„სწორედ ნდობის გამოცხადების შემდეგ იქნება მთავრობაში ძირეული ცვლილებები მოსალოდნელი“

„სწორედ ნდობის გამოცხადების შემდეგ იქნება მთავრობაში ძირეული ცვლილებები მოსალოდნელი“

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის ვადა 8 მაისს ეწურებოდა. ამიტომ პრემიერს კიდევ ერთხელ მოუხდა თხოვნა პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის, პროცესის დაჩქარების თაობაზე. 

„კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ვნახეთ, რომ გაიმართა უმრავლესობის პოლიტსაბჭოს სხდომა, როგორც წესი იყო, ასევე შედგა განხილევები დეპუტატების მიერ, ეს ნორმალური და დემოკრატიული წესია, რომელისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესმა მოიტანა პოზიტიური შედეგი. ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ პარლამენტს და მთავრობას მუშაობაში. ჩემს მიერ პარლამენტის და მთავრობის წარდგენის გადადებაც ამ პროცესის ხელის შეწყობა იყო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეცვლის თუ არა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს სამთავრობო ცვლილებები, ამ თემაზე ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.

ბატონო ლევან, არ ვიცით კონკრეტული მიზეზები, რისთვის გახდა აუცილებელი სპორტისა და გარემოს დაცვის მინისტრების შეცვლა, როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს სამთავრობო ცვლილებები საჭირო?

- უფრო რადიკალური ცვლილებების საჭიროებასაც ვხედავდი იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ამ მთავრობას ძალიან ბევრი ნეგატივი დაუგროვდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მმართველი ძალა იმ გუნდმა მიიყვანოს, რომელსაც ნაკლები ნეგატივი ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებისას კარგ სასტარტო პირობებზე ვერ ვიმსჯელებთ. თუმცა, მიზანი არა მხოლოდ კარგი სასტარტო პირობები, არამედ არჩევნებში მინიმუმ, არსებული შედეგის შენარჩუნებაც უნდა იყოს. ამ პირობებს თუ გავითვალისწინებთ, ვთვლი, რომ უფრო რადიკალური ცვლილებების საჭიროებასაც ვხედავდი.

მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უფრო რადიკალური ცვლილებები არ იქნება, არ დაგავიწყდეთ, რომ პრემიერს კონსტიტუციით აქვს 1/3-იანი ცვლილების უფლება გარანტირებული და ამისთვის მას პარლამენტის თანხმობა აღარ სჭირდება. რაკი შემდგომი ცვლილებებისთვის პარლამენტის თანხმობა აღარ არის საჭირო, შესაძლოა, სწორედ ეს ტქტიკა იყოს არჩეული და შემდგომში ვიხილოთ უფრო არსებითი ხასიათის ცვლილებები.

არ ვამბობ, რომ ეს ცვლილებები არსებითი არ არის - პირიქით. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ თუკი, პარლამენტში წარმოდგენილი უმრავლესობა არის კოალიციურ რეჟიმში, ანალოგიური ბალანსი უნდა იყოს მთავრობაში. ოქტომბრის შემდეგ მთავრობა ამ სახით არ იყო წარმოდგენილი. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების დანიშვნა მთავრობაში სწორედ კოალიციური მთავრობის მიმართულების გაძლიერებაა და ამ კუთხით არის მნიშვნელოვნი.

როგორ ფიქრობთ ამ 2,5 წლის განმავლობაში მინისტრთა ყოფილი კაბინეტი რატომ ვერ აღმოჩნდა ეფექტური? ხომ არ იყო შიდა დინებები, რაც გადაწყვეტილების მიღებას აფერხებდა? გავლენის სფეროების გადანაწილებასთან ხომ არ გვქონდა საქმე, ან შიდა დაპირისპირებასთან, რაც მთლიანად მთავრობის მუშაობას ხდიდა არაეფექტურს?

- პატარა კორექტივს შევიტან, ეს მთავრობა სულ რამდენიმე თვისაა - განახლებულ შემადგენლობას გასული წლის ოქტომბერში გამოუცხადა პარლამენტმა ნდობა. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ მთავრობის პერსონალური შემადგენლობის კონტექსტში თუ ვიმსჯელებთ, ჯერ სულ რამდენიმე თვეა გასული ნდობის მოპოვებიდან.

