„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ქვეყანას სერიოზული ცვლილებები სჭირდება და ახალი მინისტრთა კაბინეტი საზოგადოებრივ განწყობას არ შეესაბამება. უმცირესობის შეფასებით, უმრავლესობა ცდილობს, რომ პრეზიდენტს ისე მოექცეს, როგორც სახელმწიფო ჩინოვნიკს და კანცელარიის თანამშრომელს, რომლის ერთადერთი ფუნქცია მთავრობაში მიღებული დოკუმენტების პარლამენტში გადმოგზავნა, ან საკანონმდებლო ორგანოში მიღებული კანონების ხელმოწერაა.
მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებსა და პრეზიდენტის ინსტიტუტის როლზე, for.ge უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს ესაუბრა:
როგორ აფასებთ, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას?
- საზოგადოებაში რეალური მოთხოვნა და მოლოდინი არსებობს იმის, რომ ქვეყანაში რაღაც სერიოზულად უნდა შეიცვალოს. არსებულმა ხელისუფლებამ, მართვის არაფორმალურმა სტილმა და არსებულმა ვითარებამ ქვეყანა ღრმა ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა. მთავრობის მხრიდან სიტუაციის ისე წარმოჩენა ხდება, რომ ჩვენ ყველაზე წარმატებული მთავრობა გვყავს, ყველაფერი კარგადაა და ეკონომიკა მზარდია. მთავრობაში ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა, რომელსაც ორი ახალი მინისტრის დანიშვნა მოჰყვა. ეს ყველაფერი დღეს არაადეკვატური და მიუღებელია. სჯობს, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ საზოგადოებას და ქვეყანას სერიოზული ცვლილებები სჭირდება. ახალი მინისტრთა კაბინეტი საზოგადოებრივ განწყობას არ შეესაბამება და სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მართებულად მიმაჩნია, რომელმაც მმართველ გუნდს დაფიქრებისთვის შვიდდღიანი ვადა მისცა.
თქვენ ფიქრობთ,რომ ეკონომიკური გუნდი უნდა შეცვლილიყო და არა თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები?
- რა თქმა უნდა, ქვეყანაში პოლიტიკურ გარემოს გარემოს დაცვის მინისტრი ვერ ქმნის. არა მხოლოდ ეკონომიკური გუნდი უნდა შეიცვალოს, არამედ მთელი მთავრობა, მართვის არაფორმალური სტილი და არსებული ვითარების მიმართ დამოკიდებულება. საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა აყვავებულია და გაჭირვება არ არის, არაადეკვატურია.
მინისტრებად რესპუბლიკელების დანიშვნა, ვისი იდეაა - ღარიბაშვილის თუ ივანიშვილის?
- შიდა სამზარეულოზე საუბარი რთულია, როცა ამ სამზარეულოს წევრი არ ხარ, მაგრამ ნაკლებად მგონია, რომ ეს ღარიბაშვილის იდეა ყოფილიყო.
ანუ,თქვენ ფიქრობთ რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო?
- რა თქმა უნდა.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, თინა ხიდაშელს, როგორი მინისტრი იქნება ? ის გამოწვევებს თავს გაართმევს?
- მინისტრის სქესთან დაკავშირებით რეზერვაცია საერთოდაც არ მაქვს და მიმაჩნია, რომ ქალი თავდაცვის მინისტრი შეიძლება ბევრად უფრო უკეთესი და წარმატებული იყოს, ვიდრე მამაკაცი. თუკი საქართველოში პოლიტიკური კულტურის დანერგვა მოხდება, რომ თანამდებობებზე მეტი ქალი დაინიშნოს, ამას მხარს დავუჭერ. რაც შეეხება თვითონ სფეროს, მიუხედავად იმის, რომ მუდმივად პოლემიკაში ვართ და ჩვენი პარტიის მიმართ მისი დამოკიდებულება ცნობილია, არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ხიდაშელის პროდასავლურობაში ეჭვი არ მეპარება. ხიდაშელი მისი ღირებულებებით ქვეყნის პროდასავლურ კურსს ბევრად უფრო შეესაბამება, ვიდრე ჯანელიძე. თუმცა, აქ მეორე საკითხიცაა. მთავრობაში თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ კლიმატს ვერ ქმნის და ვერ ცვლის, სანამ არაფორმალური მართველობა არსებობს.
