საქართველოს პრეზიდენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კონსტიტუციაში ის ჩანაწერი უნდა გაუქმდეს, რომლითაც მთავრობის შემადგენლობას პარლამენტში ქვეყნის პირველი პირი წარადგენს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის აღნიშნული უფლება პროცესში პოზიტიურ როლს ასრულებს. პრეზიდენტი თვლის, რომ ყველას ვალდებულებაა მიყვეს არსებულ კონსტიტუციას.
„იმან, რომ მე გამოვიყენე ჩემი უფლება, პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა - შეიქმნა შესაძლებლობა, რომ უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც აქამდე თითქოს ცოტა გაუცხოებულები იყვნენ და პოლიტსაბჭოს, საიდანაც ძირითადად, არ გვესმოდა განცხადებები, ახლა ჩამოყალიბდნენ და ერთ კონსენსუსამდე მივიდნენ. ასე რომ, კონკრეტულად ამ უფლების ამოღებაზე თუ ვისაუბრებთ, პირიქით ვფიქრობ, ეს პოზიტიური იყო და მან დადებითი როლი შეასრულა, ქვეყანაში მშვიდ პოლიტიკურ გარემოში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, პრინციპულია სწორად მიიღებოდეს გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა გადადო არა იმიტომ, რომ რომელიმე კანდიდატის წინააღმდეგი იყო, ან რომელიმე არ მოწონდა, არამედ პრინციპული იყო, რომ ამ კანდიდატების შერჩევის პროცესი ყოფილიყო გახსნილი, დემოკრატიული გუნდის შიგნით მიმდინარე დისკუსიების შედეგად.
„ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ და პატივი ვცეთ კონსტიტუციას“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს კითხვას, რომლის თანახმადაც, პარლამენტში დასამტკიცებლად მთავრობის წარდგინების უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს.
„ეს არც პრემიერის გადასაწყვეტია, არც რომელიმე ოპოზიციის წევრის თუ პარლამენტის დეპუტატის. ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული. ასე რომ, ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და პატივი ვცეთ მას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტის კონსტიტუციურ ვალდებულებას - წარუდგინოს პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად, „ჩარჩენილ ნორმას“ უწოდებს. ხმალაძის განცხადებით, პირადად მისი და არა მხოლოდ მისი აზრით, პრეზიდენტის ეს კონსტიტუციური ფუნქცია არალოგიკური და არაბუნებრივია.
„პრეზიდენტს აქვს ერთადერთი ვალდებულება - ერთი კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა. მას არა აქვს უფლება, რაიმე ცვლილება შეიტანოს მთავრობის შემადგენლობაში. უფრო მეტიც, პრეზიდენტი არ მონაწილეობს მთავრობის ფორმირების პროცესში. არანაირი ვალდებულება არავის არ აქვს, პრეზიდენტთან გაიაროს კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობის თაობაზე. თუკი სურვილი აქვთ, შეუძლიათ. ასეთი ვალდებულება არ არსებობს და არც არსებობდა არასდროს“, - აცხადებს ხმალაძე.
დეპუტატმა ჟურნალისტებს ადრინდელი შემთხვევები გაახსენა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციები არ ხდებოდა, რადგან კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტი არ მონაწილეობს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში.
„ის არ მონაწილეობს არც აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებაში. ეს არის ორი კონსტიტუციური სუბიექტის პარლამენტის და მთავრობის, კონკრეტულად კი, პრემიერ-მინისტრის საქმე. ამიტომ, აქ პრეზიდენტის მონაწილეობა უფრო არის ჩარჩენილი ნორმა“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ კონსტიტუცია მთლიანობაში წესრიგშია მოსაყვანი. მისი თქმით, კონსტიტუციაში არსებული მუხლები ერთმნიშვნელოვნად უნდა იკითხებოდეს.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ის რაც გვაქვს. ეს მუხლი ჩარჩენილია თუ არაა, ამას დღეს-დღეობით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს მუხლი წერია კონსტიტუციაში და ეს არის კონსტიტუციური მუხლი. რაც შეეხება ბატონი ვახტანგის განცხადებს, არა მარტო ეს მუხლი უნდა შეიცვალოს, არამედ მთლიანად კონსტიტუცია უნდა აეგოს ლოგიკურად. კონსტიტუციაში არსებული მუხლები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა იკითხებოდეს და არ უნდა ხდებოდეს მისი ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარად“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.