პარლამენტის სპორტის კომიტეტის მიერ დადებული დასკვნის საფუძველზე, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი პოსტიდან გადაყენებულია, მინისტრობის კანდიდატი ტარიელ ხეჩიკაშვილი კი, საკანონმდებლო ორგანოს მიერ ნდობის გამოცხადების მოლოდინშია.
სპორტის სფეროში მიმდინარე პროცესებზე for.ge სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, შოთა ხაბარელს ესაუბრა:
სპორტის მინისტრის პოსტზე ტარიელ ხეჩიკაშვილის კანდიდატურა მისაღებია?
- სპორტის კომიტეტსა და მთავრობას შორის კონსულტაციები გაიმართა. ამ ადამიანთან ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ჩემი კომიტეტის წევრები მას ძალიან დადებითად ახასიათებენ და მათი მჯერა. ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო მინისტრი იქნება. ხეჩიკაშვილისთვის სპორტის სამინისტროს წინაშე არსებული პრობლემები ცნობილია, ის ამაზე ყურადღებას გაამახვილებს და ბევრ რამეს გამოასწორებს.
პრემიერ-მინისტრს ხეჩიკაშვილის კანდიდატურა, თქვენმა კომიტეტმა შესთავაზა?
- პრემიერს ხეჩიკაშვილის კანდიდატურა არ შევთავაზეთ, თუმცა, კონსულტაციები იყო. ეს ადამიანი ბიზნესწრიდან მოდის და მას სპორტულ სამყაროსთან გარკვეული ურთიერთობა აქვს. მისთვის ცნობილია ის პრობლემები, რაც ამ სფეროშია.
ამ პოსტზე შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილებოდა. მასზე უარი რატომ თქვეს?
- დეტალები ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა. თალაკვაძე არის ძალიან კარგი პიროვნება, კარგი მენეჯერი და მას ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.
რაც შეეხება ლევან ყიფიანს, რომელსაც პოსტი თქვენს მიერ დადებული დასკვნის საფუძველზე დაატოვებინეს. თქვენ მან მოგიწოდათ, რომ „სახელმწიფოს წინააღმდეგ სპორტის სახელით ნუ წახვალთ“. რას გულისხმობდა?
- ყიფიანი თავისი რიტორიკითა და განცხადებებით ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს. თითქოს, ის ცდილობს, რომ პოლიტიკას გაემიჯნოს, მაგრამ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რომ თურმე, ჩვენ წარსულის გადმონაშთები ვყოფილვართ და ქვეყნის უკან წასვლა გვინდა. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც მას მხარი ორჯერ დავუჭირეთ. წლების მანძილზე, ქვეყნის სიკეთისთვის ვიბრძოდით და უსამართლობას ფეხზე ავუდექით, რათა სახელმწიფო „ნაციონალური მოძრაობისგან“ გადაგვერჩინა. არ მინდა, ლევან ყიფიანს ის შრომა დავუკარგო, რაც მან წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნებისთვის“ გააკეთა. მთელი საქართველო ფეხით მოვიარეთ და ამ პროცესში ისიც ჩართული იყო, მაგრამ მას შემდეგ, მან პროცესები ძალიან ცუდად წაიყვანა და განცხადებებს ნაციონალებივით აკეთებდა.
ყიფიანის რიტორიკა ერთი-ერთში სააკაშვილისას ემთხვეოდა, რომელიც ამბობდა, რომ თურმე, ჩვენ ქვეყნის უკან წაყვანა და რუსეთში ყოფნა გვინდოდა. მან ის სიტყვები არ უნდა გამოიყენოს, რასაც სააკაშვილი იყენებდა. ყიფიანმა გვითხრას, ქვეყნის საწინააღმდეგო რა ნაბიჯი გადავდგით? მას რჩევები რომ მივეცით, ამიტომ, რაიმე დავაშავეთ? მას მოვუწოდებდით, რომ კანონპროექტები მოემზადებინა, რათა სპონსორებსა და ბიზნესმენებს უფრო მეტი დაინტერესება ჰქონოდათ. სპორტის ფედერაციები ზუსტად ისე იბეგრებიან, როგორც კომერციული ორგანიზაციები და ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. მას ამ თვალსაზრისით, არაფერი გაუკეთებია.
