მთავარ პროკურორს მომავალში პარლამენტი აირჩევს. მთავარი პროკურატურის რეფორმირების კუთხით მთავრობის გეგმების შესახებ პარლამენტის წევრებს ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნო. მინისტრის განცხადებით, მთავარი პროკურორის არჩევნებსა და კანდიდატურის განსაზღვრაში ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და საბოლოოდ, მთავარ პროკურორს პარლამენტი აირჩევს.
„ჩვენ დავიწყეთ პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა და ძალიან მალე შემოგთავაზებთ მთავრობის მიერ დამტკიცებულ მოდელს - შეიქმნება საპროკურორო საბჭო, სადაც მონაწილეობას მიიღებს თავად პროკურატურა, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორის არჩევნებსა და კანდიდატურის განსაზღვრაში ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და საბოლოოდ, მთავარ პროკურორს პარლამენტი აირჩევს. იმედია, ეს წელსვე მოხდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იურისტების შეფასებით, პროკურატურისა და შსს-ს რეფორმაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების ცდუნება რომ არ გაჩნდეს და რეფორმა ფიქციად არ იქცეს, აუცილებელია მთავრობამ არ დაივიწყოს ერთი მარტივი რამ - ამ პროცესს აკვირდებიან ნატოსა და მისი წევრი ქვეყნების ლიდერები.
სამართალმცოდნე, დავით ჯანდიერის განცხადებით, მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოდელი არსებობს. რიგ ქვეყნებში საკითხს მთავრობა განსაზღვრავს, არის ქვეყნები სადაც პრეზიდენტია პროცესში ჩართული და რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პარლამენტი. მისივე თქმით, ევროპული სტანდარტი მოითხოვს, რომ საკითხი კონსესუსის საფუძველზე გადაწყდეს.
„ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის პროკურატურის რეფორმა, არ შეიძლება კეთდებოდეს საჯარო განცხადებები იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ის კანონპროექტი, რომელზეც საუბრობს მინისტრი.
ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში სამოქმედო გეგმის შეფასებისას, ევროკავშირის მისიამ უარყოფითად შეაფასა იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის დანიშვნა, ეს იყო ოქტომერში და შემდგომში უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ. თუმცა, ეს საკითხი იუსტიციის სამინისტროს დღის წესრიგში ძალიან გვიან მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის განმავლობაში მუდმივად მიდის ამაზე მსჯელობა, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა“, - აცხადებს ჯანდიერი.
მისივე თქმით, შინაარსობრივი თავლასაზრისით ეს რეფორმა უნდა მიმდინარეობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის ჭრილში.
„არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც არეგულირებს, თუ როგორ უნდა იყოს პროკურატურა ორგანიზებული. მე ვნახე ის კონცეფცია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს აქვს წარმოდგენილი და ასევე, ვნახე პრეს-რელიზი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ წარმოდგენილი კონცეფცია არათუ არ შეესაბამება ევროპის სტანდარტებს, არამედ სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჯანდიერი.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემის, შსს-ს და გენერალური პროკურატურის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდერ ვერშბოუმ, რომლის განცხადებით, ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოს დემოკრატიული სისტემა განმტკიცდეს, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისათვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო თავსებადობა.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციები და პირველ რიგში ნატო, როგორც ოფიციალურ შეხვედრაზე, ასევე საჯაროდ აცხადებს, რომ საჭიროა რეფორმები სასამართლოში, პროკურატურაში და შსს-ს სისტემაში. მისივე თქმით, საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ უწყების პირველი პირის დანიშვნა-განთავისუფლებასთან, ეს რეფორმა არ არის.
„თუკი ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს დანიშვნა-გათავისუფლების წესი წარმოაჩინოს როგორც რეფორმა და თქვას, რომ წლის ბოლოს დავამთავრებო, ძალიან გულუბრყვილობა იქნება, რასაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები გაოცებით შეხვდებიან, რაც შესაძლებელია აისახოს საქართველოსთვის ნეგატიურ გადაწყვეტილებებში.
თუკი, პირველი პირის დანიშვნა-გათავისუფლების წესს ვინმე რეფორმას დაარქმევს, მაშინ პასუხი უნდა გასცენ ერთ კითხვას - 2012 წლის შემდეგ ერთხელ უკვე შეიცვალა მთავარი პროკურორის დანიშვნა-განთავისუფლების წესი და ახლა მეორე რეფორმა დაიწყო? სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ“, - ამბობს ალაფიშვილი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული უწყება მაქსიმალურად გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივაციებისგან და გაითვალისწინონ დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა.
„იფიქრონ სისტემურ რეფორმაზე და არა დანიშვნა-გათავისუფლების წესზე. რეფორმაზე საუბრობს მინისტრი, მაგრამ რამე კონცეფცია, ან დოკუმენტი, რომელითაც სისტემურად არის წარმოდგენილი რეფორმის არსი, თვალით არ გვინახავს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრიას ლევან ალაფიშვილი.