რაიმე ხელშესახებ შედეგზე საუბარი, რომელსაც წარმატებულს ვუწოდებთ, ჩემთვის ძნელია, რადგან მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაგეგმვა განახლებულ შემადგენლობას არ მოუწია. ყველაზე კარგი თვალსაჩინოება იქნებოდა, მის მიერ დაგეგმილი ბიუჯეტი როგორ შეასრულა მთავრობამ. მსგავსი ხელშესახები მაგალითი ხელთ არ მაქვს, რომ განზოგადებული, ერთიანი დასკვნის გაკეთება შემეძლოს. თუმცა საშინაო და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით ფაქტია, რომ კოორდინაცია და თანმიმდევრულობა მთავრობას აკლდა. მხედველობაში მაქვს მთავრობის წევრების პოზიციათა სხვადასხვაობა. მაგალითად მინისტრის მოადგილის მიერ გამოთქმული კრიტიკის გამო სავალუტო ფონდთან ბოდიშის მოხდა მოუხდა ვიცე-პრემიერსაც და პრემიერსაც. მსგავსი რიტორიკა იყო პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებითაც, როდესაც პრემიერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და ვიცე-პრემიერი სხვადასხვა პოზიციას აფიქსირებდნენ.

არ ვიცი, ამის შემდეგ როგორ იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ სუბიექტს პოლიტიკური ცხოვრების ნაკლები გამოცდილება აქვს, მსგავსი რაღაცეები მოსალოდნელია და სამომავლოდ, შესაძლოა, სერიოზული პრობლემების საფუძველი გახდეს. აღარაფერს ვამბობ იმ ნეგატივზე, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. გახმაურებულ საქმეების პოლიტიკურ აღქმასთან დაკავშირებით, რომელიც არა მხოლოდ უცხოეთის სასამართლოს გადაწყვეტილებებში აისახა, არამედ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც კი მიეძღვნა ამ საკითხს. ეს არის ის მიმართულებები, სადაც აშკარაა სისუსტე და ამის გამოსწორებაზე ზრუნვა მოუწევს ახალ მთავრობას. რამდენად წარმატებულად - უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი - საკმაოდ პოპულარული თემა - კულუარებიდან მართვა, რაც ლოგიკურად, მთავრობის ეფექტურობის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი უნდა იყოს. თუ ახალ მთავრობასაც მსგავსი გამოწვევა ექნება, მართვის იგივე სტილი გაგრძელდება, მაშინ რა აზრი ჰქონდა ძველის შეცვლას?

- ეს არის ინსტიტუციური, სახელმწიფოებრივი პრობლემა და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის. თუმცა, თუ საერთაშორისო გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ეს სახელმწიფოს კრახამდეც კი შეიძლება, მივიდეს და ეს პირველ რიგში, ჩვენს საგარეო „კეთილისმსურველებს“ აწყობს.

როგორ ფიქრობთ, ამ სამთავრობო ცვლილებების შესახებ ვინ მიიღო გადაწყვეტილება? შეგახსენებთ, რომ ბევრს საუბრობდნენ აშშ- ელჩისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე...

- ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი, ან ამა თუ იმ ინსტიტუაციას რამდენად შესწევს ძალა, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. რჩევა იქნება თუ აზრის კითხვა - ასეთი რამ იყო, არის და იქნება. თუკი დამოუკიდებლობის ხარისხი გვაქვს ნაკლები, იქნება შიგნით ერთი თუ რამდენიმე ადამიანი, ან უცხოეთის სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომელთა აზრი არა მხოლოდ რჩევაა, არამედ გარკვეული სახელმძღვანელოა. და, თუკი, შენ მხოლოდ აფორმებ ამ გადაწყვეტილებას, ამაშია პრობლემა და სახელმწიფოსთვის საფრთხედ შეიძლება იქცეს.

როდესაც კულუარებიდან მართვაზე ვსაუბრობთ, ალბათ, ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ღარიბაშვილმა საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილა სამთავრობო პოლიტიკური თანამდებობები, გარკვეული პერიოდის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას მოუხსნეს მინისტრები, მინისტრების მოადგილეები და .. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, პრემიერი ფორმალურად არის პრემიერი?

- გულწრფელად რომ გითხრათ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის რომელიც მაქსიმალისტია და სულ ერთი არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა, ასეთი აღქმა ცოტა უხერხულია. რა მაქვს მხედველობაში - „შეუცვალეს“, „დაუნიშნეს“ პრემიერს - ქვეყნის პირველი პირის დამოუკიდებლობის ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, პრემიერს ვერავინ ვერაფერს შეუცვლის თუ მას დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალი აქვს და არ აფორმებს სხვის რჩევებს.