თქვენ კანონპროექტები ახსენეთ და გეტყვით, რომ ინიციატივების მომზადების ვალდებულება დეპუტატებს გაქვთ. სპორტის სფეროში ვითარების გაუმჯობესებისთვის, თქვენ რატომ არ მოამზადეთ კანონპროექტები?
- მართალი ბრძანდებით, რომ კანონპროექტების მომზადება დეპუტატების ვალდებულებაა. ჩვენი მხრიდან ასეთი მცდელობა იყო. სპორტის კომიტეტის წევრები და აპარატის ხელმძღვანელობა სამინისტროში ვიყავით და როდესაც, ამ საკითხზე მსჯელობა დავიწყეთ, მან პირდაპირ ცალსახად თქვა, რომ ეს მისი საქმე იყო. სპორტის სფეროსთან დაკავშირებით კანონი 1996 წელს არის მიღებული, რომლის სათაურიც არ შეცვლილა და ეს საკითხი დღის წესრიგში დავაყენეთ. სპორტის კომიტეტს ცალკეულ კანონპროექტებზე მუშაობა შეიძლება, მაგრამ კანონპროექტების ძირითადი ღერძი მათ უნდა მოამზადონ, რადგან ძირითადი პრობლემები მათ იციან.
ლევან ყიფიანის საქმიანობით კმაყოფილი 2013 წელსაც არ იყავით?
- თუკი კომიტეტის სხდომების სტენოგრამებს გაეცნობით, ნახავთ, რომ სამინისტროს სულ მოვუწოდებდი კანონპროექტები მოემზადებინა. ფაქტობრივად, სპორტის მიმართულებით არაფერი შეცვლილა.
თუკი სპორტის ყოფილი მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი არ იყავით, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი 2013 წელსვე რატომ არ დასვით?
- სპორტის სამინისტროში ჩვენს რეკომენდაციებს ეტაპობრივად ვაგზავნიდით და მათი მხრიდან რეაგირება არ იყო. ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ კომისია შეიქმნებოდა და ა.შ.
ამ მოწვევის პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტი და ჯანდაცვის სამინისტრო წარმატებით თანამშრომლობენ და შედეგსაც დებენ. მათ მსგავსად, რატომ არ მუშაობდით? თქვენსა და სპორტის ყოფილ მინისტრს შორის ნაპრალი რამ გააჩინა და კონფლიქტში თქვენს წილ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ?
- ჯანდაცვის კომიტეტსა და სამინისტროს შორის ურთიერთობა მართლაც უნიკალურია და შედეგებიც სახეზეა. ორივე მხარე ერთი მიმართულებით მიდის და საქმეც კეთდება. ჩვენი ყოველდღიური მცდელობა იყო, რომ კომიტეტსა და სამინისტროს შორის კომუნიკაცია შემდგარიყო. ორი თვე ისე გავიდოდა, რომ მინისტრს ვერ ვხვდებოდით და ამ ადამიანს ამის სურვილიც არ ჰქონდა.
კომიტეტის წევრები საკმაოდ კვალიფიციური ადამიანები ხართ, თქვენს რიგებში ოლიმპიური ჩემპიონებიც არიან. შესაბამისად, მინისტრს თქვენთან ურთიერთობის სურვილი რატომ არ ჰქონდა? ყიფიანი თქვენს პირად ინტერესებზე საუბრობს და ამბობს, რომ თქვენ შორის ვითარება მაშინ გამწვავდა, რაც მას თქვენ სამინისტროში თქვენი კადრების დანიშვნა მოსთხოვეთ...
