„პროფესიონალ მატყუარად“ შეფასებული გიორგი კანდელაკი, დემაგოგიაში მხილებული „ნაციონალური მოძრაობა“, ვაშაძე-წულუკიანის პაექრობა, „მენტორის მარიონეტებად“ წოდებული მმართველი გუნდი, პრემიერ-მინისტრისა და „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური „გარჩევები“ - ასე ვითარდებოდა პოლიტიკური პროცესები დღეს, ქუთაისში მდებარე პარლამენტში.
თუკი მინისტრები საკანონმდებლო ორგანოს დღის 13:00 საათზე ესტუმრნენ და კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე ნაციონალების სამი ბოიკოტი იხილეს, 17:00 საათზე, პარლამენტში მისულ ირაკლი ღარიბაშვილს ოპოზიციის მოგერიება ხუთი საათის განმავლობაში უწევდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომა 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო და ურთიერთბრალდებების ფონზე, ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა, ხოლო „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომა, რომელიც პრემიერმა მათდამი კეთილგანწყობით გახსნა, ღარიბაშვილის ცხარე გამოსვლით დასრულდა. ყოფილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, პრემიერმა ნაციონალების მიმართ ეპითეტები - „სასაცილო“, „დემაგოგი“, „მატყუარა“, „თქვენი ბელადი“ არ დაიშურა და მათ სიცრუის შესწყვეტისკენ მოუწოდა.
ვიდრე ნაციონალებსა და ღარიბაშვილს შორის მწვავე კამათი დაიწყებოდა, პრემიერმა მათ მოუწოდა მთავრობის მიერ მიღწეული პროგრესისთვის თვალი გაესწორებინათ.
„იმედი არ მაქვს, რომ უმცირესობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენი მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას ადეკვატურად შეაფასებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სასიკეთო ცვლილება და რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, დადებითად საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება, მათ შორის თქვენ და თქვენ ოჯახებსაც შეეხება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერის ოჯახს წინსვლა მართლაც დაეტყო.
ნადირაშვილი დაინტერესდა, ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ წარმოებული იქნება თუ არა ობიექტური გამოძიება და ის სახელმწიფო სახსრებს დააბრუნებს თუ არა უკან.
„თქვენ ისაუბრეთ, რომ თქვენი პროგრამა ოჯახებს დაეხმარება, თუმცა, გეტყვით, რომ თქვენს ოჯახს და თქვენს ნათესავებს წინსვლა უკვე დაეტყო. თქვენი სიმამრის დისშვილის ჯანყარაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და იმედი უნდა გქვონდეს, რომ ობიექტური გამოძიება იქნება და მას სახელმწიფო ფულს უკან მოატანებენ, რომელიც მან წაიღო?“, - მიმართა ღარიბაშვილს ნადირაშვილმა და შემდეგ კითხვით, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც მიმართა.
ნადირაშვილის ცნობით, ბუტა პაჭკორია, რომელიც იყო ანტიკორფციული დეპარტამენტის უფროსი, ექვსი თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს, ამის მიზეზი კი, ყველამ იცის.
„ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც სარფში დააკავეს, თქვა, რომ მას ბუტასთვის ნარკოტიკები შემოჰქონდა. ერთი კვრიის წინ, ეს ადამიანი ავიციაში დაასაქმეთ და რამდენად მიზანშეწონილია, ასეთი ადამიანის პოსტზე დანიშვნა? მისი და ფარცხალაძის მომეტი იყო გადამწყვეტი?“, - მიმართა გომელაურს ნადირაშვილმა, რომლის კითხვასაც პრემიერმა ცილისწამება უწოდა, ხოლო გომელაურმა განმარტა, რომ ბუტა პაჩკორია ნარკოტიკების შემოტანას არ მფარველობდა და ადამიანისთვის ჩიქრის მოცხება არ შეიძლება.
ნადირაშვილის მსგავსად, პრემიერის ნათესავებზე გიორგი ღვინიაშვილმაც ისაუბრა და მთავრობის მეთაურს მოუწოდა, დაინტერესდეს კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის საქმიანობით.
უმცირესობის სხდომაზე ღვინიაშვილმა კახეთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
„ირაკლი შიოლაშვილი თქვენი ნათესავია, რომელიც საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის სახელმწიფო ტექნიკას იყენებს და ფულს არ იხდის. ასეთი ადამიანი რეგიონის გუბერნატორად რატომ უნდა მუშაობდეს? დედოფლისწყაროდან ხართ და ეს ინფორმაცია გადაამოწმეთ. თქვენ უფლება გაქვთ, პრემიერ-მინისტრი იყოთ?“, - მიმართა ღარიბაშვილს ღვინიაშვილმა, რომლის კითხვაც პრემიერმა სასაცილოდ შეაფასა და დაინტერესდა, ნაციონალებს აღნიშნული „ბელადისგან“ ჰქონდათ თუ არა დაბარებული.