როგორ ფიქრობთ, თავდაცვის მინისტრად ხიდაშელის დანიშვნა მიზნად ისახავს თუ არა ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ განიარაღებას, რადგან მისი სალაპარაკო თემა თავდაცვის სფეროა? თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, თუკი ხიდაშელის კანდიდატურა ივანიშვილმა შეარჩია, ეს ყოფილი პრემიერის მხრიდან ანგარიშსწორება ხომ არ არის ალასანიას მიმართ?
- ჭორებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ თუკი ლოგიკას მივყვებით და იმ ფორმას გავითვალისწინებთ, რითაც ხიდაშელის დასახელება მოხდა, მაშინ ბევრი კითხვა და ბევრი ეჭვი გაგიჩნდებათ. დილით პრემიერმა განაცხადა, რომ მხოლოდ ორი მინისტრი შეიცვლებოდა, ხოლო ჯანელიძე აღნიშნავდა, რომ ის მუშაობას აგრძელებდა და სამომავლო რეფორმებზე აქცენტირებდა. ამასთანავე, პრემიერის პრესკონფერენცია, რომელიც 15:00 საათზე იყო დანიშნული, გადაიდო და მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელი მინისტრი ხდებოდა. ეს ქაოტურობა, სისწრაფე, არაორგანიზებულობა და ის, რომ თვითონ პრემიერმა არ იცოდა, ვის წარადგენდა, ბევრ კითხვას და ეჭვს ბადებს - თუ რა მიზნით და როგორ მოხდა ამ კანდიდატურის შერჩევა?!
პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ სამთავრობო ცვლილებებზე გადაწყვეტილება ფორსმაჟორში იქნა მიღებული, რის გამოც მან მინისტრთა კაბინეტი ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტს არ წარუდგინა. მარგველაშვილის მიერ დასახელებული ვერსია სანდოა, თუ ადგილი აქვს მთავრობასთან ანგარიშსწორებას?
- პრეზიდენტის ხელშია ბერკეტი შემდგომი ნაბიჯებით აჩვენოს, რომ მისი განცხადება პოლიტიკური კინკლაობა და მთავრობაზე პოლიტიკური შურისძიება არ არის. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ იყოს და პრეზიდენტი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე გამოდიოდეს. თუკი პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დროის გაწელვისთვის გამოიყენა, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი სრულიად ლოგიკურად იფიქრებს, რომ მარგველაშვილმა საკუთარი უფლება იმისთვის გამოიყენა, რომ მთავრობისთვის სამაგიერო გადაეხადა და ეჩვენებინა, რომ რაღაც ძალა მასაც აქვს. ძალიან არ მინდა, რომ პრეზიდენტი საკუთარი პოლიტიკური მოტივებით მოქმედებდეს. ეს იმის გამო კი არ მინდა, რომ მარგველაშვილს ვგულშემატკივრობ, არამედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ხალხის ინტერესიდან გამოდიოდეს. ყველაფერი მის ხელშია და ველით, რომ მიმდინარე კვირის მანძილზე, მისგან სხვა ნაბიჯებს ვიხილავთ, რომელიც ქვეყანას შინაარსობრივი ცვლილებებისკენ წაიყვანს.
რა ნაბიჯებზე საუბრობთ? პრეზიდენტს კონსტიტუციის გათვალისწინებით, ბერკეტი არ აქვს, რომ რომელიმე მინისტრი დაბლოკოს. მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყნის პირველ პირს მხოლოდ გამტარი ფუნქცია აქვს. მას პრემიერმა გუნდი წარუდგინა, მან კი მინისტრთა კაბინეტი პარლამენტში უნდა წარადგინოს...
- პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებაა საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტი გამტარია. ეს მიდგომა ქართული სახელმწიფოსთვის ცუდი და მავნეა, რადგან არ შეიძლება, იმ ინსტიტუტს აკნინებდე, რომელიც თითოეული მოქალაქის დასაცავადაა შექმნილი. საქართველოს პრეზიდენტი ვინც არ უნდა იყოს, უნდა ვიცოდეთ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს ემსახურება. ამიტომ, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება ძალიან ცუდია და ამას უმრავლესობა და მთავრობა აკეთებს. ქაღალდზე გაწერილი უფლებამოსილებების გარდა, რეალური ცხოვრება არსებობს. პრეზიდენტი პირდაპირ არჩეული თანანმდებობის პირია და მას ბევრად უფრო მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაცია გააჩნია, ვიდრე მთავრობის ნებისმიერ წევრს, რომელაც საპარლამენტო უმრავლესობა ირჩევს. ამიტომ, პრეზიდენტისგან გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებიც კი, შეიძლება ძალიან პოლიტიკური პროცესების საფუძველი გახდეს. ერთია, კონსტიტუციურად რისი გაკეთება შეიძლება და ამ ჩარჩოდან პრეზიდენტი არ უნდა გავიდეს, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ გამტარი და კანცელარიის თანამშრომელი იყოს, რომელიც მხოლოდ წერილებს არეგისტრირებს და აგზავნის. ის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც ხალხმა აირჩია. მისი პოლიტიკური განცხადებები და პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შეიძლება, ძალიან სერიოზული ცვლილებების საფუძველი იყოს.
პრეზიდენტის უფლებამოსილების არეალი სწორედ თქვენი ხელისუფლების პირობებში განისაზღვრა, როდესაც 2010 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცეთ. თქვენც კარგად იცით, რომ პრეზიდენტი მთავრობის მეთაური არ არის და მას ის ბერკეტები არ აქვს, რაც ვთქვათ, სააკაშვილს ჰქონდა...
- უმრავლესობა ცდილობს, რომ პრეზიდენტს ისე მოექცეს როგორც სახელმწიფო ჩინოვნიკს და კანცელარიის თანამშრომელს, რომლის ერთადერთი ფუნქციაა მთავრობაში მიღებული დოკუმენტების პარლამენტში გადმოგზავნა, ან საკანონმდებლო ორგანოში მიღებული კანონების ხელმოწერა. ეს არასწორია, რადგან პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურაა, რომელაც ვეტოს უფლება გააჩნია, უმაღლესი მთავარსარდალია და ამიტომ, მას ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს. რა თქმა უნდა, ის კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს, მაგრამ პოლიტიკური წონა და გავლენები არსებობს. ხანდახან, პოლიტიკური წონა და გავლენა უფრო მეტს წყვეტს, ვიდრე კანონი და ამის ცუდი მაგალითებიც გვაქვს. მაგალითად, დღევანდელი არაფორმალური მმართველობა. შეიძლება ამის კარგი მაგალითიც გვქონდეს, თუკი პრეზიდენტს პოლიტიკური სითამამე ეყოფა და ის მხოლოდ დროს კი არ გაწელავს, არამედ საზოგადოების მთავარ მოთხოვნას გაახმოვანებს, რომ საჭიროა, რეალური ცვლილებები.
მოწმეებივით თვალს ვადევნებთ, ოჯახები როგორ ღატაკდება და უფასურდება ლარი. მთავრობისგან ერთი პროგნოზი მაინც გაგიგიათ, რომ ლარის კურსი თვის ბოლოს, ან წლის ბოლოს დასტაბულირდება? პროცესების ასე გაგრძელება იმას ნიშნავს, რომ უახლოეს ექვს თვეში ეკონომიკა თავზე მთლიანად ჩამოგვექცევა.