- პოსტზე ჩემი შვილის დანიშვნა, რა შუაშია? ჩემი შვილი ჩემს გვერდით იდგა და იქ იყო, სადაც უნდა მდგარიყო. ვამაყობ, რომ ჩემი შვილი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობდა. ჩემი შვილი გვერდიდან არ მომცილებია და ამას ყველა ხედავდა. ჩემი შვილი სპორტსმენი არ გამოვიდა, მაგრამ ის საკმაოდ განათლებული და კვალიფიციური ახალგაზრდაა. მამუკა ხაბარელთან ვისაც შეხების წერტილი ჰქონდა, ყველამ იცის, მას თუ რა შესაძლებლობები აქვს. 2,5 წლის წინ, შეიძლება ეს თემა იყო, მაგრამ მას შემდეგ, საუბარი არაფერზე ყოფილა.
თემა რა იყო, თქვენი შვილი სპორტის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო?
- საუბარი იყო, რომ მინისტრის მოადგილე გამხდარიყო. სხვათა შორის, ეს თემა წინ ჩემი წამოწეული არ იყო და ეს საკითხი ვისი წამოწეულიც იყო, ყიფიანმა ძალიან კარგად იცის. ეს საკითხი მოგვიანებით დამთავრდა და ჩემი შვილი მინისტრის მოადგილედ არ დანიშნეს.
რატომ, თქვენს შორის ინტერესთან კონფლიქტი იქნებოდა?
- ინტერესთა კონფლიქტი რატომ უნდა ყოფილიყო? ჩემი შვილი მინისტრის მოადგილედ რომ არ დანიშნეს, ეს არასოდეს არ მითქვამს. ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა.
ამ თანამდებობაზე, თქვენი შვილი რატომ არ დანიშნეს?
- სჯობს, ამ საკითხზე არ ვისაუბროთ. ეს კულუარული გადაწყვეტილება იყო და აზრზეც არ ვიყავი, ჩემი შვილის მინისტრის მოადგილედ დანიშვნა თუ იგეგმებოდა. ამის დღესაც კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან არ მინდა, რომ ინტერესების ლობირება დამაბრალონ. ჩემს შვილს ქვეყნისთვის რაღაცის გაკეთება შეუძლია და ის იმისთვის არ უნდა დაიბლოკოს, რომ ჩემი შვილია. საკითხს ამ მიმართულებით თუ შევხედავთ, მაშინ, ის დამრჩენია, მოვკდე და ჩემს შვილს წინსვლა ჰქონდეს.
დათო ყიფიანი ჩემი თაობის ადამიანი იყო, რომელიც გარდაცვლილია და პირადად მე მირჩევნია, რომ დათოც ცოცხალი იყოს და მისი შვილიც მინისტრი ყოფილიყო. თუკი ადამიანს შესაძლებლობა აქვს, რომ ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი შვილია? სპორტის სამინისტრომ ჩათვალა, რომ მათთვის სპორტის კომიტეტი არაფერს ნიშნავდა, მაგრამ მათ დაავიწყდათ, რომ კომიტეტმა ყიფიანის პოსტზე დანიშვნაში გარკვეული როლი შეასრულა.
კომიტეტმა მინისტრს პოსტი დაატოვებინეთ და როგორ ფიქრობთ, ეს სხვა მინისტრებისთვის სამაგალითო იქნება?
- პარლამენტს რეგლამენტის განსაზღვრული ფუნქცია აქვს. ჩვენ მთავრობის მაკონტროლებელი ორგანო ვართ და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მინისტრებმა უფრო მეტად უნდა იფიქრონ, რომ ვიღაც არსებობს და ვიღაცას ანგარიში გაუწიონ. ეს თუ ასე იქნება, ქვეყანაც წინ წავა და თანამშრომლობაც უფრო უკეთესად გამოვა.
ანუ, თქვენ მინისტრებსა და დეპუტატებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობას ამჩნევთ?
