცემაში ნაციონალთა ინტერესთან ავლებს პარალელს. ის ამბობს, რომ ლარზე სპეკულაციური შეტევა დროებით პროცესზე იყო გავთლილი, მაგრამ, ვინც ახლა დოლარს ყიდულობს, ის აუცილებლად წააგებს. ეს რისკენ მიანიშნებს, ეროვნული ბანკის მესვეურთა ბრალეულობის გამოკვეთასთან ერთად, დაიწყება კომერციული ბანკების ინტერესის შესწავლა ლარის გაუფასურებთან მიმართებით?
- თუ კომისია შეიქმნება, მას შეეძლება, ნებისმიერ ოპერაციაზე გავიდეს, რომელიც ხელოვნურად იწვევს ლარის კურსის დაცემას და მოსახლეობის ინტერესის დაზიანებას.
მათ შორის, „საქართველოს ბანკზეც“ და სხვა ბანკებზეც გაქვთ ეჭვი?
- მე ეჭვი მაქვს იმაზე, რომ პროცესებში შეიძლება იყოს არაობიექტური ფაქტორი.
ნაციონალები ამბობენ, რომ რატომღაც „ოცნება“ ცდილობს ჯოხი გადატეხოს ქადაგიძეზე, მაშინ, როცა ეს არის მთლიანი ეკონომიკური გუნდის უსუსურობის ბრალი.
- ამას ვერ ვიტყოდი, რადგან თუნდაც დღეს ნაციონალებს აქვთ კითხვების დასმის საშუალება, დღეს იხილება ეკონომიკური გუნდისა და სხვა მინისტრების საკითხიც. მე არც ეკონომიკურ გუნდს ვამართლებ და არც ეროვნულ ბანკს, აქ უბრალოდ, განსხვავება იმაშია, რომ მთავრობის საქმიანობა გაცილებით გამჭვირვალეა და აქ შეგვიძლია, ნებისმიერი ოპერაცია შევაფასოთ, განსხვავებით, ეროვნული ბანკისგან. მაშინ, როცა საინტერესოა, რეფინანსირების საკითხი ვის ხელში მიდის, რაში იყენებენ, ამაზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია.
გუშინ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ლარში სესხების ნაწილი უნდა გაძვირდეს. ლარის კურსის კრიზისიდან გამოსვლა მონეტარული პოლიტიკის, იმავე რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გარეშე შესაძლებელი იქნებოდა?
- გააჩნია, თუ იქნებოდა დიდი ინვესტიციები, თუ იქნებოდა ინტერვენცია და სხვა სახის შემოდინებები ერთჯერადი ან დიდი მოცულობით, მაშინ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა საჭირო არ იქნებოდა, მაგრამ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, მე მგონია, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა ეროვნულმა ბანკმა.
მაგრამ ეს ხომ ტვირთად დააწვება 7500-მდე ადამიანს, მათ გაუძვირდებათ სესხები?
- რამდენადაც ვიცი, ეს ხელშეკრულებები ყველას არ აქვს დადებული. მეორე მხრივ, მათ უფრო მეტად დაატყდებოდა გაუფასურებული ლარი, რომლითაც უნდა იყიდონ ის დოლარი, რომელშიც ჰქონდათ აღებული ეს სესხები და კიდევ უფრო დაზარალდებოდნენ. ამიტომ ჩვენ თუ მოვახერხებთ იმას, რომ ლარის კურსი გავამყაროთ, ანუ ლარის გამყარება თუ იქნება ნახევარ პროცენტზე მეტი, თავისთავად ცხადია, ისინი მაინც მოგებულნი დარჩებიან.
როცა საუბრობენ ქადაგიძის ინტერესზე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რატომღაც ელოდნენ, რომ მას მალე გაუვიდოდა ვადა და ვადამდელ პერიოდში მისი გადაყენება არ აწყობდათ.
- ჩემს ინტერესშია, ქადაგიძემ თავისი ვადა ღირსეულად დაამთავროს. ამის შანსი მას კიდევ აქვს, თუ ის ნაკლებად იქნება პოლიტიზირებული და სახელმწიფოებრივი ხედვიდან ამოვა თავის ყველა მომდევნო ქმედებაში.