ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილთან დაკავშირებით კულუარული ინფორმაციების გასაჯაროებას აპირებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის, საქართველოს ექსპრემიერის განცხადებით, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, რომ გუნდთან ერთად მოსული პრეზიდენტი მეორე დღესვე საკუთარ გუნდს დაპირისპირებოდა. მისი თქმით, „ჩვენმა პრეზიდენტმა ამ მხრივ გამოჩინა თავი. ხოლო რაც გააკეთა გუშინწინ, ამით აგრძელებს ამ პოლიტიკას და აბსურდში რჩება“.
თუმცა, თუ რა ხდება რეზიდენციასთან დაკავშირებით და, ასევე, რა ხდებოდა კულისებში, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს ერთ-ერთ გადაცემაში ხანგრძლივ დროს დაუთმობს და იმ ნაწილს გამოაშკარავებს, რაც საზოგადოებამ არ იცის.
რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტს და რა სიურპრიზს უმზადებს მას ივანიშვილი? ამის შესახებ For.ge სამართლის ექსპერტს ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
ივანიშვილი მარგველაშილთან დაკავშირებით კულუარული ინფორმაციის გასაჯაროებას აპირებს. ის აცხადებს, რომ ამით შეიძლება, დაეხმაროს და გაუიოლოს საქმე პრეზიდენტის ინსტიტუტს, რომ პრეზიდენტი თავის ქვეყანას ღირსეულად მოემსახუროს. თუ ფლობთ ინფორმაციას, რომელ დაფარულ ინფორმაციაზეა საუბარი, ეს ხომ არ გააღვივებს მეტ ბზარს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის და რა უნდა იყოს ამ ინფორმაციის გამჟღავნების საბოლოო შედეგი?
- ეს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ იქნება. გარდა ამისა, ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ყველაზე კარგი პასუხი ახლადდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა გასცა და თქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი არის უპარტიო, ყველა პარტიისა და ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური. შესაბამისად, ეს მოცემულობა და პოზიცია არის ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი, თუნდაც იგი რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს არ მოსწონდეს.
თინა ხიდაშელი რომ გამოვრიცხოთ, ზოგადად, კულისებში რა ხდება? ამ ამბის გამომზიურება რაკი დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს, ალბათ, გამოამჟღავნებს კიდეც. იქნება ეს კოზირი ივანიშვილისთვის მარგველაშვილის წინააღმდეგ?
- ასე არ ვფიქრობ. ამით შეიძლება, სახელმწიფოებრიობა დაზიანდეს, მაგრამ ტერმინს - „კოზირი“ ცოტა სხვა მნიშვნელობას ვანიჭებ, მით უმეტეს, პოლიტიკურ ცხოვრებაში. რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ე.წ. კოზირმა კოზირის მფლობელს? გადადგომასთან დაკავშირებით იმაზე მეტი დარტყმები, რაც მთელმა პოლიტიკურმა გუნდმა პრეზიდენტს მიაყენა, არა მგონია, კიდევ იყოს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა თქვა, იცით რა, მე დავრჩები სახელმწიფოს მეთაურად. ასე რომ, ე.წ. კოზირი მისი მფლობელის ხელში შედეგის მომტანი ვერ იქნება. პრეზიდენტი არ გადადგება. გადადგომის მიმართულება გამორიცხულია. რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, მგონი, ამაში ყველა დარწმუნებულია, მათ შორის, მარგველაშვილის ყოფილი პოლიტდამკვალიენებლები ან მისი მხარდამჭერები, რომ რეალურად კანონდარღვევა მარგველაშვილის ქმედებაში, გულითაც რომ უნდოდეს, ვერ იქნება. უბრალოდ, იგი ამას ვერ მოასწრებდა, რადგან, ჯერ ერთი, დროის მცირე მონაკვეთია გასული და, მეორე, იგი აღმასრულებელ ხელისუფლებას მოცილებულია. შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებები, რომელმაც მისი კანონსმიღმა ქმედება შეიძლება გამოიწვიოს ან მოტივატორი გახდეს, გამორიცხულია. შესაბამისად, რა უნდა იყოს მოსალოდნელი ბიძინა ივანიშვილისგან? მარგველაშვილის დისკრედიტაცია? რა ვიცი, აბა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, გარდა ერთი ფაქტისა, ამგვარი ქმედებების დამსახურებაა, რომ მარგველაშვილის რეიტინგი გაიზარდა.
ყოველ შემთხვევაში, მარგველაშვილი ადასტურებს, რომ ერთწლიანი ზეწოლის გამო თანამდებობიდან გადადომის ზღვარზე იყო.
