ფოთის პორტის თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ და პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. დამფრთხალი არც პორტის ადმინისტრაცია ჩანს. ისინი აქციის მონაწილეებს სამსახურის უნებართვოდ და გაუფრთხილებლად მიტოვებაში ადანაშაულებენ, ხოლო ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიღებას არ ჩქარობენ.
5 მაისს სახელფასო ანაზღაურების 14%-ით გაზრდის მოთხოვნით ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებმა მუშაობა შეწყვიტეს. თანამშრომლებმა პორტის ხელმძღვანელობას თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 10-დღიანი ვადა დაუწესეს, რომელიც უკვეა მოიწურა.
ცვლის კაპიტანი გოჩა ჩემინავა აცხადებს, რომ დღის მეორე ნახევარში გაფიცულები იყვნენ მე-7 და მე-14 ნავმისადგომის, გაფორმების ეკონომიკური ზონის, სადისპეტჩეროს, ფლოტის თანამშრომლები. თუმცა, მისივე ინფორმაციით, ნავსადგურის ადმინისტრაციამ მათზე ზეწოლა განახორციელა.
ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი მუშების რაოდენობა 500-ს აღემატებოდა, რის გამოც ნავსადგური მთლიანად პარალიზებული აღმოჩნდა. ისინი ხელმძღვანელობისგან ხელფასების გაზრდას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მათსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგება.
იმ შემხთვევაში თუკი არ დაკმაყოფილდება ის მოთხოვნები, რის გამოც გაიფიცნენ, მათი პროტესტი პერმამენტულ სახეს მიიღებს. სხვათა შორის, ამ დანაქადების შესრულებას პორტის თანამშრომლები უკვე შეუდგნენ კიდეც. მათ ბოლო 2 დღეში 2 აქცია გამართეს.
ნავმისადგომის თანამშრომლები 4 მაისსაც გაიფიცნენ. მათ ხელფასის 15 პროცენტით გაზრდა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნა ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა. სხვათა შორის, დაახლოებით 2 კვირის წინ ფოთის პორტის ხელმძღვანელობა თითქოსდა მზად იყო თანამშრომელთა პრეტენზიები გულდასმით შეესწავლა და მოთხოვნების შესრულებაზე ეფიქრა, მაგრამ ამჯერად, პირიქით, შეტევაზე გადავიდა.
4 მაისი პროტესტს პორტის ადმისნიტრაცია არ გამოხმაურებია და არც ოფიციალური კომენტარი გაუკეთებია. სამაგიეროდ, მომდევნო დღეს ხელმძღვანელობისგან პირველი განცხადებაც გაკეთდა.
ნავმისადგომის ადმინისტრაციის უფროსის, მარიკა ნადარაიას ინფორმაციით, თანამშრომლებს გაცდენილი საათები არასაპატიოდ ჩაეთვლებათ.
„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ გაფიცვის შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღოს წინასწარ, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ჩვენ აღვიქვამთ, რომ საქმე გვაქვს სამსახურის უნებართვოდ და გაუფრთხილებლად მიტოვებასთან.
ვმუშაობთ საკითხზე, თუ რამდენი ადამიანი არ გამოცხადდა კომპანიაში. დაკმაყოფილდება თუ არა გაფიცულების მთავარი მოთხოვნა - ხელფასის მომატება - ეს ჯერჯერობით უცნობია“, - განაცხადა ნადარაიამ.
პორტის თანამშრომლები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ, მაგრამ უკან ჯერჯერობით არც ადმისნისტრაცია იხევს.