ამ წუხილის ილუსტრაციად შეიძლება გამოდგეს ერთ-ერთი ბოლო ფაქტი, რომელიც პრეზიდენტის განცხადებაშიც იკითხებოდა - მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ პრემიერი თავიდან ჩამოყალიბებული იყო მის გუნდთან დაკავშირებით, მაგრამ ცოტა ხანში თვისობრივად და არსებითად შეიცვალა მისი გადაწყვეტილება - შეცვალა თავდაცვის მინისტრი. რასთან გვქონდა საქმე, დამოუკიდებლობის ხარისხი რამდენად მაღალი იყო, რამდენად იყო პრემიერის გადაწყვეტილება ორი მინისტრის შეცვლის გარდა დამატებითი ცვლილებების განხორციელება, ან რა გავლენა იქონია გარე ფაქტორებმა პრემიერის პოზიციის ასეთ ცვლილებაზე? ეს, რა თქმა უნდა, არის ის საკითხი, რომელიც თავისთავად წარმოშობს კითხვებს და საჭიროებს ყურადღებას, რომ შემდეგ არ იქცეს სახელმწიფოებრიობის კრიზისად.

წარმოიდგინეთ, პრემიერი, ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, რომელიც მისი გუნდის ფორმირებასთანაა დაკავშირებული, არ არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. სხვა გამოწვევებში, სხვა გადაწყვეტილებების მიღებაში რამდენად დამოუკიდებელი და თავისუფალი შეიძლება იყოს?! თუკი ამას წარმოვიდგენთ, შეიძლება საკითხის სერიოზულობასა და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე მეტი სიმძაფრით ვისაუბროთ.

თუ მთავრობა ვერ მუშაობს ეფექტურად და ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მაგალითების ძებნა არ გაგვიჭირდება, რა დროს დგება მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობის საკითხი? მას შეუძლია დაუსრულებლად ცვალოს მინისტრები ისე, რომ პასუხისმგებლობა არ გაიზიაროს?

- კონსტიტუციურად მთავრობის საქმიანობაზე პასუხისმგებელია ეს კოლექტიური ორგანო და მისი ლიდერიც მასთან ერთად. თუმცა კონკრეტულ საკითხებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მასზე პასუხს კონკრეტული მინისტრები აგებენ.

გაქვთ მოლოდინი, რომ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ რაღაც არსებითად შეიცვლება?

- წესით, უნდა შეიცვალოს. როგორც მინიმუმ, სამთავრობო პროგრამაც და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებიც მოითხოვს კორექტირებას და შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ შეიცვლება ეკონომიკური, სოციალური პოლიტიკა და საგარეო ურთიერთობები. მითუმეტეს, რომ ახალი მთავრობა გათავისუფლებული იქნება იმ ნეგატიური მემკვიდრეობისგან, როგორიცაა ეკონომიკური პრობლემები, გახმაურებული საქმეები, გამამართლებელი განაჩენები და ა.შ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ, ეს ყველაფერი არ არის ამ ხელისუფლების პოლიტიკური მემკვიდრეობა.

თუ სიტუაცია რადიკალურდ ვერ შემობრუნდა უკეთესობისკენ, როგორ ფიქრობთ, მივა საქმე ვადამდელ არჩევნებამდე?

- არ მგონია. მაქსიმუმ, რასაც ვფიქრობ არჩევნებამდე პერიოდში და ამის განმაპირობებელი იქნება ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები, საქმე მივა მინისტრთა კაბინეტის ძირეულ განახლებამდე. ნდობის გამოცხადების შემდეგ პრემიერი გამოიყენებს მინისტების 1/3-ის შეცვლის უფლებას, როდესაც პარლამენტის თანხმობა არ დასჭირდება და საკვანძო და რადიკალურ გადაწყვეტილებებს სწორედ ამ დროს უნდა ველოდოთ, სადაც, ვფიქრობ, თავისუფლების უფრო მაღალი ხარისხი ექნება პრემიერს.

მოსალოდნელია პრემიერის შეცვლა მას შემდეგ, რაც ის მინისტრებს გამოცვლის?

- არ მგონია ეს იყოს გონივრული - არასრული ერთი წელი დარჩება არჩევნებამდე. პირიქით კონსოლიდირებული, ერთინი გუნდი სჭირდება უმრავლესობას, რომ ღირსეულად მივიდეს არჩევნებამდე. ამ ზაფხულს კიდევ მოესწრება პრემიერის შეცვლა, მაგრამ რამდენად გონივრული ქნება ეს, ეჭვს ბადებს. არ მგონია, მომგებიანი იყო ამგვარი პოლიტიკური სვლა.