- ჩემი პროფილიდან გამომდინარე ვისაუბრებ და გეტვით, რომ რაც მოხდა, არაკოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო. ცუდი მემკვიდრეობა დაგვხვდა და გვინდოდა, რომ ვითარება გამოსწორებულიყო. როგორც მატერიალური ბაზების მიმართულებით, ასევე სპორტის სახეობების განვითარების თვალსაზრისით. 2007 წელს გაუქმებული უნივერსიტეტი აღვადგინეთ, წვალებ-წვალებით ორი სართული გაკეთდა, მაგრამ სპორტის სამინისტრომ უნივერსიტეტი გარიყა, რადგან პირადი დაინტერესება ჰქონდა. სპორტის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დისპანსერია, თუმცა, მთელ საქართველოში ეს საკითხი მიგდებულია. სამინისტროს პრეროგატივაა, რომ დისპანსერი მის დაქვემდებარებაში იყოს, რადგან თუკი ადამიანი ჯანმრთელი არ არის, მას სპორტში საქმიანობის უფლება არ უნდა მისცენ. ამის მაგალითია ის, რომ ახალგაზრდები სტადიონებზე იღუპებიან. სამინისტრომ საკუთარი პოლიტიკა ვერ ჩამოაყალიბა და ყიფიანი იმაზე საუბრობს, რომ თურმე, ფედერაციების საქმიანობაში არ ერეოდა.
ფედერაციები ახსენეთ და გკითხავთ. მათ ყიფიანის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს და მათ მინისტრის მიმართ პრეტენზიები არ გამოთქვეს. თქვენ სპორტში შექმნილ პრობლემებზე აქცენტირებთ და მხარი რატომ არ დაგიჭირეს?
- დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვეულებრივი ვითარება არ იყო. ყიფიანმა ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ამ კონფლიქტში ფედერაციები ჩართო და ჩვენი გახლეჩვა მოინდომა. მათ შეხვედრაზე მემორანდუმი მიიღეს, რაც ძალიან სამარცხვინო ამბავი იყო, რადგან ისინი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებაში ჩაერივნენ და ახალი პოლიტიკური დოკუმენტი შექმნეს. ფაქტობრივად, მათ ჩვენი დოკუმენტი გააბათილეს. ისინი თან ლაპარაკობენ, რომ დასკვნას არ გაცნობიან და თან პირდაპირ ასეთი განცხადებები გააკეთეს.
ფედერაციებთა კომუნიკაციის ნაკლებლობა თქვენ გქონდათ? მათ მსგავსი ტიპის განცხადებები რატომ გააკეთეს?
- რაც იქ მოხდა, ერთ კაბინეტში დაიწერა, სადაც ყიფიანის მოადგილე ლოდია იყო. მათ ვითომ ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი გადადგეს და განცხადება დაწერეს. ფედერაციების 80 პროცენტი იძახდა, რომ მათ არ იცოდნენ, ხელი რას მოაწერეს. ჩვენ სპორტული სამყაროს გახლეჩვა არ გვინდა, მაგრამ ადამიანები გამოვლენ და იტყვიან, რომ ფედერაციები სპონტანურად შეკრიბეს და ხელს რაზე აწერდნენ, არც კი იცოდნენ. ერთი სიტყვით, ფედერაციები შეცდომაში შეიყვანეს. ფედერაციებს არანაირად არ ვეხებით, პირიქით, მათთვის ვიბრძვით. დაახლოებით 20 ფედერაციას მოვუსმინეთ, მათ პრობლემებს გავეცანით, შემდეგ ეს სამინიტროში გადავაგზავნეთ, თუმცა, ეს საკითხები დღესაც არ არის მოგვარებული.