- პრეზიდენტი თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს. სპონტანური, დამძიმებული ან მძიმე ემოციის ფონზე გაკეთებული განცხადებები და გადაწყვეტილებები არ ჩანს. ეს მაფიქრებინებს, რომ მოცემულობა, პოლიტიკური სურათი სწორად აქვს გაანალიზებული. მოცემულობა კი ის არის, რაშიც არის მთავრობა, პარლამენტი, საზოგადოება, ყველაზე დიდი დამსახურების, გავლენის მქონე ადამიანი-ბიძინა ივანიშვილი, „მოქალაქე“ და მეტი არაფერი. კი, ეს არის მოცემულობა, რომელშიც არსებობს ბიძინა ივანიშვილი და ვფიქრობ, ბატონი ბიძინას ამგვარი რეაქცია გამოიწვია სწორედ ღარიბაშვილის ბოლო განცხადებამ რეზიდენციასთან დაკავშირებით. მარგველაშვილმა ღიად თქვა, აქ არაფერი ინსტიტუციური არ არის, ეს არის ჩემი და ბიძინას პერსონალური ქიშპობაო. ვფიქრობ, ეს იყო სწორედ გამაღიზიანებელი ბიძინა ივანიშვილისთვის. ადამიანურად, შესაძლებელია, გასაგები იყოს ის ომი, რაც გამოიარეს ერთად მთელმა პოლიტიკურმა გუნდმა. ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლოა, ეს იყოს ემოციური მომენტი, მაგრამ სახელმწიფოებრიობა და სამშობლო-საქართველო, მისი განვითარება უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკური თუ პერსონალური სენტიმენტი.
ანუ თქვენ არ იცით, რის გამჟღავნებას აპირებს ბიძინა ივანიშვილი?
- ვერ გეტყვით. სიმართლე გითხრათ, საზოგადოებაც ამით ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ მიიღებს, რადგან თუნდაც პრეზიდენტთან დაკავშირებით კულუარები როგორ შეიძლება ხალხისთვის საინტერესო იყოს? ეს ხომ გავლილია უკვე? ფაქტია, რომ ივანიშვილმა ნეგატივი უნდა გამოიტანოს. ზოგადად, მისაღებია, რომ საკუთარი პოლიტიკური პარტიის ნეგატივი გამოიტანოს ვინმემ გარეთ? ეს ხომ იმდენად მარგველაშვილის დამაზიანებელი არ იქნება? ამიტომ მე რაიმე ისეთს არ ველი, რომ გადააყენონ მარგველაშვილი.
მაგრამ მის გადადგომაზეა გათვლილი?
- მე არ ვიცი, რაზეა ეს გათვლილი. უბრალოდ, კოზირი შედეგს უნდა ისახავდეს და მე გავთვალე ყველა შესაძლო ვარიანტი. მარგველაშვილის დისკრედიტაცია რომც მოახდინონ, მიზანი უნდა იყოს ან მისი გადაყენება, ან გადადგომა. პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკაში სხვა არაფერი არ არის.
ამ რამდენიმე ხნის წინ ივანიშვილი ამბობდა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის გუნდში არის ხალხი, რომლებიც მას არ ეუბნებიან, სად არის თეთრი და სად არის შავი, ვერ უბედავენ ამის თქმას, ამით საკუთარ თავს უფრთხილდებიან და პატიოსნება გვერდზე აქვთ გადადებული. როგორც ჩანს, ივანიშვილი მარგველაშვილს არ განიხილავს, როგორც ცალკე მდგომ პერსონას და მის გუნდზეც, გარემოცვაზეც საუბრობს. სავარაუდოდ, ეს ალბათ, ვანო მაჭავარიანსაც შეეხებოდა, მაგრამ ვანო მაჭავარიანისა და პრეზიდენტის პოლიტიკური გზების გაყრის შემდეგ ვის უნდა უმიზნებდეს ივანიშვილი?
- ერთია, ვის ვუწოდებთ მარგველაშვილის გუნდს, მაგრამ ფაქტია, რომ მარგველაშვილს გუნდი არ ჰყავს. რაც შეეხება მის მრჩევლებს, ეს მრჩევლები სახელმწიფო მოხელეები არიან. გარდა ამისა, თვითონ მარგველაშვილი უსვამდა ხაზს ყველა გამოსვლაში, რომ ის არცერთი პარტიის და არცერთი ბიზნესჯგუფის ინტერესის გამომხატველი არ არის. გულწრფელად გეტყვით, თვითონ მარგველაშვილს არ აქვს სურვილი სამომავლოდ, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, მოახდინოს გუნდის ფორმირება და გუნდთან ერთად გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა. დღეს ამის მზაობასაც ვერ ვხედავ. დღეს ის არის სწორ როლში, რაც მას კონსტიტუციამ განუსაზღვრა.
თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილში ევროპული ყაიდის ლიდერს ხედავდა. შემდეგ მარგველაშვილმა მას იმედი გაუცრუა. ფიქრობთ, რომ ეს არის სწორედ ევროპული ყაიდის ლიდერობა, როცა გრიფის ახსნასთან დაკავშირებითაც იყო პროლემები, ვეტოსთან მიმართებითაც, რომ არაფერი ვთქვათ, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებასა და რეზიდენციასთან დაკავშირებულ გაუგებრობებზე?
