პარლამენტი მინისტრების მოსმენას იწყებს, უმრავლესობა ხმების მობილიზაციას ახდენს, ოპოზიცია ოპონირებისთვის ემზადება, ხოლო სპორტსმენმა დეპუტატებმა პროტესტის გამოხატვა გადაიფიქრეს. for.ge-ს ინფორმაციით, სპორტის კომიტეტის წევრები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებდნენ, მიზეზი კი, სპორტის ახალი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.
წყაროს ცნობით, ლერი ხაბელოვის კომიტეტში ფიქრობენ, რომ სპორტის ახალი მინისტრი წინამორბედის, ლევან ყიფიანის ახლო მეგობარია, რომელიც უწყებაში მის ინტერესებს გაატარებს.
როგორც for.ge-სთან კულუარულ საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, სპორტსმენი დეპუტატები ტარიელ ხეჩიკაშვილისთვის ნდობის გამოცხადებას არ გეგმავდნენ, მაგრამ ვინაიდან, კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობას ნდობას გუნდურად უცხადებს, მათ დროებით პოზიცია შეიცვალეს, თუმცა, კანონმდებლები მომავალში, სპორტის ახალი მინისტრის საქმიანობას გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან და იმ შემთხვევაში თუკი, ხეჩიკაშვილი შეცდომებს დაუშვებს, მას იმ გზას გაუყენებენ, რომელსაც ყიფიანი უკვე დაადგა.
რაც შეეხება დეპუტატების განწყობებს სხვა მინისტრების მიმართ, უმრავლესობის კულუარებში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ბევრი აკრიტიკებს, თუმცა, ისინი საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ მინისტრებს საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, სადაც მათ მიმართ კრიტიკულ კითხვებს დასვამენ.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე კრიტიკული კითხვების ავტორები მმართველი გუნდის წევრები იქნებიან, თუ ოპოზიციონერები ეს დღეს გახდება ნათელი, რადგან უწყება მინისტრთა კაბინეტის მოსმენას იწყებს. სამთავრობო პროგრამა იგივეა, თუმცა, მცირე ჩასწორებით. 64 გვერდიანი პროგრამის კორექტირება განსაკუთრებით იმ ნაწილში მოხდა, სადაც ფისკალურ პოლიტიკაზეა საუბარი.
კერძოდ, პროგრამაში - „დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ აღნიშნულია, რომ ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა წარიმართება გონივრულად, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სახელმწიფო ვალის მდგრადობა.
„მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ლარის გაცვლითმა კურსმა მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ვალის მოცულობაზე უარყოფითად იმოქმედა, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით, მისი მაჩვენებელი მაინც დაბალ ნიშნულზე რჩება, შეესაბამება საშუალოვადიანი სტრატეგიით განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს და ბევრად ნაკლებია კანონმდებლობით დაშვებულ ნორმასთან შედარებით. აღნიშნული პოზიტიურად მოქმედებს საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე და ამარტივებს საკრედიტო რესურსის მოზიდვის შესაძლებლობას. მთავრობა განაგრძობს სელექციურ მიდგომას საინვესტიციო/ინფრასტრუქტურული პროექტების შესაჩერებლად, რომლებიც მაქსიმალურად შეღავათიანი ფინანსური რესურსთ ფინანსდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ვალის პორტფელის მდგრადობა“, - აღნიშნულია პროგრამის 49-ე გვერდზე, რომელსაც ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებს, უმრავლესობისთვის კი, როგორც პროგრამის პათოსი, ასევე მთავრობის შემადგენლობა მისაღებია.
როგორც for.ge-ს ნაციონალმა, სერგო რატიანმა განუცხადა, ქვეყნისა და ხალხის დაცინვაა ის, რომ მთავრობამ, რომელმაც სახელმწიფო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, პარლამენტში დასამტკიცებლად კვლავ შედის. მისი შეფასებით, მთავრობა საკუთარი პროგრამით იმას ამბობს, რომ ფაქტიურად, ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.
„თუკი მთავრობას დაამტკიცებენ, ეს სრულიად არაადეკვატური ნაბიჯი იქნება, რადგან მთავრობა თავად ამბობს, რომ არანაირი გეგმა არ აქვს. მთავრობა ამბობს, რომ კრიზისში არ ვართ, მაშინ, როდესაც ლარის 30 ნიშნულით არის გაუფასურებული. შეუძლებელია, რომ ამ მთავრობას მხარი დავუჭიროთ, რადგან პროგრამაშიც კი, არაფერი ჩაასწორეს. ერთი ადამიანის ახირებაა, რომ მას მომსახურე პერსონალი ჰყავდეს. ქვეყანას მთავრობა კი არ ჰყავს, არამედ ბიძინა ივანიშვილის მომსახურე ხალხი გვყავს“, - განაცხადა რატიანმა, რომლისგან განსხვავებით, მთავრობის მხარდაჭერას აპირებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.
for.ge-სთან საუბარში ტყემალაძე აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია როგორც სამთავრობო პროგრამა, ასევე მთავრობის განახლებული შემადგენლობა და უმრავლესობას მთავრობის დამტკიცება არ გაუჭირდება.
„მთავრობას დავამტკიცებთ, თუმცა, მათ კომიტეტის სხდომაზე მოვუსმენთ. მისაღებია როგორც მთავრობა, ასევე პროგრამაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ნდობას ხომ არ გამოვუცხადებდით?“, - აცხადებს ტყემალაძე.
მთავრობას დეპუტატები კომიტეტების ფორმატშიც მართლაც მოუსმენენ, თუმცა, დარგების მიხედვით, მაგრამ ყველაზე საინტერესო ალბათ, მთავრობის წევრების „თავისუფალ დემოკრატებთან“ და ნაციონალებთან შეხვედრა იქნება, სადაც სამთავრობო პროგრამაზე თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს. მთავრობის ხელმძღვანელს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა დაახლოებით ცხრა საათი მოუწევს, რადგან მოსმენები დღეს, 13:00 საათზე იწყება და 22:00 საათზე დასრულდება. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კი, 8 მაისის რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, რომელსაც პრეზიდენტი მოიწვევს, მთავრობის დამტკიცების ბედს კი, მინიმუმ 74 დეპუტატი გადაწყვეტს.