გია ნიჟარაძეს მოვუსმინეთ, მისი მხრიდან ბევრი პრეტენზია გამოითქვა, რომ წყლის გადასახდში დიდ თანხას იხდიან და მან გვთხოვა, რომ იქნებ, ეს საკითხი კანონით დარეგულირდესო. ეს მოთხოვნა სამინისტროში გადავაგზავნეთ, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. 19 წელი მთავარი მწვრთნელი ვიყავი და როცა ბიუჯეტის დაგეგმვა ხდებოდა, ძიუდოს ფედერაციის ხარჯთაღრიცხვას ერთი თვე ვამუშავებდით და საკითხს ძირამდე მივყვებოდით. ამჟამად კი, სამინისტროში მსგავსი არაფერი ხდებოდა და ფედერაციებს ზეპირად ეუბნებოდნენ - შენ ამდენი გეკუთვნის, შენ ამდენიო. მთავრობაში ფულის დამატების მიზნით მოთხოვნა 23-ჯერ შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტროში ბიუჯეტის განხილვა არ ხდებოდა.
არ ფიქრობთ, რომ ყიფიანის მიერ თქვენს მიმართ გაუცხოების მიზეზი მისი გარემოცვაც იყო, რადგან პოლიტიკურ კულუარებში საუბარი იყო იმაზე, რომ ის ყოფილ ნაციონალებთან მეგობრობდა?
- გამორიცხული არ არის, რომ რაც გაზეთებში იწერებოდა, მართალი იყო. შესაბამისად, ტენდერებსა და რაღაც მახინაციებზე საუბარი არ მინდა. ინფორმაცია გვქონდა იმის შესახებ, რომ ყიფიანის მოადგილე კევლიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსდებდა, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში ნარჩენების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა და უწყებიდან იმის გამო გამოუშვეს, რომ არასწორად იქცეოდა. ამაზე რეაგირება მოვახდინეთ და მოვითხოვეთ, რომ ასეთი ადამიანი მინისტრის მოადგილე არ ყოფილიყო. ამას გარდა, ყიფიანის მოადგილეები იყვნენ სხვები შელახული რეპუტაციით.
შელახულ რეპუტაციაში, რას გულისხმობთ?
- კრიმინალური მომენტებიდან გამომდინარე ვსაუბრობ, მაგრამ გვარებს არ დავასახელებ. ყიფიანს გარშემო ასეთი ადამიანები ჰყავდა. ვინც სპორტი იცის, ყიფიანმა თავიდან ყველა მოიცილა. მას შემდეგ რაც უწყებაში ახალი მინისტრი მოვა, ის ვითარებას გაეცნობა და ნახავს, სამინისტროში რა ხდება.
ლევან ყიფიანმა აღნიშნა - „ვაფრთხილებ ყველას, ნუ დავბრუნდებით უკან, იქ, რაზეც რაზეც ყველამ უარი ვთქვით“. ყოფილი მინისტრი ამ მოწოდებაში, რას გულისხმობდა? იმას ხომ არა, რომ მას თქვენმა კომიტეტის წევრებმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზტიდან ზვიად სიჭინავას გაშვება მოსთხოვეს?
- ყიფიანი გაბრაზებული ადამიანის პოზიციიდან საუბრობს და ეს ყველაფერი არაადეკვატურია. დებილი არავინ არ არის და ვიცით, რომ ყიფიანს სიჭინავას პოსტიდან გადაყენება არ შეეძლო. დახურულ შეხვედრაზე, კითხვა დაისვა - როდესაც ადამიანი უფლებამოსილებას რამდენიმე თვით იგრძელებს, შენ როგორც მინისტრი ამაზე რეაგირებას რატომ არ ახდენო? მინისტრი სპორტს განაგებს და მან სიჭინავას ქმედებაზე რეაგირებისთვის ვინმეს მიმართა? ყიფიანმა სიჭინავას თემა ძალიან ბინძურად გამოიყენა.
ანუ, სიჭინავა პოსტზე არ უნდა იყოს?
- ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ფედერაციის გადასაწყვეტია. თუკი სიჭინავას პოსტზე ყოფნა სამართლიანია, მაშინ განცხადება მინისტრმაც უნდა გააკეთოს.