- ამ შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლიდერობა კანონსმიღმა გადაწყვეტილებებს არ გულისხმობს. თუკი სახელმწიფო საიდუმლოებასა და კანონდარღვევაზეა საუბარი, აქ ლიდერობა არაფერ შუაშია. არც ევროპაში, არც ჩინეთში და არც სხვაგან კანონდამრღვევი ლიდერი არ არსებობს.
მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ჩვენ უპრეცედენტო პრეზიდენტი გვყავს. მის სიტყვებს რომ დავესესხო, თქვენ თუ გახსენდებათ შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში, რომ „გუნდთან ერთად მოსული პიროვნება მეორე დღესვე გუნდს დაუპირისპირდეს“?
- ერთი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ისტორიაში ამ უფლებამოსილების პრეზიდენტი მართლაც უპრეცედენტოა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსნაირი მართვის მოდელი არსად არ არსებობს, ვერ ვიმსჯელებთ სხვა პრეზიდენტებზე. მაგრამ, თუკი მაინც ვიმსჯელებთ ე.წ. საპრეზიდენტო რესპუბლიკებზე ან შერეულ და სხვა ტიპის მმართველობის პირობებში მოსულ პრეზიდენტებზე, მიუხედავად იმისა, მათ პარტია უჭერდა თუ არა მხარს, დასავლური ყაიდის ყველა პრეზიდენტი კანონს და კონსტიტუციას ემორჩილებოდა და არა - პოლიტიკური სუბიექტების, პარტიების მოსაზრებებს.
წინა კვირას მკვეთრი შეფასება გაკეთდა - გიორგი მარგველაშვილის „შურისძიება“ ახალი მთავრობის დამტკიცების გაჭიანურების გამო. თქვენ თუ ხედავთ შურისძიების ელემენტებს პრეზიდენტის ამ ქმედებაში?
- ეს არ არის სწორი. შურისძებაზე თვითონ პრეზიდენტს არ უსაუბრია. მან თქვა, ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ დროში გადაიდოს ეს პროცესიო. გადაწყვეტილების მიმღები ამ პროცესში არ არის პრეზიდენტი. მან ისიც თქვა, ერთადერთი, მე შემიძლია, პარტიებსა და პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში მივცე საკმარისი დრო - ერთი კვირა.
ანუ, ვანო მაჭავარიანი როცა აცხადებს, რომ პრეზიდენტის გაჭიანურებული გადაწყვეტილება თინა ხიდაშელის პრობლემური პერსონით აიხსნება, ეს თქვენთვის არადამაჯერებელია?
- უბრალოდ, თინა ხიდაშელი პრეზიდენტმა მაგალითად მოიყვანა, რამდენჯერ შეიძლება შეიცვალოს თავდაცვის მინისტრიო. სხვათა შორის, ნატოსთან დაახლოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და აბა, ნახეთ, ნატოს სტანდარტებით, თავდაცვის მინისტრების არასტაბილურობა არის თუ არა საფრთხე სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებისთვის ან ჯდება თუ არა ეს ნატოს სტანდარტებში?! თანაც, არ დაგავიწყდეთ, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი. მარგველაშვილის ადგილას, მე პირდაპირ ვკითხავდი მთავრობას, ნატოში ხომ მივდივართ ისევ? მაშინ ასე ხშირ-ხშირად და არგუმენტების გარეშე რომ ცვლით თავდაცვის მინისტრებს, ჩვენ ეს წაგვადგება ნატოსთან დაახლოების გზაზე? თინა ხიდაშელთან მიმართებით პრეზიდენტის რეაგირების თეორიის ფაქტორს გამოვრიცხავ. მარგველაშვილმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ახალი მინისტრების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებები შესაძლოა, არ იყო დამოუკიდებლად მიღებული; შესაძლოა, ვინმემ მიიღო და მთავრობაში გაფორმდა; ან ვინმემ გავლენა მოახდინა მკვეთრ ცვლილებებზე და ამ ოპერატიულობის გამო, ამ საქმეში ვერ ჩაერთვნენ დეპუტატები. ამ პროცესს შეეტყო კიდეც, უმრავლესობის დეპუტატები მორიდებით, მაგრამ მაინც გამოხატავდნენ პოზიციას - კარგი იქნებოდა, ჩვენც გვცოდნოდა რაიმე და ჩვენც დაგვკითხოდნენ, ბოლო-ბოლო, დეპუტატები ვართო.
მაშინ პირდაპირ გკითხავთ, თინა ხიდაშელს აქვს რთული ურთიერთობები პრეზიდენტთან? ხიდაშელი პრეზიდენტთან რთულ ურთიერთობებს უარყოფს, მაგრამ რეალობა სად არის?
- არ ვიცი, ეს პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ. ეს ფაქტობრივი მდგომარეობა შეიძლება იცოდეს ვანო მაჭავარიანმაც, იმ პერიოდის გათვალისწინებით, როცა ის თანამდებობაზე იმყოფებოდა.