საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი 0,5%-ით - 5%-მდე გაზარდა. წესით და რიგით, მიმოქცევაში არსებული ლარის მასა უნდა შემცირდეს და კურსი გამყარებისკენ წავიდეს. თუმცა, საქართველოს სავალუტო ბაზარზე ბოლო დროს იმგვარი ტენდენციებია, რომ გამორიცხული არ არის, სრულიად საპირისპირო მოვლენებიც განვითარდეს.
„ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე გაზრდილია ინფლაციის მოლოდინი, რაც შეიძლება აისახოს ინფლაციის მიზნობრივი დონიდან გადახრის რისკებზე საშუალოვადიანი პერიოდისთვის. ამიტომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას წლის ბოლოსთვის 5.5 პროცენტამდე“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
„აპრილში წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების მომსახურებასთან დაკავშირებული შუალედური ხარჯების ზრდის გავლენას ინფლაციაზე საწვავზე ფასების კლება ნაწილობრივ აბალანსებდა. ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციები განაგრძობს უარყოფითი გავლენის გადმოცემას საქართველოს ეკონომიკაზე: შემცირებულია საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურისტული ნაკადი.
თუმცა გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი ცვლილება უკვე იწყებს ასახვას იმპორტის მოთხოვნაზე, რაც, თავის მხრივ, საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას უზრუნველყოფს და ადგილობრივ მოთხოვნას უწყობს ხელს“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, ყველას აინტერესებს გაძვირდება თუ არა კრედიტები. როგორც ირკვევა, 2015 წლის 30 აპრილის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი - 5147 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2347 იურიდიულ პირს აქვს. ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში“ მიიჩნევენ, რომ სულ სესხის პროცენტი 7494 ადამიანს გაუძვირდება.
„2015 წლის იანვართან შედარებით იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა, 481-ით არის გაზრდილი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის.
შედეგად შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, ეკონომიკის დაკრედიტება და ფასების საერთო დონე. საბოლოოდ მოხდება მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება, რაც ლარის გაცვლით კურსს დროებით დაასტაბილურებს. თუმცა მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება“, - აცხადებენ „საზოგადოება და ბანკებში“.
უნდა აღინიშნოს, რომ თებერვალში რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას 0,5%-ით ზრდას კრედიტების გაძვირება არ მოჰყოლია. სპეციალისტების აზრით, იგივე ვითარებაა ახლაც და რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.
„ეს გადაწყვეტილება ასეთ მოკლე პერიოდში საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედებას არ მოახდენს. ეს არის ხანგრძლივ პერიოდზე ზემოქმედების საშუალება“, - განმარტავს საბანკო ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 1-ელ ივლისს გაიმართება. 2015 წლის 11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა. მარტსა და აპრილში კი კომიტეტმა განაკვეთი უცვლელი დატოვა.