ყიფიანს სიჭინავასთვის პოსტის შენარჩუნება, რაში აწყობდა?
- რაში აწყობდა არ ვიცი, მაგრამ ალბათ, დრო მოვა, როცა გავიგებთ, სიჭინავასთვის უფლებამოსილების გაგრძელება რაში აწყობდა. იყო ინტერესი მისი, თუ - პირიქით. შეიძლება მისი ინტერესი იყო, რადგან ყიფიანმა გამოაცხადა, რომ სპორტში რჩება. თურმე, მას ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეობა სურს. მან არც თავისი წონა და არც შესაძლებლობა არ იცის, რომ ლერი ხაბელოვის კონკურენციაზე არ იფიქროს? არ არის გამორიცხული, რომ ყიფიანს ფეხბურთის ფედერაციაში ინტერესი ჰქონდეს და სიჭინავასთვის უფლებამოსილების გაგრძელება ამიტომ მოხდა. როცა მინისტრი ხარ, შენს მიმართ კითხვები ყველა მხრიდან არ უნდა ჩნდებოდეს.
რადგან ფეხბურთის ფედერაციაზე საუბრობთ, გკითხავთ. პოლიტიკურ კულუარებში საუბარია, რომ ყიფიანთან დაპირისპირება კახი კალაძესაც ჰქონდა. საუბარია, რომ ენერგეტიკის მინისტრი სიჭინავას შემცვლელად კობიაშვილს მოიაზრებს, ხოლო ყიფიანის გუნდი ყაველაშვილი-ჯამარაულის გუნდს ლობირებდა...
- ამ საკითხზე, კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი, კალაძე-ყიფიანის დაპირისპირების მიზეზი რა იყო. ფედერაციის არჩევნები მოვა და გამოჩნდება, ვის როგორ აირჩევენ.
და ბოლოს. ყიფიანის პოსტიდან გაშვება განაპირობა თუ არა იმან, რომ თქვენ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს რეზიდენციაში ეწვიეთ და საქმის კურსში ჩააყენეთ?
- ის არგუმენტები, რომელიც ჩვენ დავდეთ, ფაქტობრივად არსებობდა და ამას ვერც პოლიტსაბჭო და ვერც პრემიერ-მინისტრი ვერ გაექცეოდნენ. ყიფიანი რომელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობს, რომელიც გაუბედურებულია? შეიძლებოდა, რომ გარკვეული ობიექტები უკან დაგვებრუნებინა, მაგრამ მას წინ ნაბიჯიც არ გადაუდგამს. თურმე, ისეთი მომენტებიც არის, სადაც ხელშეკრულება დადებულია, რომ „თბილისი 2015“-ის ფარგლებში, საქართველოს ნაკრებებს უნდა მოემსახურონ და სამინისტროდან ფულებია გადარიცხული. ეს სახელმწიფოს განიავებაა. ობიექტები გასხვისებულია და მინისტრმა ხელშეკრულებებში უნდა ჩაიხედოს, თუმცა, როდესაც ყიფიანმა არ ჩაიხედა, ესეც დანაშაულია.
ყიფიანმა სპორტის სასახლე სასაფლაოებში რატომ ჩადგა? ესაა მისი ყველაზე დიდი შეცდომა და ამაზე ილაპარაკოს. მინისტრები მოდიან და მიდიან, ფედერაციებმა კი საკუთარი საქმე უნდა შეასრულონ. ფედერაციებმა თავის საქმეს მიხედონ და ჩვენ მათ პირიქით დავეხმარებით. რაც შეეხება ივანიშვილს, მას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ, წიგნი ვაჩუქეთ და ძალიან მოგვეფერა. მაშინ, ეს საკითხი არ განგვიხილავს, მაგრამ ამ თემაზე მასთან მანამდე ვიყავით და ვისაუბრეთ. ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, ვისაც ქვეყანა უყვარს - ეს იქნება პრემიერი თუ სპორტის მომავალი მინისტრი.