გოკა გაბაშვილმა კითხვების ავტორი არ დააკონკრეტა, მაგრამ მან პრემიერს არადეკვატური უწოდა და განაცხადა, რომ პროგრამის წარდგენისას ღარიბაშვილმა 100-მდე ტყუილი თქვა.
„თქვენი მიზანია, არა ხალხს ესაუბროთ, არამედ ის, რომ ერთ ადამიანს – „20/30“ - ის წამყვანს ის მოეწონოს, რაც თქვით. ალბათ, გადაგავიწყდათ, რომ პარლამენტში ბიუჯეტი შემოიტანეთ, რომ ეკონომიკა 5%-ით გაიზრდებოდა, რაც ისედაც ცოტაა, მაგრამ რამდენიმე თვეში ამ პროგნოზის შემცირებისკენ გადახედვა მოგიწიათ. დაგავიწყდათ, რომ საქართველოში 530 000 ოჯახს ცხოვრება გაუძვირდა? ეს ხალხი ღარიბდება, რადგან შემოსავალი აქვთ ლარში და სესხები აქვთ დოლარში. თქვენ ხართ ერთი არაფორმალური მმართველის, თქვენი ლიდერისა და მენტორის მარიონეტები. ასეთი უნიათო, ასეთი არაკომპეტენტური და არაფრის გამკეთებელი მთავრობა საქართველოს არასდროს ჰყოლია“, - მიმართა პრემიერს გაბაშვილმა, რომლიც თავის მხრივ, მთავრობის ხელმძღვანელმა სიცრუეში დაადანაშაულა.
პრემიერის განცხადებით, ქვეყანას იმპორტში კლება აქვს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ლარის სტაბილიზაცია უახლოეს ერთ-ორ კვირაში დაიწყება. მისი ცნობით, ტურიზმის მიმართულებით დადებითი ტენდენციებია და უკვე გამოცოცხლება შეინიშნება. ამასთანავე, პრემიერმა ლარის სტაბილურობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს დააკისრა, რამაც ნაციონალების გაღიზიანება გამოიწვია. პრემიერსა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის დაწყებული კამათი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და ჯაფარიძეს შორის გაგრძელდა, რომელთაც ეროვნული ბანკის ფუნქცია კონსტიტუციიდან წაუკითხეს. ჯაფარიძის კითხვის ფორმით მოხიბლული პრემიერი იდეით გამოვიდა, რომ განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ჯაფარიძე პედაგოგად დანიშნოს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა პრემიერის რეპლიკა დაგმო, მას ღარიბაშვილმა შესთავაზა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში იმუშაოს.
ხადურისა და ჯაფარიძის გარდა, ერთმანეთს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ, მიზეზი კი, იუსტიციის სახლების მშენებლობის შეჩერებაა.
წულუკიანმა ვაშაძეს მოუწოდა ტყუილების თქმისგან თავი შეიკავებინა და იუსტიციის სამინისტროში დაბრუნებაზე არ იოცნებოს.
„იუსტიციის სახლების მშნებელობა არ გავაგრძელე, რომელსაც ჭიათურაში იშენებდით. თქვენი უფროსი კი, კახეთში იშენებდა. თქვენ და თქვენი უფროსი იშენებდით იქ, საიდანაც თვითონ იყავით. ჩვენ ვაშნებეთ იქ, სადაც ქვეყანას საზღვარს შემომტკიცება სჭირდება. თბილისის იუსტიციის სახლში 15 ტონა ნაგავი დატოვეთ. ნაგავი გავიტანეთ 1-ელ ოქტომბერს და უკან არასოდეს არ დაბრუნდება. ბოდიში, რომ თქვენი სახლის კართან იუტიციის სახლის აშენება არ იყო პრიორიტეტული. ჩემს სოფელში საზოგადოებრივ ცენტრს არ ვაშენებ და თავი ტყუილებით გაქვთ სავსე. თქვენი დრო ჩავლილია, იუსტიციის სამინისტრიში ვეღარ დაბრუნდებით“, - მიმართა ვაშაძეს წულუკიანმა, რომელსაც ოპოზიციონერმა უპასუხა, რომ წინა ხელისუფლებამ იუსტიციის სახლის სახურავზე 15 ტონა ნაგავი დატოვა, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ 15 ტონის ვერაფერი ააშენა.
წულუკიანი-ვაშაძის მსგავსად, ერთმანეთს ღარიბაშვილი და გიორგი კანდელაკიც დაუპირისპირდნენ. პრემიერმა ოპოზიციონერს „პროფესიონალი მატყუარა“ უწოდა.
