იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობის შემადგენლობის სია არ შეიცვლება. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, იცვლება თავად იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ერთ-ერთი ვერსიით, მთავრობა სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ გაამწემსებს. როგორც ცნობილია, ამ დრომდე სტრასბურგში ქართულ მხარეს ნონა წოწორია წარმოადგენს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასდის.
თეა წულუკიანს სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წევრი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი შეცვლის. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მდივანს, ამ თანამდებობაზე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით სიხარულიძის და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურა განიხილება. თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ხათუნა ლაგაზიძე და აცხადებს, რომ მსგავსი კონსულტაციები მასთან არ ყოფილა. ინფორმაციას ამ დრომდე არც დავით სიხარულიძე ადასტურებს.
სამთავრობო ცვლილებების გაგრძელებას ვარაუდობენ ექპერტები, რომლებიც მეორე ეტაპზე ეკონომიკური გუნდის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი გენერალური პროკურორის, გიორგი ბადაშვილის შეცვლას ვარაუდობენ. ბადაშვილის შემცველად სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე, კახი კახიშვილი სახელდება.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში მმართველობითი კრიზისია, რაც საერთაშორისო არენაზე ბევრ კითხვას ბადებს. როგორც ვანო მაჭავარიანი აცხადებს, პრემიერ-მინისტრს გუნდი ჩამოეშალა.
„ფორცმაჟორულ რეჟიმში მუშაობა არის ის, რაც ჩვენს პარტნიორებში ზოგადად ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ცხადია, რომ ეს არის მმართველობითი კრიზისი. ისიც ძალიან ნათელია, რომ მინისტრები მიმოიფანტნენ, მთელი რიგი მინისტრები არც აპირებდნენ წასვლას, იძულებული შეიქნენ, რომ წასულიყვნენ. ირაკლი ღარიბაშვილს თავის თავად აქვს პრობლემა, იმიტომ, რომ გუნდი ჩამოეშალა“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.
სანამ მინისტრთა კაბინეტში დამატებით ვაკანსიები გაჩნდება, ახლად დანიშნული მინისტრები უკვე შეუდგნენ უფლებამოსილების განხორციელებას. ახალი მინისტრები უწყებაში ყოფილ მინისტრებთან ერთად მივიდნენ. თავდაცვის სამინისტროში დილით მივიდა თინა ხიდაშელი, რომელსაც ყოფილ მინისტრთან ერთად გაცნობითი შეხვედრა გამართა.
დღესვე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა. მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილება უწყდებათ მოადგილეებსაც და მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან, ვიდრე თავდაცვის მინისტრი ახალ მოადგილეებს დანიშნავს.
რა საკადრო ცვლილებების განხორციელებას აპირებს ამ მიმართულებით თინა ხიდაშელი, ჯერ უცნობია. თავდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელის თქმით, ამის შესახებ მომავალი კვირის განმავლობაში ისაუბრებს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ თავდაცვის უწყების სამოქალაქო და სამხედრო ნაწილის გამიჯვნა იქნება.
„ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა, ის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაიწყო - თავდაცვის უწყების და გენერალური შტაბის, ანუ სამოქალაქო და სამხედრო ნაწილის გაყოფის - ბოლომდე მიყვანა. დღემდე პრობლემები აქვს თავდაცვის კანონს პარლამენტში. ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ რეალურად გადავიდეთ იმ სტანდარტზე, რასაც ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი წევრობა ითხოვს. რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები როდესაც მე შეიძლება მნახოთ სამხედრო ფორმაში, მაგრამ ეს არ არის თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე.
თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, ემსახუროს ჯარს აქედან, სამოქალაქო სექტორიდან და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი. ეს არის სწორედ 21-ე საუკუნის ის მოთხოვნა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც ჯარისკაცის ფორმაში, ვერც თავდაცვის სამინისტროდან ჯარის მსახურებაში, მაგრამ ეს ზღვარი ნათლად უნდა გავავლოთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ყველა ის პროექტი და გეგმა გაგრძელდება, რომელიც ჯარის შესაძლებლობებს გააძლიერებს. ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მთელ პირად შემადგენლობას გაწეული სამუშაოსათვის და ანდერძიც დატოვა - „ყველაფერი კარგად იქნება“, - ასე დაასრულა მინდია ჯანელიძემ 7-თვიანი მოღვაწეობა თავდაცვის სამინისტროში.
ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, როცა ევრაზიული ვექტორის ფანატიკოსი მინისტრი მიდის თანამდებობიდან და მას ევროატლანტიკური ვექტორის გამამყარებელი პერსონა ენაცვლება, ცხადია, იმავე მოადგილეებით სარგებლობა სერიოზული წინდაუხედაობა იქნება.
„ამდენად, დიდი ალბათობით, თუ ბოლომდე არ იქნება გახსნილი ამხანაგ ჯანელიძის კომუნიკაციები და ის მართლაც დაბრუნდა უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, როგორც წინაპირობა მისი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობის, რომელიც უნდა გამოეყოს შსს-ს, მაშინც ჩავთავალოთ, რომ არაფორმალურად მაინც გავხდებით არა მხოლოდ ევრაზიული კავშირის წევრი, არამედ კრემლის ვასალიც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ჯანელიძის ხიდაშელით შეცვლა ძირითადად განპირობებულია არა იმდენად მათი რეალური ორიენატაციით, არამედ იმ სტერეოტიპით, რომელიც ჩამოყალიბდა ჯანელიძის მიმართ, რომ არ აქვს დასავლური ორიენტაცია.
„ხიდაშელს რომ დასავლური ორიენტაცია აქვს ეს, ლამის, მისი პოლიტიკურ არენაზე გამოჩენიდან ცხადია. რაც მთავარია, ეს სტერეოტიპი მხოლოდ ჩვენთან არ არის. როგორც ჩანს, თვითონ დასავლეთშიც ანალოგიური სტერეოტიპი დამკვიდრდა და ამით არის გამოწვეული პირველი პირის შევლა. თუკი მე სწორი ვარ ვერსიაში, მაშინ მოადგილეების შეცვლა იგივე არგუმენტით, იგივე მოტივით და მიმართულებით უნდა მოხდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
შეგახსენებთ, რომ დასავლური ორიენტაციის შეცვლის მოტივით, აწ უკვე ყოფილი მინისტრი არაერთხელ გახდა კრიტიკის საფუძველი. ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა მისი პირველ მოადგილეს, ლევან ღირსიაშვილს უკავშირდებოდა, რომელიც „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ პარტიის დარბაზის წევრთა სიაში 41-ე ნომერია.