პოლიტიკური გავლენა და წონა ახსენეთ და გკითხავთ. პრეზიდენტს პოლიტიკური წონა აქვს? ის ლიდერად ყალიბდება?
- ქვეყნის ინტერესია, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური წონა ჰქონდეს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მარგველაშვილ-ივანიშვილ-ღარიბაშვილს შორის რომელიმეს პიროვნულ მხარეს ვდგავარ. ისინი ერთი გუნდის წევრები არიან, ხოლო მე და მარგველაშვილი ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით. შესაბამისად, პიროვნული ურთიერთობა არაფერ შუაშია, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და პოლიტიკოსს აუცილებლად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ქმედითი პრეზიდენტის ინსტიტუტი არსებობდეს და ძლიერი იყოს. ამიტომ, მას ის უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს, რაც მას აქვს, მაგრამ ამის დამატებით, როგორც არჩეულ თანამდებობის პირს, პოლიტიკური წონა და ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი მარგველაშვილის ხელშია და თუკი ის ამ მიმართულებით იმოძრავებს, შედეგს მიაღწევს.
მარგველაშვილი ოპოზიციას გწყალობთ და ხშირად, თქვენი მიმართვაც კი გაითვალისწინა. უმრავლესობის ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაშია. მას ამის ნიშნებს ამჩნევთ?
- ამას სხვანაირად ვიტყოდი. პრეზიდენტი საზოგადოების განწყობას ითვალისწინებს, რომლის მოსაზრებებსაც უკეთ ასახავს ოპოზიცია, ვიდრე ხელისუფლება. ის, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია ერთ აზრზეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის რაიმე საერთოა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციას მთავრობისგან განსხვავებით, ხალხის განწყობა ესმის. ეს შემაშფოთებელია და მმართველი გუნდის ადგილზე სერიოზულად დავფიქრდებოდი, რატომ შეიძლება, რომ ოპოზიცია-პრეზიდენტის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვეოდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ სიმპატიებს ვერც მარგველაშვილს დააბრალებთ და არც ჩვენში სარგებლობს მარგველაშვილი დიდ პატივისცემით და აღტაცებით. პიროვნულობის, შეკრულობის, ან იდეების თანხვედრის შემთხვევა არ არის. უმრავლესობის ადგილზე შეთქმულების თეორიებს თავს დავანებებდი და მათ ადგილზე ვიფიქრებდი, რატომ ხდება, რომ ერთ მხარეს დგას ოპოზიცია და პრეზიდენტი და მეორე მხარეს - მთავრობა.
ალბათ, თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებსაც უნდა ითვალისწინებდნენ, რომ უძლეველი არავინ არის...
- სიმართლე გითხრათ, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, დიდი იმედი მქონდა, რომ მმართველი გუნდი ჩვენს შეცდომებს გაითვალისწინებდა, რადგან ქვეყნის განვითარებას აუცილებლად სჭირდება, რომ ხელისუფლება იცვლებოდეს, მაგრამ ახალი წინამორბედის ნაკლოვანებებს უნდა ასწორებდეს და მის მიერ დაწყებულ ნორმალურ პროცესებს უნდა აგრძელედეს. ეს იმედი იმედად დარჩა და სამწუხაროდ, ჩვენს მიერ დაშვებული არცერთი შეცდომა არ გაითვალისწინეს. ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენს დროს იყო, გაღრმავებულია, ხოლო ჯანსაღი პროცესები, რაც მაშინ მიდიოდა, ამ მთავრობის მსხვერპლი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ კარგი გაგრძელებულიყო და ცუდი შემწყდარიყო, პირიქით ხდება. კარგს ვეღარ აგრძელებენ, ცუდი კი გრძელდება.
და ბოლოს - რადგან, არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრეთ, გკითხავთ. როგორია ივანიშვილს როლი დღევანდელ პოლიტიკაში?
განმსაზღვრელი.