„თქვენ ხართ, პროფესიონალი მატყუარა და მიამიტი. ყველაზე დიდი უხერხულობა, რაც თქვენმა ბელადმა ამერიკას შუექმნა, არის თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები. გეყოთ დემაგოგია. ამერიკა ვალდებულებების დონეზე არ წყვეტს ვისთან გააფორმებს თავისუფლი ვაჭრობის ხელშეკრულებას. თქვენი ხელისუფლების მხრიდან ვაჭრობა მიმდინარეობდა, რომ თქვენს პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტი შეხვედროდა, სანაცვლოდ კი რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას მხარს დაუჭერდით. თქვენ შეგეძლოთ, ბევრი რამე მოგეთხოვათ, მაგრამ თქვენ ამერიკაში სააკაშვილის ვიზიტი და შეხვედრა მოითხოვეთ. ბატონო გიორგი, გართობის კარგი საშუალება მოგვეცა და კიდევ ერთი კითხვა დამისვით“, - მიმართა კანდელაკს ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება მთავრობისა და „თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრას, პრემიერმა ისინი „მეგობრებად“ და „თანამებრძოლებად“ მოიხსენია, რასაც ვიქტორ დოლიძის პროტესტი მოჰყვა.
„ძვირფასო მეგობრებო და ძვირფასო თანამებრძოლებო მოგესალმებით. ჩემთვის მართლაც ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენთ, მაგრამ ეს იყო თქვენი არჩევანი, თქვენი გადაწყვეტილება. უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, ჩემი პატივისცემა თქვენი ფრაქციის თითოეული წევრისადმი“, - მიმართა ღარიბაშვილმა „თავისუფალ დემოკრატებს“.
პრემიერის მტკიცებით, მთავრობასა და „თავისუფალ დემოკრატებს“ ერთი საერთო მიზანი აქვთ, რასაც ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია.
„გულწრფელად გეტყვით, რომ როცა კოალიციიდან გახვედით, ჩემი აზრით, საკმაოდ ხმამაღალი, უსაფუძვლო და მე ვიტყოდი ემოციური განცხადება გააკეთეთ, თითქოს საქართველოს დასავლურ კურსს საფრთხე დაემუქრა. ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვაქვს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურს ვიქტორ დოლიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში სწორედ იმის გამო აღმოჩნდნენ, რომ პროკურატურა მათ წინააღმდეგ პოლიტიკური ოპონირების იარაღად იქნა გამოყენებული.
„თქვენ გამოსვლა ძალიან დადებითი პათოსით დაიწყეთ და მეგობრები გვიწოდეთ. მეც დიდი სიხარულით გიწოდებდით ასევე მეგობრებს, რომ არა ერთი ძალიან დელიკატური თემა. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ამგვარი მეგობრობა და ამგვარი პარტნიორობა ნამდვილად არ ვიცით და არ გვესმის. ჩვენ ცოტა სხვანაირი მეგობრობა და სხვანაირი პარტნიორობა ვიცით. მერწმუნეთ, ჩვენც ძალიან არ გვსიამოვნებს ის ვითარება, რომელიც დღეს ჩვენ წინაშე დადგა, ვინაიდან თქვენთან ერთად ვიბრძოდით, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვიბრძოდით სწორედ იმ მანკიერი და რთული რეჟიმის წინააღმდეგ, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა, მაგრამ სამწუხაროდ, იმიტომ მოხდა ის, რაც მოხდა და იმიტომ ვართ დღეს მდინარის სხვადასხვა მხარეს, რომ პროკურატურა იქცა სწორედ პოლიტიკური ოპონირების იარაღად ირაკლი ალასანიას და მაშასადამე, „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ. მერწმუნეთ, ეს არავის გვიხარია“, - მიმართა დოლიძემ პრემიერს.
ღარიბაშვილის მიერ მათ „მეგობრებად“ მოხსენიებას გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთი წარმომადგენელი ნინო გოგუაძე. მისი თქმით, მათი ოპოზიციაში გადასვლა სწორედ რომ ღირებულებების გამო მოხდა.
„ჩვენ მართლაც ერთად ვიბრძოდით - 2 წელი ვიყავით მთავრობასა და უმრავლესობაში, მაგრამ ჩვენი გასვლა ოპოზიციაში შემთხვევით, გაუგებრობის გამო კი არ მოხდა, არამედ ეს მოხდა სწორედ ღირებულებების გამო და ამაზე ხვალ ვილაპარაკებთ“, - აღნიშნა გოგუაძემ. ფრაქციის წარმომადგენლებმა პრემიერს სთხოვეს, „თავისუფალ დემოკრატებს“ ნუ გააიგივებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და შეახსენეს, რომ „ნაციონალების“ წევრები მათთან არ გაერთიანებულან.